შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ რუსეთისგან დიპლომატიური არხებით გაფრთხილება მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთმა ორივე ქვეყანა გააფრთხილება, როგორც საჯაროდ, ასევე ორმხრივი დიპლომატიური არხებით. შესაბამისად, ზახაროვა ამბობს, რომ შვედეთმა და ფინეთმა იციან ამის შესახებ, მათ გასაკვირი არაფერი ექნებათ, ისინი ყველაფერზე ინფორმირებულები იყვნენ, თუ რას გამოიწვევს მათი ნატო-ში გაწევრიანება.
რუსეთის მუქარის მიუხედავად, შვედეთი განიხილავს წარადგინოს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადი. ფინეთის პარლამენტში კი, ნატო-ში გაწევრიანებაზე დებატები მიმდინარეობს. ფინეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანებაზე დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია.
ფინელი კანონმდებლები მთავრობის ანგარიშს განიხილავენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გარეშე ფინეთი არ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის ალიანსის პარტნიორია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შემაკავებელი ეფექტი“ ფინეთის თავდაცვაზე „საგრძნობლად მეტი“ იქნება, თუ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. ფინური მედიის ცნობით, ფინეთის 200 დეპუტატის დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და მხოლოდ 12 მათგანია წინააღმდეგი. ფინეთის პრემიერ-მინისტრიმა სანა მარინმა განაცხადა, რომ საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა განაცხადი წევრობისთვის.
უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, მნიშვნელოვანია მადრიდის სამიტი და გადაწყვეტილებები, რასაც ალიანსი მიიღებს და მათ შორის საქართველოს ნაწილში. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი ელოდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის. აპატურაის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით ამ ცხად პოლიტიკას ქვეყანა სამიტის დოკუმენტშიც იხილავს, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.
„დიახ, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას.
„რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას. ეს არის ცხადი პოლიტიკა და ცხადი პოლიტიკაა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და ვფიქრობ, ამას ნახავთ სამიტის დოკუმენტშიც, რომელიც ივნისის ბოლოს გამოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქვეყნებიც არის ევროპაში, რომლებიც პოტენციურად რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩართულები ვიყოთ ასევე საქართველოში, რომელიც ცალსახად უკვე განიცდის დიდ სირთულეებს რუსეთის მხრიდან. საქართველოში უკვე ბევრი ნატო-ა, თუმცა გვინდა უფრო მეტი ნატო შემოვიტანოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, რომელმაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაცია წარუდგენა ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ფლობს ნატო-ში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს. როგორც ბერაიამ თავდაცვის კომიტეტზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, ჯეიმს აპატურაის მოხსენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა დაჩქარებული წესით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და საქართველოს როლი კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ჰიბრიდული საფრთხეების ბრძოლის სფეროში. ეს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ პირობებში, როდესაც საქართველო აძლიერებს ეროვნულ მედეგობას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-სთან თანამშრომლობას, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უსაფრთხოების არქიტექტურის შემდგომ გაძლიერებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების გაზრდაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების გადაუდებელ საჭიროებაზე“, - აცხადებს ბერაია.
მისი თქმით, საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და არასოდეს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს.
„დღეს ქვეყანას აქვს უდიდესი გამოცდილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენს ქვეყანას აქვს მზაობა და სურვილი, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება და საქართველო არის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებების პრინციპების ერთგული, რაც მოსახლეობის ურყევი ნებაც არის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის და პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნატო-ს წარმომადგენლები ქართულ მხარეს არწმუნებენ, რომ არსებობს განწყობა, რათა მადრიდის ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესაბამისი გზავნილები გაკეთდეს. მისი თქმით, სამიტამდე არსებული რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, რათა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ შანსი გვაქვს, დემოკრატიის თვალსაზრისით პროგრესი გვქონდეს.
„ყველას გვესმის, რომ მადრიდის ნატო-ს სამიტი იქნება ქვეყნის მომავლისთვის ისტორიული მნიშვნელობის. ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელია, რომ ნატო-ს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, არსებობს შესაბამისი განწყობა იმისთვის, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შესაბამისი გზავნილები გაკეთდეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
უახლოესი კვირები, რომელიც გადამწყვეტია ევროკავშირის კითხვარის თვალსაზრისით და ნატო-ს სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს შანსი, გვქონდეს პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით. ამასთანაა დაკავშირებული ჩვენი წარმატება ნატო-ს სამიტზეც და ევროკავშირის კითხვარის შეფასებების ნაწილში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.