ოპოზიცია ისე გაკტორდა, ხალხი აბუჩად იგდებს და დასცინის - სააკაშვილი კი საცოდავ პერსონად იქცა

ოპოზიცია ისე გაკტორდა, ხალხი აბუჩად იგდებს და დასცინის - სააკაშვილი კი საცოდავ პერსონად იქცა

გაკოტერბული პოლიტიკური სპექტრი და რეიტინგდაკარგული პოლიტიკური პარტიები. NDI-ის კვლევის მიხედვით სავალალო მდგომარეობაშია, როგორც ხელისუფლება, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, პატარა პარტიებს კი, პოლიტიკური პულსი საერთოდ არ ესინჯება. ენმ-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისა და ციხეში ყოფნის მიუხედავად, ენმ-ის რეიტინგი კატასტროფულად არის შემცირებული. 27%-იან პარტიას, რომელსაც, წესით, ბოლო საპარალმენტო არჩევნების მიხედვით ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს, რეიტინგი 7%-მდე აქვს ჩამოსული.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევა კი, რომელიც მარტშია ჩატარებული, ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ამასთან, როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

ასევე საინტერესოა უკრაინის ომთან დაკავშირებული შედეგი. გამოკითხულთა უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

კითხვაზე: „როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მათ ქმედებას?“ - გამოკითხულთა 63% პრეზიდენტის ქმედებებს აფასებს დადებითად, 46% კი პრემიერ-მინისტრის. უარყოფითად პრეზიდენტის ქმედებები 18%-მა შეაფასა, პრემიერ-მინისტრის ქმედებები კი უარყოფითად 37%-მა.

პრეზიდენტის ქმედებების შეფასებისას პასუხი არ იცოდა 18%-მა, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებების შეფასებისას 15%-მა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური სპეტქრი ჩვენს საზოგადოებას და მის მოთხივნილებებს საერთოდ აცდენილია, ამიტომაც NDI-ის კვლევების ასეთი შედეგი გასაკვირიც არ არის. საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ შიდა პოლიტიკა ძალიან ბანალურ დონეზე დაიყვანა და საბოლოო ჯამში, სიტუაცია იქამდეა მისული, რომ ხალხი მათ კი აღარ უსმენს, არამედ აბუჩად იგდებს.

„სიმართლე გითხრათ, შიდა პოლიტიკაზე მსჯელობა უკვე მეც კი მიჭირს, რადგანაც რაღაცაზე რომ იმსჯელო, ამას ლოგიკა უნდა. ახლა კი ისე ვითარდება სიტუაცია ჩვენი პოლიტიკოსების გარშემო, რომ ლოგიკის მარცვალიც კი არსად ჩანს. ბოლო წლების განმავლობაში ხალხმა საერთოდ ვერ გაიგო, რას აკეთებენ. ჯერ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. ქვეყანაში პროცესები უმართავ სიტუაციამდე მიიყვანეს, მერე, როგორც იქნა, შევიდნენ და ისევ იქიდან გამოსვლაზე ლაპარაკობენ. ხალხმა უკვე ვეღარ გაიგო, ესენი რისთვის აირჩია. ამიტომ მათი ყველა ქცევა, გადაწყვეტილება მოსახლეობის მხრიდან აბუჩად ასაგდები გახდა. პოლიტიკოსებს დღეს ჩვენი მოსახლეობა დასცინის და ოპოზიციის გადაწყვეტილებებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. ჩვენს საზოგადოებას ქართველი პოლიტიკოსები საერთოდ მოსწყდნენ და მათ ინტერესებს კი არა, საკუთარ ინტერესებს ახმოვანებენ“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფულად დაკლებულ რეიტინგს, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა და არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პარტიის რეიტინგს გაზრდიდა, პირიქით მოხდა. საყვარელიძე ამას სააკაშვილის და პარტიის მხრიდან არასწორ გადაწყვეტილებებს, განცხადებებს და ქმედებებს უკავშირებს.

