რა ელით საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გახიზნულ რუსებს? დასჯის მიზნით ჩამოართმევენ თუ არა მათ ქონებას თავიანთ სამშობლოში? განიხილავს თუ არა პუტინი მათ მოღალატეებად, თუ პირიქით, ეს რუსები სწორედ პუტინის რეჟიმისგან არიან მივლენილნი სხვა ქვეყნებში ე.წ. მეხუთე კოლონად?
რუსეთის პრეზიდენტმა „პროდასავლურად მოაზროვნე“ რუსებს მოღალატეები უკვე უწოდა. ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ არ განიკითხავს ადამიანებს, რომლებსაც ვილა აქვთ მაიამიში ან ფრანგულ რივიერაზე, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ასეთი ხალხი მენტალურად იმყოფება იქ და არა აქ (რუსეთში) და ასეთი ხალხი მზადაა, მშობელი დედაც კი გაყიდოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი არ მიიჩნევს მოღალატეებად და მეხუთე კოლონად მათ, ვინც რუსეთი დატოვა უკრაინასთან ომის პარალელურად.
რამდენად სანდოა პესკოვის გულწრფელობა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე და მთავარია ის, რომ უკრაინასთან ომის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ქონებას ჩამოართმევდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს ეს ქვეყანა.
ფაქტია, რუსეთში აკრიტიკებენ მათ, ვინც ასეთ მძიმე დროს პუტინს არ უერთგულეს და სხვა ქვეყნებს მიაშურეს. რუსეთიდან გაქცეულთა კრიტიკამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ თვით ანტიუკრაინული განწყობის მქონე, პუტინის საყვარელი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვიც შეძრა, რომელმაც განაცხადა, „ნუ ვაკრიტიკებთ იმ ხალხს, ვინც რუსეთი დატოვა, შევრიგდეთ!“
დასჯიან თუ არა რუსეთში იმ ადამიანებს, რომლებმაც სანქციების თუ პუტინის რეჟიმის შიშით სხვა ქვეყნებში გახიზვნა არჩიეს?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს რუსეთიდან გაქცეულთა დასჯას. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს კადრულობდა, კარგად გვახსოვს, როგორ გაამწესეს გულაგებში საბჭოთა მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის მხარეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. თუმცა ვინც ტყვედ ჩავარდა, ისინიც მიაბრძანეს გულაგებში და დაიჭირეს. ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ტყვეობა გადაიტანეს, არ დაინდეს.
„დღევანდელი რუსეთიც საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრეა და ყველაფრის მკადრებელია. ამიტომ მოსალოდნელია იმ ადამიანების ოჯახის წევრების შევიწროება დაიწყონ, ვინც დატოვა რუსეთი. შესაძლოა, მათზე მოახდინონ ფსიქოლოგიური სტრესი, მოღალატეების ნათესავებად მოიხსენიონ“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ რთულია იმაზე საუბარი, დასჯიან თუ არა რუსეთში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ დმიტრი პესკოვი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია და ხშირად ახმოვანებს პუტინის აზრებს. შესაბამისად, რადგან პესკოვი ამბობს, რომ რუსეთიდან გაქცეულებს არ თვლის მოღალატეებად, მას შეიძლება დავუჯეროთ.
„ამ ადამიანების დასჯა რომ დაიწყონ, ეს არის პროცესი, რომელმაც შეყოლიება იცის და ძალიან მძიმე რეპრესიულ ღონისძიებებში გადაიზრდება. რუსეთიდან გაქცეულების დასჯა გამოიწვევს უკმაყოფილებას, მერე იმ უკმაყოფილოთა დასჯა მოუწევთ და ასე უსასრულოდ. მართალია, გაიშიფრა ეს ხალხი, რომ არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას, მაგრამ, ცხადია, რუსეთში არიან ადამიანები და ძალები, რომლებიც პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან. სამწუხაროდ, ისინი უმცირესობაში არიან და, თუ რუსეთიდან ჩამოსულებს დასჯიან, ისინი გაბევრდებიან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის თქმით, რასაკვირველია, მოწინააღმდეგეთა მიმართ პასუხისმგებლობა რუსეთში თავიდან გაამკაცრეს, რამდენიმე ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმაც დააკისრეს, პატიმრობაც შეუფარდეს, საპროტესტო აქციების დროს ბევრი რუსი დააკავეს კიდეც, მაგრამ რეალურად, პუტინის რეიტინგი 85%-ს აღემატება რუსეთში. ამ სიტუაციაში განსხვავებულად მოაზროვნე 15% რუსების თვალში მარგინალურებად აღიქმებიან, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ პუტინის რეჟიმს.