„თუკი რუს ტურისტებს ვიღებთ, მაშინ რატომ არ უნდა მივიღოთ IT (კომპიუტერული სისტემების ) სპეციალისტები? მათი შემოსავალი 8-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო რუსი ტურისტის და გაცილებით მეტი ეკონომიკური ეფექტი მოაქვთ“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
საქართველოში რუსების შემოსვლას ჩვენი მოსახლეობა ორგვარად აღიქვამს. ერთნი მიიჩნევენ, რომ რუსები გარკვეულ თანხებს ტოვებენ საქართველოში და ეს ჩვენს ბიუჯეტს წაადგება, მეორენი კი თვლიან, რომ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის ქვეყანა არ უნდა იქცეს კომფორტის ზონად ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. კონკრეტულად, ასე მომრავლებული რუსი IT (კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების) სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას თქვენ, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, როგორ უყურებთ? ოკუპირებულ ქვეყანაში სად გადის ზღვარი ღირსებასა და სტუმართმოყვარეობას შორის?
- მნიშვნელოვანია ის არგუმენტი, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის ქვეყანა და კიდევ არაერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ რა გვირჩევნია ჩვენ, რომ ვთქვათ, ჩვენს ღირსებას ვიცავთ და, საერთოდ, არც ერთი რუსი ტურისტი არ შემოვიდეს საქართველოში, არც რუსებთან ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს? ასეთი ურთიერთობა გავაგრძელოთ? ეს პერიოდი ჩვენ კარგა ხანია, რაღაცნაირად გადავლახეთ, რუსი ტურისტები ბოლო დრომდე შემოდიოდნენ, სანამ ჯერ კოვიდის კრიზისი და შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, რომელმაც რუსეთი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ათეულ ათასობით რუსი IT სპეციალისტის ჩამოსვლა საქართველოში. არა მარტო რუსები, ბელარუსებიც ძალიან აქტიურად ჩამოდიან საქართველოში, უკრაინელების დიდი ნაწილიც ჩამოდის, მაგრამ მაინც მგონია, უკრაინელების უმეტესობა მიდის ევროპაში, ევროპამ მათ გაუხსნა საზღვრები. უკრაინელებისგან განსხვავებით, რომლებიც ევროპაში გადადიან, როგორც ლტოლვილები, რუსები და ბელარუსები ევროპაში ვერ მიდიან, რადგან ამისთვის ვიზები სჭირდებათ. მორალურად და იდეოლოგიურად რა უფრო მიუღებელია, რუსი IT სპეციალისტის ჩამოსვლა, თუ რუსი ტურისტის? ეს ჩემთვის ერთნაირია. თუ ჩვენ რუს ტურისტებს ვიღებთ, მაშინ რატომ არ უნდა მივიღოთ IT სპეციალისტი? მაშინ, როცა IT სპეციალისტის შემოსავალი დაახლოებით 8-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო რუსი ტურისტის. რუს „აიტიშნიკს“, რომელიც საქართველოში ჩამოდის და ბინას ხანგრძლივად ქირაობს, გაცილებით მეტი ეკონომიკური ეფექტი მოაქვს. სარგებლის თვალსაზრისით, ამ სფეროში დასაქმებულ მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტებს გაცილებით მეტი ეკონომიკური ეფექტი აქვთ. არა მარტო ეკონომიკური ეფექტი, ცოდნის გადმოცემაც ხდება. პოლიტიკა რომ მოვაშოროთ, სუფთა ეკონომიკურად შევხედოთ ამ საკითხს, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
გასაგებია, რომ რუსეთიდან IT სპეციალისტების გადინება პუტინსაც არ აწყობს, ის მზადაა, სამხედრო სამსახურშიც არ გაიწვიოს ისინი, ოღონდ ამ დარგის პროფესიონალები შეინარჩუნოს. კონკრეტულად, რა თანხას იღებენ კომპიუტერული სისტემების სპეციალისტები უცხოეთიდან ანაზღაურების სახით?
- ჩათვალეთ, რომ საშუალოდ 4-5 ათასი დოლარი აქვს „აიტიშნიკს“, რომელიც საქართველოში მოდის. მარტო ბინის ქირის ფასი როგორ გაიზარდა, მინიმუმ 700 დოლარი ღირს საქართველოში. თანაც, რუსები და სხვა IT სპეციალისტები ბინებს ქირაობენ ძირითადად ცენტრში, საბურთალოსა და ვაკეში.
უკვე ბათუმზეა მოთხოვნა, საზღვაო სეზონის მოახლოებასთან ერთად.