„ენმ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. საკუთარი თავი აქვთ დაკარგული და რეალობის აღქმა უჭირთ. ეს კი საზოგადოების თვალში მათ ძალიან აკნინებს. მათ საკუთარი ელექტორატიც კი განუდგა და სააკაშვილიის დაბრუნებამ ვერ შექმნა და ვერ გამოიწვია ის რეზონანსი, რისი იმედიც ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილმა უკრაინიდან წამოსვლით თავი გაწირა, რეალობა არ აღმოჩნდა. მე, პირადად ვფიქრობ, რომ ის უკრაინიდან გამოიქცა და პირიქით, თავს უშველა. მან ომს გამოასწრო, როგორც ჩანს, ამაზე ინფორმაცია ჰქონდა. ეს მოსახლეობამ ძალიან სწორად აღიქვა და მისი პერსონა გაფეტიშდა. მისი ჩამოსვლის შესახებ მითები დაინგრა და საკუთარ პარტიაშიც კი აღარ აინტერესებთ. ამდენი უაზრობით და რაღაცა ფსევდო გადატრიალებების მცდელობით ხალხი დაიღალა. დაცინვაზეა ხალხი გადასული, ეს კი ყველაზე მძიმე მოვლენაა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება უკრაინის თემასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულებას და ხელისუფლების პოზიციის მიმართ მაღალ ნდობას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ეს კარტიც ვერ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ეცადა ამ თემის საკუთარი ინტერესებისთვის შემობრუნებას, ხელისუფლებამ აჯობა. „ოცნების“ პოზიციამ და „ნაციონალებისთვის“ „ომის პარტიის“ დაძახებამ აჯობა. მიუხედავად პრემიერის მხრიდან დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა, მისმა პოზიციამ ომთან დაკავშირებით, ხალხში მხარდაჭერა მაინც მოიპოვა. საყვარელიძე განსაკუთრებულად პრეზიდენტ ზურაბიშვილის სწორ პოზიციონირებას აღნიშნავს, რომელიც კვლევებშიც კარგად გამოჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლაც ხელისუფლების მიერ იქნა მოგებული.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ კვლევაში მოცემული ტენდენცია რეალობაა და საზოგადოებაში ნამდვილად ასეთი განწყობა არსებობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სპექტრისადმი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან ძალიან უარყოფითია. ბოლო ორი წელი რასაც ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ალბათ, ასეთი რეიტინგი გასაკვირიც არ უნდა იყოს.

„მესამე ძალა ქვეყანაში არ ჩანს, ვერ ჩამოყალიბდა. პატარა პარტიები ხან ერთ ჯგუფში არიან, ხან მეორეში. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საერთოდ ბოლო ორი წელია კატასროფას აკეთებს. მიტინგები და მანიფესტაციები არ გვინდა, ზეიმი უნდა გავმართოთო. ცოტა თავს იბაიბურებენ და ვერ ხვდებიან თუ რა ხდება, მართლა არ მესმის - ისევ იმაზე ლაპარაკობენ პარლამენტიდან გამოვიდნენ თუ არა. სააკაშვილი თავის დროზე როცა ჩამოვიდა, თითქოს მისი პერსონა სახიფათო ჩანდა ხელისუფლებისთვის. დღეს სააკაშვილის პერსონა საცოდავია. სააკაშვილი ყველა გამოსვლაზე ერთი და იგივეს ატრიალებს.

კაცი რელობას ვერა და ვერ მიხვდა. რაღაცა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს თუ ასე უნდა, რომ იყოს, ვერ ვხსნი. თითქოს ბოლო გამოსვლისას ახალი გეგმა უნდა შეეთავაზებინა. რა ახალ გეგმაზეა საუბარი? თეორიულად ყველამ ყველაფერი იცის. 200 000-კაცი კი არა 20 000 კაცი ვეღარ გამოჰყავთ. სად არის მოსახლეოაბში დღეს ისეთი ვითარება, რომ აქ ახლა რევოლუციაზე საუბარი იყოს?! გასაგებია, რომ ხელისუფლება ხალხს არ მოსწონს, მაგრამ ოპოზიცია უფრო არ მოსწონთ. ამიტომ უნდა გაიგონ, რომ ხალხს დაელაპარაკონ და კითხონ, რა უნდათ. თვითონ რა უნდათ იმას კი ნუ ლაპარაკობენ, ხალხს კითხონ, რა უნდათ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება უკარინის თემის ვერგამოყენებას და ისევ ხელისუფლების პოზიციონირების გამარჯვებას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აქაც არასწორი აქცენტები გააკეთეს, რის გამოც საბოლოო ჯამში, ხელისუფლება კი არა, საკუთარი თავი დააზიანეს.

„ეს თემა საბოლოო ჯამში ოპოზიციამ კი არა, ხელისუფლებამ გამოიყენა. „ოცნებამ“ ზუსტად იქ დაარტყა, სადაც ენმ-ის სუსტი წერტილი იყო. ნაციონალები ომის პარტიად გამოაცხადეს და ახლა, საქართველოში ვინმეს ჰკითხონ, ომის გაგონება უნდათ? ეს პროპაგანდა და პიარი მუშაობს, ამიტომ „ოცნებამ“ სწორი პოზიციონირება დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მისი აქცენტი და პოზიცია მოსახლეობამ მაინც მიიღო. ყველას გვაწუხებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ თქვა ის, რაც გვინდოდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის და პრემიერის პოზიციები ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. კიდევ კარგი, რომ საპარლამენტი დელეგაცია უკრაინაში წავიდა. პრეზიდენტის გამოსვლები გაცილებით მისაღები და სწორი აღმოჩნდა. მას ამხელა რეიტინგი იმიტომ აქვს. ესეც ლოგიკურია, რადგან მოსახლეობა ხელისუფლების მცდელობას, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, აფასებს“, - აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.