თბილისი-ევროპის თუ თბილისი-გორის მარშრუტი - რა შედეგს გამოიღებს სააკაშვილის ოჯახი მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები?

თბილისი-ევროპის თუ თბილისი-გორის მარშრუტი - რა შედეგს გამოიღებს სააკაშვილის ოჯახი მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო და წამოყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაეყვანათ, არ შესრულდა. შესაბამისად, ოჯახი აანონსებს უწყვეტ საპროტესტო აქციებს. მათი თქმით, გამოსვლები დაიწყება რეგიონებშიც.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა, ჯერ დაიწყებენ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ აღნიშნა, აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მასშტაბური, საპროტესტო აქციაც გაიმართება.

„გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა.

გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგარძელება იმისა, რასაც ახლა დავიწყებთ რეგიონებში. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. რაც შეეხება აქციის თრიღს, ალბათ, ამ კონკრეტულ დღეს, ამ დღეებში წერილობით მოგახსენებთ ან სოციალურ ქსელში გავახმოვანებთ“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ საპროტესტოს ტალღას პერსპექტივა არ აქვს და ყველაზე დიდი მიღწევა, რაც შესაძლოა ამ მიტინგების შედეგად დადგეს, მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არსებული ვითარება, ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ, ხელს აძლევს. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი სტრატეგია და მოთხოვნა უცვლელია ბოლო ორი წლის განმავლობაში, რასაც რეალურად, შედეგი არ მოაქვს.

„არაფერი შეცვლილა დღეს. დიდ აქციას გამართავენ, ამის ფინანსური რესურსი აქვთ, მაგრამ ერთი დიდი აქციის გამო, ხელისუფლება რატომ გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც სააკაშვილს და მის მომხრეებს უნდათ?! ამიტომ, ეს ყველაფერი წინასწარ განწირულია მარცხისთვის. ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მაგრამ არა აქციებით და ქუჩაში დგომით, უბრალოდ, სოლიდარობას გამოუხადებს. განცხადებების იქით, არ მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები წავიდნენ.

ამ აქციებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამას ყველა ხვდება, გარდა სააკაშვილის და მისი სანათესაოსი, პოლიტიკურ წრესაც არ ვგულისხმობ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ აქციებს რაიმე შედეგი და ძვრა მოჰყვეს. ადრეც იყო სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქციები, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ მისი გადაყვანა გორში, ახლაც შეიძლება დასაშვები იყოს, თბილისი-გორის მარშრუტი, ეს იქნება სულ.

არსებული ვითარება ხელისუფლებას აწყობს. ყველგან ტრიალებს ერთი და იგივე თემა - სააკაშვილი, მისი ავადმყოფობა, გამოსვლა და ა.შ. სხვა თემები, ფაქტობრივად, მიჩქმალულია. პოლიტიკური სპექტრი ამის იქით არანაირ ნაბიჯს არ დგამს, არ არსებობს არანაირი სტრატეგია, არანაირი გადაჯგუფება, არც რაიმე მოლოდინი, რომ ხვალ-ზეგ რაღაც სერიოზული ცვლილებები მოხდეს.

ხელისუფლებას ხელს აძლევს ასეთი ვითარება და მაქსიმალურად ეცდება გაჭიმოს არსებული ვითარება. ოპოზიციის მხრიდან მუდმივად არის ორ თემაზე საუბარი - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რაც 2020 წლიდან მოდის დღემდე. ვერ ახერხებს რომელიმეს მიღწევას და თავს არ იწუხებს, ან არ იცის, რა გააკეთოს, რომ სხვა თემები შემოიტანოს ასპარეზზე, რაც საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა საპროტესტო მოქმედებაში ჩაერთოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც შიმშილობის შემდგომ მკურნალობის არარსებობით არის გამოწვეული. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ამის ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი შეფასებები და განცხადებები.

ამ ეტაპზე, სხვა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ არ ჩავთვლით „გირჩს,“ რომელმაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ავადმყოფობის არ სჯერა.