„თუკი რუსებს ამ ომში მართლაც 20 ათასამდე დაღუპული ჰყავთ, როგორც ამას ირწმუნება უკრაინული მხარე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭრილებს სამზე თუ გავამრავლებთ (60-70 ათასი კაცი), მთლიანობაში, პუტინის არმიას 80-90 ათასი კაცი ჰყოლია მწყობრიდან გამოსული. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ვერასდროს დადგება ფეხზე და დასახიჩრებულია მთელი ცხოვრება. რუსებმა უმნიშვნელოდ წაიწიეს წინ, შესაბამისად, რუსეთის არმია დემორალიზებულია“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
პუტინის მხრიდან მინიშნებები არ ჩანს, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება. ზელენსკის ადმინისტრაციაში ომის დასრულების თარიღად 2035 წელს ასახელებენ და იმ უკრაინელებს ურჩევენ უცხოეთში განრიდებას, ვინც ფსიქოლოგიურად ხანგრძლივი შეტაკებებისთვის მზად არ არის. ამერიკელები ომის დასრულებას გაცილებით ადრე, 2022 წლისთვის ვარაუდობენ. როგორ ფიქრობთ, ომის დასრულების შემდეგ დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის გაგრძელდება, თუ რუსეთს, როგორც გარიყულ ქვეყანას, შეიბრალებენ და მოუხსნიან იმ სანქციებს, რაც მას დაწესებული აქვს?
- ეჭვი მეპარება, წლობით გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს რამდენიმე თვე შეიძლება იყოს, რადგან რუსეთს რესურსები ეწურება, უკრაინა წარმატებულად მოქმედებს და გაწელილი ომი რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომ, მე მგონი, სადღაც ორი კვირის ფარგლებში განახორციელებს რუსეთი სერიოზულ გენერალურ შეტევას დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებით, იმედია, ეს გეგმაც ჩაეფუშება, რადგან უკვე დემორალიზებულია რუსული არმია. თუკი რუსებს მართლაც 20 ათას კაცამდე დაღუპული ჰყავთ, როგორც ამას ირწმუნება უკრაინული მხარე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭრილებს სამზე თუ გავამრავლებთ, 80- 90 ათასი კაცი ყოფილა გამოსული მწყობრიდან. ანუ 20 ათასს პლუს სადღაც 60-70 ათასი კაცი, რომელიც ვერასდროს ვერ დადგება ფეხზე და დასახიჩრებულია მთელი ცხოვრება. მთლიანობაში, 140 ათასი კაცი შეიყვანა რუსეთმა უკრაინაში, 140 ათასიდან 90 ათასი თუკი პარალიზებული და მწყობრიდან გამოსულია, მაშინ გამოდის, ძალიან სერიოზული ზარალი აქვთ, ვგულისხმობ არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ დაჭრილებს. აქედან გამომდინარე, რუსებს რესურსები არ აქვთ.
რუსი რეზერვისტების მოუმზადებლობა უკრაინასთან ომში კარგად გამოჩნდა, ამდენად, რეზერვისტებს ვეღარ შეიყვანს რუსეთი, მაგრამ დამატებითი გამოცდილი ძალები რომ შეიყვანოს?
