გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისთვის, რომ მოუნდეთ საქართველოსთან ერთად ცხოვრება. მისი თქმით, 2005-2006 წლებში საკმაოდ აქტიური იყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ პროცესები გაჩერდა.
for.ge ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
აფხაზეთის კონფლიქტიდან 29 წელი გავიდა. სამწუხაროდ, კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, წინ ვერ მივდივართ, მიუხედავად ამისა ქართველებსა და აფხაზებს შორის ადამიანური ურთიერთობები ნარჩუნდება. მაგალითად, ომის შემდეგ უკვე მეორედ, აფხაზები მოდიან და ასუფთავებენ ქართველების მიერ მიტოვებულ სასაფლაოებს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, მაგრამ მიდიან ამ რისკზე. ბატონო ვახტანგ, როგორც სამხედო, როგორ ხსნით ამ ადამიანურ ისტორიას?
ვახტანგ კაპანაძე: საბოლოოდ არ გაბოროტდა ხალხი. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს არის ყველანაირი ხალხი, მაგრამ ბოლომდე არ არიან გაბოროტებული და განსაკუთრებით უფროსი თაობა. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ნაწილი, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელსაც ახსოვს კარგი ურთიერთობა ქართველებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. გადრა ამისა, გამოჩნდა, რომ ბევრი შეცდომები იყო დაშვებული არა მარტო ქართველების მხრიდან, არამედ აფხაზების მხრიდანაც.
ასევე, მნიშვნელობას ვანიჭებ იმასაც, რომ მებრძოლებს შორის უფრო არაა სიძულვილი დარჩენილი, რაც მებრძოლის მიმართ პატივისცემას იმსახურებს. კავკასიელებში ცოტა სხვანაირად არის ეს ფენომენი. აქ არ არის მარტო დაპირისპირება და სისხლისღვრა, დაღვრილი სისხლის გარდა არის ერთმანეთის პატივისცემა, ყოველთვის ასე იყო. აფხაზურ ნაწილშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს. ტყუილად არ იყო თავის დროზე ძუძუმტეობა ქართველებსა და აფხაზებს შორის განვითარებული.
როგორ ფიქრობთ, ეს გენეტიკური ფესვები თავის დაღს ასვამს პროცესებს?
- ჯერჯერობით ძალიან მცირე ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები გამოყარეს აფხაზეთიდან და დევნილად იქცნენ, აფხაზები უფრო არიან გაბოროტებულნი, რადგან ხედავენ, რომ თავიანთი დაღვრილი სისხლით მიიღეს უარესი, ვიდრე ჰქონდათ, შეიძლება ეს ფაქტორიც იყოს. რთულია ასე ზერელედ საუბარი, ალბათ, ეს უფრო სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის თემაა. დღეს ასეთია ვითარება, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოსწორებადია.
ემოცური კადრია, როდესაც ეროვნებით აფხაზი, ისევ აფხაზის მიერ მოკლული ქართველის საფლავს ასუფთავებს. რა თქმა უნდა, ეს ორგანიზებული იყო ისევ ქართველის მიერ და ეს ბოლო წლებია გრძელდება. ამ მოვლენას როგორ ახსნით, როდესაც აფხაზის მიერ დახვრეტილი ქართველის საფლავს, ისევ აფხაზი ასუფთავებს?
- ჩემი, როგორც სამხედროს გადასახედიდან, ეს არის კაცური საქციელი! ეს არის კავკასიელის საქციელი! ეს არის ღირსეული კაცის საქციელი! ყველაფერი ინდივიდუალურია. ეს არის ადამიანობის გამოვლინება! სამწუხაროდ, ამას მასიური ხასიათი არ აქვს. როდესაც ღვიმეებს ვიკვლევდით, ხშირად გვქონდა ექსპედიცია აფხაზეთში, ბზიფის ქედი, არაბიკა, გაგრის ქედი - ეს იყო მაღალი მთის აფხაზური სოფლები, სადაც ნამდვილი აფხაზები იყვნენ. შემიძლია გითხრათ, რომ მე იქ ცუდი ადამიანი არ მინახია, მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი დავდიოდი იმ მთებში. ძალიან სპეტაკი, ნამდვილი კავკასიელი ხალხი იყო, რომელიც ყველანაირად გვერდში დაგიდგებოდა.
