პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გაიხსნება ქართულ-მოლდოვური ფრონტი, რუსეთის მოუწევს საჯარისო ფორმირებების გაშვება ამ რეგიონებში, თუმცა ქართული და მოლდოვური ფრონტი დიდი პრობლემა არ არის რუსეთისთვის, რომელსაც საჯარისო ფორმირებები ბაზის სახით ჰყავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ძალიან მცირე საომარი მანევრის დონეზე შეუძლია ერთ საათში გადაკეტოს საქართველო.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში, სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და, ალბათ, რთულია არ დაეთანხმო, ვინაიდან ის რიტორიკა, რომელიც გვესმის უკრაინიდან, ამყარებს ვერსიას, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მოტივი იყო დესტაბილიზაცია და უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტის ხაზის გახსნა საქართველოში?
რამაზ საყვარელიძე: არ მიკვირს ასეთი ვერსია რომ გაჩნდა. რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? - როცა ეს კითხვა ტრიალებდა, მაშინ მქონდა ვერსია, რომ რაღაცა ხდება უკრაინაში და ამიტომ ჩამოვიდა. ანუ, უკრაინიდანაც გამოიპარა და შემოიპარა საქართველოში. იყო მაშინ ვერსიები, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით შემოვიდა, მაგრამ ეს რომ ნდომოდა, უკრაინიდან ჩუმად გამოსვლა რაში სჭირდებოდა?
სიმართლე გითხრათ, უკრაინიდან გამოპარვა არც იმ შემთხვევაში არის ლოგიკურად გასაგები, თუ ვიგულისხმებთ, რომ უკრაინაში ომი მწიფდებოდა და ამიტომ გამოიპარა. სააკაშვილს რომ განეცხადებინა: მივდივარ საქართველოში იმისთვის, რომ ქართველები შემოვუერთო უკრაინის ბრძოლას, სულ ტაშისკვრით გამოისტუმრებდნენ, მაგრამ რატომ გამოიპარა უკრაინიდან არაჟანში ჩამჯდარი, ჩემთვის გაუგებარია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არეტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამბობს, რომ არც მოლდოვის და არც საქართველოს ხელმძღვანელობა მზად არ არიან, ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. გზავნილი, რომ სააკაშვილი ომს დაიწყებდა, რეალურია?
- ძნელი სათქმელია, იმ მომენტში სააკაშვილი რას გადაწყვეტდა, იმის გათვალისწინებით, პოლიტიკაში რომელი ფაქტორი როგორ დალაგდებოდა. ამერიკის და ევროპის მხარდაჭერას რომ ნახავდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა გაჭრილიყო წინა პლანზე და გამოეცხადებინა, რომ საომარ მოქმედებაში უნდა ჩავერთოთო, რაც მას სჩვეოდა. გვახსოვს, რომ საერთაშორისო მისიებში ჯარისკაცების გაშვება სააკაშვილმა დაიწყო და ქართველი სამხედროები ჩართო ევროპის სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ამ ტიპის რისკის გაწევა საკუთარი ჯარისკაცების წინააღმდეგ უცხო არ იყო სააკაშვილისთვის. ასე რომ, შეიძლება აქაც ამ რისკზე ადვილად წასულიყო. მოგეხსენებათ, დღევანდელი ხელისუფლება სწორედ იმიტომ არიდებს თავს საომარ მოქმედებებში ჩართვას, რომ ერთი მხრივ უფრთხილდება ჯარისკაცების გაწირვას, მეორე მხრივ უფრთხილდება მშვიდობიან მოქალაქეებს. ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება რუსეთის აგრესია გაამძაფროს საქართველოს მიმართ და ახალი პრობლემები წარმოშვას ტერიტორიული მთლიანობის გარშემო.
უკრაინის პოლიტიკური მიზანი - მეორე ფრონტის გახსნა, ანუ საქართველომ დაიწყოს საომარი კონფლიქტი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, რა სტრატეგიის ნაწილია?
- რადგან ტერიტორიული პრეტენზიები გაქვს რუსეთთან, ისმის მოწოდება, რომ ახლა რუსეთი სუსტია და გადადით შეტევაზე, რაც დაუშვებელია, თუმცა უკრაინისთვის სასარგებლო ლოგიკაა. თუ გაიხსნება ქართულ-მოლდოვური ფრონტი, რუსეთის მოუწევს საჯარისო ფორმირებების გაშვება ამ რეგიონებში, თუმცა ქართული და მოლდოვური ფრონტი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს რუსეთისთვის, იმიტომ რომ საჯარისო ფორმირებები ბაზის სახით ისედაც აქვს და ძალიან მცირე საომარი მანევრის დონეზე შეუძლია ერთ საათში გადაკეტოს საქართველო. მაგრამ არის კიდევ მეორე მომენტი - იმ სტრატეგიაზე, რაზეც არის აგებული მთელი ეს უკრაინულ-რუსული კონფლიქტი და, რომელშიც ჩართულია ამერიკა და დასავლეთი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებას არ ჩქარობენო და ბევრი რამე ადასტურებს ამას.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩქარობს დასავლეთი და აშშ, რა გათვლა აქვთ?