- რუსეთმა დამატებითი ძალების სახით შეიძლება კიდევ 50 ათასი კაცი შეიყვანოს უკრაინაში, მეტს ვერ შეიყვანს, არ აქვს ამდენი რესურსი, ხომ არ მოაშიშვლებს მთელ თავის რეგიონებს?! რუსეთს ყველგან ჯარები ჰყავს - ფინეთის მიმართულებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით, კავკასიაშიც ჯარები ჰყავს, ეს გამოწვევა იქნება ყველასთვის. ამ ფონზე რუსეთს ძალიან ცოტა დრო აქვს, რაღაც შედეგს მიაღწიოს. წესით, რუსეთი თავადაც უნდა ხვდებოდეს, რომ აგებს, ამიტომ მისი მთავარი ამოცანაა, დღეს რაღაცას მაინც მიაღწიოს, სულ ცოტა, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების აღება მაინც მოახერხოს. დღემდე ესეც კი ვერ გააკეთა. ომის წინ მან აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობა, მაგრამ დღემდე ვერ აიღო. ეს ძალიან უჩვეულოა. 50 დღეზე მეტხანს გრძელდება ეს ომი და ეს ვერ მოახერხეს. წინ ძალიან ცოტათი წაიწიეს და მიწაში ჩადეს 20 ათასი კაცი. ეს ძალიან დიდი მსხვერპლია ასეთი პატარა წარმატებისთვის. პუტინს სჭირდება სერიოზული, მეტ-ნაკლებად ხელმოსაჭიდი წარმატება, ის ახლა გამოფხიზლდა, ამდენ ხანს იყო ჰალუცინაციებში, ეგონა, უკრაინელები დანებდებოდნენ, მას ატყუებდნენ. როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, მოახდინა რეორგანიზაცია, ჯარების გადაყვანა, გადაჯგუფება, სამხედრო ძალები გადაიყვანა კიევიდან დონეცკის მიმართულებით. ამ ფონზე დარჩა ბოლო შანსი. ვფიქრობ, თუ ორ კვირაში მოახერხებენ გადაჯგუფებას და შეტევას, ეს შეტაკება შეიძლება გაგრძელდეს 2- 3 კვირა, ორ თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. მაქსიმუმ ორ თვეში მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი შედეგები, რის გამოც მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. იმ პერიოდში, როცა პუტინი ჯერ კიდევ იყო ჰალუცინაციებსა და მითებში, მოლაპარაკების პროცესში არაფერი არ დათმო რუსეთმა, უკრაინას მოუწია მეტი ბრძოლა, მეტი სისხლისღვრა და მეტი მსხვერპლი, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ დადგა, მარიუპოლი რომ მარიუპოლია, ეს ერთი ქალაქიც ვერ აიღო ვერანაირად რუსეთმა. ამის გამო რუსეთს მოუწევს გარკვეულ პირობებზე წასვლა სადღაც ორი თვის შემდეგ.
სწორედ რუსეთის წარუმატებლობით აიხსნება ის შურისძიება, რაც სამხედრო ელიტასთან მიმართებით ხდება მოსკოვში. როგორც ამბობენ, გაცოფებულმაა პუტინმა ჩაძირული კრეისერ „მოსკოვის“ ადმირალი ოსიპოვი დააპატიმრა. თუმცა ერთიცაა, ყველას ჰგონია, რომ რუსეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ პუტინი იღებს და ის მარტოდმარტო მართავს ქვეყანას, არადა, შესაძლოა, გავლენის სფეროები რუსეთში გადანაწილებულიც იყოს. ერთი ადამიანი, თუნდაც პუტინი აიღებდა თავის თავზე იმხელა პასუხისმგებლობას, რაც უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება?
- ეს არის დიდი პირამიდა, მთელი რუსული სამხედრო და ადმინისტრაციული მანქანა, სადაც უამრავი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ, პუტინი მსჯელობს და სხვებთან ერთადაც განიხილავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ასეთ ტრაგიკულ სიტუაციაში მაინც ყველას სჭირდება, საბოლოო გადაწყვეტილება პუტინმა თავად მიიღოს. ამდენად, საბოლოო გადაწყვეტილებას, ალბათ, პუტინი იღებს. უხეშად რომ ვთქვათ, პუტინმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ბირთვული იარაღი გამოყენებულ იქნება, რადგან უამრავი პროცედურა უნდა გაიაროს ამ გადაწყვეტილებამ, სულ ცოტა, 7- 8 ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიღაც მონაკვეთზე ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩავარდეს და თქვან, რომ არ შეიძლება ამ იარაღის გამოყენება. ანუ გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს მის შესრულებას ამ ომში. ამიტომ პუტინი იძულებულია, როგორც თქვენ ბრძანეთ, გენერლები გაათავისუფლოს, ვიღაცები გაუშვას, დააპატიმროს, თვითონ მარტო ვერ აკეთებს საქმეს. ამდენად, მოსალოდნელია, მაქსიმუმ ორი თვის ფარგლებში ხელი მოეწეროს ისეთ დოკუმენტს, რომელიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და უკრაინა იტყვის, რომ კმაყოფილია.
და მსოფლიოც აპატიებს რუსეთს ჩადენილს და კიდევ ერთხელ გავხდებით გადატვირთვის მომსწრენი?