- დიახ, ბათუმშიც მიდიან. პოლონეთში მიდიოდა მათი ნაწილი, ვარშავა, კრაკოვი მათთვის პოპულარული ქალაქებია, გადავსებულია და ბინას ვერ იშოვი. ამდენად, იმ თვალსაზრისით, რომ რუს ტურისტებს ვიღებდით, „აიტიშნიკები“ არ მივიღოთ, სრულიად გაუგებარია. მაშინ, თუ რუსეთი ოკუპანტია, კახეთში ვენახები საერთოდ არ უნდა გაშენდეს, რუსეთში ღვინო არ უნდა გავყიდოთ, ან რუსული პელმენი არ უნდა ვჭამოთ. იაპონური ბრენდები, მაგალითად, „ტოიოტა“ ომის დროსაც კი არ გასულა რუსეთიდან მაშინ, როცა BMW-მ და სხვა უცხოურმა ბრენდებმა დატოვეს რუსეთი. იაპონელებისთვის რუსეთი ოკუპანტია, კურილის კუნძულების ნაწილი წაღებული აქვს რუსეთს რამდენი ხანია, მაგრამ იაპონურმა ბრენდმა არ დატოვა რუსეთი. ამ დონეზე თუ დავიყვანთ ყველაფერს, მაშინ რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს ერი, კონსენსუსს უნდა მიაღწიოს ქართველმა ერმა, რა გვინდა და რა არ გვინდა რუსეთთან მიმართებით.
შესაძლოა, ამ სიტუაციაში ყველაზე გამაღიზიანებელი ის ფაქტი იყოს, „ნაცები“ რომ ამოფარებიან ანტირუსულ პროპაგანდას მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე თავად შეეგება სააკაშვილი რუსებს და მისი სტუმართმოყვარეობით გაოცებულ რუსებთან ერთად ფოტოები გადაიღო... „ნაციონალებს“ თავი დავანებოთ, თუნდაც კონკრეტულად რუს IT სპეციალისტებში თუ არის განცდა, რომ საქართველო ოკუპირებულია მათი სამშობლოს მიერ? იქნებ, მათ არც საქართველო ადარდებთ, არც უკრაინა და მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოკლებასა და სანქციებს უფრთხიან?
- ცხადია, პოპულიზმია „ნაციონალების“ და მათთან დაახლოებული პარტიების მხრიდან რუსების ჩამოსვლის გაპროტესტება. მეორე მხრივ, მისაუბრია ჩემს კოლეგებთან, IT სპეციალისტებთან, მათაც არ მოსწონთ, რაც ხდება უკრაინაში და იძახიან, რომ გამოვიქეცით იმიტომ, რომ რუსეთში უკვე შეუძლებელი იყო ცხოვრება. ესენი ისეთი ხალხია, რომელთაც მთელი მსოფლიო ეძებს. თავის დროზე იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, თუ არ ვცდები, 5%-მდე დასწია საშემოსავლო გადასახადი საერთაშორისო კომპანიებში IT სფეროში დასაქმებული ქართველებისა და უცხოელებისთვის. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან თუ გინდა საქართველოში ტალანტის მოზიდვა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს, ხელი უნდა შეუწყო მათ ჩამოსვლას.
კონკრეტულად საქართველოში რამდენი IT სპეციალისტი ჩამოვიდა?
- 20-25 ათასი შეიძლება იყოს, რაც ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტის მქონეა. მათი შემოსავლები რომ დავთვალოთ, რამდენჯერმე შეიძლება აღემატებოდეს კახეთიდან რუსეთში ღვინის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს, ანუ მთელი კახეთის ღვინის ეფექტს იძლევა ამ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოსვლა. თანაც, ეგენი ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ არა რუსეთიდან, არამედ ძირითადად დასაქმებულნი არიან ამერიკულ და ევროპულ პროექტებში. შესაბამისად, ის ფული პირდაპირ ერიცხებათ საქართველოში გახსნილ ანგარიშებზე. ამიტომ მათგან მიღებული ეკონომიკური ეფექტი საკმაოდ დიდია და დიდი მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. 2-3 წლის განმავლობაში კოვიდის ფონზე უძრავი ქონების ბაზარი, ბინების გაქირავება სტაგნაციაში იყო, ახლა კი ამდენი ადამიანის ჩამოსვლის გამო უკვე ჭირს ბინების შოვნა. თანაც, მარტო ბინა ხომ არ არის? რუსეთიდან, ბელარუსიდან ჩამოსულები დადიან რესტორნებში, 80% ეგენი სხედან რესტორნებში.
პირად საუბრებში შეიძლება ისინი გმობენ პუტინის რეჟიმს, მაგრამ საჯაროდ თუ ბედავენ პროტესტის დაფიქსირებას რუსული პოლიტიკის გამო და აწუხებთ თუ არა საქართველოს ოკუპაცია?
