საქართველოში მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი - „ჩვენ არ გვსურს რუსეთს მიზეზი მივცეთ, რომ ნატო ერევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში“.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ეს პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ნატო ფრთხილობს, რუსეთმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. მისივე თქმით, საქართველო-უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებაზეა დამოკიდებული. თუკი პუტინი უკრაინის დამარცხებას შეძლებს, მაშინ ნატოს კარი იქამდე დაიკეტება ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იქნება.
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი - ჩვენ არ გვსურს რუსეთს მიზეზი მივცეთ, რომ ნატო ერევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. რას ნიშნავს ნატოს მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება ომთან მიმართებაში?
- როდესაც ნატოს მხრიდან უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე იყო საუბარი, მაშინვე თქვეს, რომ ეს რუსეთს არ უნდა მიეღო ისე, თითქოს ნატო კონფლიქტში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ესკალაცია არ გაიზარდოს და ამავე დროს ცდილობს უკრაინა დაიცვას. აპატურაის განცხადება სწორედ ამას ნიშნავს.
ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს რუსეთის ეშინია?
- ნატოს რუსეთის არ ეშინია. საუბარია იმაზე, რომ ეს კონფლიქტი მთელს ევროპას არ გადაედოს და ბირთვულ ომში მილიონობით ადამიანი არ დაიხოცოს - ნატოს ამის ეშინია. ლაპარაკია სიფრთხილეზე და არა შიშზე.
ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთს ნატოს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული იარაღით ემუქრება და აჩუმებს?
- ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, დიდი ალბათობით, ბირთვული იარაღის ომში გადაიზრდება. რა თქმა უნდა, კონვენციური იარაღით ნატო რუსეთს დაამარცხებს. ამიტომ გამწარებულ მდგომარეობაში მყოფმა რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება და ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ნატოს კი არ უნდა საქმე ისეთ ესკალაციამდე მივიდეს და ევროპაში ბირთვული ომი დაიწყოს. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ამის გამო იკავებენ თავს, თუმცა უკრაინას ყველა სახის იარაღს აძლევენ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეტაპზე ნატო არ ჩაერთვება ომში.
რა ფორმით ჩართვაზე საუბრობთ?
- ძნელი სათქმელია, რა ფორმით ჩაერთვება. საქმე იმაშია, რადგან ნატო დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენს, მისი მთავრობები მოსახლეობის აზრს ითვალისწინებენ. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობაში არ გაჩნდეს აზრი, რომ ნატო რუსეთთან პირდაპირ ომში ჩაერთო. თუ ეს მოხდა, მაშინ შეიქმნება ასეთი სურათი - ნატოს ომი ნამდვილად არ უნდოდა, თავს იკავებდა, მაგრამ რუსეთმა სხვა გზა აღარ დაუტოვა და ამ ომში ჩართვა მოუწია.
ამ ყველაფრის ფონზე ჯეიმს აპატურაის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ დღეს ნატოს კარი უკრაინისთვის ღია არაა?
- უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს კარი ყოველთვის ღიაა. თუკი ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოსაც და უკრაინასაც ნატოში ერთდროულად მიიღებენ. იქამდე ამას აზრი არ აქვს, რადგან თუ უკრაინას ნატოში ახლა გააწევრიანებენ, ეს იმ წუთას გამოიწვევს იმას, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთთან ომში ჩაერთონ, ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ისინი უკრაინას გამარჯვებაში ყველანაირად დაეხმარებიან, მაგრამ ომში არ ჩაერთვებიან. როდესაც რუსეთი დამარცხდება და იქ შეიცვლება ხელისუფლება, მაშინ საქართველოსაც და უკრაინასაც ნატოში სასწრაფოდ მიიღებენ.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების ბედი მარტო რუსეთის დამარცხებაზეა დამოკიდებული? ასევე გამოდის, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ნატოს კარი სამუდამოდ დაიკეტება, თუ იქამდე ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იქნება?
- დიახ, აუცილებლად. ამდენი ხანი სწორედ ამიტომ აჭიანურებდნენ, რომ რუსეთს ჩვენთან ომი არ დაეწყო. ანალოგიური სიტუაცია იყო უკრაინის მიმართაც, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ რუსეთმა უკან არ დაიხია და ომი მაინც წამოიწყო. თუ ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა, მაშინ ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება. დედამიწაზე სამუდამო არაფერი არსებობს. ვიდრე რუსეთი ძლიერი, აგრესიული და ევროპისთვის რისკების შემქმნელი იქნება, ნატო შეეცდება რომ მისი პროვოცირება არ მოახდინოს. ამავე დროს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის აგრესიისგან საქართველოსაც და უკრაინასაც დაიცავს.