უკრაინული მხარის კიდევ ერთი განცხადება და ერთგვარი აღიარება, რომ სავარაუდოდ, არსებობდა კონკრეტული პროექტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოსთან ერთად, მოლდოვის ჩაბმას გულისხმობდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს „ომში ჩათრევის“ პოლიტიკა დიდი ხანია მიმდინარეობს და უკრაინული მხარისთვის ეს შესაძლოა მნიშვნელოვანიც ყოფილიყო. მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის ყურადღების გადატანა იქნებოდა, ამასთან კრემლის სამხედრო ძალების სვლას უკრაინაში შეანელებდა, ეს შესაძლოა მომხდარიყო და 9
არესტოვიჩმა კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მოლდოვა და საქართველო არ არიან ომისთვის მზად.
„ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტაციონარულად, ანუ ის გუნდი არაა. პრინციპში, ესენი არ არიან ომის ადამიანები... ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
ამასთან, შეკითხვაზე, „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება?“, არესტოვიჩმა განაცხადა - „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მდგომარეობა საქართველოს ირგვლივაც რთულდება და ის მიმდინარე პროცესები, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაშია, შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინული მხარის მცდელობას დავუკავშიროთ, რომ საქართველო ამ ომში იყოს ჩაბმული. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და მოდლოვას ხელისუფლებები რუსეთთან მიმართებაში ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ, ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
„საკმაოდ საინტერესო პროცესები ვითარდება ჩვენს ირგვლივ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ექსცენტრიული ხასიათი მიიღო ამ ქმედებებმა. ოკუპირებულ დნესტრისპირეთში უკვე დაიწყო ტერაქტების სერია. ძალიან საშიში ვითარებაა, რომელიც მიუთითებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ მოლდოვის ჩათრევა ამ საომარ ქმედებებში და ასევე ჩვენთანაც. ეს ტენდენციები ძალიან საშიშ დონეზე გამოიკვეთა. ასევე, ევტუშენკოვის და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერის შემოგდება, - ეს უკვე მეორე მცდელობაა.
ვნახეთ ამ ყველაფერს მოჰყვა არახამიას შესაბამისი განცხადებები, რომელმაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ეჭვი მაქვს, კიდევ იქნება სამი ასეთი საინფორმაციო ჩაგდება. ასევე გასათვლისწინებელია, „ნაცმოძრაობის“ გააქტიურება. მიხეილ სააკაშვილის ცუდად გახდომის იმიტაციაც ბევრ რამეზე მიუთითებს. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის კონტექსტში შეიძლება მოვიაზროთ. სახელმწიფო გადატრიალების აჩრდილი არავის წაუღია უკან, რაც ასევე არ არის გამორიცხული. არესტოვიჩის ეს განცხადებაც ამის არაპირდაპირ ინდიკაციას ავითარებს.
მოლდოვას ხელმძღვანელობა არის პროდასავლური ხელისუფლება, როგორც „ქართული ოცნება,“ ყოველ შემთხვევაში ფორმალურად. მაია სანდუ და ირაკლი ღარიბაშვილი, ორივე საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას აწარმოებენ რუსეთთან მიმართებაში. განსხვავება ის არის, რომ მოლდოვა პირდაპირ ებჯინება უკრაინას და მოლდოვას მეშვეობით ხორციელდება საწვავსაპოხი მასალების მიწოდება უკრაინისთვის, ამით მაია სანდუს ხელისუფლება კომპენსაციას ახდენს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. მოდლოვა და საქართველო აწარმოებენ ფრთხილ პოლიტიკას, რომ არ აღმოჩნდნენ საომარ მდგომარეობაში ჩათრეული“, - განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, დღეს უკვე ცხადია, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მოქმედებენ:
„უკვე ცხადია, რომ ეს ასეც არის. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ რეალისტები. უკრაინა არის სისხლიან ომში ჩაბმული და ხორციელდება გენოციდი. ბუნებრივია, უკრაინას სჭირდება სტრატეგიული მოკავშირეები. ომის მეორე ფაზა დაიწყო და რუსეთი აქტიურად ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს და არ ერიდება არაფერს. აქ უკვე წავიდა ერთგვარი სასაკლაო. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უკრაინა ნებისმიერ დახმარებას ეჭიდება. მისთვის ეს არის ხელმოსაჭიდი მაშველი რგოლი. ასევე გასათვალისწინებელია, გვარამიასა და არახამიას ინტერვიუ, რომელიც აშკარად ამ ყველაფერზე მიუთითებს. მოვლენების ნებისმიერ განვითარებას ველოდები, სიტუაცია ისე დამძიმდა. ეს არ არის მხოლოდ ომი უკრაინისათვის, ეს უკვე ნატო-რუსეთის ჰიბრიდული ომია. ამ ომში მოვლენების ნებისმიერი განვითარება არის მოსალოდნელი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ყოველგვარ ზომას გადასცდა. რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის საკითხს, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მეტად უნდა მუშაობდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ ინფორმაცია სწორად მიეწოდოთ.
„მოლდოვას ამის უნარი არ აქვს, მისი შეირაღებული არმიის განლაგება საშუალებას არ მისცემს რაიმე ნაბიჯი გადადგას. ჩვენთვის კი ეს ომი არის პრინციპულად მიუღებელი. იმიტომ არა, რომ ომი არ შეგვიძლია, საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენთან ომის შემთხვევაში, ერთ ან მეორე რეგიონში ნიშნავს საქართველოში ქართველების ომის დაწყებას აფხაზებთან ან ოსებთან, რაც პრინციპულად მიუღებელია.
წესით, უკრაინასთან ასეთ პრობლემა არ უნდა გვქონდეს, რადგან მათთვის გაუგებარი არ უნდა იყოს ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, თუმცა აქ, ეტყობა, შეცდომების შედეგი არის, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე, - საქართველოს ხელისუფლებამ მეტი უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ უკრაინაში საზოგადოებრივი აზრი სწორად იყოს ორიენტირებული. უკრაინელები რთულ მდგომარეობაში არიან და ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა, ალბათ, როგორმე უნდა შეძლონ ობიექტური თვალით შეხედონ გარემოს და მათ შორის მათი მეგობარი ქვეყნების საქციელსაც“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
მენაღარიშვილის თქმითვე, როგორც წესი, შეთქმულების თეორიის არ სჯერა ხოლმე, მაგრამ უკრაინული მხარისა და „ნაცმოძრაობის“ მოსაზრებები რომ ერთმანეთს ემთხვევა, ფაქტია.
„რაც შეეხება ჩვენს შიდა პოლიტიკურ ფრონტს, აქ მიმდინარე პროცესები ყოველგვარ ზომებს გასცდა უკვე დიდი ხანია“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.