აფეთქებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს და კიევის დაბომბვით იმუქრება

აფეთქებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს და კიევის დაბომბვით იმუქრება

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, რუსეთის ქალაქებში ხანრძების შემთხვევებმა იმატა. კრემლი ამ ყველაფერში, გარკვეულწილად უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და ემუქრება, თუ უკრაინის მხრიდან მის ტერიტორიაზე მსგავს ქმედებას კვლავ ექნება ადგილი, მოსკოვი კიევს დაბომბავს. თუმცა, აღნიშნულს უკრაინის მხარე უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, -  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა, ალექსი არესტოვიჩიმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ეს განცხადება რუსეთში, ბრაიანსკის ოლქის ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარზე კომენტირებისას გააკეთა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, საბრძოლო მასალების საწყობი იწვის. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით იუწყება, რომ 27 აპრილს, დაახლოებით 3:35 საათზე გააღვიძა აფეთქების მსგავსმა ხმამ და სანამ შეტყობინებას წერდა, კიდევ სამი აფეთქება მოხდა. გლადკოვის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან იწვის საბრძოლო მასალების საწყობი. გუბერნატორის ცნობით, საცხოვრებელი სახლები დანგრეული არ არის და არავინ დაშავებულა.

ამასთან, რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას 25 აპრილს დილით ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

ასევე, 1-ელ აპრილს, ბელგოროდში ხანძარი გაუჩნდა კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავს. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ობიექტზე შეტევა განახორციელეს უკრაინულმა ვერტმფრენებმა. ასევე, 25 აპრილს, რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქის ორი სოფლის დაცხრილვაშიც, რასაც უკრაინის ხელისუფლება უარყოფს.

ეს მცირე ჩამონათვალია, სადაც ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის მოქმედება ჩანს. შესაბამისად, იკვეთება უკრაინის საპასუხო მოქმედება რუსეთის აგრესიულ თავდასხმებზე. თუმცა, ანალიტიკურ წრეებში არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთში პარტიზანული ომის დაწყების შესაძლებლობაც არსებობდეს. რუსეთში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც უკრაინაში ომის წინააღმდეგი არიან და ასევე მოქალაქეები, რომელთაც არ მოსწონთ ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი.

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებს ახორციელებს, თუმცა, აღნიშნულს უკრაინული მხარე არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთში უკრაინის სადაზვერვო, დივერსიული ჯგუფები მოქმედებდნენ.

„ხანძარი, რაც მანამდე იყო, არ უღიარებია, არც უკრაინას და არც რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი იდო, ვიდეო გავრცელდა. შემდეგ რამდენიმე ფაქტი განმეორდა. მე ჯერ კიდევ 11 აპრილს ვწერდი, რომ უკრაინამ შეიძლება საპასუხო დარტყმები მიაყენოს რუსეთის სამხედრო აეროდრომს, რადგან იქიდან ხდება უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა, იქიდან აფრენილი თვითმფრინავებით.

დღეს დილას იყო მცდელობა. აეროდრომთან რუსებმა სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან, ვხედავთ, რომ ბელგოროდთან სამხედრო საწყობი იწვის. უკრაინა არც აღიარებს და არც უარყოფს. ეს გასაგებია, რუსეთი დაემუქრა, თუ კიდევ დაიბომბება რუსეთის ტერიტორია, კიევს დაარტყამდნენ. არ არის გამორიცხული, უკრაინელების სადაზვერვო, დივერსიული ჯგუფები მოქმედებდნენ, ან სულაც, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინელებს თანაუგრძნობენ. თუმცა, ერთ შემთხვევაში დაფიქსირებულია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის მოქმედება, მეორე შემთხვევაში დამრტყმელი შვეულმფრენი. ამიტომ, საუბარი არის საბრძოლო ტიპის დარტყმაზე და არა პარტიზანული ჯგუფების მოქმედებაზე“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთში ამ ხანრძების გაჩენაში რუსების ხელი ერიოს იმისთვის, რომ შემდეგ ეს უკრაინას დააბრალონ და მოსკოვს კიევზე თავდასხმის ერთგვარი მიზეზი ჰქონდეს.

„აქ რამდენიმე ვატიანტი შეიძლება განვიხილოთ: შესაძლოა თვითონ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდეს გარკვეულ, დივერსიულ ქმედებებს საკუთარ ტერიტორიაზე, რომ შემდეგომში გამართლებულ იქნეს კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვა რუსეთის მიერ. გარდა ამისა, რუსეთის მოსახლეობაში გაზარდოს ანტიუკრაინული განწყობა, რომ უკრაინა აქეთ ბომბავს მათ ტერიტორიას.

მეორე ვარიანტია, რომ უკრაინა იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს, რადგან რუსეთთან მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა. ამიტომაც, ეს არის უკრაინის საპასუხო ქმედება, რომ რუსეთი აიძულოს მან უარი თქვას უკრაინის ტერიტორიების დაბომბვაზე. არ არის გამორიცხული მუშაობა მიმდინარეობდეს რუსეთის ტერიტორიაზე, გარკვეული დივერსიული ჯგუფების თავის მხარეს გადმობირებაზე, რომ მათ აწარმოონ პარტიზანული ქმედება. შესაძლოა, გაგრძელდეს ეს შემთხვევები, რუსეთთან მხოლოდ ძალის ენით არის შესაძლებელი საუბარი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.