კიდევ ერთი გაფრთხილება მსოფლიოს, რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მსგავსი სცენარისთვის უკრაინელები მზად უნდა იყვნენ. მისივე თქმით, დღეს უკრაინის სამედიცინო სექტორი სხვადასხვა სცენარისთვის მეტ-ნაკლებად მზად არის, თუმცა, თუკი მტერი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, საკითხავია ამის მასშტაბი და ტერიტორია, რომელზეც ის ამას გააკეთებს.
„პირადად მე ძალიან არ მინდოდა რუსეთის ამ შემოჭრის დაჯერება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. შემიძლია ახლაც არ მჯეროდეს (ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების), მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ამ მხრივ ვითარება გაცილებით უფრო რთულია, თუმცა ჩვენ შესაძლო ინციდენტებისთვის ვემზადებით. არსებობს გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ვითარებაში და რა წამლები უნდა მივიღოთ - მათ შორის იოდი“, - განაცხადა დანილოვმა.
როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებას არ სურს ვინმეს შეშინება, მაგრამ მსგავსი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. დანილოვის თქმით, მოქალაქეებმა ინტერნეტის საშუალებით უნდა მოიძიონ ინფორმაცია და გაიგონ, რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯზე წავიდეს. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, რუსეთი უკრაინასთან დონბასისთვის ომს წააგებს, დასავლელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, პუტინი ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე წავიდეს.
„სადღეისოდ ამის საშიშროება არ არის, მაგრამ დასავლელი ექსპერტები წინსწრებით პროგნოზებს აკეთებენ: თუ დონბასში უკრაინამ გაიმარჯვა, პუტინს სხვა გამოსავალი არ ექნება, რადგან პუტინი ვერ დაუშვებს იმას, რომ დამარცხდეს. 2 კვირაში ყველაფერი უნდა გაცხადდეს, როგორ დასრულდება ბრძოლა დონბასისთვის.
რუსეთის რაკეტების მარაგი ამოუწურავი არ არის. დღეს დასავლეთი აკეთებს ყველაფერს, რომ დონბასში უკრაინამ გაიმარჯვოს. პირადად მე, არ მგონია, რომ პუტინმა გაბედოს და გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თანაც, ძნელი წარმოსადგენია, ეს დასავლეთმა გადაყლაპოს. საბოლოო ჯამში, დიდ როლს შეასრულებს ხალხის მოტივაცია, ამასთან ერთად - იარაღი. ბოლო 10 დღის მანძილზე ბაიდენმა 2-ჯერ გამოუყო იარაღი. დღეს უკრაინელებს მეტი ტანკი ჰყავს უკრაინაში, ვიდრე რუსებს.
ჰიტლერს ბუნკერში, ბოლო წუთებში ატომური იარაღი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გამოიყენებდა. თუ პუტინიც აქამდე მივიდა, მაგრამ მეეჭვება ბუნკერში გამომწყვდეული ვიხილოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ის გამოიყენებს ამ იარაღს. პუტინს შეთქმულების მოწყობასაც ვერავინ გაუბედავს და მხოლოდ ერთ პიროვნებაზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას თუ ვერა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. დაახლოებით 2-3 კვირაა დარჩენილი და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ასევე განაცხადა, რომ ახლანდელი მდგომარეობით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, „ვნახოთ, ხვალ რა იქნება - შევხედოთ, როგორ განვითარდება მსოფლიო“.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას არ გააჩნია ბირთვული იარაღი, რა დროსაც რუსეთი, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, „უკრაინის მიმართ აგრესიის აქტს ახორციელებს“. დანილოვის თქმით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენა „ძალიან რთულია და თანამედროვე პირობებში ამის განხორციელება თითქმის შეუძლებელია“.
„ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ და ამაზე ვიოცნებოთ, მაგრამ არსებობს ტექნიკური პროცესი და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ეს შეუძლებელია. ვნახოთ, მომავალში რა იქნება - დავაკვირდებით, თუ როგორ ვითარდება სამყარო. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ომის შემდეგ სამყარო განსხვავებული იქნება და ის სხვაგვარად განვითარდება. ახალი კავშირები და ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ამ ახალი სისტემის შექმნაში სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ“, - აღნიშნა დანილოვმა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. მისი თქმით, არ არსებობს წესები, სადაც მითითებულია, როდის შეიძლება ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.
„ამიტომ, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ნატო-ს მიმართ ესკალაციის თავიდან აცილება“,- აღნიშნა შოლცმა და დასძინა: „შეცდომის შედეგები დრამატული იქნება“.