პუტინს ორი არჩევანი აქვს - ან 9 მაისი უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღედ გამოაცხადოს, ან გააჭიანუროს ეს ომი და ამით დაქანცოს უკრაინაც და მთელი მსოფლიოც.
ამ მეორე ვერსიას უფრო მეტი ექსპერტი იზიარებს. მათი აზრით, გაჭიანურების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომი დაახლოებით დაემსგავსება ისრაელ-პალესტინის და პაკისტან-ინდოეთის გადაუჭრელ კონფლიქტს და უკრაინის მიმართ სოლიდარობაც მთელ მსოფლიოში განელდება.
განსხვავებულად ფიქრობს უკრაინაში სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. რუსეთის მსგავსად, ისიც ომის გაჭიანურებაში ამერიკას ადანაშაულებს. დავით საყვარელიძის თქმით, შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში, მით უფრო მეტად აწყობს შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთი დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან. დავით საყვარელიძეს მეორე ახსნაც აქვს, თუ რატომ აწყობს ამერიკას ომის გაჭიანურება, რადგან შეერთებული შტატები არ ზარალდება ამ ომით, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, პირიქით, გაზის მიწოდება სულ უფრო მეტად იზრდება შტატებიდან ევროპაში. ამიტომ ამერიკა იმ მოცულობის იარაღს აწვეთებს უკრაინას, რომელიც რუსეთს დროებით შეაკავებს, რომ უკრაინა არ გადავიდეს მასიურ შეტევაზე რუსეთის წინააღმდეგ.
„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი დავით საყვარელიძის ამ დასკვნას რუსულ პროვოკაციულ პროპაგანდად მიიჩნევს და არ იზიარებს, რომ ამ ომს თურმე აწარმოებს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ, რომ თურმე დასავლეთი დაინტერესებული არაა კონფლიქტის დროულად დასრულებაში, ადამიანური მსხვერპლის შემცირებაში. ანუ რაც არის დასავლური სამყაროს ღირებულებები, თურმე ამერიკას ეს ღირებულებები არ აქვს უკრაინასთან მიმართებით. ვახტანგ მეგრელიშვილი ასკვნის, რომ დავით საყვარელიძის ასეთი მოსაზრებები ფაშისტურია.
დავით საყვარელიძის მსგავსად ფიქრობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც. ის მიიჩნევს, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომელთაც უკრაინის ომის გაგრძელება სურთ, ვინაიდან ისინი ომის გაგრძელებაში რუსეთის დასუსტების საშუალებას ხედავენ.
ვის აწყობს გაჭიანურებული ომი უკრაინაში?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედარება პაკისტან-ინდოეთის გადაუჭრელ კონფლიქტთან რელევანტური არ არის. პაკისტან-ინდოეთთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, რადგან რასაც დასავლეთი დღეს აჩქარებული ტემპით აკეთებს, ამას აკეთებდა ნელი ტემპით 1948 წლიდან 87 წლამდე. დასავლეთის ქმედება ტალღისებური იყო, როდესაც რუსეთი უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში ძალას იყენებდა, როდესაც პრობლემა გახდა პოლონეთის გახლეჩვა.
„ეს პროცესი დასავლეთს ერთხელ უკვე გავლილი აქვს, ოღონდ მაშინ ნელი მოძრაობები მიმდინარეობდა. კარიბის ზღვის კრიზისი გაიხსენეთ, მაშინაც მსოფლიო ატომური დაპირისპირების წინაშე იდგა. ეს დასავლეთისთვის ახალი არ არის, ოღონდ დღეს ეს პროცესი ძალიან ჩქარა, დასავლეთისთვის უჩვეულო სისწრაფით წარიმართა. დღეს გაყოფილია შავი და თეთრი და გვინდა თუ არა, არჩევანის გაკეთება მაინც მოგვიწევს, ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან ანტირუსული კოალიცია იკვრება და უნდა გადავწყვიტოთ, ვართ თუ არა ამ კოალიციის წევრი. ამიტომ სხვაგვარად ვუყურებ ამ პროცესს, აქ მთავარია არა ის, პუტინი მოუგებს თუ არა უკრაინას, არამედ უკრაინის დახმარება გაგრძელდება და გაიზრდება. თუ დათქმულ 9 მაისს გადალახავს უკრაინა ამ კრიზისს, კიევი არ დაეცემა და რუსები კიევში არ შევლენ, უკრაინა მიიღებს ნატოს უახლეს შეიარაღებას, წნეხი რუსეთზე გაძლიერდება“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანვე განმარტა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება ძალიან ეჩქარება დასავლეთსაც, რადგან კოლოსალურ ზარალს ნახულობს თავისთავად დასავლეთი. ამიტომ გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, ვინც იძახის, უფრო მეტად რატომ არ ეხმარება დასავლეთი უკრაინას?! თურმე აუცილებლად მაინცდამაინც ცოცხალი ძალით უნდა ჩაერთოს დასავლეთი.
