შესაძლოა თუ არა ომის ახალი ფრონტის ხაზი უკრაინის შემდეგ მოლდოვაშიც გაიხსნას? ვის აძლევს ხელს უკრაინის მეზობლად მყოფი დე-ფაქტო დნესტრისპირეთში პროვოკაციების მოწყობა? ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ მოლდოვის შემდეგ ფრონტის ხაზი საქართველოშიც გადმოვიდეს? რატომ საუბრობს მუდმივად უკრაინის მაღალჩინოსნების ნაწილი ამ ფორნტის აუცილებლობაზე, რომლის მეშვეობითაც მათი აზრით, რუსეთის დასუსტებაა შესაძლებელი, ან რამდენად შესწევს ახლა პუტინს იმის ძალა, რომ თუნდაც ნაკლებთავდაცვისუნარიან ქვეყნებთან ახალი ომი წამოიწყოს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პუტინს ახლა ახალი ფრონტის ხაზების გახსნა არსად არ უნდა აწყობდეს, რადგან მისი სამხედრო პოტენციალი უკვე ორთვიანი ომის ფონზე საკმაოდ სავალალოდ გამოიყურება. მათ უკრაინასთან პროგრამა მინიმუმსაც კი ვერ მიაღწიეს და ხელში რეალურად არაფერი უჭირავთ. საქართველო მით უმეტეს, რუსეთისთვის რიგი გარემოებების გამო, მოლდოვაზე რთული ფრონტის ხაზი იქნება. ამიტომ საუბარი რუსეთის მხრიდან ახალი ფრონტის გახსნაზე ლოგიკას მოკლებულია. თუმცა პუტინის თავში რა როგორ გადაწყდება, პროგნოზის გაკეთება რთულია.
არაღიარებულ დნესტრისპირეთში კი ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. საუბარია 8000-მდე სამხედრო მოსამსახურეზე, რომელთაგან 3000 რუსეთის არმიას წარმოადგენს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უკრაინის შემდეგ, არასასურველ სტუმარს უკვე მოლდოვაც უნდა ელოდოს.
საქმე დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდება. არაღიარებული რესპუბლიკის ძალოვანი უწყების ცნობით, 25 აპრილს ტირასპოლში ამ დრომდე უცნობი ჯგუფი ე.წ. კგბ-ს შენობას ყუმბართმტყორცნით დაესხა თავს. კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა სოფელ მაიაკში. აქ ორი რადიოგადამცემი ანძა გაანადგურეს.
აფეთქებების გამო პანიკაში მყოფი ადამიანები არაღიარებული რესპუბლიკიდან მოლდოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარბიან. აქ ამბობენ, რომ რუსეთი მოსახლეობის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს, რის გამოც მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციები.
მოლდოვის პრეზიდენტმა მომხდარის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მაია სანდუ ეჭვობს, რომ ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი ვითარების დასაძაბად ხელოვნური მიზეზის შექმნა და დესტაბილიზაციის გამოწვევაა.
სიტუაციას სწავლობს ვაშინგტონი. თავდაცვის მდივანი წინასწარი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა ლოიდ ოსტინის განცხადებაში გარკვეული მღელვარება მომხდარის გამო მაინც იკითხება.
ვიდრე შტატებში სიტუაციას სწავლობენ, უკრაინაში პირდაპირ საფრთხეზე ლაპარაკობენ. დაზვერვის ცნობით, დნესტრისპირეთზე სარაკეტო იერიში იგეგმება, რომელსაც ოფიციალურ კიევს დააბრალებენ. მიზეზი კი ის არის, რომ დნესტრისპირეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ოდესის ოლქი, რომლის დაკავებას და რეგიონში გავლენის ზრდას ცდილობს საოკუპაციო ძალა.
მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ დნესტრისპირეთში დამოუკიდებლობა 90-იან წლებში გამოაცხადეს. კონფლიქტის გაღრმავებას მოსკოვმა შეუწყო ხელი, რომ სხვა რეგიონების მსგავსად, კიშინიოვზეც ზეწოლის ბერკეტი მოეპოვებინა. ამას დაპირისპირება და შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, დნესტრისპირეთში დაწყებული აფეთქებით რუსეთის ფრონტის ხაზის გადატანას მოლდოვის ტერიტორიაზე ცდილობდეს. ამის მიზეზი კი ოდესის ხელში ჩაგდება შეიძლება იყოს. რუსებს ქალაქის სხვაგვარად აღება გაუჭირდებათ. პუტინის მიზანი ლუგანსკის და დონეცკის ოლქების გათავისუფლებაა, ოდესის გარეში კი ეს არ გამოვა. ამიტომაც ოდესაზე დარტყმისთვის რუსებს შესაძლოა მოლდოვური სცენარიც სჭირდებოდეთ.
„ახლა უკრაინაში ომის რა სცენარიც ვითარდება, არ მგონია პუტინს ახალი ფრონტის გახსნისთვის ცხელოდეს. არათუ მოლდოვაში, არამედ სამხედრო მოქმედების რესურსი ოდესის ასაღებადაც კი აღარ აქვს. ამიტომ ოდესის საჰაერო გზით დაბომბვას ახორციელებს, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრიოს. თუმცა ამ დაბომბვას სახმელეთო ჯარის შესვლა თუ არ მოჰყვა, მაინც აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მაინც მგონია, რომ ამაზე წასვლა ძალიან დიდი აბსურდია. თუმცა ფაქტია, რომ ეს რუსების გაკეთებულია და არა მოლდოველების. ისინი ომში ჩათრევაზე ძალიან ფრთხილობენ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვის სამხედრო პოტენციალი ძალიან სუსტია და ის საქართველოზე უარეს დღეშია. სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა სახმელეთო ბრძოლებში საქართველოს უფრო შეუძლია, ვიდრე მათ. ამიტომ შესაძლოა, რუსებს კიდეც გაუადვილდეთ, თუკი ამას გადაწყვეტენ. არაა გამორიცხული რუსეთმა უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე, სუსტითავდაცვისუნარიანი მოლდოვის დაკავება გადაწყვიტოს. მაშინ ეს უკვე უკრაინაში ოპერაციაზე უარის თქმას ნიშნავს. მიუხედავად მოლდოვის სუსტი ჯარის, რუსებს თავისი მინიმალური რეზერვიდან ჯარების გადასროლა მოუწევს. მერე ამ დაკავებულ ტერიტორიას ხომ გაკონტროლება უნდა და არ გამოვრიცხავ პუტინის თავში ეს აზრი იბადებოდეს“, - ამბობს ბენდიანიშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება საქართველოს და იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მოლდოვასთან ერთად დაგვემუქროს, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ რუსეთს ახლა საქართველო, როგორც ახალი თავისტკივილი არ უნდა აწყობდეს. მით უმეტეს უკრაინიდან ჯარების ისევ საქართველოში გადმოსროლა ძალიან რთული იქნება და პრობლემას პრობლემები დაემატება. ამიტომ კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პუტინისთვის საქართველო პრიორიტეტი არ არის. თუმცა მის თავში რა და როგორ მოიხარშება არავინ ბოლომდე არ იცის.
„საქართველო რუსეთისთვის საკმაოდ რთული ფრონტია. გეოგრაფიულად უკრაინის ფრონტიდან საქართველო შორია. რეალურად, ახლა ჩვენ რომ სამზადისი გვქონდეს, საქართველოს ძალებს, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლია იმ ნარჩენების გამკლავება, რომელიც ახლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან. რუსეთს საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილის გამოგზავნა შეუძლია, რათა უკრაინის ფრონტი არ ჩამოიშალოს.
თუმცა ჩვენ ქვეყანას უკვე გაცხადებული აქვს, რომ ომით ამ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს და ეს ხელმეორედ აღარ გვსურს. პუტინს ახლა ისე უჭირს, საქართველოს ავიაციით თუ დაბომბავს, სხვაგვარად მას ფიზიკური რესურსი აღარ აქვს. ამიტომ მგონია, რომ საქართველოსთან ცალკე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. არესტოვიჩი რომ ამბობს, ქართველებს ახლა თავისუფლად შეუძლიათ ამ ტერიტორიების დაბრუნებაო, ეს რამდენად რეალურია, რთული სათქმელია, მაგრამ იდეაში მოლდოვაზე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ჯარი ნამდვილად გვყავს“, - ამბობს ბენდიანიშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილ 35 მილიონს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვას უნდა მოხმარდეს, კონფლიქტოლოგს მიაჩნია, რომ ეს სიმბოლური დახმარებაა, რომლითაც ამერიკა მიგვანიშნებს, რომ უკრაინასთან დაკვშირებით ბევრს არ ვაკეთებთ და ამასთანავე ჩვენზე ხელის ჩაქნევაც ბოლომდე არ უნდათ.
