არსებობს თუ არა უკრაინის ხელისუფლებაში კონკრეტული ჯგუფი, რომელიც საქართველოს და უკრაინას შორის დაპირისპირების ინსცენირებას ცდილობს? რა არის მათი მიზანი და რატომ უკავშირებს ამას საქართველოს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს? ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შემოპარვა სწორედ ამ ჯგუფის და საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების მეშვეობით გაბედა. სავარაუდოდ, სცენარის მიხედვით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა, ხელისუფლებაში დაბრუნებული ენმ კი უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად საქართველოსაც ომში ჩართავდა. მათი ვარაუდით, სხვადასხვა ფრონტის გახსნა რუსეთს დაასუსტებდა. ეს სურვილი და მოწოდება ზელენსკის მრჩევლებს და უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს ღიად არა ერთხელ გაუჟღერებიათ.
არადა ზელენსკის ოფისის მრჩევლების განცხადებების ფონზე, რადას თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ ვიზიტისთვის, რომელიც უკრაინაში განხორციელდა. რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პარლამენტი მადლობელია მათი, ვინც უკრაინის გვერდით დგას.
ზელენსკის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა კი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს არმიერთების მთავარ მიზეზად, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნეს ინტერესები დაასახელა. მან ეს მოსაზრება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით გაამყარა. პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ გააჟღერა არახამიას მოთხოვნა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაზე. ზელენსკის მრჩევლის ამ კომენტარის მიღმა, „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი დაინახა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეს განცხადება იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.
პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ჩვენს ქვეყანაზე ისაუბრა. ზელენსკის ოფისის კიდევ ერთმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მორიგ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და მათ „ყურცქვიტები“ უწოდა.
არესტოვიჩის ცინიკურ ტონს უარყოფითი შეფასება მოჰყვა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.
„ჩვენ გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. მოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს - საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძის თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ადამინების რაღაც ნაწილს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენენ მიხეილ სააკაშვილი და მათ შორის დავით კეზერაშვილი გარკვეულ თანხას უხდიან. პოლიტოლოგი არ გამორიცახვს, რომ კეზერაშვილი საქართველოში მოპარულ ფულს, არესტოვიჩს, არახამიას და სხვა მისნაირებს აძლევს, რათა გარკვეული თანხის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე შტურმი მიიტანონ და საერთაშორისო არენაზე გააშავონ.
„პოდოლიაკი, არესტოვიჩი, არახამია და ძმანი მისნი, მიუხედავად უკრაინაში რუსების მიერ დატრიალებული ჯოჯოხეთისა, საქართველოს ხელისუფლებისთვის იცლიან. თანაც ქართველ ხალხს ასწავლიან ჭკუას, ხელისუფლებაში ვინ უნდა მოიყვანონ და ვინ არა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შემთხვევითი არ არის და ეს უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კიდევ უფორ კარგად გამოჩნდა. ის აქ ჩამოიყვანეს და უკრაინიდან გამოუშვეს, რადგანაც იცოდნენ, რუსეთი ომს იწყებდა. სააკაშვილს კი დავალება მიეცა, რომ საქართველოში გადატრიალება მოეხდინა და ქვეყანა ომში ჩაერთო.
