IRI-ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად თუ მივიღებთ, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შემდეგი ფაქტის წინაშე დგება: ოპოზიცია ბოლო ორი წლის განმავლობაში, არასწორი მოქმედებების და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, სრულიად უუნაროა და არ აქვს არანაირი რესურსი, რომ ხელისუფლების წიანაღმდეგ საზოგადოების გაერთიანება შეძლოს, ხოლო არჩევნებზე 5%- იანი ბარიერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი და ისევ ორპარტიულ პარლამნეტს ვიღებთ. დანარჩენი პატარა პარტიები კი საერთოდ პარლამენტის და პოლიტიკური აქტივობის მიღმა რჩებიან.
პარლამნეტში შედის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ისიც დეკორატიული დანიშნულებით, რადგანაც ამ მოცემულობით, რა მოვლენებიც ახლა პარტიის შიგნით ვითარდება, ნულოვანი შესაძლებლობები ექნებათ.
ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობას სურს, რომ ოპოზიციის სრული უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ პენსიაში გავიდეს.
კლველვაში კი ყველაზე საინტერესო ნაწილი პიროვნული რეიტინგი აღმოჩნდა, სადაც პრეზიდენტის და პრემიერის რეიტინგები წინა კვლევებისგან განსხვავებით საგრძნობლად გაზრდილია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, „კვირას რომ არჩევნები იყოს“, გამოკითხული მოსახლეობის 31% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 16% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა შედეგები ასე გადანაწილდა:
„საქართველოსთვის“ - 4%;
„დროა“ - 2%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2%;
„ლეიბორისტული პარტია“ - 2%;
„ხალხისთვის“ - 2%.
კითხვაზე - გსურთ თუ არა მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები ნახოთ, დადებითად საქართველოს მოსახლეობის 60%- მა უპასუხა. პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით მოსახლეობის 30%-ია კმაყოფილი, კითხვაზე პასუხი არ აქვს მოსახლეობის 10%-ს.
იგივე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას, ამჯერად, 92%-ს კვლავ ილია მეორე მოსწონს, 53%-ს კახა კალაძე, 52%- ს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო 47%- ს ირაკლი ღარიბაშვილი.
დანარჩენი შედეგები ასე გადანაწილდა:
ნინო ლომჯარია — 46%;
ანა დოლიძე — 44%;
გიორგი გახარია — 40%;
დავით უსუფაშვილი — 39%;
ელენე ხოშტარია — 39%;
ირაკლი კობახიძე — 38%.
2021 წლის ივნისის გამოკითხვის მიხედვით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას რეიტინგი მოქმედი პრემიერის რეიტინგს უსწრებდა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან ამბობს, რომ IRI-ის კვლევებს ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ბოლოს გამოქვეყნებული END-ის და IRI-ის კველვები იდენტურია. ორივეში „ოცნებას“ ბევრად მეტი ჰქონდა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ამ კვლევების მიხედვით ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება და ისევ ორპარტიული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო მივიღეთ.
„საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კვლავ ორპოლუსიანი რჩება და პოლიტიკური ველიდან პატარა პარტიების განდევნა ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ელექტორატის გაზრდა ვერ მოახერხეს. ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ, რომელიც პოლიტიკურ ველზე მესამე ძალის პრეტენზიით შემოიჭრა, მისი მაჩვენებლები პირიქით გაუარესდა. ამას თამამად შეიძლება ოპოზიციის სისტემური კრიზისი დავარქვათ. ეს კი წმინდა ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება.