- კი ბატონო, მეც მაწუხებს ეს საკითხი, რუსებს რომ ვხედავ, ოკუპაცია მახსენდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნე, რატომ არ ვამბობთ უარს რუს ტურისტზე, რატომ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები რუსეთში?
სააკაშვილის პერიოდში ძალიან ბევრი რუსი, მათ შორის, სავარაუდო აგენტებიც შემოდიოდნენ და სახლდებოდნენ საქართველოში, მათ განსაკუთრებული ინტერესი უძრავი ქონების მიმართ ჰქონდათ. ამდენად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რუსეთის გავლენის აგენტები იმ დროიდან იყვნენ საქართველოში და არა მაინცდამაინც დღეს, როცა უკრაინაში ასეთი ომია?
- არა მგონია, IT სფეროსთან რაიმე კავშირში იყვნენ რუსი აგენტები. ვფიქრობ, ყველაზე საშიში „აგენტები და ჯაშუშები“ არიან ქართველი აგენტები და ჯაშუშები, რადგან ყველანი ვხედავთ, რომელ პარტიას და რომელ პოლიტიკოსს რა რიტორიკა აქვს თუნდაც ახლა და რას აკეთებენ. შესაბამისად, მე რუსი აგენტების კი არ მეშინია, არამედ ქართველი გავლენის აგენტების, რომლებიც რუსული ინტერესების განხორციელებაზე მუშაობენ საქართველოში.
IT სპეციალისტები რომ გამოვრიცხოთ, ქართველ ექსპერტთა ნაწილი ღიად გამოხატავს შიშს, რომ პუტინისგან „გამოქცეულთა“ შორის არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, მათ შორის, კუნთმაგარი რუსებიც. სულ უბრალო შემთხვევა ავიღოთ, ქართველი მშობლები გაოგნებულნი არიან, რომ კერძო ქართულ ბაღებში უშვებენ შვილებს და სახლში დაბრუნებული ბავშვები ქართულის ნაცვლად, რუსულ სიმღერებს მღერიან, რადგან ფულს დახარბებული პედაგოგები რუს ბავშვებს უფრო მეტი მონდომებით ასწავლიან რუსულ სიმღერებს და ქართველებს ყურადღებას არ აქცევენ. როცა ქუჩაში გამვლელი რუსისგან გესმის „სლავა პუტინუ“, როცა გამაღიზიანებლად იქცევიან რუსები, ეს ხომ არ გამოიწვევს უფრო მეტ გაუცხოებას ჩამოსულთა მიმართ?
- როგორც ვიცი, ჩამოსული რუსები ცდილობენ, ჩუმად იყვნენ. თუ რუსულ სიმღერებს ამღერებენ ქართველ ბავშვებს, ეს უნდა გაკონტროლდეს, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რა რეპერტუარს ასწავლიან ბავშვებს. რაც შეეხება კუნთმაგარი ხალხის შემოსვლას, ასე კუნთმაგარი ირანელებიც შემოდიან, ჩვენც ვართ კუნთმაგრები და დავხვდებით. ქვეყანაში არსებობს კონტრდაზვერვა, ტურისტებიც რომ შემოდიოდნენ, ეს სამსახური მაშინაც აკონტროლებდა სიტუაციას. ცხადია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ ინტერესები ჩვენს მიმართ. შესაბამისად, სხვა ქვეყნებსაც ჰყავთ აგენტურა საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების საფარქვეშ. 20 ათასი „აიტიშნიკის“ ჩამოსვლით კი არაფერი იცვლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მაგრამ გამოწვევად რჩება, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, ღიად დაგმონ ოკუპაცია.
- მეც მომხრე ვარ, დაგმონ ოკუპაცია, ან პეტიცია შეადგინონ და მოაწერინონ ხელი ერთმანეთს. ჩვენ ახლა თვალებში გვეჩხირებიან „აიტიშნიკები“, რადგან ყველაზე მობილური ხალხია და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლონეთში იქნებიან, თურქეთში, სომხეთში თუ საქართველოში. მათთვის მთავარია კომპიუტერი და ინტერნეტი, მეტი არაფერი.
ტიტუუუუ
შემოუტყლაშუნეთ ვინმემ
გამოდის რომ სამართალდამცველების, დაზვერვის სამსახურები ასო-ებს, ჟურ-ჭურ-ნალისტებს უნდა ჩავაბაროთ, ხოლო საშინაო და საგარეო უსაფრთხოების სამსახურები ამ ჟურ-ჭურ ნალისტებს და ასო-ებს უნდა მიეძღვნოს საჩუქრად!
ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც არ მოწონს ჩვენი სამშობლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაახვიოს საქართველოდან და საასპარეზოდ "უკეთესი" სახელმწიფო მოძებნოს!