უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირების ახალი ფაზა რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და სამხედრო ექსპერტების აზრით, უახლოეს ერთ-ორ კვირაში უკრაინის სამომავლო ბედი გადაწყდება - რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საბოლოო შემომტკიცებას თუ მოახერხებს, გზა დასავლეთ უკრაინისაკენ და კიევისაკენ გაეხსნება. უკრაინის სამხედრო შენაერთები თუ შეძლებენ პუტინის ჯარისკაცების შემოტევის შეკავებას, მტერი წელში გადატყდება და მისი ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდე დაეცემა.
ამ დროს ბატონი პუტინი საბოლოო წარმატებაში სრულიად დარწმუნებულია და ცხრა მაისის „საზეიმოდ“ აღნიშვნისათვის მზადება დაწყებული აქვს. რუსული მასმედიის მტკიცებით, მოსკოვში, 9 მაისის აღლუმის რეპეტიციები რამდენიმე დღეა რაც დაწყებულია. ერთ-ერთი მისი ფრაგმენტი საჰაერო ელემენტი იქნება, Mig-29-ების მიერ უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს, Z-ს გამოსახვით.
სიმბოლო Z რუსული ეკლესიისათვისაც აქტუალურია. ამ ქვეყნის რიგ გამოცემებში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც სააღდგომოდ, ეკატერინბურგის ერთ-ერთი ეკლესიის გუმბათზე სწორედ რომ ამ სიმბოლოს ამაგრებენ.
გავრცელდა დაუჯერებელი ინფორმაციაც, რომ რუსულ მხარეს მარიუპოლში 9 მაისს, გამარჯვების აღლუმის ჩატარება სურს. უკრაინული მედიის ტელეგრამ არხების ხელთ არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში, თვითგამოცხადებულ მერს, რუსული მხარისაგან უკვე აქვს ბრძანება, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი ნანგრევებისგან გაწმინდოს.
„ჩვენი ინფორმაციით, მარიუპოლის თვითგამოცხადებულმა „მერმა“ ივაშჩენკომ მიიღო ბრძანება 9 მაისს აღლუმის უზრუნველსაყოფად ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილის ნანგრევებიდან და დაღუპულთა ცხედრებისგან გაწმენდისა. თუ ვიმსჯელებთ მთელი რიგი მონაცემებით, რუსები გეგმავენ „გამარჯვების კარნავალის“ გამართვას მარიუპოლში 9 მაისს, თუ „სპეციალური ოპერაცია“ წარმატებული იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ისეთი წარმატებით ვერ მიმდინარეობს, როგორც რუსებს სურთ, არც მარიუპოლია ჯერ საბოლოოდ აღებული. ამისი თავი და თავი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების უსაზღვრო თავგანწირვაა. კრემლის ოფიციოზის „კაშკაშა სახე“ მარგარიტა სიმონიანს თუ დავუჯერებთ, რუსების წარუმატებლობა თავად რუსული ჯარის ბრალია.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომი ნატოს შეიარაღებასთან, ჩვენ ვართ მარტო ყველას წინააღმდეგ. ამიტომ, როცა დასვამთ კითხვას, რატომ გრძელდება ომი ამდენს ხანს, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვებრძვით მონსტრებს. ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასეთი ომი არ ყოფილა. ალბათ, ჩვენი ვალია, მეტად დავეხმაროთ რუსულ არმიას და ჩვენს მთავარსარდალს და ავუხსნათ მას, რომ დამზოგველი პოლიტიკა არ მუშაობს. გინდათ, ეს ომი მოვიგოთ ხვალვე, უნდა მოკვდეს 300 ათასი ადამიანი“.
რა გამოდის. სიმონიანის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ერთ დღეში სხვადასხვა სიმძლავრის რაკეტებით უკრაინას სრულიად გადაბუგავენ და ყველასა და ყველაფერს სრულიად გაანადგურებენ. ეს არის რუსეთის ნამდვილი სახე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების დღეებში სრულიად და დაუფარავად გაშიშვლდა.
ერთიც საკვირველია - ომი უკრაინაში ნატოს სიახლოვის გამო დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს დღემდე ნეიტრალური სტატუსის მქონე შვედეთი და ფინეთი შეიტანენ. ცნობილი გახდა, რომ მათ მოთხოვნას, დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის დასრულებამდე დააკმაყოფილებენ. როგორ მოიქცევა რუსეთი? რასაც ამ დღეებში ვუსმენთ და ვუყურებთ, დიდი ალბათობით, ამ ორ სკანდინავურ ქვეყანასაც ომს გამოუცხადებს. ჩრდილოეთელები ჯერ დმიტრი პესკოვმა გააფრთხილა, უფრო მკაცრი ტონით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა, საბოლოოდ კი ქალბატონმა მარია ზახაროვამ დააგვირგვინა და „რუსეთი ნატოს გაფართოებას კატეგორიულად არ დაუშვებს“, - განაცხადა. რა გამოდის? - თაგვმა თხარა თხარა და კატა ამოთხარაო, ასე გამოუვიდა პუტინს. უკრაინას ნატოში ისედაც არ ღებულობდნენ, ომი მაინც დაიწყო და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვრებთან ამ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებული ორი ახალი სახელმწიფო გამოჩნდება.
რუსეთში ყინული შედარებით გალღვა და რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში მოსკოვში, მრავალათასიანი მანიფესტაციის ვიდეოები გავრცელდა, სადაც მოსახლეობა უკრაინაში ომის შეწყვეტასა და პრეზიდენტ პუტინის გადადგომას მოითხოვდა. რუსულ მედიაში არსებული უმკაცრესი ცენზურის გამო ამ მასობრივი მსვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციები არ გამოქვეყნებულა.