მაგრამ, როგორც კი ჩამოხვიდოდი გუდაუთაში, იმ წუთში ხდებოდა დაძაბვა. ეს მაინც იყო რუსული გავლენა და იგრძობოდა, რომ სპეცსასამხურები მუშაობდნენ ვითარების დაძაბვაზე. რაც დრო გადის, ამაში უფრო ვრწმუნდები. ვიცი მექანიზმები როგორც ხდება სიტუაციების დაძაბვა, პრობლემების შექმნა. ახლა გახდა მოდური სიტყვა - ჰიბრიდული ომი, თორემ ეს ჰიბრიდული ომი ყოველთვის იყო და ყოველთვის იყო ასეთი მტკივნეული წერტილები. საბჭოთა კავშირის ტერიტორია რომ ავიღოთ, ყველა რესპუბლიკაში იყო მსგავსი მტკივნეული წერტილები შემონახული, რომელიც უნდა გააქტიურებულიყო საჭირო დროს და საჭირო მომენტში.
პოლიტიკური თვალსაზრისით, წინსვლა არ გვაქვს, პროცესი გაყინულია. თითქოს არის დინებები, მაგრამ არ არის შედეგზე ორიენტირებული. აფხაზები სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამით, მაგრამ არაეფექტურია, იმკურნალებენ და ისევ ბრუნდებიან. როგორ ფიქრობთ, სახალხო დიპლომატია არის ის გზა, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული და მნიშვნელოვანია ამ რესურსის ამოქმედება, ვიდრე პოლიტიკისთვის ამ პროცესის მინდობა? მით უმეტეს, გვაქვს ჟენევის ყოვლად უსარგებლო ფორმატი...
- 2005-2006 წლებში საკმაოდ აქტიური იყო ეს ურთიერთობები. იმართებოდა ქართულ-აფხაზური შეხვედრები, იყო საუბრები, მსჯელობები. კარგად მახსოვს ირაკლი ალასანიამ, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, სერგეი შამბაც ჩამოიყვანა საქართველოში. იყო ეს მოძარაობა, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო რაღაცები გაჩერდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მუშაობდნენ არაკეთილმოსურნეები, რომელთა ინტერესი იყო დაპირისპირების გაღვივება. არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთს. თქვენ კარგად მიხვდებით ვისზეც არის ლაპარაკი. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მიმზიდველი გახდეს აფხაზებისთვის. აფხაზებს უნდა უნდოდეთ საქართველოსთან ერთად ცხოვრება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზობა დაკარგონ და საქართველოში წამოვიდნენ, არა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში აფხაზებს თეატრიც ჰქონდათ და უნივერსიტეტიც. ახლა რა ხდება? - უნივერსიტეტი აქვთ, მაგრამ რამდენად აფხაზურია და რამდენად ნარჩუნდება აფხაზური იდენტობა? ფაქტობრივად ერი დგას ასიმილაციის და დეგრადირების გზაზე. ახალგაზრდას თუ შეუძლია, გარბის რუსეთში.
აფხაზ ახალგაზრდებში ძალიან მაღალი პროცენტია ნარკომანიის, კრიმინალის. სოციალური ვითარება ნადვილად გაუარესებული აქვთ და ეს ხომ რეალობაა. ზოგადად, ერებს შორის დაახლოების სამი ძირითადი პირობაა - მოთმინება, მოთმინება და მოთმინება. ძალით რაღაცის მოქაჩვას, ძალით გაკეთებას აზრი არ აქვს და არც უნდა ხდებოდეს. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ ირლანდია და ინგლისი, მამასისხლად იყვნენ გადაკიდებული, მთელი ბრძოლები მიდიოდა, მაგრამ დღეს დაწყნარებული და დალაგებული ურთიერთობა აქვთ ამ ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთში. რთული, მაგრამ გადაწყვეტადია ეს პრობლემები.
გასაგებია, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ აფხაზებს მოუნდეთ საქართველოსთან ერთად ცხოვრება? როგორ გავხადოთ მიმზიდველი, რომ მესამე ძალა, რომელიც პოლიტიკურ ამინდს ქმნის აფხაზეთში, გახდეს მიუღებელი?
