„უკრაინისა და საქართველოს მტკიცე მოკავშირეობა, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობის და არა ომის გზით აღდგენა, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული ვერ იქნება!“

„უკრაინისა და საქართველოს მტკიცე მოკავშირეობა, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობის და არა ომის გზით აღდგენა, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული ვერ იქნება!“

ქართული კლუბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მტკიცე საერთაშორისო პოზიცია და უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა უპირობოა და ვერ იქნება დამოკიდებული ამ ორ ქვეყანაში შექმნილ რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე.

ეს მტკიცე პოზიცია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებითაა განსაზღვრული: საქართველო სამართლებრივი (რასაც ადრე -„სჯულისმიერი“ ერქვა) ქვეყანაა და მისი სახელმწიფოებრიობა იმთავითვე არსებითად გულისხმობს და მოითხოვს ისეთ საერთაშორისო წესრიგს, რაც ერთაშორისი ურთიერთობებისას სამართალსა და სამართლიანობას, უწინარესად კი საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ და უდავო ორ ფუნდამენტურ პრინციპს: სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხელშეუვალობასა და მათი ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას, ასევე, სახელმწიფო სუვერენიტეტის ფარგლებში ერთა თვითგამორკვევას, ემყარება.

ამდენად, აბსოლუტურად ნათელია, რომ ვერც ერთი სამართლებრივი სახელმწიფო და ვერც საქართველო, ამ ეგზისტენციური ინტერესებიდან გამომდინარე, ვერასდროს მიიღებს და შეეგუება აგრესული რუსეთის ბარბაროსულ მისწრაფებას, ფერხთ ქვეშ გათელოს ცივილიზებული თანაცხოვრების ეს ფუნდამენტური პრინციპები; სამხედრო ძალადობითა და უარესი, ომის ვანდალური დანაშაულებით მსოფლიოს თავს მოახვიოს თავისი ბოროტი ნება და საერთაშორისო წესრიგი არა სამართლის და სამართლიანობის ძალაზე, არამედ „ძალის სამართალზე“ დაყრდნობით შეცვალოს.

 სწორედ ამიტომ, სამართლის უზენაესობიდან, სამართლიანობიდან, „სჯუილისმიერობიდან“ და არა რაიმე შიდა ან თუნდაც საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამ ომში საქართველო ცალსახად უკრაინის მხარეს ურყევად დგას და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ამ სამამულო ომში, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, მაქსიმალურად იყენებს და ვიმედოვნობთ, რომ კვლავაც გამოიყენებს. ეს პოზიცია მკაფიოა, ყველა საერთაშორისო დონეზე, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთგზის არის ნათლად გამოხატული, საერთშორისო ინსტიტუტებში თანამონაწილეობით თუ დიპლომატიური ძალისხმევისას, აშკარად და ერთმნიშვნელოვნად, რაიმე კითხვის ნიშნის გარეშე დადასტურებული.

ამასთან, ასევე ნათელია, რომ უკრაინის მიმართ მტკიცე სოლიდარობა საქართველოს არ ავალდებულებს გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რითაც თავს დაიზიანებს. ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა უაღესად საშიში და პროვოკაციული იდეაა, როგორც საქართველოს, ასევე თავად უკრაინისათვისაც. აქაც სამართლისა და სამართლიანობის მკაფიო პრინციპებიდან უნდა ამოვიდეთ: ამ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ - თავდაცვითი ომი. ამას ნათლად და ერთმნიშვნელოვნად ადგენს როგორც საერთაშორისო სამართალი, ასევე - საქართველოს კონსტიტუციაც. ამ პრინციპიდან გადახვევა სამართლის, სამართლიანობის ღალატი იქნება და ავტომატურად - უკრაინის, რომელიც სამართლიან ომში სწორედაც თავს იცავს, ღალატიც.

მოველით და გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს პოზიცია ურყევია და მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა არის თუ იქნება უკრაინასა თუ საქართველოში, გადასინჯვასა და ცვლილებას არ ექვემდებარება.

მიუხედავად ამ სიცხადისა: უკრაინის ოფიციალური პირები (ზელენსკი, არახამია, კულება, პოდოლიაკი, არისტოვიჩი) და სამხედრო ექსპერტები (ჟდანოვი, ციმბალიუკი), აგრეთვე ყოფილი ხელმძღვანელები (იაცენიუკი, პოროშენკო), მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააყვედრონ უმოქმედობა. ისინი პირდაპირ თუ გადაკვრით ითხოვენ, რომ საქართველომ გამოიყენოს მომენტი და დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო გზით ბრძოლა, რაც ფაქტობრივად, ახალი ფრონტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მკვეთრად არ უპასუხოს ამ საყვედურებს, თავი შეიკავოს და პრინციპულად არ ებმება არაფრისმომტან კამათში. სამართლისა და სამართლიანობის ჩარჩოებით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს უკრაინას ისე, რომ დარტყმის ქვეშ არ დააყენოს არც საკუთარი უსაფრთხოება და არც სამართლის, ე.ი. სჯულის მიმართ ერთგულება, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი იდენტობისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობისაა, იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა.

ამასთან, ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია ისეთი პასუხი გასცეს მათ, ვინც საქრთველოს ომში ჩათრევას ცრუ ბრალდებებით ცდილობს, რომ მსგავსი საყვედურები დაკარგავენ ყოველგვარ მნიშვნელობას.