ეს ვერ მოხდა, რადგანაც საქართველოს სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ სიზუსტით იმუშავეს. ამიტომ პოდოლიაკებს, არესტოვიჩებს, არახამიებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. როგორც ჩანს, იქ მოხდა შეთანხმება, რომ სააკაშვილი უკრაინიდან წამოვიდოდა, აქ ამბებს დაატრიალებდა და საქართველოში პარალელურად გახსნილი ფრონტით, ალბათ, რუსეთის დასუსტება მოხდებოდა. ვინ დაწერა ეს სცენარი, ვისი მეშვეობით თამაშობს ეს ხალხი, არ ვიცი. ფაქტი ერთია, აქ დაინტერესებული ხალხია, რომლებსაც კარგად დაწერილი გეგმა ამოუყირავდათ. ახლა კი გაღიზიანებულები საქართველოს ხელისუფლების გაშავებას საერთაშორისო ასპარეზზე ახდენენ“,-ამბობს გვენეტაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფელბაში მოკალათებული ადამიანების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით, საქართველოს და მისი ხელისუფლების გაშავებას იწყენებ, თითქოს აქ შავი ხვრელები არსებობს და რუსეთს საქართველოს გავლით იარაღი გადააქვს. თუმცა იმას არ ამბობენ, რომელი ქვეყნიდან შემოაქვს. ამის პარალელურად კი, ენმ-ის ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად ხატია დეკანოიძე უკრაინულ არხზე საქართველოს პირდაპირ ბრალს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სდებს. შემდგე კი მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული გაშავება იწყება.
„საქართველოს ხელისუფლება დღემდე მუშაობს და ჩვენი მოსახლეობა ვხედავთ, დაარწმუნა, ვისთან და რა გეგმასთან გვაქვს საქმე. ესენი წმინდა წყლის მოღალატეები არიან. ამ ხალხს საქართველოში იმ სისხლის დატრიალება და განმეორება უნდა, რომელიც დღეს უკრაინაში მიდის. გათვლა ერთადერთია, ენმ-მა ყველა არჩევნებით თუ სოციალური კვლევებით დაინახა, რომ ხელისუფლებაში ვეღარ ბრუნდება. 2024 წელს ეს შარლატანები მაქსიმუმ 7-8%-ს თუ აიღებენ. თანდათანობით, როგორც შარშანდელი თოვლი ისე გაქრებიან. ამიტომ პოლიტიკურ არენაზე რომ დარჩნენ, მათთვის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს, სახელმწიფო გადატრიალებით ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამიტომ საქმეში ისეთი პოლიტიკური შარლატანები ჩართეს, როგორიც არესტოვიჩი და მისი გუნდია. უკრაინელი ხალხი, ამ გათახსირებული პოლიტიკოსების ხელში მეცოდება“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან.
როგორი უნდა იყოს ხელსიუფლების პასუხი არესტოვიჩის და სხვა პოლიტიკოსოების ყოველდღიურ თავდასხმებზე და რა არის ამ ადამიანების საბოლოო მიზანი? - გვენეტაძე ამბობს, რომ ბათუმის არჩევნები საზოგადოების სრული პასუხი იყო იმაზე, რომ ოპოზიციის მავნებლური პოლიტიკა მათთვის მიუღებელია. ამის პარაელურად კი, პრემიერის და პრეზიდენტის გაზრდილი რეიტინგი, რომელიც უკრაინის ომის პარალელურად მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ენმ ყოველ დღე ამის გამო ცდილობს ქვეყანაში პორვოკაციების მოწყობას.
„ყველამ თავსი მამიდას მიხედოს. უკრაინელებს ახლა იმდენად მძიმე სიტუაცია აქვთ, რომ ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება რას გადაწყვეტენ, მათ არ უნდა ანაღვლებდეთ. ჩვენს სამი ათასწლოვანი ბრძოლის ისტორია გვაქვს. არც ომი და არც ბრძოლა არავისგან გვესწავლება. ომის შემდეგ მგონია, რომ ეს ახლად გამოჩეკილი „მრჩევლები“ დანაშაულზე და შეცდომებზე პასუხს აგებენ. უკრაინელი ხალხი ბრძენია და კარგად მიხვდება მათ თავს რა დაატყდათ და ქვეყანას რა ჯგუფი მართავს“, - ამბობს პოლიტოლოგი for.ge-სთან.
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინას და მის ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პოლიტიკოსს საბჭოთა კავშირის დროინდელი სინდრომი აწუხებს. დიდმა ძმამა პატარა მუდმივად უნდა დატუქსოს და ჭკუა ასწავლოს. ბერიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არესტოვიჩის ყოველდღიური ჭკუის სწვალება კი ზუსტად ამას ჰგავს. ყვეელა ქვეყანას საკუთარი პოლიტიკა და დღის წესრიგი აქვს. ჩვენს ხელისუფლებას, როგორც უნდა, ქვეყანას ისე მართავს და უკრაინიდან თითის ქნევა არავის სჭირდება.
„უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები უფროსი ძმის დამოკიდებულებას დაემსგავსა. ახალ ის სტრატეგიული თვალსაზრისით, დასავლეთისთვის უკვე საქართველოზე მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ მათ ნებას უნდა დავყვეთ. მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დესანტირებულები და არაა გამორიცხული, მათ მითითებებსაც ახმოვანებენ. ეს ხალხი მრჩევლებად და ოფიციალურ თანამდებობებზე ჰყავთ დანიშნული. ამან ორ ქვეყანას შორის სასურველი შედეგი არ მოიტანა.
ამიტომ ჩვენი ხელისუფლება იმაში მოტყუვდა, რომ ამაზე თავიდანვე აჟიოტაჟი უნდა აეტეხა. ეს არ მოხდა, შედეგი კი ის მივიღეთ, რომ ვიღაც შემთხვევითი ტიპები დგანან და ჭკუას გვარიგებენ. მოვტყუვდით იმაშიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან დაკავშირებით პირდაპირი პოზიცია მაშინვე უნდა დაეფიქსირებინა. მერე კი ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ეს ხალხი ამ თემით აპელირებს და ჩიჩხინს არ ეშვება. თუ ამ ყველაფერს მთავარი და საერთო სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა ვერ ამჩნევს და ვერ აგვარებს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზეც ხმამაღლა უნდა ისაუბროს“, - ამბობს ბერიძე for.ge-სთან.
ბერიძე სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ომის გამო რეალურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას გეგმა არ გამოუვიდა. ამიტომაც ახლა ციხიდან თავის დაღწევის სხვადასხვა ხერხებს ეძებს და ამაში უკრაინის ზოგიერთ მაღალჩინოსანსაც იყენებს.
„ჩვენი ხელისუფლების სიბრძნე ამ ბოლო დროს უკანმიდევნებული ლამპარივით არის. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ქვეყანაში ზუსტად ომის გამო ჩამოვიდა. ის კონკრეტული დავალებით წამოვიდა და ჩვენს ხელისუფლებას თავი დააჭერინა. როგორც ჩანს, ქვეყანაში რევოლუციის გზით გადატრიალება ჰქონდა დავალებული. იფიქრა, მის დაკავებას ქვეყანაში გადატრიალება მოჰყვებოდა, შემდეგ კი საქართველოში ახალი ფრონტის ხაზიც გაიხსნებოდა. ეს არ გამოვიდა. ჩვენმა ხელისუფლებამ ის დააკავა და ახლა ციხეში ზის. ამიტომაც სააკაშვილი ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ჩვენს ხელისუფლებას და პირადად პრემიერს მოვუწოდებ, რომ ხალხს უფრო მეტი ესაუბროს. გასაგებად აუხსნას, რა ხდება და საქმე რასთან გვაქვს. კი ბატონო, საუბრობს რაღაცას, მაგრამ მასზე მკვეთრ განცხადებებს კობახიძე უფრო აკეთებს. არ ვიცი, იმიტომ ხომ არა, რომ მას ივანიშვილთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია აქვს. ივანიშვილი გონიერი კაცია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთბეული, მაგრამ ის პოლიტიკაში აღარ არის და უკრაინელები ვის დაელაპარაკონ? რაღაცა იმპროვიზაციების მეშვეობით, ვიღაც მთვარეული „მასტები“ არესტოვიჩის და მისი მსგავსების სახით ჭკუას გვასწავლიან. პერიოდულად, საქართველოს დამოკიდებულების შესახებ სისულელეებს ჩმახავენ და ეს ყოვლად მიუღებელია. ამიტომ პრემიერს მოვუწოდებ, უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოს“, - ამბობს ბერიძე for.ge-სთან.