ოპოზიციის რიგებში არ ჩანან საზოგადოებისთვის სანდო და პოპულარული ლიდერები, რომელსაც ხალხი გაჰყვებოდა, ენდობოდა და პატივს სცემდა. ძირითადი მხარდაჭერა მაინც, პიროვნულ ფაქტორზე მოდის. ქართველებს ასეთი ხასიათი აქვთ, რომ პარტიის პროგრამა ან იდეები კი არ აინტერესებთ, არამედ მისი ლიდერი ვინ არის. ამ კვლევებით კი ჩანს, რომ ოპოზიცია საერთოდ გაკოტრებულია და არ ჩანს ხალხისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ლიდერები, რომლებიც მათ დაინტერესებას შეძლებს. ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე ბევრი პოლიტიკოსი პენსიაშია წასასვლელი და გარკვეული გადახალისებაა საჭირო. ხალხს ძველი სახეები მოსწყინდა და ახალ პოლიტიკოსებს ითხოვს. გამოკითხულთა 60% ახლა მესამე ძალას ელის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა. ჩვენი ქართული პოლიტიკური სპექტრის სერიოზული გადახალისება უნდა მოხდეს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტორფულად დაცემულ რეიტინგს, ანჯაფარიძე ამას პარტიის მხრიდან გადადგმულ არასწორ და გაურკვეველ პოლიტიკურ ნაბიჯებს უკავშირებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კი ჯოხის ორი მხარეა. ერთი მხრივ მის გარეშე პარტიას არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა და მეორე მხრივ კი მისმა ქვეყანაში დაბრუნებამ პარტიას ელექტორატის ნაწილი დააკარგვინა.
„ენმ-ში რეალური ლიდერები სააკაშვილის გარდა არ არიან. ნიკა მელიამ საერთოდ ყველანაირი პოლიტიკური ღირებულება დაკარგა და ვერ ივარგა. ენმ-ის წარუმატებლობის მიზეზი ასევე ადამიანური ფაქტორია. ვითომ პარტია ახალი სახეებით შეავსეს, მაგრამ ისინი ძველი წევრებისგან რადიკალურად არაფრით განსხვავდებიან. იგივე რიტორიკა აქვთ და ძველებს არაფრით ჩამოუვარდებიან. მათზე უკეთესები არ არიან, პირიქით, ცდილობენ რადიკალიზმით მათ აჯობონ. ამ ახლების კრებსითი სახე ნონა მამულაშვილია. ხალხი მიტინგზე მოდის და იქ ვის ხვდება? - ისევ გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ხატია დეკანოიძეს, რომლებიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენენ და უმრავლესობას დადებითი ასოციაციები არა აქვს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge- სთან.
რაც შეეხება პიროვნულ რეიტინგებს და იმ სურათს, რომელიც პრეზიდენტის და პრემიერის გაზრდილი რეიტინგის შედეგად მივიღეთ, ანჯაფარიძე ამას უკრაინაში ომს და მის იგრვლივ ორივე ლიდერის მიერ წარმოებულ პოლიტიკურ ქმედებებს უკავშირებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმაც და ღარიბაშვილმაც, მართალია, სრულიად განსხვავებული სტილით და განცხადებებით, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობის აზრის გახმაურება მოახერხეს. ეს კი რეიტინგის სახით გამოჩნდა.
„ზურაბიშვილის გაზრდილი რეიტინგი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო დროს ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ წარმოჩენამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ის „ოცნებისგან“ დისტანცირდა და გარკვეული კრიტიკული განცხადებებიც გააკეთა, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა დაიმსახურა. ასევე, უკრაინის ომთან დაკავშირებით საკმაოდ კარგმა პოლიტიკურმა ტაქტიკურმა სვლებმა მას საზოგადების მხარდაჭერა გაუზარდა. რაც შეეხება პრემიერს, აქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. მიუხედავად იმასა, რომ ოპოზიცია მის პოლიტიკურ „საფრთხობელად“ წარმოჩენას ცდილობდა, პირიქით მოხდა. ომთან დაკავშირებულმა ხისტმა პოზიციამ და კახურად გაკეთებულმა პირდაპირმა განცხადებებმა, მას მაჩოს იმიჯი მისცა. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებას მისი პირდაპირობა სულაც არ აღიზიანებს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge- სთან.
რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ მოცემული კვლევა ორ მნიშვნელოვან რამეს ასახავს, პირველი - ოპოზიცია სასწრაფოდ უნდა გადახალისდეს და რადიკალური ცვლილებები მოხდეს. მეორე კი ომის ირგვლივ დაწყებულმა პოლიტიკურმა რიტორიკამ ზიანი ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას მიაყენა. საყვარელიძე for.ge- სთან ამბობს, რომ „ოცნების“ პოზიცია ომთან დაკავშირებით ზომიერია და ამ ზომიერებამ რეიტინგი დაუტოვა.
„თუ ოპოზიციური პარტიები დასკვნას არ გააკეთებენ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რადიკალიზმი, ეგზალტაციის სტილი წამგებიანია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. რასაც 2020 წლიდან ვაკვირდებით, ოპოზიციის არც ერთი მოქმედება და გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მისაღები არ არის. დესტრუქცია და ა.შ. წამგებიანია და ისინი ელექტორატს ყოველდღიურად კარგავენ. სამწუხარო კი ის არის, რომ გაანალიზების და პრობლემის გადაჭრის მაგივრად, ისრები მოსახლეობაზე გადააქვთ, თავიანთ წარუმატებლობას ხალხს აბრალებენ. იმის მაგივრად, რომ დასხდნენ და დაფიქრდნენ რაშია გამოსავალი, რა უნდა შეცვალონ, ხელს ხალხისკენ იშვერენ და მათ ლანძღავენ. ეს კი მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge- სთან.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პრობელმას და დაკარგულ ელექტორატს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ არის განახევრებული, საყვარელიძე ამას პარტიის მხრიდან გაუგებარ პოლიტიკას და რადიკალიზმს უკავშირებს. ის ფიქრობს, რომ ხალხი ერთი და იგივე რიტორიკამ დაღალა და გამოსავალს ახალ პოლიტიკურ ძალაში ხედავს.
„სავარაუდოდ, ენმ-ს მხოლოდ თავგადადებული და ფანატიკოსი ამომრჩეველიღა შემორჩა, რომელიც ისევ სააკაშვილის ხარჯზე ჩერდება. როგორც ჩანს, ამ პარტიის მომხრეებშიც იყო სურვილი, რომ ენმ-ს საქმე ეკეთებინა, ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ მათთვის სახელმწიფოს მიბარება ისევ შეიძლება. ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, რომელიც ფანატიკოსი არ არის და უბრალოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, ეს ვერ დაინახა. 2020 წლიდან „ნაციონალები“ ისე იქცევიან, რომ მათივე ელექტორატიც კი აღარ ენდობა და განუდგნენ. ეს ბოლო ორივე ჩატარებულმა კვლევამ კარგად აჩვენა“, - ამბობს საყარელიძე for.ge- სთან.
კველვაში მოცემული პიროვნული რეიტინგი კი საყვარელიძეს ბოლო დროს ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამოძახილად მიაჩნია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრემიერის და პრეზიდენტის გაზრდილი რეიტინგი უკრაინის ომის ირგვლივ წარმოებული რიტორიკის შედეგია.
„საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება უნდა მოხდეს. შეიარაღებული მოქმედება, რომლისკენაც ცალკე უკრაინელი სპიკერები მოგვიწოდებენ, ეს კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევს, ქვეყნის ნგრევასა და უბედურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს სათქმელი კი პრეზიდენტმა და პრემიერმა ჩვენს საზოგადოებამდე ოპოზიციისგან განსხვავებით ძალიან სწორად მიიტანეს. ღარიბაშვილმა შეძლო და მოსახლეობას, ხისტად თუ პირდაპირ აუხსნა, რომ მისი ხელისუფლება ქვეყანაში ომს არ დაუშვებს. ამან კი პრემიერის რეიტინგი გაზარდა. ოპოზიციის ლოგიკა და ქმედება საზოგადოებისთვის იმდენად გაუგებარი აღმოჩნდა, რომ სრულიად სხვა მოცემულობა მიიღეს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge- სთან.