ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, მარტით თარიღდება, ხოლო რუსი ბიზნესმენისთვის სანქციები აპრილის დასაწყისში დაწესდა.
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უკრაინიდან დავით არახამიამ განცხადება გაავრცელა და დასავლეთს მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.
„უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. საქართველოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა ჩვენი მხარდაჭერის ვიდეო მიმართვა 24 თებერვლამდეც კი ჩაწერეს, მაშინ, როცა ბევრი ქართველი უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ისინი უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით. მიზეზი კი მარტივია - ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ათწლეულების განმავლობაში განხეთქილება ჩააგდონ. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს - არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან“, - განაცხადა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში დიპფეიკის გაკეთება და მით უმეტეს დამონტაჟება ძნელი არ არის. აბაშიძის განცხადებით, აუდიოჩანაწერის გავრცელებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ურევია.
„მართალია, რუსმა ბიზნესმენმა აღნიშნული ჩანაწერი ნაწილობრივ აღიარა, მაგრამ ეს ჩანაწერი 18 თებერვლს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე შედგა. თუ ჩანაწერის ავთენტიკურობას მივყვებით, მაშინ ევტუშენკოვზე ჯერ სანქციები დაწესებული არ იყო. მასზე დასავლეთმა სანქციები აპრილის შუა რიცხვებში გამოაცხადა. რაც შეეხება, დიპფეიკების გაკეთებას, ამაში „ნაციონალური მოძრაობაა“ გაწაფული. ამასთანავე ჩნდება კითხვა - ვინ გააკეთა სატელეფონო საუბრის მოსმენა?! რომელმა ქვეყანამ?!-უკრაინისა თუ რუსეთის სპეცსამსახურებმა?!“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა თავისივე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს აუდიოჩანაწერი რუსმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს. ამას კი ხსნის იმით, რომ რუს ოლიგარქს, ევტუშენკოვს კრემლთან დიდი ხანია პრობლემები აქვს. ასეთი ჩანაწერებით კი რუსეთს სამეზობლოში წყლის არევა სურს და უკრაინას იყენებს.
„მოსმენებთან დაკავშირებით მაღალი ტექნოლოგები დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს აქვთ, მათ შორის რუსეთსაც. ამას დასავლური ქვეყნები რომ არ გააკეთებდნენ, ბუნებრივია. აქ საეჭვოა კიდევ ერთი რამ - ეს აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა თუ არა, მყისიერად ხდება არახამიას კომენტარი. მისი ყველა განცხადება უნისონში „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციულ გზავნილებს იმეორებს. აქ უკვე ეჭვებიც აღარ არის, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსზე ზის.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ევტუშენკოვს დიდი ხანია კრემლთან პრობლემები აქვს. საქართველოსა და უკრაინას შორის რუსეთს წყლის ამღვრევა რომ სურს, სწორედ აუდიოჩანაწერი ადასტურებს. ეს არის მისი მზაკვრული გეგმების ერთ-ერთი ნაწილი. რუსეთს სურს სამეზობლოში მუდმივად ქიშპობა და დესტრუქცია იყოს, თავად მოძლიერდეს. როდესაც ყალბ ამბებზეა საუბარი, უნდა გავიხსენოთ ნოდარ მელაძის განცხადებაც, რომ აუდიოჩანაწერებზე ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. რა გამოდის, სააკაშვილის ტელერუპორები მიერთებულები არიან რუსსპეცსამსახურებზე?“, - განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში ჩუმად გაპარვის დროს დაიგეგმა. „გამორიცხული არ არის, რომ მზაკვრული გეგმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში ჩასვლისას და იქ კოლეგებთან შეხვედრისას დაგეგმა. ცნობილი ფაქტია, რომ ნაცკლასტერის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების გარკვეულ ნაწილს ინგლისურად წერდა, თუ რა უნდა დაეწერათ ივანიშვილზე და საქართველოზე, რათა სანქციები დაეწესებინათ. ეს არ არის ახალი მოვლენა, ეს მათი ჩვეული სტილია. „ნაციონალების“ გზავნილებს ახლა უკრაინელი ცალკეული პოლიტიკოსები იმეორებენ“, - განუცხადა for.ge-ს გია აბაშიძემ.
დავით არახამიას მხრიდან აუდიოჩანაწერზე გაკეთებული განცხადება არ გაჰკვირვებია ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს. ის იხსენებს წარმოშობით ქართველი პოლიტიკოსის წლების წინ გაკეთებულ განცხადებას ივანიშვილთან მიმართებაში. ქართველიშვილის თქმით, არახამია დასავლეთს სამი წლის წინაც სთხოვდა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას.
„არახამია სამი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილებზე, რომლებიც იმ დროს საფრანგეთში ცხოვრობდნენ, დასავლეთს მოუწოდებდა ეფიქრა სანქციების შემოღებაზე. ახლა, ჩემთვის მისი განცხადებები იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც მისი მოწოდების ადრესატის ქმედება. დაველოდოთ, არახამიას მოწოდებიდან დასავლეთი რა დასკვნას გამოიტანს და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში რას განახორციელებს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, არახამია არაფერს წარმოადგენდა და დღეს ოფიციალურად ის ხელმძღვანელობს უკრაინის დელეგაციას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წარმოიდგინეთ, მისი თვითშეფასების დონე რა თამასამდე აიწია, მით უმეტეს მისი პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიოს თვალში აღიარებული გმირია, რომელიც ერთი-ერთზე ძლიერ სახელმწიფოს ებრძვის. ზელენსკისაც და არახამიასაც თავში ისე აუვარდათ, რომ მათ საერთაშორისო არენაზე თავიანთ თავს ისეთი ფუნქციები დაუწესეს, რომელიც არც ეკუთვნით და არც იმსახურებენ. ამიტომ, კარგია მსგავსი ინიციატივები ხშირად გააჟღერონ. მჯერა, დასავლეთის ადეკვატურობის, მაგრამ თუ ეს თანამეგობრობა არახამიასნაირი ავანტიურისტების დაკრულზე ცეკვას დაიწყებს, საქართველოსთვის ესეც ძალიან კარგია“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა for.ge -თან საუბრისას.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში ვიზიტის დროს დაიგეგმა. მისივე თქმით ეს არის მცირე დეტალი და გეგმები დიდი ხანია გაწერილია. ეს გეგმა კი ითვალისწინებს საქართველოში გაკოტრებული „ნაცმოძრაობის“ მიერ უკრაინელი ნაცების შესაძლებლობების გამოყენებას.
