„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრი რამ ითქმის საჯაროდ და უფრო მეტი არ ითქმის“, - აცხადებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და საჯაროდ გასამხელ ინფორმაციებს შორის ერთ-ერთს გვიმხელს. კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრი აკონკრეტებს, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში.
პრემიერის თქმით, არსებობდა ინფორმაციები, რომ ომი უკრაინაში ნოემბერ-დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. ეს იყო სააკაშვილის მიერ „მონატრებული საქართველოს“ მოსურვილების მიზეზი. ყოფილი მთავარსარდალი საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინელმა მეგობრებმაც, თუმცა ბუჩად და მარიუპოლად საქართველოს გადაქცევის გეგმა სააკაშვილს ჩაუვარდა, რადგან პრემიერის სიტყვით, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, ის არც გაკეთდება საქართველოში.
რას გადაგვეკიდა არესტოვიჩი და რატომ მოითხოვს ასე დაჟინებით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავებას, ეს ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ ვერ ამოუხსნია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თითქმის ყველა გამოსვლა საქართველოს მიმართ საყვედურს ეხება, რომ მოლდოვის და საქართველოს ხელმძღვანელები არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს კი შეეძლო ამის გაკეთება და მეორე ფრონტის გახსნით შეეძლო ერთობლივად „დაეკბინათ“ რუსეთი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზელენსკის ესმის აზერბაიჯანის, რომელიც შეიარაღებით აქტიურად ვერ ეხმარება უკრაინას, რადგან აზერბაიჯანს აქვს ყარაბაღის პრობლემა, საქართველოსთან მიმართებით კი ზელენსკის და მის გარემოცვას არ უჩნდებათ გაგების განცდა და ავიწყდებათ, რომ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ჯერაც ოკუპანტის ჯარის მიერაა დაკავებული.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელიც ალიევის ფანკლუბშია გაერთიანებული, აცხადებს, რომ სულ ახლახანს ალიევმა თავის რეზიდენციაში მიიღო რუსეთის ვიცე-პრემიერი. ანალოგიური რამ საქართველოში რომ მომხდარიყო და ვინმე რომ შეხვედროდა რუსეთის ვიცე-პრემიერს კი არა, რუსეთის უბრალო წარმომადგენელსაც კი, რა ამბავი ატყდებოდა?! ამ ფონზე ალიევს აქებს ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია, ქართველები კი, რომლებიც მართლაც ყველაფრით ვეხმარებით უკრაინელებს, ვიღებთ საყვედურს იმის გამო, რატომ მეორე ფრონტს არ ვხსნით რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ ომის აცილებას რუსეთთან და ამ კონფლიქტის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდება, როგორც სტაბილური ტერიტორია, სადაც შეიძლება მომავალში ინვესტიციების ჩადება, ეკონომიკის განვითარება. როგორც შვეიცარიამ დაანახა ევროპას და მსოფლიოს, რომ არის სტაბილური ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი იქ არ ყოფილა ისეთი გართულება, ისე ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ვართ ტერიტორია, სადაც ომი არ მომხდარა. არ ვიცი, არესტოვიჩი ვისი კარნახით საუბრობს და მასზე გავლენას ახდენენ თუ არა „ნაციონალები“, მაგრამ ფაქტია, ეს კაცი ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს. არესტოვიჩი ყველა ეთერსა და ყველა იუთუბარხზე იძახის, რატომ არ იწყებს საქართველო ომს?! სხვათა შორის, სააკაშვილის შესახებ სწორად თქვა, საქართველოში სააკაშვილი რომ იყოს, ომი იქნებოდაო“, - აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს უჭირს იმაზე საუბარი, მეორე ფრონტის გასახსნელად ჩამოვიდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში. მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი ფიგურაა, მის მოძრაობებსა და პოლიტიკურ ფინტებზე პრინციპული კომენტარი არც ღირს.
რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საქართველოში, ირაკლი მენაღარიშვილს ცოტა გადაჭარბებულად ეჩვენება ის მწვავე და ისტერიული რეაქცია, რაც არესტოვიჩის ნათქვამს მოჰყვა, რადგან უკრაინელებს თავიანთი გასაჭირი აქვთ.
„უკრაინელებს ახლა სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ისეთ მდგომარეობაში, შეიძლებოდა, ჩვენც მსგავსი შეცდომა დაგვეშვა. ცხადია, არესტოვიჩის მოწოდებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით საფუძველი არ აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სხვა რაკურსში წყდება, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე კვლავ ცხელი ომის დაწყება და სწორედ ამ მოცემულობიდან გამოვდივართ“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.