- არ აპატიებს. ვიდრე პუტინი იქნება ხელისუფლებაში, გაგრძელდება ეკონომიკური სანქციები. შეიძლება, გარკვეული სანქცია მოიხსნას, მაგრამ ძირითადი ეკონომიკური სანქციები შენარჩუნდება. რუსეთს მოუწევს უკრაინის სასარგებლოდ ხელი მოაწეროს დოკუმენტს და შეასრულოს ის დოკუმენტი, ჯარების გაყვანა მთელი ტერიტორიიდან, ალბათ, ყირიმის გარდა, რადგან ყირიმის შესახებ თვითონ ზელენსკიმ აღიარა, რომ ყირიმთან დაკავშირებით შეიძლება გაიწელოს მოლაპარაკებები და ამას გამოიყენებს რუსეთი. ამ დროს საქართველომ სწორედ ახლა უნდა ილაპარაკოს, რომ ჩვენგანაც გასაყვანია ჯარები. მეორე ვარიანტია პუტინის წასვლა ხელისუფლებიდან და ახალი ვინმეს მოსვლა, ვინც შეასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს, ჩაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, ნავალნის გამოუშვებს ციხიდან, რუსეთში ჩაატარებს ახალ არჩევნებს, მოვა ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და ამ ფონზე დაიწყება რუსეთის დემოკრატიული რეფორმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება, ჩემი აზრით, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და დაიწყება გადატვირთვა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთში ყოველ მეორე დღეს აანონსებდნენ, რომ პუტინს საკუთარი სამხედრო ელიტა მოკლავდა, გარემოცვა გადატრიალებას მოუმზადებდა, მაგრამ შეცდნენ ამერიკელები, ამაოდ ელოდნენ ბრუტუსს კრემლში. როგორ ფიქრობთ, როდესაც დამარცხდება პუტინი, მაშინ თუ გამოჩნდება ბრუტუსი პუტინის წინააღმდეგ? თუ ეს არასდროს მოხდება, რადგან რუს ხალხს პუტინი უყვარს?
- რუს ხალხს უყვარს ხელისუფალი. თუ ვიღაცა გამოჩნდება, ვინც დაამარცხებს პუტინს, ის შეუყვარდება. რუსეთში არ არის დემოკრატია, რუსეთში არის პატივისცემა მეფის მიმართ, პატრონყმური დამოკიდებულებაა. ამიტომ, მე მგონია, პუტინს არავინ მოკლავს, მას პენსიაზე გაუშვებენ, როგორც გორბაჩოვი გაუშვეს და მანამდე კიდევ ხრუშჩოვი. არანაირი გასამართლება რუსეთის სასამართლოთი არ მოხდება პუტინის მიმართ, არც ჰააგას გადასცემენ, მხოლოდ იტყვიან, ჩვენ გავუშვით პუტინი, ჩატარდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ახალი პრეზიდენტი შეირჩევა გუნდიდან და ეს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები, ეს იქნება ისეთი „არჩევნები“, როგორც პუტინი „აირჩიეს“ თავის დროზე, როცა ელცინმა თქვა, ეს კაცი იქნება თქვენი მომავალი პრეზიდენტიო. ასევე, ვიღაცას შეარჩევენ პუტინის ნაცვლად. თუმცა მკვლელობა თუ მოხდა, ესეც საინტერესო იქნება, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის გარდაუვალობას.
როცა მოვლენების გარდაუვალობაზეა საუბარი, პარალელებს ავლებენ, რომ პუტინმა გაიმეორა რუსეთის ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ მეორის შეცდომა, რომელმაც ომი წამოიწყო იაპონიასთან, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი, აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკარგვა და საბოლოოდ ნიკოლოზ მეორე ბოლშევიკებს ემსხვერპლა.
- მაგრამ თანამედროვე ბოლშევიკები რუსეთში არ ჩანან. ვინც პუტინის საწინააღმდეგოდ აზროვნებდა, ყველა გამოყრილია და, მათ შორის, საქართველოშიცაა წამოსული.
""ეს ანალ-იტიკოსი თუკი-ზე აგებულ ანალებში დასეირნობს და პირველივე აბზაციდან აღარ ვაპირებ წაკითხვას!""
:) რაიმე საინტერესო წიგნი წაიკითხო ჯობია