ვახტანგ ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ესეც მოხდეს და ცოცხალი ძალითაც ჩაერთოს დასავლეთი ამ ომში, მაგრამ დრო სჭირდება ყველაფერს. ერთ თვეში ამხელა მასშტაბის სანქციები დასავლეთს არასდროს განუხორციელებია. ასე რომ, ეს გაგრძელდება და, თუ მოქანცვაზეა საუბარი, ლაპარაკია რუსეთის მოქანცვაზე, რომელიც ნელ-ნელა იზოლაციაში აღმოჩნდება. პოლიტოლოგის თქმით, დღეს რუსეთის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუნთქავს, მაგრამ ძალიან მალე დეფოლტი ემუქრება. ხვალ-ზეგ ეს მის ეკონომიკას იმდენად დაეტყობა, რომ რიგითი რუსი იგრძნობს ამას თავის თავზე, თავი რომ დავანებოთ რუსეთის ელიტას. გასაგებია, მოსკოვის ელიტა სხვა არის და ციმბირის რომელიმე ქალაქის ელიტა სხვა არის, მაგრამ, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, რევოლუციები დედაქალაქებში ხდება და არა პერიფერიებში. პერიფერიებში ხდება აჯანყებები. ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არაა, რუსეთის რომელიმე ოლქში რუსეთის მოქალაქე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ელიტა მოსკოვსა და პეტერბურგში.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ ომის გაჭიანურებას მხოლოდ რუსეთი ცდილობს. უბრალოდ, რუსეთი ცდილობს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ამ ომში, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, არესტოვიჩი კი, პრაქტიკულად, ამბობს, ჩვენი მიზანია რუსეთის განადგურება და ამისთვის 2035 წლამდე მზად ვართ ვიომოთო.
„ასეთი განცხადებები კეთდება იმის მიუხედავად, რომ ამ ომმა შეიძლება მთელი უკრაინა შეიწიროს. ამდენად, ომის გახანგრძლივების მისწრაფება ორმხრივია. რუსეთი ცდილობს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს, უკრაინა კი არ ეძებს ამ ომიდან გამოსავალს. უკრაინა ითხოვს მეტ იარაღს, მეტ წინააღმდეგობას, საბოლოო ჯამში, ჩიხური მდგომარეობა იქმნება, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასეთი ფილმია „ზეციური სამეფო“, სადაც იერუსალიმის დაცვაზეა საუბარი. იქ ნათქვამია, რომ იერუსალიმის დაცვა იერუსალიმის იდეის დაცვა კი არ არის, არამედ სწორედ იმ ხალხის დაცვაა, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და დასძენს, რომ გმირობა და სიქველე ის არის, უკრაინელი ხალხის დაცვას როგორ შეძლებ, მათთვის თავს გაწირავ თუ არა და მზად ხარ თუ არა ყველაფრისთვის, მათ შორის, კომპრომისისთვისაც, ოღონდ ხალხი გადარჩეს.
დავით ზარდიაშვილის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უკრაინელი ხალხის გადარჩენა უნდა იყოს, რათა ამ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდნენ. ეს ომი დამღუპველი და დამანგრეველია რუსეთისთვისაც, მაგრამ უფრო მეტად კატასტროფულია უკრაინისთვის.