გამოცემა „Life.ru“-ს მტკიცებით, 18 მარტს, რუსეთის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩატარდა და დადგინდა რომ 88 პროცენტი, უკრაინაში „ნაცისტების“ ფიზიკურ განადგურებას მხარს უჭერს. 76 პროცენტის აზრით, უკრაინა რუსეთის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის.
თავად ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა-შევიწროება კვლავ გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ რუსმა ჟურნალისტმა და მუსიკალურმა კრიტიკოსმა სერგეი სოსედოვმა წინადადება წამოაყენა, რომ ისრაელში საცხოვრებლად გადასულ ალა პუგაჩოვას საცხოვრებელ სახლს სახელმწიფომ ნაციონალიზაცია გაუკეთოს.
სოსედოვს დაეთანხმა ცნობილი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, რომელმაც პუგაჩოვა - გალკინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა:
„მე მაქვს კითხვა, რუსეთის საწინააღმდეგოდ რატომ აკაკუნებენ სოციალურ ქსელებში? გამოვიდნენ ლტოლვილების, დაჭრილი სამხედროების წინ, აი, როგორც ამას აკეთებს სამაგალითო გრიგორი ლეპსი. ახლა არ მითხრათ, რომ ლეპსზე პოპულარულია რომელიმე მათგანი. მაშინ, როცა ლეპსი ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს უმღერის, გალკინი ისრაელში ველოსიპედით სეირნობს“, - განაცხადა ნიკიტა მიხალკოვმა, რომელიც კიდევ ერთ ადამიანს „გადაწვდა“. მისი თქმით, ივან ურგანტის ტელევიზიაში დაბრუნებაზე გამოკითხულთა 92-მა პროცენტმა უარყოფითად უპასუხა, რაც რეჟისორის მტკიცებით, ყველა კითხვას პასუხს სცემს.
პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი დაუფარავი „მეხოტბე“ თინა კანდელაკია, რომელიც დღე არ ჩაივლის, სოციალურ ქსელებში საყვარელ „ვლადიმიროვიჩს“ სიყვარულით აღსავსე ახალი გზავნილი არ გაუგზავნოს. რამდენიმე დღის წინ კანდელაკის „პოლიტიკურ აქტიურობას“ რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ნიკა ბელოცერკოვსკაია გამოეხმაურა და მისი ქმედება საჯაროდ გააკრიტიკა:
„ის ჭკვიანი გოგოა, მაგრამ მე მაოცებს მისი სახიფათო ორპირობა. მან ყველაფერი იცის. ეს იგივეა, რაც მე ახლა ვთქვა, რომ ფრანგული პროდუქტებისგან მომზადებული კერძი, რეალურად რუსული პროდუქტებისგან მოვამზადე. თინას შეუძლია გაარჩიოს სიმართლე სიცრუისგან, მას ესმის, რა ხდება სინამდვილეში. არ გადავალ პირადში, ვისთან ცხოვრობს თინა, ვის ხარჯზე, მაგრამ მას აქვს არჩევანი – გავიდეს ჩრდილში, დატოვოს თანამდებობა, ან ისაუბროს პატრიოტიზმზე, რომელიც მოჩვენებითია და ბედნიერად ისეირნოს მდიდრულ სახლში“.
თინა კანდელაკს კიდევ ერთი „გმირი“ - რამზან კადიროვი ჰყავს, რომელსაც პატივისცემასა და სიყვარულს დაუფარავად უზიარებს. რამდენიმე დღის წინ ეს „გმირი“ ახალ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა.
„ზაპოროჟიეში მოპარული კომბაინი კადიროვის ფერმაში აღმოაჩინეს“, - ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ ქვეყნის ოპერატიულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა. „გაუჩინარებული“ კომბაინი გროზნოს მახლობლად მდებარე სოფელში, კადიროვის სახელზე არსებულ ფერმაში იპოვეს.
უკრაინას სრულიად მსოფლიო ეხმარება, მათ შორის უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანები.
ინგლისელმა, 12 წლის ბიჭმა, რომელიც ხისგან ნაკეთობებს ამზადებს, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 109 400 დოლარი შეაგროვა. შვედეთის მოქალაქემ კი საკუთარი იახტა სასწრაფოდ გაყიდა, სასწრაფო დახმარების 10 მანქანა შეიძინა და თავად ჩამოიყვანა უკრაინაში, ქალაქ ტროსტიანეცში.
დღევანდელ წერილს ცნობილი რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინის ციტატით დავასრულებთ: - „ამ ომის მიმდინარეობისას ყველა ადამიანის ცხოვრება, რომელიც ლაპარაკობს რუსულად, ან სულაც, ჩართულია რუსულ კულტურაში, შეუქცევად შეიცვალა. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთია მთავარი – ესაა კრიმინალური ომი უკრაინაში, რომელიც წამოიწყო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ. შეუძლებელია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანს სიტყვითაც კი არ შეუძლია საკუთარი პროტესტის გამოხატვა“.
აგრემც მაგათ კეთილებს დავენაცვლე ჯეფერსონ ვაშინგტონების თამადობით
ისე ხო უყვეს მაგათ შტუკა ----- თუ სადმე რამე მაგათი ძეგლები იყო სუ იქაურ ,,მტკვარში,, გადაუყარეს
(ისე მაინც და მაინც ყველა მისისიპში არ ჩაუყრიათ)