- რადგან სახალხო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ აქ ხალხზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელშეწყობით. მე არ ვარ პოლიტოლოგი, ჩემი, როგორც სამხედროს გადასახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზებმა უნდა დაინახონ დიდსულოვნება და ის, რაც შენ უპირატესობას გაძლევს მათთან ურთიერთობაში. უფასო ჯანდაცვის პროგრამის გაგრძელება და განვითარება არის საჭირო - მე ასე მიმაჩნია. ძალით და რაღაცის ფორსირებით საქმე არ გამოვა. ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ჭკვიანურად, მეთოდურად, სწორი პოლიტიკით და ურთიერთობითაა საჭირო გამარჯვებამდე მისვლა.
ის, რომ ქართველები აფხაზებს აღიარებენ და მხარში უდგნან, ამას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს თურქეთში მყოფ აფხაზობას. მათი შესაძლებლობაც უნდა იყოს გამოყენებული, რადგან დიდი გავლენა აქვთ თვითონ აფხაზეთში. თან არა მარტო აფხაზებზე, არამედ ჩერქეზურ დიასპორაზე, რომელიც ძალიან მძლავრადაა წარმოდგენილი თურქეთში. სხვათა შორის, ჩერქეზების გენოციდი ქართველებმა აღიარეს. სხვა არავის უღიარებია საბჭოთა კავშირის ტერიტორაზე. ალბათ, უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს, მით უმეტეს, რომ ახლა, როდესაც დგება ისეთი გარემო, როდესაც ძალიან გაუჭირდებათ აფხაზებს.
რას გულისხმობთ?
- რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში უფრო გაუჭირდებათ აფხაზებს. ძალიან დიდი ზეწოლა იქნება რუსეთის ხელისუფლებიდან აფხაზური მიწების გაყიდვის შესაძლებლობის მიცემაზე, რასაც დღეს-დღეისობით აფხაზები კბილებით იცავენ, მაგრამ რამდენ ხანს გაუძლებენ, არ ვიცი. სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდი ლობი მხარს უჭერს რუსებისთვის ამ მიწების მიყიდვის ნებართვას. ასე რომ, ძალიან მტკივნეული და ფაქიზი თემაა, მაგრამ გადაწყვეტადია.
აფხაზებმა, რომლებმაც გადააფასეს ყველაფერი და დღეს ქართველების საფლავებს ასუფთავებენ, გამოყენებადი რესურსია იგივე სახალხო დიპლომატიის კუთხით?
- უპრეცედენტო ფაქტია. შესაბამისად, გამოყენებადია. თითოეული სიკეთის ჩვენება არის საჭირო. ჯერ ერთი, რომ გაკეთება არის ყურადსაღები და მეორეა, დაინახო. გამკეთებელმა უნდა დაინახოს, რომ შენ მისი სიკეთე დაინახე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვხედავთ მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეს და მზად ვართ ხელი გავუწოდოთ. სახელმწიფო მოწყობიდან არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არამედ პირიქით, ურთიერთობის გამარტივებით უნდა დავიწყოთ საუბარი, რასაც მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. როცა გალღვება ყინული, მერე ადვილია საუბარი. მადლიერების გრძნობა უნდა იყოს ორმხრივი. ჯერ ჩვენ უნდა დავინახოთ და შემდეგ აფხაზებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ეს დავინახეთ.
როგორ უნდა დავანახოთ? იმდენად გაციებულია ადამიანური ურთიერთობები, რომ თვითონ დევნილებისგან არ ჰქონია ამ მოვლენას რეაქცია, თითქოს ჩაითვალა, რომ ვიღაც ვალდებულია ეს აკეთოს...
- უპირველესად საჭირო არის მოთმინება. ერთი წვეთი ქვას ხვრიტავს. ეს ისტორიები „იუთუბზე“ უნდა იყოს ატვირთული, მათ შორის „ტვიტერზეც“ დაიდოს, აფხაზურად უნდა ითარგმნოს. ეცადეთ, რომ გახვიდეთ აფხაზებზე, იგივე თქვენს კოლეგებზე და მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ გმირობას. აფხაზმა კაცმა ქართველი კაცის ორგანიზებით ქართველების საფლავს მოუარა, ეს კაცური საქცელია! ჩვენ, ჩვენი გარდაცვლილი ქართველი ვაჟკაცების ოჯახის წევრები მადლიერი ვართ ამ ფაქტით! ის, რომ ჩვენ მადლობა მაინც ვუთხრათ მათ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა და ეს არის მნიშვნელოვანი. აუცილებელია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვხედავთ ამ მადლს, ვაფასებთ ამას და ღია ვართ ურთიერთობის აღდგენისთვის.