სააკაშვილს არც ანორექსიამ უშველა - პატიმარს საპატიმროში უმკურნალებენ

სააკაშვილს არც ანორექსიამ უშველა - პატიმარს საპატიმროში უმკურნალებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი ერთხმად აცხადებს, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დეპრესიის ფონზე ანორექსია განუვითარდა და მას მკურნალობა უცხოეთში ესაჭიროება.

For.ge დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დაავადების საქართველოში მკურნალობა. ჩვენდა გასაკვირად, ექიმები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს გაურბიან. რამდენიმე მედპერსონალთან დაკავშირების შემდეგ, მხოლოდ ერთ ფსიქიატრთან, არჩილ ბეგიაშვილთან მოვახერხეთ გასაუბრება.

არჩილ ბეგიაშვილი: „თუ რამდენ ხანში შეიძლება ანორექსია განვითარდეს, ეს პიროვნებაზე და გარემოზეა დამოკიდებული. შესაძლებელია ადამიანმა ანორექსია სპეციალურად გამოიწვიოს - საკვებს არ იღებენ და ანორექსია ემართებათ. მძიმე ფორმის ანორექსიის მქონე პიროვნების მკურნალობას სჭირდება სპეციალური ორგანიზაცია, სადაც რამდენიმე სპეციალისტი ერთდრულად მუშაობს - ფსიქიატრი, ენდოკრინოლოგი და ა.შ. ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არ არის, თუმცა, მდგომარეობას გააჩნია, შესაძლებელია საქართველოში მკურნალობაც. რაც შეეხება, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს, ასე შორიდან მდგომარეობა არ ვიცი. ისიც საკითხავია, ანორექსია სჭირს თუ არა“, - გვითხრა ფსიქიატრმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ექიმთა ჯგუფი პარტიის მოსაზრებას იზიარებენ. ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ ჩარევას საჭიროებს და განმარტავს, რომ საუბარია არა გამოჯანმრთელებაზე, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

ის ძალიან დაუძლურებულია, სრულიად გამოფიტული, გადაადგილება შეუძლებელია, სართულებზე გადაადგილებაზეა საუბარი და შენობის გარეთ გასვლაზე საერთოდ ლაპარაკიც არაა. ვვარაუდობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა სასწრაფოდ საჭიროებს ჩარევას, რაც გულისხმობს დაუყოვნებლივი მკურნალობის დაწყებას, გადასხმებს, უნდა შეივსოს ტრანსფუზიით ის ნაკლებობა, რაც მას გააჩნია, უნდა მოხდეს მისი დეზინტოქსიკაცია, ასევე უნდა გადაესხას საკვები, რადგან ის ვერ იღებს საკვებს და ერთადერთი გზა მისი გამოკვებისა არის, რომ გადაესხას საკვები სითხეები მათ შორის ცილის შემცველი საკვები სითხეები, რომლის სერიოზული დეფიციტი აქვს პაციენტს. ეს ჩარევა ემსახურება იმას, რომ პაციენტის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული, აქ ლაპარაკი არაა გამოჯანმრთელებაზე, ლაპარაკი არის სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ჩვენ მის გადაყვანას ვითხოვთ, მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ შემდეგი მოსმენა იქნება 20 მაისს, რაც სრულიად წარმოუდგენელია, რადგან 20 მაისამდე რა მოხდება, არავინ იცის. ვეჭვობ, თუნდაც 20 მაისს შეძლოს სასამართლოზე გამოცხადება. შეეძლოთ მათ ჩვენი მოსმენა, მაგრამ მათ ითხოვეს წერილობით დადასტურება, ამას კიდევ დრო სჭირდება, დრო იკარგება“, – განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველანაირი სამედიცინო მომსახურება უტარდება. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, საიდანაც გარკვეულ პრეპარატს არ იღებს.

„აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა მე-12 დაწესებულებაში. ასევე საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, რამდენიმე ხნის წინ ასევე გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს მას არ მიეწოდებოდა მკურნალობა, სრულიად კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მეორე, ასევე საუბარი იყო იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე ტყუილია.

ხაზგასმით უნდა ითქვა ისიც, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერის სახის პროდუქტი. მას ასევე აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ის ამას რეგულარული სახით ღებულობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ის მშიერი რჩება, მიზანმიმართული ტყუილია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, ლადო კახაძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ესაჭიროება, რადგან მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველანაირი სამედიცინო დახმარება უტარდება.

„როგორც ექიმს, იუსტიციის მინისტრის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სარწმუნოდ მიმაჩნია. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათიათასობით პატიმრის ღირსება შეულახავი იყოს. რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის საკითხს, მასთან 800 სტუმარი იმოფებოდა, ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ეს იმის ნიშანია, რომ მისი უფლებები არ ილახება. სააკაშვილთან მიმართებაში ბევრი დიაგნოზი გაჟღერდა, რომელსაც ნაწილს ვეთანხმები და ნაწილს არა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სისხლის კომპონენტი დაბალ ნიშნულზე იყო, რომელიც შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა. მე ვიცი ერთი რამ, ამ პატიმარზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული იყოს“, - განუცხადა უმრავლესობის წევრმა For.ge-ს.

უმრავლესობის წევრი ასევე არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მთავარსარდალს ომის ფონზე ყურადღება მოაკლდა და ჯანმრთელობა განზრახ დაიზიანა.

„ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის შენების გზაზე მიდის, ეს უნდა გახდეს ლაიტმოტივი ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აზრის გამოთქმის უფლება აქვს. თუ ეს ავკრძალეთ, მაშინ დემოკრატიას გადავუხვევთ. სწორედ პოლიტიკური პარტიის არჩევანია, რომ ყურადღების მიქცევას ასეთი ხერხებით ცდილობენ“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

ცნობისთვის, ნერვული ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც აღწერს კვების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მსუქნად თვლის და ცდილობს წონაში დაკლებას. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში და მხოლოდ დავადებულთა 10 პროცენტს შეადგენენ მამაკაცები.

Aburjga Tasmanieli პრეზიდენტი იყო, გუბერნატორი იყო, პატიმარი არის... ახლა იქნებ იოგათი დაკავდა და ვეგანი უნდა გახდეს?! რა გინდათ, რას შეუჩნდით, ვეგანობა დანაშაულია?! მოუნდება და შჭამს გოჭს და ხაჭაპურს! მოუნდება ფხალს და ჭადს მიირთმევს! რა კრიახი ატყდა, რაში საქმე?!
2 წლის უკან
Maverick ჩოპრა, გოჭზე, ხაჭაპურზე, ფხალზე და მჭადზე ჩვენც ხომ არ დავეწვიოთ?!
2 წლის უკან
dimpi ბმული წინა თემის ლინკი
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მავერიკ ყველაფერი იცვლება, ყველაფერი მიედინება! საით ხარ ახლა, სად მოღ ვაწეობ?! ხომ ხარ ძველებურად მხნე და მართალი?!
2 წლის უკან