„ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში აპირებდა სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებას, უბრალოდ არ დასცალდა, იგივე სიტუაციაა ახლაც“

„ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში აპირებდა სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებას, უბრალოდ არ დასცალდა, იგივე სიტუაციაა ახლაც“

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კრემლისგან კიდევ ერთი გაფრთხილება და მუქარა მოვისმინეთ. მოსკოვი დასვლეთს თითის ქნევით ესაუბრება და „მოსალოდნელი საფრთხეების“ შესახებ აცხადებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვა დასავლეთს მოუწოდა, დროა რუსეთის მოთმინების გამოცდა შეწყვიტოს.

„რუსეთის წინააღმდეგ ასეთი აგრესია უპასუხოდ ვერ დარჩება. ჩვენ გვსურს, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შემდგომ პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების გამოცდის გაგრძელებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. ნაწილი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამაზე არ წავა, თუმცა ნაწილი შიშობს, რომ, თუკი რუსეთის ლიდერი მიხვდა უკრაინასთან ომს აგებს, ის შესაძლოა ამაზე წავიდეს. ამ ყველაფერს კი დასავლეთის მხრიდან, დიდი ალბათობით, საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. საბოლოოდ სადამდე მივა ეს ყველაფერი, ალბათ, რთული წარმოსადგენი არ არის - დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლოა გაქრეს.

სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინი კამიკაძე არ არის, თუმცა მისგან არც არაფერია გასაკვირი. მისი თქმით, თუკი რუსეთის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მის წინააღმდეგ ყველამ პირი შეკრა, შესაძლოა, მასიური იარაღის გამოყენებაზეც წავიდეს.

„პუტინისგან არაფერია გასაკვირი. ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში აპირებდა სწორედ ბირთვული იარაღის გამოყენებას, უბრალოდ, არ დასცალდა. იგივე სიტუაციაა ახლაც. პუტინი ისედაც იყენებს არაჰუმანური ტიპის სტრატეგიულ შეიარაღებას, როგორიც არის კასეტური ბომბები.

თუ პუტინმა თქვა, რომ ეს არის ნატო-ს და რუსეთის ომი და პრინციპში, მათ შორის ჰიბრიდული ომი მართლაც მიმდინარეობს, ყველაფერი შესაძლებელია. რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, პუტინს უფლება აქვს გამოიყენოს ე.წ. პრევენციული ზომებისათვის, მასიური განადგურების იარაღი ანუ ბირთვული იარაღი.

პუტინი შეიძლება სისხლიანი დიქტატორია, მაგრამ კამიკაძე ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ პუტინმა ჩათვალა, რომ ყველა მის წინააღმმდეგ არის და აუჯანყდნენ, შეიძლება ამაზე წავიდეს, ნებისმიერი სცენარის განვითარებაა შესაძლებელი, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

რუსეთს გაუჭირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება. თუ რუსეთმა არ მოახდინა თავისი ძალების მობილიზაცია, მას ნამდვილად გაუჭირდება შემდგომი ამოცანების შესრულება, რაც პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაუსახა. იმედია მხარეთა შეირაღების გათანაბრება მალე მოხდება და წავა პოზიციური ბრძოლები“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა დაასახელა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპი და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის „სრულიად ლეგიტიმურია“ რუსეთის ტერიტორიაზე მის ლოგისტიკაზე დარტყმა, კიევში ასეთი ქმედებისკენ მოწოდებად მიიღეს.

ზახაროვას თქმით, „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეპი ეფექტურად მოუწოდებდა კიევს ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე“. მისი მტკიცებით, უკრაინის მთავრობა მხოლოდ დასავლეთის მარიონეტული რეჟიმია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კი იყენებენ.

„ვხედავთ, რომ ზელენსკის რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი და, რომ მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უცხოელ კურატორებზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ დასავლელი კურატორები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მისი ქმედებები დამოუკიდებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ფიქრობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ კიევის რეჟიმს ვუწოდებთ, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობენ და აკონტროლებენ სიტუაციას. ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ გიყენებენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

 

 

 

ლევკოთეა ჰიტლერს არ დასცალდა კი არა, უბრალოდ, არ ჰქონდა ატომური იარაღი. თორემ, პუტინზე და სააკაშვილზე მეტად გადარეული იყო.
2 წლის უკან