სტრასბურგის სასამართლომ გახარიას „გავრილოვის ღამე“ შეახსენა

სტრასბურგის სასამართლომ გახარიას „გავრილოვის ღამე“ შეახსენა

ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  თბილისის პროკურატურა რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს, რომელიც გამოძიებას მისცემს საშუალებას, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის მონაწილეობით ტარდება, რათა სრულად იყოს აღდგენილი სურათი. დაზარალებულმა უნდა მიუთითოს გარკვეული დეტალები, როგორ განვითარდა მოვლენები. ამ მიზნით არიან ადგილზე მოწვეულნი ექსპერტ-კრიმინალისტები.

კონკრეტული ვადის თქმა ამა თუ იმ საქმეზე, თუნდაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე, როდის შეიძლება, დასრულდეს, წარმოუდგენელია. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, რაც ემსახურება სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას, ასევე ჩატარდება სხვა ნებისმიერი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოიკვეთება, რათა სრულად აღდგეს სურათი. თუკი გამოიკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და იქნება მტკიცებულებითი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად“, - განაცხადა მა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს, „გახარია საქართველოსათვის“  წევრი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ჩორჩანას თემამ მთლად არ გაამართლა და გეგმა „ბ“ ამუშავდა.

„ფისუნია კატა თხრის, თხრის და მგონი, ისეთს გამოთხრის, რომ ბოლოში თავად გაოცდება“, - წერს კახა ქემოკლიძე „ფეისბუქზე“.

ასე არ ფიქრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოებას არაერთხელ აქვს მოსმენილი, რომ გახარია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერ მომხდარზე, თავად გასცემდა დავალებებს და შესაბამისად, მისი თქმით, ახლა გახარიას მოუწევს ყოველნაირი პასუხისმგებლობის აღება.

„ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი არაერთი ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერზე, ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყოველნაირი პასუხისმგებლობის აღება. მათ შორის, რა დავალებები იყო გაცემული, სრულად იქნება აუცილებლად გამოძიების საგანი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გახარიას პასუხისმგებლობასა და შეცვლილ პოზიციაზე საუბრობს „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი, რომლის განცხადებით, გახარია თავდაპირველად ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებდა, მაგრამ ოპოზიციაში გადასულმა პოზიცია შეიცვლა და აცხადებს, რომ არც ის და არც მისი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გასცემდნენ.

„20 ივნისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიება, რაც ჩატარდება, საინტერესო იქნება. განსაკუთრებით იმის შემდგომ, რაც ბატონმა გახარიამ კომისაზე ახსნა-განმარტებები მოგვცა. რა კითხვებიც იყო, უფრო გაამრავლა, არა თუ პასუხები გასცა. ადრე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო და ახლა თქვა, რომ არც მე და არც ჩემი მოადგილეები მსგავსი ტიპის ბრძანებებს არ გავცემდითო, ანუ რეალურად, პოლიციელებს შეაწმინდა ხელი, ყოველ შემთხვევაში, სცადა. ეს არის ბუნებრივად დამატებული კითხვები, რასაც იმედია, რომ გამოძიება პასუხს გასცემს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ არის ქართული მხარის ინიციატივა და ქართული მხარის კაპრიზი. ეს არის  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქმეში უფრო მეტი სიცხადის შეტანისთვის, ქართული მხარე დაავალდებულა, რომ ჩაატაროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები.

„საგამოძიებო მოქმედებები ტარდება არა იმიტომ, რომ პირობითად, ან რეზინის ტყვიის კვალი იპოვონ, ან სისხლის. რეალურად, ეს ემსახურება იმას, უფრო კარგად იყოს აღქმული, თუ რა ტერიტორიაზე იყო განლაგებული სპეცრაზმი, როგორ მოხდა მათი გამოყვანა, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თუ არა დატოვებული გარკვეული ტანსაცმელი და ა.შ. ეს არის ტექნიკური ხასიათის. ამიტომ, ოთხი წელი გავა, თუ რვა, ამ კუთხით, ჩემი ღრმა რწმენით, არაფერი იცვლება, რადგან იმ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი იყო, ის ყველაფერი ქართულმა მხარემ გამოიძია, ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. უბრალოდ, აღნიშნული საგამოძიებო მოქედებები ემსახურება გარკვეულ დაზუსტებას, რომლის მიზანია, ლოკაციის შესწავლა და არა ნივთმტკიცებების ამოღება“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით ჩიხელიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის შეფასებით, რთულია ლოგიკა დაინახო რადიკალური ოპოზიციის განცხადებაში, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა კონკრეტული პირის წინააღმდეგ.

„თუ ოპოზიციას იმის თქმა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა სტრასბურგის სასამართლოზე, მაშინ ქედს ვიხრი საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ეს არის იდეალური მდგომარეობა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებით ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებას აქვს, რომ განახორციელოს.

ეს არის არა მხოლოდ სარეკომენდაციო, არამედ დავალებითი ხასიათის დოკუმენტი და ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება, ამის ვალდებულება აქვს. ასე, ყველაფერი შეიძლება დაუკავშირო რაღაცა მოვლენას, ჩვენ ამის განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანები ვართ, მაგრამ აქ ერთადერთი, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს, გახლავთ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. მას აქვს თუ არა ამის სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვდიოდეთ კანონმდებლობის ჩარჩოდან. იმ ინფორმაციით, რაც ღია წყაროებშია განთავსებული - საქართველოს ხელისუფლების ქმედებაში არის ლეგიტიმური საფუძველი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილმა.