„ის მტარვალები აღდგომას ერთმანეთს ეტყვიან, „ქრისტე აღსდგა“ სიხარულით და ასეთ უბედურებას სჩადიან“, - აღნიშნა ქადაგებისას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომ რასაც ის აკეთებს, „არ არის ქრისტიანობა“...
„რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?! ეს არ არის ქრისტიანობა. რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით და სისხლისღვრით არის დაკავებული“, - აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი, რომელიც გაოგნებულია იმით, რომ რუსეთის პატრიარქი ლოცავს რუს გვარდიას და მის გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობლის ხატს. ეს ხატი კი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო.
ბოლო დროს სულ უფრო მეტი სასულიერო პირი რწმუნდება იმაში, რომ რუსებს ოკუპირებული აქვთ არა მხოლოდ ცალკეული ტერიტორიები, არამედ ქრისტიანობაც.
მართლაც, ჩვენ ვხედავთ, როგორ წვავენ, აფეთქებენ ეკლესიებს რუსი სამხედროები და ე.წ. სასტიკ ჯვაროსნულ ომებს უწყობენ ქრისტიანებს. ასე მოხდა აფხაზეთის ომის დროს, ცხინვალის ომის დროს, ასევე, ხდება უკრაინაში და, რუსი იერარქების ენით რომ ვთქვათ, ცოდვილი ლგბტ-მიმდევრები სამართლიანად ისჯებიან „წმინდა“ რუსების ხელით.
რუსეთის, როგორც ცოდვილი ქვეყნების სამართლიანად დამსჯელის მისია „მესამე რომის“ იდეოლოგიიდან იღებს სათავეს, რომელიც რუსულ ისტორიოგრაფიაში მე-16 საუკუნიდან დამკვიდრდა. ეს ტერმინი პირველად ფსკოველმა ბერმა ფილოფემ ახსენა მთავარ ვასილი მესამისადმი მიწერილ წერილში: „ყურად იღე, მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი - მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება“. მონღოლთა ბატონობისგან ახლად გათავისუფლებულ რუსეთში „მესამე რომის“ იდეოლოგია ძლიერდებოდა. ამიტომაც აირჩიეს რუსმა ცარებმა ოდესღაც ბიზანტიის იმპერიის გერბი - ორთავიანი არწივი საკუთარ გერბად და პრეტენზია გამოაცხადეს რომის მემკვიდრეობაზე. სხვათა შორის, ორთავიანი არწივი იყო თამარ მეფის მიერ დაარსებული ქართული სახელმწიფოს - ტრაპიზონის იმპერიის გერბზეც.
რუსების მიერ შეთხზული „მესამე რომის“ იდეოლოგია განხილული აქვს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ მეორეს. ეპისკოპოსი კირიონი უარყოფს რუსეთის უპირატესობას მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის და აღნიშნავს, რომ რუსეთს არც ძალა შესწევს, არც კულტურული განვითარება, რომ „მესამე რომი“ ყოფილიყო.
დღეს მეცნიერები თავს იკლავენ იმის გარკვევაში, რა განაპირობებს რუსული საზოგადოების აგრესიას. ზოგიერთი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთი ლაგერებგამოვლილი ქვეყანაა და არ შეიძლებოდა, ლაგერული ცხოვრება მათ ხასიათზე არ ასახულიყო, რადგან თვითგადარჩენის აუცილებელი პირობა იყო სხვისი განადგურება და დაჩაგვრა. რუსების ისტორიული უბედურება ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მტრის ხატის გარეშე, ხან გერმანიაა მათი მტერი, ხან ისრაელი, ხან ამერიკა და სულ ბოლოს - უკრაინა.
ზოგიერთი მეცნიერი რუსებს უმსუბუქებს აგრესიულობის ტვირთს და ამტკიცებს, რომ რუსები არა მარტო სხვების მოკვლით ღებულობენ სიამოვნებას, არამედ მიდრეკილნი არიან ავტოაგრესიისკენ და უნიკალურები არიან იმ მხრივაც, რომ რუსეთში სუიციდის მაჩვენებელი მაღალია. მათთვის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს, ადამიანი რუსებისთვის ნივთია.
და ამ საერთო ანტირუსული განწყობიდან გამომდინარე, რაც რუსების მიმართ ჩამოყალიბდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იშვიათი გამონათებაც ხდებოდა. აფხაზეთში კამანის დაცემის შემდეგ, კამანის ეკლესიასთან მდგომ რუს დაცვის ბიჭებს შორის გამოირჩეოდა ერთი ჭეშმარიტად ღვთისმოშიში ახალგაზრდა, სახელად ალექსანდრე. როცა მან დაინახა, როგორ ცუდად ექცეოდნენ ტყვეებს, მივიდა რაზმის მეთაურთან და უთხრა, „თუ ამ ხალხის წამებას არ შეწყვეტთ, ჩვენ, რუსის ჯარისკაცები, დავყრით იარაღს“.
რა უნდა გააკეთოს მართლმადიდებლურმა სამყარომ, რომ რუსები ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე მოაქციოს და მათ სწორად გააგებინოს ქრისტიანობის არსი?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსებს ქრისტიანობა არასწორად აქვთ გაგებული, დიდი ხანია, ასეთ პოლიტიკას მისდევენ. სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, მკვლელობა, დეზინფორმაციის გავრცელება - ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ათ მცნებას, ქრისტიანულ და ზნეობრივ პრინციპებს. ათი მცნებიდან ერთ- ერთია „არა კაც კლა“, „არ იცრუო“, ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს რუსეთი. აქედან გამომდინარე, რუსეთი დაშორებულია ქრისტიანობას და ქრისტიანობასთან დაშორების სიმბოლოა მათი პატრიარქი კირილე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ რუსეთმა დაკარგა თავისი ისტორიული მიწები, თითქოს საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა. ამასთან, კირილემ გაამართლა უკრაინასთან ომი, თითქოს ამ ომით რუსეთი იცავს საკუთარ მოსახლეობას გენოციდისგან. როდესაც ე.წ. პატრიარქი აკეთებს ამ განცხადებას, ეს ნიშნავს, რას წარმოადგენს რუსი სამღვდელოების ნაწილი, რუსეთის ხელისუფლება და, საერთო ჯამში, რუსული საზოგადოება.
„მათ განაცხადეს, რომ პირველი რომი დაეცა, აქ იგულისხმება 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა, ასევე, დაეცა მეორე რომი, ანუ კონსტანტინოპოლი, 1453 წლის 29 მაისს, მესამე რომი კი თითქოს მოსკოვია და მეოთხე რომი არ იქნებაო. სინამდვილეში, მესამე რომი მოსკოვი არანაირად არ არის, ეს არის რუსეთის განუხორციელებელი ამბიცია. რუსეთი ბევრჯერ დამარცხებულა სხვადასხვა ომში და დღეს მარცხდება უკრაინაში - დაწყებული 1223 წლიდან, კალკის ბრძოლაში მონღოლებთან დამარცხებით, დამთავრებული დღევანდელი ომით უკრაინაში“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ქრისტიანული სამყარო რუსებს ვერაფერს შეასმენს და ვერც გააგებინებს, რომ მათი ქრისტიანობა შორს არის ნამდვილი ქრისტიანობისგან, რადგან რუსებს თავიანთი ამბიციები აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ რასაც აკეთებენ, ეს ყველაფერი ქრისტიანულია. აქედან გამომდინარე, ნიკა ჩიტაძის აზრით, ასეთი ფსევდოქრისტიანობის წინააღმდეგ მიღებულ უნდა იყოს შემდეგი ზომები: 1) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უნდა გაირიცხოს მსოფლიოს საეკლესიო საბჭოდან. 2) განხილულ უნდა იქნას მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან ეს არის 16 ავტოკეფალური ეკლესიიდან ერთ-ერთი მსოფლიოში, რომელსაც საერთო ცენტრი არ გააჩნია.
„ვფიქრობ, რუსეთს არანაირი ავტოკეფალია არ უნდა ჰქონდეს და რუსეთის ეკლესია რეალურად არც არის ეკლესია. ამიტომ მხოლოდ ქრისტიანული სამყარო კი არა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც უნდა დაირაზმონ მის წინააღმდეგ- მართლმადიდებლები, კათოლიკები, პროტესტანტები, ასევე, მუსლიმები, ბუდისტები, კონფუციანელები (აქ იგულისხმება ჩინეთი), ინდუისტები, რადგან ინდოეთთან და ჩინეთთან ცდილობს ახლა რუსეთი ურთიერთობის გაბმას, რათა მოახდინოს დასავლეთის მხრიდან შემოღებული სანქციების კომპენსაცია“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.