- არ ჩქარობენ, იმიტომ რომ უნდათ რუსეთს მოუსწროს ეკონომიკურმა სანქციებმა. ჯერჯერობით რუსეთი არის რეზერვების ხარჯზე, რომელიც ივნის-ივლისის თვეში დაილევა და ამის მერე რეალურად ექნება საქმე სანქციების შედეგებთან. სანქციების შედეგები კი ისეთი იქნება, რომ რუსეთი თავის უზარმაზარ ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს რეგიონების დაფინანსებას.
ასევე - იმ რეგიონების დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული აქვს. ჩვენთვის ეს არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მათ დაფინანსებას რომ ვერ შეძლებს, ეს ფაქტია, რადგან უკვე გააფრთხილა, რომ 18%-მდე შეუმცირდებათ დაფინანსება. თუკი დაფინანსება შეუმცირდება ამ რეგიონებს, მერე რეგიონების წინაშე თავად დადგება ობიქტურად საკითხი - სად ურჩევნიათ ყოფნა - იმ რუსეთთან, რომელსაც ფინანსები არ აქვს, თუ სადმე სხვაგან, მაგალითად, თუნდაც - საქართველოში.
საქართველოს თემა ჯერჯერობით აქტუალური არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები უკვე არსებობს...
- საქართველომ ადრე თქვა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ძალისმიერ მეთოდებებზე და ოკუპირებული რეგიონები მშვიდობიანად უნდა შემოვირიგოთ. აი, ამ მშვიდობიანი შემორიგების პირობები იქმნება ნელ-ნელა. ამ დროს უკრაინას სჭირდება, რომ შენ ომით შეხვიდე ამ რეგიონში, რაც საკუთარი განცხადების ღალატი იქნება, გარდა ამისა, წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდები. ანუ, თუ ქართველი იარაღს მოკიდებს ხელს ამ ტერიტორიების აღსადგენად, რამდენიმე ათწლეული ისევ მტრად გადაიკიდებს აფხაზებსა და ოსებს. თუ რამე რწმენა გაუჩნდათ ქართველებთან ერთად თანაცხოვრების, ეს რწმენა ძალიან მალე ანულირდება.
ასე რომ, ამ მხრივ საქართველო გაიმარჯვებს თუ არა, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ადამიანური მთლიანობის და ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა დაიკარგება. ჩვენ დავკარგავთ აფხაზებსა და ოსებს. ეს უფრო დიდი დანაკარგი იქნება, ვიდრე ტერიტორიული დანაკარგი. ასე რომ, ჩვენთვის ამ მოწოდების აყოლა, რომ ახლა სუსტია რუსეთი და იარაღით დავიბრუნოთ ტერიტორიები, ბევრი თვალსაზრისით მიუღებელია.
თქვენ ფეისბუქზე გამოაქვეყნეთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამავე დროს უპრეცედენტო მოვლენა. იმდენად საინტერესოა, რომ ღირს გადარევად ეს ისტორია. რამდენი წელი, რამდენი უბედურების გადახარშვა და გულში ჩაკვლა დასჭირდა იმას, რომ ასეთი ადამიანური ყლორტები გამოჩენილყო? თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამას აკეთებს ადამიანი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა ომში და მეორე მხარეს არის აფხაზი.
ეს არის ქართულ-აფახაზური ურთიერთობის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენთვის ეს ისტორია უნდა გახდეს გზამკვლევი. შეიძლება ისეთი დრო დადგეს, რომ ასეთმა პროცესებმა პოლიტიკოსებზეც მოახდინოს გავლენა. რატომ უნდა გადავუხვიოთ მოვლენებს წინ და რატომ უნდა დავუშვათ ხელმეორედ 90-ინების შეცდომა, მაშინ ჩვენ ადამიანურ ურთიერთობებს არ გავუფრთხილდით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ჩვენ რომ მაშინ ადამიანობა გაგვხსენებოდა და არ გვეძახა „აფსუებო დაბრუნდით“, „ოსებო თქვენ ჩრდილოეთ ოსეთი გაქვთ და იქ წადით“, ძალიან ბევრი რამ შეიძლება სხვანაირად დალაგებულიყო. ახლა ამის განმეორებას გვთავაზობს უკრაინული სცენარი. აუცილებელია ფრთხილი პოლიტიკა ვაწარმოოთ კონფლიქტების მიმართულებით, რადგან კონფლიქტების გადაჭრის საუკეთესო გზა არის მშვიდობა და მშვიდობიანი პოლიტიკა. მშვიდობიანი პოლიტიკით რომ გადავჭრათ, დასავლეთიც მხარს დაგვიჭერს და რაც მთავარია, ამ რეგიონების მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება.
"საქართველომ ადრე თქვა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ძალისმიერ მეთოდებებზე და ოკუპირებული რეგიონები მშვიდობიანად უნდა შემოვირიგოთ." საქართველო თანაუგრძნობს მეგობარ ერებს, მაგრამ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ზეწოლით, საკუთარ ტერიტორიაზე ომს არ გააჩაღებს.