გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ის ამ შეთავაზებას, მაგრამ ფაქტია, რომ პარტიაში სერიოზული დინებებია. როგორც ჩანს, პარტიისგან მიტოვებულ სააკაშვილს, საერთაშორისო ასპარეზზე სჭირდება ადამიანი, რომელიც მისი ქვეყნიდან გაყვანის თემაზე აქტიურად იმუშავებს - გარკვეული საგარეო კონტაქტები ექნება, რომლის საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოხდება და სააკაშვილს ციხიდან თავის დაღწევაში დაეხმარება. ყოფილი პრეზიდენტი კი ამ კრიტერიუმებს მშვენივრად აკმაყოფილებს. თუმცა ენმ-ში არსებული დაპირისპირების ფონზე ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მარგველაშვილის დანიშვნამ პარტიის მარტივ მამრავლებად დაშლა გამოიწვიოს.
მანამდე მეოთხე პრეზიდენტი პატიმარ სააკაშვილს ციხეში სტუმრობდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტებს საერთო პოლიტიკური ხედვები აქვთ. სააკაშვილთან აუდიენციის შემდეგ, მარგველაშვილი და ენმ-ს დელეგაცია კიევს ერთობლივი ვიზიტით სტუმრობდნენ.
შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა ჯერ უპასუხოდ დატოვა, შემდეგ კი მედიასაშუალებებთან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება არ მიუღია. მარგველაშვილის თქმით, ორი ექსპრეზიდენტის ერთ პარტიაში გაერთიანებაზე საუბრით ხელისუფლება აქტუალური თემების გადაფარვას ცდილობს.
გიორგი მარგველაშვილით შესაძლო ჩანაცვლებას, იუმორით უპასუხა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ. ნიკა მელია, რომელიც 15 აპრილს, კიევში სწორედ მეოთხე პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ პარტიაში საკადრო გადაადგილება გამორიცხულია. თუმცა, მელიას არ დაუზუსტებია, იზიარებს თუ არა მის პოზიციას პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში ეჭვი არ ეპარება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის აზრით, სააკაშვილის მხრიდან მარგველაშვილზე ფსონის გაკეთება მელიას მიმართ პოლიტიკური ეჭვიანობის შედეგია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს გამორიცხავენ, თუმცა პარტიაში არ უარყოფენ, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მარგველაშვილს საერთო პოლიტიკური მიზანი აქვთ.
გიორგი მარგველაშვილის შესაძლო პოლიტიკური ტრანსფორმაცია წარმოუდგენელია სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ ყველაზე ხისტ კრიტიკოსად პოზიციონირებდა, სამომავლო სავარაუდო ერთობა კი ორივე მხარის მორალურ დისკრედიტირებას გამოიწვევს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მძიმე დრო უდგას. მათ პოლიტიკოსების დიდი დეფიციტი აქვთ და ყავლგასული პოლიტიკოსების გარემოცვაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე კი გიორგი მარგველაშვილის სახით პოლიტიკურ ხავს ეპოტინებიან, ადამიანს, რომლის პოლიტიკური რეიტნგი ნულია. მიუხედავად ამისა, იმდენად მძიმე სიტუაცია აქვთ, რომ მარგველაშვილი ახლა მხსნელი ჰგონიათ.
„ის ფაქტი, რომ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ ამბავს უარყოფს და ჭორს უწოდებს, არაფერს ნიშნავს. ჯერ ერთი, რომ მელიას პარტიაში უკვე არავინ არაფერს აღარ აკითხებს და ბუტაფორიაა. მას ბევრი ტყუილი ახასიათებს, რაც არაერთხელ მოგვისმენია. გიორგი მარგველაშვილი ამ თემაზე გაუგებარი კომენტარი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ფაქტი რეალობას შეესაბამება. ეჭვები ღრმავდება და არაა ლოგიკას მოკლებული, რომ მას ენმ-ში დასაქმება შესთავაზეს.
