უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინას სტუმრობდა, უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას, რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააღდგომო დღეებში, რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს „ქრისტე აღდგა“ ეწერა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებისა აღდგომის დღესასწაულზე ზავის გამოცხადების შესახებ, მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ცინიკური იყო ის, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ჰქონდათ წარწერა „ქრისტე აღდგა“, - განაცხადა დენის მონასტირსკიმ.