ზეიმი 200 ათასი კაცის მონაწილეობით, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის - ასეთია პატიმარი ექსპრეზიდენტის მიზანი. რა გეგმით აპირებს „ნაცმოძრაობა“ მიზნის სისრულეში მოსაყვანად, კვლავ უცნობი რჩება. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოში ისაუბრა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა შეიძლება იქცეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ქუჩაში გასვლის წინაპირობად.
ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, კონკრეტული გეგმის არარსებობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მის პოზიციას მოქალაქეების მობილიზებისთვის საკმარისად მიიჩნევენ. ნაწილის აზრით, სტრატეგიის დეტალებზე საუბარი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუჭირდა.
„ნაცმოძრაობისა“ და მისის მხარდამჭერების პასიურობით უკმაყოფილოა თაკო ჩარკვიანი. „კანონი და სამართლის“ ლიდერი და ექსპრეზიდენტის აქტიური მომხრე ფიქრობს, რომ სააკაშვილის პარტია ქუჩის რადიკალურ ქმედებებზე სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.
გაერთიანება ქუჩის მანიფესტაციების ირგვლივ არასერიოზულად მიაჩნიათ საპარლამენტო ოპოზიციაში და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გააკრიტიკეს კიდეც. თქვეს, რომ საზოგადოების მუდმივი, ფუჭი დაიმედება ოპოზიციური სეგმენტის მიმართ ნდობას ამცირებს.
პატიმარ ლიდერთან კონსულტაციებს და „ნაცმოძრაობის“ განახლებულ ტაქტიკას ბაკურიანში ჩატარებულ სემინარს უკავშირებს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობის“ განცხადებების მიღმა ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობის სურვილს ხედავს, რომლის იდეაც, მათი თქმით, პოლიტტექნოლოგ აკერმანთან ოპოზიციის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ დაიბადა. სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს საზოგადოების მხრიდან სტაბილურობის დაკვეთას ახსენებს და ამბობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა არავის გამოუვა.
როდის დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას, უცნობია. პარტია ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებას საქართველოს ყველა ქალაქში გეგმავს.
სააკაშვილისგან განსხვავებით განცხადებებში უფორ მკვეთრი იყო ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქუჩაში 200 000-მდე ადამიანი უნდა გამოვიდეს.
„დღეს ვნახეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, შესაბამისად „ქართული ოცნება“ უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინაშე. ნურავის ნუ ჰგონია, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილს თმის ღერი ჩამოუვარდება, პრობლემები არ შეექმნებათ, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.
მოთქმა-გოდების და პანიკაში ჩავარდნის დრო არ არის, უნდა ვმობილიზდეთ და ვემსახუროთ ერთ კონკრეტულ მიზანს - რუსული პარტიის დასრულებას საქართველოში. რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური და შეძლებადი თუ მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს არჩევნებზე. ჩათვალეთ, რომ ტარდება რეფერენდუმი და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ცხადია ეს შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ეს არის ღირებულებების და მიზნის გარშემო გაერთიანება. მნიშვნელოვანია 200 000 ადამიანი შეიკრიბოს დედაქალაქის ცენტრში და მოვაწყოთ სახალხო ზეიმი, სადაც რუსული პარტია იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გამოსვლა და მისი იდეები უკვე დიდი ხანია გაცვდა და ხალხსაც მობეზრდა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის ისევ გაერთიანება წარმოუდგენელია და მათი პოზიცია უკვე დიდი ხანია ცნობილია. უმეტესობა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს ემიჯნება და ისევ ფანჩატურიზაციას გამორიცხავს.
