„ნაცები“ საერთაშორისო ომის პარტიის ნაწილნი არიან, მათი ინტერესია, უკრაინამ იომოს უკანასკნელ ჯარისკაცამდე, დაასუსტონ რუსეთი და ამით ფინანსურად იხეირონ“

„ნაცები“ საერთაშორისო ომის პარტიის ნაწილნი არიან, მათი ინტერესია, უკრაინამ იომოს უკანასკნელ ჯარისკაცამდე, დაასუსტონ რუსეთი და ამით ფინანსურად იხეირონ“

„საქართველოს მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და რუსეთთან ომში ჩართვა ანტიკონსტიტუციური საქციელი იქნებოდა, რადგან ჩვენი კონსტიტუცია თავდაცვითი ომის გარდა კრძალავს სხვა მოქმედებებს. ჩვენს ხელისუფლებას ეს რომ გაეკეთებინა, სახელმწიფო ღალატი იქნებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

შალვა პაპუაშვილი კიევში იყო. „ნაციონალებმა“ რა არ გააკეთეს სიტუაციის ასამღვრევად, მათ შორის, ერთი დღით ადრე გაიპარნენ პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილთან ერთად და უკრაინაში ჩაასწრეს „ქართული ოცნების“ დელეგაციას, მაგრამ საბოლოოდ თავად აღმოჩნდნენ ირონიულ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ „ნაცები“ შეიძლება უკრაინაშიც გაიშიფრონ, რომ ბუჩას ტრაგედიასაც სათავისოდ იყენებენ?

- ის მიზანი, რომ საქართველოს პარლამენტს გამოეხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ შესრულებულია, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამით „ნაცები“ დამარცხდნენ, მათ საკმაოდ მყარი პოზიცია უკავიათ უკრაინაშიც. საქართველოშიც ახერხებენ იმას, რომ მუდმივად დაძაბულობას ქმნიან, ომის რიტორიკას აგრძელებენ, ისევ უტევენ საქართველოს მთავრობას, ისევ თესავენ შფოთს, არეულობას, სიძულვილს. ისინი ამით არ გაჩერდებიან. უკრაინაში ცალკე დელეგაციით რომ წავიდნენ, ამით ხაზი გაუსვეს განხეთქილებას, რაც საქართველოში არსებობს და კიდევ იმ პოზიციას, რომ ისინი კვლავაც რჩებიან საქართველოს მიერ რადიკალური ზომების გატარების მომხრეებად. საქართველოს მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და ომში ჩართვა ანტიკონსტიტუციური, არაკონსტიტუციური საქციელი იქნებოდა, რადგან ჩვენი კონსტიტუცია თავდაცვითი ომის გარდა კრძალავს სხვა მოქმედებებს. თუ საქართველოს რომელიმე ხელისუფლება ამას გააკეთებს, ეს კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა იქნება, რომელიც სახელმწიფო ღალატს უტოლდება. გასაგებია, „ნაცები“ რა პოზიციაზეც დგანან, სამწუხაროდ, მათ პოზიციას ბევრი გამზიარებელი და დამცველი ჰყავს, ეს ფეისბუკზეც შეგიძლიათ ნახოთ, ისეთი საშინელებებიც იწერება, რომ „ყველა რუსი არ არის ღირსი, ცოცხალი იყოს, ყველა რუსი უნდა განადგურდეს და ამ საქმეში საქართველოც უნდა მონაწილეობდეს“.

რუსეთი თუ უნდა განადგურდეს, რუსეთს გაანადგურებს ისევ თავისი პოლიტიკა და თავისი პუტინი.

- კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს რუსის განადგურება. როგორ შეიძლება, რომელიმე ხალხის განადგურება გვიხაროდეს, ვინც გინდა იყოს იგი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არაერთი მტრობა აქვს ჩვენს მიმართ ჩადენილი. ჩვენი მიზანია საკუთარი თავის დაცვა. საქართველოს მიზანი არ არის ვინმეს მტრობა, ეს არ არის ჩვენი სჯულის წესი, ჩვენ აუცილებლად ვიომებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ გვაქვს, თუ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, როდესაც ჩვენზე თავდასხმა ხდება და პასუხისმგებელნი ვართ უფლის წინაშე, ერთმანეთის წინაშე, წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. საქართველოს ღირსება უნდა დავიცვათ, მაგრამ ვინმეს რომ თავს დავესხათ და ომში ჩავებათ, ეს არასწორი იქნება. უკრაინისადმი სოლიდარულნი სწორედ იმიტომ ვართ, რომ სამართლიანობას ვიცავთ.

საქართველოს შემთხვევაში, 3 მილიონნახევარ ადამიანზეა საუბარი და არა უკრაინის 42 მილიონზე, ეს 3 მილიონ ნახევარიც პირობითია, რადგან მათში ძალიან ბევრი ხანში შესულია, ახალგაზრდები უცხოეთში არიან და ამ 3 მილიონნახევარშიც ქართველების პროცენტული მაჩვენებელი არაა მაღალი, სხვა ეროვნების ხალხი შეასრულებს თუ არა მეხუთე კოლონის როლს, ესეც არავინ იცის. სხვათა შორის, უკრაინის ომისგან გამოწვეული სტრესის პირველმა ტალღამ საქართველოშიც გადაიარა და ისინიც, ვინც ღარიბაშვილისგან ომში ჩართვას ითხოვდნენ, დარწმუნდნენ, რომ რთულია საქართველოს დაცვა ამდენი შიდა თუ გარე მოღალატის ფონზე.

- საქართველოს ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე აგვაცილოს. ამას რომ დაარქვა კოლაბორაციონიზმი ან ლაჩრობა, ეს ამაზრზენია. უწინარესი მოვალეობა ჩვენი ხელისუფლების ის არის, ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს, რომ ამ უთანასწორო ომში ქვეყანა არ ჩაებას. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საქართველოში ეს ომი მაქსიმუმ რამდენიმე დღე გაგრძელდება, მეტი არა. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, რომ ჩვენი ინიციატივით რაიმე პროვოკაცია დავუშვათ, რათა ამ ომში როგორმე ჩაგვითრიონ.

თანდათანობით ზელენსკი და მისი გარემოცვაც უფრო დადებით ტონალობას ამჟღავნებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მათ შეეძლოთ, უცერემონიოდ ეთქვათ, რომ შტაინმაიერის მსგავსად, არ სურთ საქართველოს დელეგაციის ჩასვლა უკრაინაში. ასევე, შეცვლილია რადას თავმჯდომარის ტონალობაც.

- ეს სწორედ ევროკავშირის და ჩვენი დიპლომატიის დამსახურებაა. უკრაინას მიუთითეს, რომ საქართველოზე ახლო და საიმედო პარტნიორი არ ჰყავს. საქართველო და უკრაინა ერთი და იმავე რანგის საფრთხეს გრძნობენ, რასაკვირველია, უკრაინა ომშია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ საფრთხე ჩვენთვის ერთნაირია. ის საფრთხე, რაც უკრაინას ახლა გადააქვს, ჩვენ უკვე გადატანილი გვაქვს, ჩვენი ტერიტორიებიც ანექსირებულია.

როცა უკრაინელებმა რუსეთისთვის გაწეულ დახმარებაში დაგვადანაშაულეს კონტრაბანდული ტვირთების გადატანის საქმეში, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ თემის შემოგდებით რუსული სპეცსამსახურები ხომ არ ცდილობდნენ ქართველების და უკრაინელების წაკიდებას? მათი ხელი ურევია ამ საქმეში, რაც „ნაცების“ ინტერესებსაც დაემთხვა?

- არა მგონია, აქ რუსეთის ხელი ერიოს. სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის ინტერესში, ეს იყო არაშორსმჭვრეტელური სიტუაციური ახსნა, რომ საქართველო ჩართულიყო ამ ომში და ამას დაემთხვა „ნაცების“ პირდაპირი ინტერესი საქართველოში პოლიტიკური არეულობის შესაქმნელად.

