ახალი ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას, - ამჯერად, სააკაშვილი ოჯახი „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ ვადას აძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გაყვანილი. ორშაბათს, 18:00 საათამდე აქვს დრო ხელისუფლებას, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ასევე, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი პერმანენტულ აქციების დაწყებას აანონსებს.
ანლიტიკურ წრეებში საპროტესტო აქციების დაწყებას და მის სამომავლო პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი აქციები მანამდეც ვნახეთ, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ევროპაში ომი მძვინვარებს და მსოფლიო დღის წესირიგი რადიკალურად არის შეცვლილი, ქვეყანაში საპროტესტო მუხტს გაგრძელება არ ექნება და ზოგადად, პროტესტის მუხტი არ არსებობს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა იმის მტკიცებულება იქნება, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია, რაზეც „ქართული ოცნება“ არ წავა. მისი თქმით, ამ საპროტესტო აქციებს პერსპექტივა არ აქვს და შედეგს ვერ გამოიღებს.
„ბოლო ხანებში აქციებს დიდი ჭრა არ აქვს, რადგან აქციები არ არის ძალიან მწვავე, არც რაოდენობა ჰყოფნის და არც ის გააზრება, თუ რა უნდა მოითხოვოს აქციებმა და რა არის რეალური. თუ ხელისუფლებამ სააკაშვილი გადაიყვანა საზღვარგარეთ, ეს ხომ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმარია ყოფილი პრეზიდენტი. ასე რომ, არ მგონია აქციის გამართვა იყოს მორგებული იმას, რომ ამ აქციის შედეგად მიიღონ რეზულტატი, რადგან რეზულტატია რთული.
მოთხოვნა გამართული არ არის იმ მხრივ, რომ ხელისუფლების მხარეს ადვილად შეეძლოს მისი შესრულება, პირიქით - ძალიან ბევრი ბარიერი არის ამ მოთხოვნის შესრულების გზაზე. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ დამაჯერებელი არ არის სამედიცინო დასკვნა და საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და სააკაშვილთან დაპირისპირებულია. ეს ნაწილი პოლიტიკურად უკმაყოფილო იქნება, თუკი ოჯახის ეს მოთხოვნა შესრულდება.
ამდენი სირთულის ფონზე, მეეჭვება, რომ ამ მოთხოვნას პერსპექტივა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები თავის ტკივილი იქნება ქვეყნის გარეთ. შემოვიდა ჩუმად და დაიკავა საპატიო ადგილი - ასე გადაწყვიტა თვითონ სააკაშვილმა და მეტი გზა აღარ ჰქონდა ხელისუფლებას, უნდა აღესრულებინა თავისი მოვალეობა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მაქსიმუმი, რაც შესაძლოა ამ აქციებმა გამოიღოს ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნას გადაყვანილი. როგორც ძაბირაძემ For.ge-სთან აღნიშნა, დღეს ომის პირობებში, მოითხოვონ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და დაანონსონ აქციები, ამას პერსპექტივა არ აქვს.
„პირველი შემთხვევა არ არის, რაც ხდება. ადრე რამდენჯერმე იყო დაანონსებული აქციები, შიმშილობა და ა.შ. რაიმე შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? მაშინაც ეს საკითხი იდგა და სააკაშვილი აღმოჩნდა გორის ჰოსპიტალში. ყველაზე დიდი შედეგი, შეიძლება იგივე განმეორდეს ამ აქციების შედეგად.
ქვეყანაში და მოსახლეობაში არანაირი საპროტესტო მუხტი არ არის. პარტიულ ელიტას შეუძლია გამოვიდეს, ისიც „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მგონია, რომ ამ მოძრაობაში სხვა ოპოზიციური პარტიები ჩაერთონ - საკუთარი ელექტორატით უზრუნველყონ, რომ საპროტესტო ტალღა აგორდეს, ამას არ გააკეთებენ.
რაც შეეხება პარლამენტის შესაძლო დატოვების საკითხს, მანამდეც დატოვეს, მაგრამ მუშაობდა პარლამენტი. ახლა დატოვებენ, ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას პარლამენტი. მოთხოვნა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ამ მოთხოვნას რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს, როდესაც ამბობ, რომ პროტესტს დაიწყებ. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს ბაზა, რაც არ არის.
მოსახლეობაში ცუდის მოლოდინია, შიში, ყველა გადართულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში. ყველა ხვდება იმას, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო სხვაგვარი იქნება. ფასები იზრდება, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ყველას უჩნდება და როდესაც ასეთი გარემოა, რამდენი საპროტესტო აქციაც არ უნდა დააანონსო, თუნდაც მასობრივი შიმშილობა დაიწყონ, აქედან არაფერი გამოვა. ამ წამოწყებას პერსპექტივა ნული აქვს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. დავით სააკაშვილმა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, ოჯახს დაეხმარონ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გაყვანა მოხდეს.
„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.
მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან, ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე. მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.
მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.