„დავით უსუფაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ ენმ-ის სტრატეგია, მოქმედება და განცხადებები, უკვე დიდი ხანია საერთოდ გაუგებარია. საზოგადოებას რისკენ მოუწოდებენ დ საერთოდ, რა სურთ თვითონაც არ იციან. ეს არის ოპოზიციის იმ ჯანსაღი ნაწილის მოსაზრება, რომელიც მიხვდა, რომ „ნაციონალების“ დესტრუქცია ხალხს ყელში ამოუვიდა და მათივე ამომრჩევლების მხრიდან უკვე უგულბელყოფილები არიან. მორიგი მოწოდება გაერთიანებისკენ უკვე მოძველებული და ათასჯერ ნაცადი ხერხია. ოპოზიციამ დაინახა, რომ ამ გაერთიანების შედეგად ისინი ყველაზე მეტად დაზიანდნენ. არაერთხელ გაერთიანდნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში კრახი განიცადეს. გაერთიანება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან ფანჩატურში სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ახლა პრობლემები თავად შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და გაერთიანებისკენ ვის მოუწოდებენ, წარმოუდგენელია“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, არაერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ და ბოლოს ჩატარებულმა არჩევნებმა კარგად აჩვენა, რა სურს ჩვენს საზოგადოებას და რა არის პოლიტიკოსებისთვის მათი დაკვეთა. ესაა სიმშვიდე, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილის ბედი საკუთარ პარტიას და ამომრჩეველსაც აღარ ადარდებს. თავად ენმ-ის ამომრჩეველიც კი ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სწორია და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. ამიტომაც სააკაშვილის და მისი გუნდის საუბარი ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე, რიგგარეშე არჩევნებზე და ოპოზიციის გაერთიანებაზე უკვე წარსულს ჩაბარებული ბოდვაა.
„სააკაშვილის მიერ გუშინ საქალაქო სასამართლოში მორგი სპექტაკლი დაიდგა. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ქუჩაში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანი გამოვიდეს და რევოლუციური მუხტი აგორდეს. ეს კი არაფრით არ გამოდის. თავად სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამაც კი ეს ძვრები ვერ მოახდინა. ამ ომის ფონზე კი, ის, როგორც გუნდის წევრებს, ასევე მოსახლეობასაც მიავიწყდა. ამიტომ ყურადღების მიქცევას ცდილობს. საკუთარ ამომრჩეველშიც კი, რომელზე ამბობენ, რომ ნახევარი მილიონი ჰყავთ, ვერ მოახერხეს, რომ იმის ნახევარი მაინც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოიყვანონ. აკერმანიც კი ჩამოყვანეს და ბაკურიანში მთელი ტრენინგები გაიარეს, თუმცა უშედეგოდ, ჯერჯერობით მათი რაიმე ახალი სტრატეგია არ ჩანს. ახლა შეცოდების ტაქტიკას მიმართეს და ხალხს თავს აცოდებენ, თითქოს მათ ბელად სააკაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რომ იქნებ, ამის საშუალებით მაინც გამოვიდეს ხალხი. ფსონს ერთადერთი მიზნით აკეთებენ, რომ ბელადი გადაარჩინონ და ციხიდან საქართველოდან ყველანაირ ფასად გაიყვანონ“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე ძვრებს და გადაჯგუფებას, ქართველიშვილი ამბობს, რომ პარტიის მთლიანი ბირთვი თითქმის ხელში დავით კეზერაშვილმა ჩაიგდო. როგორც აღმოჩნდა, მისი ახალი ფავორიტი ლევან ხაბეიშვილია, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა.
„ნიკა მელიას დაკნინებულ პოზიციას თუ დავაკვირდებით, ვანხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ამბები მიდის. ძალის გადმოქაჩვა დავით კეზერაშვილის მისამართით მიმდინარეობს. თუ ჩვენ იმასაც დავუჯერებთ, რომ დავით კეზერაშვილთან ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა და სათავისოდ ეს ანტიკორუფციული ოგანიზაციის შექმნა გამოსტყუა, ძალიან ადვილად იშიფრება ხაბეიშვილის პიროვნული აქტიურობა. კეზერაშვილი ფსონების გადანაწილებას ახდენს. ენმ ერთიანი ნამდვილად აღარ არის. მელია „ნაციონალების“ გაკოტრებული ნაწილის თავმჯდომარეა. კეზერაშვილმა ფსონი უკვე იგივე ხაბეიშვილზე, თავის ზეგავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიაზე და პოლიტიკოსებზე დადო. მომავალში ძალიან საინტერესო პროცესებს უნდა ველოდოთ. ენმ-ის გახლეჩის პროცესი უკვე ფინანსური გადანაწილების სახეს როცა მიიღებს, კარგად დავინახავთ, ვინ ვის ავანგარდშია და რა ბედი ეწევათ საბოლოოდ“, - ამბობს ქართველიშვილი.
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა(რასაც მისდევს საქოცეთი) ძაან ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ერთი ნაპერწკალიც საკმარისია რომ ეგ დაზომბილი მასა ააფეთქო...
რა არი ქოცებო?
მოითბეთ საჯდომები და ყველაფერი გკიდიათ?