კერძოდ:

საქართველო არ აპირებს განდგომილი და ოკუპირებული ტერიტორიების ომით დაბრუნებას, იგი მას მშვიდობიანად, მოლაპარაკებებით, ურთიერთინტერესების გათვალისწინებით მოაგვარებს. საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია, რომ დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ყოველგვარი ნიადაგი გამოაცალოს სეპარატიზმს, რაც ერთიან საქართველოში აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მშვიდობიანი ინტეგრაციის გარეშე სრულად წარმოუდგენელია. საქართველოს ეს პოზიცია არაერთგზის არის გაცხადებული, თუმცა ამ კრიზისულ ვითარებაში, როცა საერთაშორისო კონიუნქტურის გამო ქვეყანას ხელს უბიძგებენ დაარღვიოს ომით დაკარგულის მშვიდობით აღდგენის ეს პოლიტიკა, როგორც ჩანს - უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა იქნას, ხაზგასმით, კვლავაც გამეორებული.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელვანესია, რომ მას აქვს მდიდარი ტრადიცია ტერიტორიულ პრობლემათა მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით მოგვარებისა. ხაზგასასმელია: ქართულ სახელმწიფოთა მძლავრი გაერთიანება, რომელსაც სახელად აფხაზთა და ქართველთა და კახთა სამეფო ანუ საქართველო ეწოდა, კონსენსუსით შეიქმნა. არა, ფეოდალურ შიდა ომებს რა გამოლევდა, ან მაშინ, ან მოგვიანებით (პოლიტიკური შიდაომები დღემდე გრძელდება), მაგრამ ტაო-კლარჯეთის, ქართლის, აფხაზეთის და კახეთის გაერთიანება 1000 წლისთვის სწორედაც კონსენსუსით მოხდა დავით III-ის, ბაგრატ III-ის და, განსაკუთრებით, იოანე მარუშისძის მეოხებით! ერთადერთი თბილისი იყო ეულად დარჩენილი და ისიც მოგვიანებით დავით აღმაშენებელმა შემოიერთა. ასე რომ, შეგვიძლია პირნათლად განვაცხადოთ, რომ ერთიანი და მძლავრი საქართველო კონსენსუსით შეიქმნა და ეს ისტორიული ტრადიცია გვავალდებულებს, დღესაც კონსენსუსითვე აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა!

ასეთ განცხადებას არა მხოლოდ შორეულ ისტორიულ ტრადიციაში აქვს ფესვი გადგმული, არამედ ახალ დროებაშიც, როცა საქართველომ სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, მოეძევება პრეცედენტი. საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში უდიდესი მნიშვლეობა აქვს, რომ 1991 წლის ზაფხულში შედგა ქართულ-აფხაზური საარჩევნო შეთანხმება, რომელიც სწორედაც კონსენსუსით იქნა მიღწეული. მხარეებმა, ქართულმა (გამსახურდია-ასათიანი-მარღანია) და აფხაზურმა (არძინბა - ოზგანი - ბაღაპში), მიაღწიეს ისეთი შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზეთის ორი მკვიდრი ერის, აფხაზებისა და ქართველების, ძირეულ ინტერესებს. სამწუხაროდ, 1991-92 წლების მიჯნაზე განხორციელებულმა გადატრიალებამ დაასამარა კონსენსუზზე დამყარებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობანი (მას „აპარტეიდიც“ კი უწოდეს) და, მას შემდეგ, ჩვენს ურთიერთობაში დღემდე უნდობლობა და დაძაბულობა სუფევს.

ვიმედოვნებთ და მოველით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ახსოვს და კარგად იცის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ის ეტაპი, რომელიც მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებს ეხებოდა და, თუ უკრაინელთა საყვედურების საპასუხოდ ჩვენი ხელისუფლება უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადებს, რომ იგი მშვიდობიანად, კონსენსუსის მიღწევის და არა ძალმომრეობის გზით აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს იქნებოდა ადეკვატური პასუხი მათთვის და იმავდროულად მკაფიო სიგნალი აფხაზთათვის და ცხინვალის რეგიონისათვის.

ქართული კლუბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას წარსულშიც, აწმყოსა თუ მომავალშიც სამართალი და სამართლიანობა (რასაც სჯული ერქვა) ავალდებულებს და ამიტომაც: როგორც რუსეთ -უკრაინის ომში საქართველოს სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია, ასევე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, ქართულ-აფხაზური კონსენსუსის მიღწევის გზით აღდგენა გადასინჯვას არ ექვემდებარება და ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყოს დამოკიდებული!

dimpi ეხლაა საინტერესო შეხვედრა კრემლში პუტინის და გუტერეშის..
პუტინმა ისე დასვა უკრაინის საკითხი გაეროსთან რაც(მისი დამტკიცების შემთხვევაში) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანების პრეცენდენტის შექმნას biggrin.gif

ბმული
2 წლის უკან
dimpi ""მკაფიო პოზიცია" ამ შემთხვევაში იქნება პუტინის გაეროსადმი შეთავაზებული პროექტის მხარ დაჭერა
2 წლის უკან
dimpi რა თქმა უნდა თუ დაინტერესებული ხართ ტერიტორიული მთლიანობით და არ მიგაჩნიათ აფხაზეთ-ცხინვალი ქვა და ღორღი
2 წლის უკან
ლევკოთეა ვფიქრობ, აფხაზებს რომ არ გამოეცადათ რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ცხოვრების ბოლო 30 წლის ,,ხიბლი", დარჩებოდნენ ისევ ქვეგამხედვარე და არაეთხელ შეიქმნებოდა დაძაბული სიტუაცია დანარჩენ საქართველოსთან მიმართებით. ის კანონპროექტიც (თუ კანონი) კარგად მახსოვს, ეთნიკური ნიშნით რომ ითხოვდნენ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას.
2 წლის უკან