ნეიტრალურმა ფინეთმა, შვედეთმა ზუსტად ახლა გამოთქვეს ნატოში გაწევრიანების სურვილი, რითაც კიდევ უფრო გააღიზიანეს პუტინი. ეს სიმძიმის ცენტრი საქართველოსაც უნდა გაენაწილებინა? პუტინის გაღიზიანების მისია ჩვენც უნდა გვეტვირთა, თუკი ომში შევეხიდებოდით უკრაინას? ეს დასავლეთში გარკვეული ძალების ინტერესშიც იყო?

- დასავლეთში არიან ამის მოსურნე ძალები, ამას არც მალავენ, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი პირდაპირ მოგვიწოდებს იმავესკენ, რომ აუცილებელია უკრაინის მოვლენებში მონაწილეობის მიღება რადიკალური ფორმით. ესკალაცია, რუსეთის მიმართ ღია მტრული ნაბიჯების გადადგმა ამ სიტუაციაში ლოგიკურად მიგვიყვანს საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე ფრონტის გახსნამდე, ეს კატასტროფა იქნებოდა საქართველოსთვის.

ჩვენ რომ ავყოლოდით უკრაინის მოთხოვნას, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეების დესანტი გამაღიზიანებლად გაგვეპიარებინა და უკრაინაში გადაგვესხა, ეს იქნებოდა იმის საწინდარი, რომ უკრაინა შეელეოდა ადეიშვილს, ლორთქიფანიძეს და უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულ „ნაცების“ მთელ კოჰორტას?

- არა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ამის გარანტია, ეს ნაკლებად არის უკრაინის ნებაზე დამოკიდებული, ამას ომის პარტია მართავს, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური ძალაა, მათი ჩარევის გარეშე ასეთი რამ არ მოხდებოდა, არა მგონია, სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის დაწინაურება ზელენსკიმ საკუთარი ნებით ისურვა. ომის პარტიის მიზანია პროცესების კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, ჩვენი „ნაცები“ ამ საერთაშორისო „ომის პარტიის“ ნაწილნი არიან. მათი პირდაპირი ინტერესია, უკრაინამ იომოს უკანასკნელ ჯარისკაცამდე, მათი პრიორიტეტია რუსეთის დასუსტება და ამით დიდი ხეირის ნახვა, ანუ ვგულისხმობ მატერიალურ ინტერესს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ხშირად ახსენებს ე.წ. ომის პარტიას, მის მიერ შემოტანილია ეს ტერმინი და ის ამაში მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ არ გულისხმობს, ის გულისხმობს მთელ უზარმაზარ კონგლომერატს, რომლის მიზანიცაა ამ ომის საშუალებით მაქსიმალური სარგებლის მიღება. მეორე მხრივ, არიან კეთილგონივრული ძალები ევროპაშიც, შეერთებულ შტატებშიც.

როგორც ჩანს, უკრაინაში ქართული დელეგაციის ჩასვლა დიდი გარღვევა არ იქნება საქართველოსთვის. მაინც გაქვთ იმედი, რომ მოხერხდება ახალი ურთიერთობების დაწყება, ამჯერად „ნაცების“ გარეშე?

- ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში პროგრესი არის, რადგან დემარშის მდგომარეობიდან გამოვდივართ. მდგომარეობა გამოსწორდება, თუკი უკრაინა გადაწყვეტს ელჩი დააბრუნოს საქართველოში და ასეთ დემარშებს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს მომავალში აღარ მოაწყობს. ომში რომ არ ყოფილიყო უკრაინა, ამას შეიძლება პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყოლოდა, რადგან ეს არის მტრული განცხადებები, რაც საქართველოს მიმართ გააკეთეს. ცხადია, ამ ვიზიტის დროს გარკვეული ურთიერთობების დალაგების მცდელობაც იქნება და შედეგებს დავინახავთ.