„საქართველოში მყოფი „ნაციონალები“ უკრაინელ ნაცების საერთაშორისო ავტორიტეტს იყენებენ. აქაურები ცდილობენ, მათი მეშვეობით დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღემდე ლობირებენ გაკოტრებულ ნაცებს, დაუჯერებელი ამბები დააჯერონ. საქართველოდან მელიას ხმას დასავლეთისთვის ფასი არ აქვს, თუმცა არახამიას და გმირ ზელენსკის ხმას ფასი აქვს. ნებისმეირი ფრაზა სააკაშვილის გათავისუფლებასთან, ან ივანიშვილის დაკნინებასთან დაკავშირებით, აქაურ ნაცებს გონიათ დასავლეთის მიერ უკრაინიდან უფრო შესმენილი იქნება, რადგან ომის ფონზე უკრაინელი ნაცების რეიტინგი მაღალია“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აუდიო ჩანაწერი რუსმა სეპეცსამსახურმა ჩაწერეს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთის მოქალაქის წევრი, კობა ნაყოფია „ფოსტალიონად“ გამოიყენეს.
„აუდიოჩანაწერი რუსეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს. ზუსტ მისამართამდე კი თავისი აგენტის, რუსეთის მოქალაქისა და ბიზნესმენის კობა ნაყოფიას მეშვეობით მიიტანეს. ეს არის ჩემი ვარაუდი, რომელიც საკმაოდ ლოგიკურია. რუსეთის სპეცსამსახურებს ამის შესაძლებლობა გააჩნია და კობა ნაყოფია მშვენიერი ხიდია მოსკოვსა და კიევს შორის“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, რუსეთიც და უკრაინაც ნაყოფიას ანტიქართული კამპანიისთვის იყენებენ. სწორედ ამიტომ არ გასჭირვებია რუსეთის მოქალაქე ნაყოფიას უკრაინაში გადააგილება. ასევე, ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ნაყოფიამ ჩაიტანა უკრაინაში აუდიონაწერი.
„რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ აუდიოჩანაწერი უკრაინაში ნაყოფიამ ჩაიტანა. წინა ინტერვიუს დროსაც აღვნიშნე, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რუსეთის პასპორტის მფლობელი კობა ნაყოფია უკრაინაში თავისუფლად გადაადგილდება და ამავდროულად, ანტირუსული რიტორიკით იყოს დაკავებული. მისი ქმედება არც უკრაინელებში იწვევს აღშფოთებას და არც რუსულ მხარეს აქვს შესაბამისი რეაგირება. როგორც ჩანს, ნაყოფია სასარგებლო იდიოტია, რომელიც ორივე მხარეს აწყობს. აწყობს იმისთვის, რომ ის გამოიყენონ როგორც ტექნიკური ინსტრუმენტი ანტიქართული კამპანიისთვის, რომელსაც ერთდროულად აწარმოებს როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგ თამაშს თამაშობს თუ არა, დავით ქართველიშვილი ასე გვპასუხობს: „ვრჩები ჩემს მყარ მოსაზრებაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ შექმნის დღიდან, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოს საწინააღმდეგოდ, კრემლმა სათავისოდ გამოიყენა. პუტინის ინტერესებში შედის, რომ მისთვს უხერხული „ქართული ოცნების“ ადგილზე მოვიდეს ნაცნობი, მართვადი იდიოტების გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ხელისუფლების სიხისტე, სიჯიუტე და პროვოკაციებზე არაყოლიების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პუტინს ხელს უშლის იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური გზებით თავის მიზნებს მიაღწიოს. პირდაპირ დაგვცხოს და ომი გამოგვიცხადოს, ამის საფუძველს ჩვენ არ ვაძლევთ. საფუძვლის გარეშე კი დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ პუტინსაც კი, ეს ავანტიურისტობა გაუჭირდება“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
როგორ შეიძლება რასაც უკრაინა ჩვენს მისამართით აკეთებს, იმას მეგობარი ერქვას??? ....ეგენი არიან ამერიკისგან დაქოქილი
ფანდარასტები..................მიშაზე უარესები.............. ამერიკის გულის გასახარად ერსა წყვეტავენ
დიმიტრი თავდადებული მაგათ ენაზე გიჟი ყოფილა....ეგრე გამოდის
ირგვლივ უკვე ისეთი საგიჟეთია, წერა--კითხვამ მთლიანად აზრი დაკარგა
მთიდან მოწყვეტილი კლდის ლოდივით, კატასტროფული სიჩქარით მსოფლიო უფსკრულში მიექანება--მიაქანებენ
მე კი წამოვწვები კაკლის ქვეშ და ............ აი დარდიიიიც .................. იქაც ბანტიიიი............ (ღვინო კი მაქვს)
ამან ქნა..... იმან ქნა .............. მაგის გარჩევას აზრი არ აააქვს , ისედაც ნათელია ყველაფერი.......