„ივანიშვილი არ არის პრობლება - ნაციონალების მთელი უბედურება ის არის, რომ დასდევენ ივანიშვილს და ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხთან აქვთ პრობლემა“

„ივანიშვილი არ არის პრობლება - ნაციონალების მთელი უბედურება ის არის, რომ დასდევენ ივანიშვილს და ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხთან აქვთ პრობლემა“

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ფეიკი - სოციალურ ქსელში „კიბერ კმარას“ მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.

ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელზეც, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს, ალი უზდენოვს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს. ამ ნაწილში ნახსენებია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ევტუშენკოვის წარმომადგენელ ალი უზდენოვსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა არ გამართულა. როგორც ხიდაშელი აცხადებს, ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.

„საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან.

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, - ნათქვამია დავით ხიდაშელის განცხადებაში.

გავრცელებულ ჩანაწერს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად. შალვა პაპუაშვილი აქვე დასძენს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ, სამწუხაროდ, დღეს ჩუმად არიან.

„მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში. ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ; ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის - „სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. - მთელი კონვეიერია. ვიხილეთ, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, ამბის აგორება და წარმოჩენა ისე, თითქოს, სკანდალებთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული მიზანი, რომ არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის აუდიოჩანაწერი „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებლის, პიტერ აკერმანის ჩამოტანილი იყოს და ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გამართულ შეხვედრას უკავშირდებოდეს. კობახიძის აზრით, ბაკურიანის მოღალატეობრივი შეკრება და აღნიშნული ჩანაწერი ერთმანეთს ლოგიკურად ებმის.

„მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ შეხვედრისა, რაც ბაკურიანში შედგა. იქ შედგა რევოლუციური შეკრება, „შულავერის კომიტეტის“ მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით განხილულ იქნა ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. იმასაც არ გამოვრიცხავდი, აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერები და პირდაპირ უკავშირდებოდეს ამ შეკრებას.

ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი - ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამიას განცხადება. არახამია არის „ნაცმოძრაობის“ გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს, თან ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ „ფეიკზე“ განცხადებას და ფეხი რომ წაგიცდება, მეორე ჯერზე, ბუნებრივია, უფრო ფრთხილად ხარ, ნული სიფრთხილე იყო მისი მხრიდან და ამას აქვს მარტივი მიზეზი - ამ ჩანაწერების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე ძალა - „ნაცმოძრაობა“, რომელსაც წარმოადგენს არახამია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, გავრცელებულ ჩანაწერს როგორც შემდგარ ფაქტს აღიქვამს ოპოზიცია. „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და ჩანაწერებს უკავშირდება. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და დასავლეთის წარმატებას პირდაპირ უკავშირდება როგორც ჩვენი, ასევე უკრაინის მომავალიც.

„გაკეთებული ჩანაწერები არ არის გაკეთებული „ქართული ოცნების“ სუს-ის და დამხმარე სპეცსამსახურების მიერ. საინტერესოა, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და რა მიზნით მოხდა მისი გავრცელება? ირაკლი კობახიძე პიტერ აკერმანს აბრალებს ამ ჩანაწერს, არა ბატონო ირაკლი, აკერმანს ნამდვილად არ ჩამოუტანია ეს ჩანაწერი ჩემოდნით ბაკურიანის შეხვედრაზე, მაგრამ საინტერესოა, ვინ გაავრცელა ის და რა მიზნით? დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი ამოცანაა სანქციების რეჟიმის დაცვა და შესრულება.

დასავლეთის ამოცანაა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების იმგვარი დაზიანება, რომ ვეღარასდროს შეძლონ სამხედრო აგრესიის განხორციელება ვერც უკრაინის და ვერც საქართველოს მიმართ. თქვენს მიერ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ უკავშირდება რუსეთის სამოქმედო გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, დასავლეთის წარმატებას კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი და უკრაინის მომავალიც“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე, ევტუშენკოვის განცხადებიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვლის, რომ ჩანაწერები ავთენტურია, რომელზეც შესაბამისი რეაქცია იქნება დასავლელი პარტნიორებისგან.

„წითელი ხაზების გადაკვეთას დასავლელი პარტნიორები არავის აპატიებენ, ხოლო ჩანაწერის შინაარსი შესაძლოა, სერიოზულ საფრთხეს შეიცავდეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. კობახიძეს მინდა ვუთხრა, ამ ჩანაწერების შინაარსზე თქმა, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, არასწორია და ამ ჩანაწერს აქვს სერიოზული პრობლემები და შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას.

ყველამ იცის, რომ ამ ქვეყნის რეალური მმართველი არის ივანიშვილი და ამ ჩანაწერით დადასტურდა, რომ არსად წასულა და კონკრეტულ დავალებებს აძლევს პრემიერ-მინისტრს. თუ რაიმე შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება დე-ფაქტო, ფაქტობრივი თუ მარიონეტული მმართველების კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, ეს იქნება წითელი ხაზი, რასაც არ გვაპატიებენ დასავლელი პარტნიორები“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ჩანაწერის ავთენტურობის არ სჯერა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, ჩანაწერი შინაარსობრივად არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ცოდვაში დასდო ბრალი ერთს, ან მეორეს. პოლიტოლოგის შეფასებით, ამ შინაარსის ჩანაწერის გავრცელების მოტივია ახალი ფრონტის გახსნა საქართველოში.

„მიაჩნიათ, რომ ამით ივანიშვილს დაუშავებენ რაღაცას, რაც საეჭვოა, თუნდაც იმიტომ, რომ ვიცით, რა რანგის ბიზნესებზეა ლაპარაკი. სანქციები არ დაუშვეს ბიზნესებზე, რომლებმაც პუტინის ძალაუფლება გაამყარეს. ყველა ბიზნესმენზე არ არის სანქციები დაწესებული. სანქციები რომც დაუშვან, ასეთ შემთხვევაშიც არაგონივრულია ნაციონალების ეს რაუნდი, ისევე როგორც ბევრი ადრინდელი.

სანქციები რომც დაუშვან და დაიჭირონ ივანიშვილი, საქართველოს მოსახლეობა ნაციონალებს არ აირჩევს. მათ შექმნეს მითი, რომ საქართველოს მოსახლეობამ ივანიშვილის ფულის და რუსული გავლენის გამო თქვა უარი სააკაშვილზე. ეს გადაითარგმნა უკრაინელი სპიკერების ენაზე, რომ აი, სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, ეს ხომ ნაციონალების ტექსტია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუ რამე აკლია დღეს ქართულ ცხოვრებას, აკლია ის, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს აზრიანი, რაციონალური კონკურენტი და ნახევრად ჭორების დონეზე ქმნიან აჟიოტაჟს. მისი თქმით, ნაციონალებმა პოლიტიკა არც არასოდეს იცოდნენ და დღემდე აჟიოტაჟის ხარჯზე არსებობენ.

„ივანიშვილი არ არის პრობლება - ნაციონალების მთელი უბედურება არის ის, რომ ამას ვერ ხვდებიან. ივანიშვილი აღმოჩნდა სანდო ფიგურა მოსახლეობისთვის, რომელსაც არ უნდა ნაციონალების მმართველობა. დასდევენ ივანიშვილს და არ უნდათ იმის გაცნობიერება, რომ ხალხთან აქვთ პრობლემა. ივანიშვლზე შეტევის ეს მოძრაობა არც საფუძვლიანი მეჩვენება და არც სწორედ შერჩეული სამიზნე. ასეთი პერსონალური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ შედეგს ვერ მისცმეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ კრემლისთვის და პუტინისთვის ყველაზე მისაღები ხელისუფლება 9 წლის განავლობაში იყო - „ნაციონალური მოძრაობა“. მისი თქმით, იმ სასარგებლო იდიოტების ბანდამ ყველაფერი შეუსრულა პუტინს, რათა ნებსით, თუ უნებლიედ ჩადენილი თითოეული შეცდომა სათავისოდ გამოეყენებინა რუსეთის ხელისუფლებას.

„ასეთი საოკუპაციო შემოსვლა საქართველოში და ეს ოკუპაცია მხოლოდ ტერიტორიას არ შეხებია, ეს შეეხო ჩვენს ეკონომიკას, ენერგეტიკას. დამოუკიდებელი სულის მქონე საზოგადოების იმ მენტალურ გენოციდს შეეხო, რომელსაც აწარმოებდნენ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები: ლევან რამიშვილი და გიგა ბოკერია. ამიტომ, ჩემთვის ეს არის აქსიომა. ყველაზე სასარგებლო და ყველაზე ნაყოფიერი სახელისუფლებო რეჟიმი პუტინისთვის იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობა.

რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში შედის, რომ აი, ამ სასარგებლო იდიოტების ბანდა კვლავ დაბრუნდეს ქვეყნის სათავეში. ამ ბანდით მანიპულირება და ამ ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაული, პროვოკაცია, თუ შეცდომა კვლავ სათავისოდ იქნას გამოყენებული მოსკოვის მიერ, რადგან სტაბილური, მშვიდობაზე და არაპროვოკაციაზე ორიენტირებული ხელისუფლება პრობლემებს უქმნის რუსეთის იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას. ბოლო ათი წელიწადია მშვიდობა კბილებით უკავია ამ ხელისუფლებას, არ ყვება არც ერთ პროვოკაციას“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ომი რომელიც გამოუცხადა უკრაინის ხელიუფლებამ საქართველოს, ესეც რუსეთიდან არის ნაკარნახევი.

„უკრაინა, რომელიც თითქოსდა იგერიებს რუსეთის სამხედრო აგრესიას, საქართველოსთან მიმართებაში თავად ხდება იმ პოლიტიკური აგრესიის განმხორციელები, რაც პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჩანაწერს, რუსეთის სპეცსამსახურებს 2003 წლიდან ძალიან მშვენიერი ტექნიკური ინფორმაციის გადამცემი ინსტრუმენტი ჰყავთ ჩანერგილი „ნაციონალურ მოძრაობის“ წიაღში. ეს არის მათი მოქალაქე, მათი ბიზნესმენი, ამჟამად კიევში მყოფი კობა ნაყოფია. არ სჭირდებათ მათ ახალი ველოსიპედის გამოგონება.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა კობა ნაყოფიას მეშვეობით შეაგდეს უკრაინელი ნაცების ბანაკში ეს არაფრისმთქმელი ჩანაწერი. დღეს გაკოტრებული ქართველი ნაცებისგან განსხვავებით, უკრაინელი ნაცები გმირები არიან მსოფლიოს თვალში. გმირი არის პრეზიდენტ ზელენსკი, დავით არახამია, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. წარმოიდგინეთ, გაკოტრებულ ქართველ ნაცებთან შედარებით, უკრაინელი ნაცების ფსონი როგორ არის აწეული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

 

dimpi რისი ""გმირები"" არიან?
თავისი მოსახლეობის და ქვეყნის განადგურებაში?

ჰოოო, მაგაში ნაღდად არ ჩამოუვარდებიან ნაც-სექტას...

პ.ს. საერთოდ კი მიზანშეწონილი იქნებიდა დეფინიცია სიტყვა "გმირი"ს გაიგოთ და ისწავლოთ, თუმკცა სადღა ისავლიან განატლების დანგრევა უკვე მოასწრო სექტამ და ეხლა გამალებული ზომბავს ხალხს... ნეტა რისთვის?
2 წლის უკან