სამხედრო ანალიტიოსი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ ახლა იმდენად რთული სიტუაციაა, რეალურად ვერ გაიგებს ადამიანი ვისი ინტერესები სად იკვეთება. მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთში შევლა უკრაინასაც აწყობს და მათ ამის შესახებ მზადყოფნაც კი გამოთქვეს. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ უკრაინა პრევენციაზე მუშაობდეს და რუსეთს ასწრებდეს.
„ოდესის მიმრთულებით რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან რეალური საფრთხე მოდის და დამოკლეს მახვილივით არის. პუტინს ომის მეორე ფაზის სამხედრო მიზნები უკვე მკვეთრად აქვს გაცხადებული. მისი მთავარი მიზანი ოდესის და ნიკოლაევის დაკავებაა. ეს რუსებმა უკვე დაანონსეს. ამიტომ გამორიცხული არაა, პირიქით, დასწრებაზე უკრაინა მუშაობდეს. ფრონტის ხაზის გახსნა თუნდაც მოლდოვაში ან საქართველოში ახლა რუსეთს რაში უნდა აწყობდეს ვერ ვხვდები. ნუ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა, მაგრამ როგორც ვნახეთ, პუტინი ბოლო დროს ლოგიკას დიდად არ წყალობს, თუმცა თავში როდის რა მოუვა, კაცმა არ იცის“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოს არ უნდა ჰქონდე იმის ილუზია, რომ თუკი სოხუმში ან ცხინვალში შევალთ, პუტინს არა აქვს იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიოს. ჩვენი პოტენციალი უკრაინულს ნამდვილად ჩამოუვარდება. უკრაინას სამჯერ მეტი სამხედრო ჰყავს და ახლა ისეთი შეიარაღება აქვს, მგონი რუსეთის შემდეგ რეგიონში ერთ-ერთი სერიოზულია, მაგრამ რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მათაც კი უჭირთ, ბირთვულ შეიარაღებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
„მოლდოვა, კი ბატონო, ჩვენზე გაცილებით სუსტია და ფაქტობრივად, ჯარი არ ჰყავს. რუმინეთის იმედზე ყოფნა, ცოტა ფანტაზიაა, რადგან შესაძლოა, რუსეთის გამო დახმარებაზე თავი შეიკავოს. მეორეც, მოლდოვამ დნესტრისპირეთთან ურთიერთობა ძალიან კარგად ააწყო. იქ გადაადგილება და კომუნიკაცია ძალიან თავისუფალია. ჩვენ ასე აფხაზებთან და ოსებთან 2005 წლამდე ვიყავით. მერე კი სიტუაცია ძალიან დაგვეძაბა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავად მოლდოვას რეალურად სიტუაცია დალაგებული აქვს და მისი არევა არაფერშიც არ სჭირდება.
რაც შეეხება არესტოვიჩის განცახდებას საქართველოსთან დაკავშირებით, ერთი იმაში დავეთანხმები, რომ მართლაც, სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ახლა თბილისი ხარკოვივით და ოდესასავით მუდმივი დაბომბვის ქვეშ იქნებოდა. თუმცა იმაზე საუბარი, რომ რუსეთს ძალა არ შესწევს წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ილუზიაა. 58-ე ბატალიონის ნაწილები არსად არ წასულან. თან, მით უმეტეს აქვე მეზობლად სომხების და რუსების კოალიციური ჯარია. მარტო მათ შეუძლიათ ჩვენს თავდაცვის ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ამას პლუს ავიაცია, რომლის გამოყენებაც და ჩვენი ქალაქების დანგრევა პუტინს ძალიან მარტივად შეუძლია“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.