არადა საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს ერთ დროს როგორ ლანძღავდნენ. მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც საკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა. ქართული პოლიტიკა მიჩვეულია ე.წ. სამარცხვინო სანიკიძეობას და ძმებ ბერძენიშვილებს, რომლებისთვისაც უპრინციპობა და ნამუსგარეცხილობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მარგველაშვილი „ნაცმოძრაობაში“ იქნება, „ლელოში“ თუ სხვა სატელიტ პარტიებში, ამას მნიშვენლობა არა აქვს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, თუ მარგველაშვილი რეალურად თავმჯდომარე გახდა, მელიამ პარტია დატოვოს და პარტიის წევრების ნაწილი თან გაიყოლოს. აბაშიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ის ნაცებისგან დისტანცირებას მოახდენს და კეზერაშვილის დაფინანსებით ახალ პარტიას შექმნის, ან კიდევ რომელიმე ურეიტინგო სხვა პარტიას შეუერთდება.
„ახლა ენმ-ში ბრძოლა გავლენებზე და ფულზე მიდის. ეტყობა, სააკაშვილმა და მისმა ბიძამ ფინანსური წყაროების ლიმიტირება მოახდინეს და მთელი აქცენტირება კეზერაშვილის მოპარულ მილიონებზე ხდება. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ძალიან საინტერესო კომბინაციებია მოსალოდნელი. სავსებით რეალურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად დაიშლება“ - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან და ვარაუდობს, რომ სააკაშვილს მარგველაშვილი იმ საგარეო კონტაქტებისთვის სჭირდება, რომელიც მას პრეზიდენტობის დროს აქვს შეძენილი, რაც ანალიტიკოსის თქმით, არაფრის მომცემია, რადგანაც ეს სვლა ნულს მივუმატოთ ნული იქნება.
„სააკაშვილს სხვა აღარაფერი დარჩა იმის გარდა, რომ თავი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მსხვერპლად წარმოაჩინოს. მისსავე ამომრჩეველსაც კი მისი ბედი აღარ ანაღვლებს. სწორედ ამის გამო იყო, რომ მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებაზე ხვეწნა დაუწყო. როგორც ჩანს, მელიამ მარგველაშვილის შესახებ უკვე იცოდა და ეს წყალწაღებულის გაფრთხილებას უფრო ჰგავდა. ამით ენმ-ის ამომრჩეველს აჩვენა, რომ ის სააკაშვილის გასათავისუფლებლად რაღაცას აკეთებს. საქმე კი იმაშია, რომ ახლა სააკაშვილისთვის არავის სცალია და მთელი საერთაშორისო ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი. ხოლო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე თქვა, რომ მის შეწყალებას არ აპირებს და ყოველ დღე ამას ვერ გაიმეორებს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მარგველაშვილის „ქართული ოცნების“ წევრობისა და შემდეგ პრეზიდენტობისა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული წევრი იყო და იქნება. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მარგველაშვილი სოროსის ფონდის აღზრდილია, რომელსაც ბოკერიას და მისთანების მსგავსი სკოლა აქვს გავლილი. უბრალოდ, რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო, ის პრეზიდენტი გახდა.
„მარგველაშვილი სააკაშვილს, როგორც ჩანს, მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე მარკეტინგული გათვლისთვის სჭირდება. მარგველაშვილი შიდა ბაზარზე გაკოტრებული პოლიტიკოსია, ამიტომ მისი თავმჯდომარეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგის დაკარგვის გარდა არაფერს მისცემს. თუმცა სააკაშვილს მიაჩნია, რომ პარტია სადაც ორი ყოფილი პრეზიდენტი იქნება, საერთაშორისო ასპარეზზე ბევრის მთქმელია. ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის, ამერიკის კონგრესის გარკვეული ნაწილის თვალში დაკარგულ ავტორიტეტს დაიბრუნებს, თუკი მას სათავეში ყოფილი პრეზიდენტი ჩაუდგება. ერთი არაფორმალური მმართველი ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან და გარეთ მეორე ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავმჯდომარე იქნება - მგონია, გათვლა მხოლოდ ამაზე აქვთ. საერთაშორისო არენაზე, მას როგოც ყოფილ პრეზიდენტს კარგად გამოიყენებენ, მით უმეტეს ახლა სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა უნდათ და სავარაუდოდ, ამისთვის მარგველაშვილის კონტაქტების გამოყენება სურთ“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.