საქართველოს ტერიტორიის შესახებ ადრინდელი ცნობები მოგვეპოვება დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და გეოგრაფის – ვახუშტი ბაგრატიონის შრომებში. მას ხელთ ჰქონდა მრავალი ძველი ჩანაწერი, რომლითაც შეძლო საფუძვლიანად დაედგინა საქართველოს ტერიტორიული არეალი. საქართველოს ტერიტორიის საზღვრების თაობაზე და მასზე მცხოვრები ეთნოსის შესახებ ვახუშტი წერდა: „ხოლო სიგრძე ქვეყნისა არის პ ეჟი, ხოლო სიგანე სპერის ზღვისაკენ ი ეჟი, შუა ადგილი ლბ ეჟი, ხოლო ბოლო კერძი ლე ეჟი, და მდებარეობს კასპიისა და პონტოს ზღვათა შორის“. ე.ი. სიგრძე იყო 80 ეჟი, სიგანე 60 ეჟი და ბოლოც 35 ეჟი. ამავე წიგნში, სქოლიოში განმარტებულია, რომ „სამი მილი ერთი ეჟი არის“, ე. ი. სიგრძე – 240 მილი, სიგანე – 180 მილი, შუა ადგილი – 96 და ბოლოც – 105 მილი (ძველ რუსეთში 1 მილი = 7,4 კმ).
საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთი განედის 41°07÷43°35 და აღმოსავლეთი გრძედის 40°00÷46°44 შორისა მდებარეობს და მისი ტერიტორიის ფართობი 76,284 კვადრატული კილომეტრია.
საქართველოს ისტორიული სინამდვილე შიდა და გარე პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებათა მიხედვით იცვლებოდა და შესაბამისად, იცვლებოდა საქართველოს კუთვნილი მიწა-წყლის საზღვრებიც – ქართული მიწის შენარჩუნება-დაცვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ტერიტორიის ბუნებრივი და მყარი მიჯნებით შემოფარგლულობა იყო: ჩრდილოეთიდან საზღვრავდა კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – მდინარეები და მაღალი მთები, დასავლეთიდან – შავი ზღვა. სწორედ ეს პირობები განსაზღვრავდა მცირედი ძალებით ქართული მიწა-წყლის დაცვას მომხვდური და მოძალადე ურიცხვი მტრისაგან.
ცნობილი ქართველი, ბერძენი, რომაელი და სხვა ქვეყნების მეცნიერ-მკვლევარების მიერ დაწერილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები საშუალებას იძლევა დადგინდეს ის ისტორიული საზღვრები, რომლებიც ჰქონდა საქართველოს წარსულში.
ინფორმაციისათვის: 1919 წელს ერთა ლიგის მიერ დე-ფაქტოდ ცნობილ საქართველოს საზღვრებში 93000 კმ2 მიწა ირიცხებოდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავისა და ყარსის 1921 წლის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა და მაკრიალა), ართვინის ოლქი, არდაგანის ოლქი – სულ 15617 კმ2 მიწა. საქართველოს რევკომის 1921 წლის დეკლარაციის საფუძველზე სომხეთმა მიიღო ვორონცოვო-ლორეს რაიონი (ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი) – 2367 კმ2 და სსრკ ცაკის 1925 წლის დადგენილებით ლოკ-ლარკარის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი (ბორჩალოს მაზრა) – 208 კმ2. სულ სომხეთმა საქართველოს ტერიტორიიდან მიიღო 2575 კმ2. საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რევკომების შეთანხმებითა და ამიერკავკასიის ცაკის დადგენილებით აზერბაიჯანმა მიიღო ზაქათალას ოლქში 3994 კმ2, გარეჯის ველი და ქვემო ყარაიაზის სექტორი – 659 კმ2, ელდარი (სიღნაღის მაზრა) – 547 კმ2, სულ აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორიიდან მიიღო 5199 კმ2 მიწა. სსრკ ცაკის 1925 წლის დადგენილებით რუსეთის ფედერაციამ მიიღო კრასნოდარის მხარისათვის პოლენკოვო (აფხაზეთი) – 268 კმ2 ფართობი, სსრკ ცაკის 1927 წლის დადგენილებით – მელტეხი და ცეკარი ჩრდილო ოსეთსა და ინგუშეთისათვის – 167 კმ2. სულ რუსეთის ფედერაციამ მიიღო – 435 კმ2. ამიერკავკასიის ცაკის 1923 წლის დადგენილებით აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოს გადაეცა მინდორი (ალაზნის ველი – ზაქათალის მაზრა) 188 კმ2, ამირკავკასიის ცაკის 1927 წლის დადგენილებით ჩათმა (ველი ყაზახის მაზრისა) – 133 კმ2. სულ აზერბაიჯანიდან საქართველომ მიიღო 321 კმ2 ფართობი. ამდენად „საქართველოს საზღვრების გასწორების“ შედეგად, ნაცვლად 93000 კმ2 ფართობისა, დარჩა 76284 კმ2
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსაზღვრე დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრები ბევრ ადგილებში სადავო აღმოჩნდა და საჭიროებს დაზუსტებას, სამართლიანობის აღდგენა-დადგენასა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკირებას.
დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან აქვს დადგენილი და დემარკირებული.