"რადიო თავისუფლების" ევროპის სამსახური აქვეყნებს რობორტ კოლსონის სტატიას, სათაურით "ორთოდოქსული ეკლესია აღმოსავლეთ ევროპის მოდერნიზაციისა და სეკულარიზმის მისწრაფების წინააღმდეგ იბრძვის".
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 17 მაისს ბევრი გაოგნდა, როცა თბილისში შავ ანაფორებში გამოწყობილმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა, რომლებიც გაშმაგებულ ბრბოს მიუძღოდნენ, კორდონი გაარღვიეს და თავს დაესხნენ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა აქციას.
"აღმოსავლეთ ევროპაში, ისეთი ქვეყნების საზოგადოება, როგორებიც საქართველო, რუსეთი, სერბეთი და მოლდოვა არიან, ყველა თავისებურად ცდილობს მოდერნიზაციისა და რეფორმების გატარებას. ქალთა, ეთნიკური უმცირესობებისა და ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი მოძრაობები უპრეცედენტო თავდასხმებს აწყდებიან. ორთოდოქსული ეკლესიები ხშირად გვევლინებიან მუხრუჭად, პოლიტიკური და სოციალური კონსერვატიული ძალები ნებისმიერ ინოვაციას უცხოეთის მხრიდან ნაციონალური ტრადიციების ნგრევის საშიშროებად მიიჩნევენ", - წერს რობერტ კოლსონი.
იგი თბილისში, 17 მაისს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ჰომოსექსუალთა მხარდასაჭერი აქციის წინააღმდეგია, რადგან ეს ქართულ მორალსა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მსგავსი შემთხვევა, თუმცა ნაკლებ დრამატული, სერბეთის დედაქალაქშიც მოხდა. 10 მაისს, დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროკავშირის შუამდგომლობით განხორციელებული ნორმალიზაციის შეთანხმება. ნაციონალისტი სერბები ამას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევდნენ.
დემონსტრაციის ორგანიზატორი კი ორი ეპისკოპოსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად პატრიარქი ირინეი მათ ქმედებას გაემიჯნა.
როგორც რობერტ კოლსონი აღნიშნავს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება მოლდოვას კონსერვატიული სამღვდელოებაც. მოლდოვაში რამდენიმე ხნის წინ კანონით აიკრძალა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაცია, რასაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მღვდელმა მოლდოვას "სოდომიზაცია" უწოდა.
"რა თქმა უნდა, ისტორიულად, რელიგიური ორგანიზაციების უმრავლესობა ცდილობდა დაეცვა მოდერნიზაციისგან ის, რაც მათ ტრადიციულ და ფუნდამენტალურ ფასეულობად მიაჩნდათ. თუმცა, ევროპაში ამას ისე აგრესიულად არავინ აკეთებს, როგორც ორთოდოქსული ეკლესია", - წერს რობერტ კოლსონი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ განსხვავებით სეკულარული დასავლეთისგან, ტრადიციულად, ორთოდოქსული ეკლესიები ახლო ურთიერთობებშია ავტოკრატულ ხელისუფლებასთან, რათა მათ ფორმალურად დაიცვან მართლმადიდებლობა.
რობერტ კოლსონი ასევე იხსენებს იმ შემთხვევაში, როცა გასულ თვეს, როცა პუტინის მთავრობამ რუსეთის წამყვანი არასამთავრობოები "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა, რუსეთის პატრიარქმა კირილ მეორემ განცხადება გაავრცელა, სადაც ფემინისტები "ძალიან სახიფათოებად" მოიხსენია. რუსეთის პატრიარქის განცხადებით, ქალი "საშინაო საქმეებზე" უნდა იყოს ფოკუსირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ყველაფერი დაინგრევა – ოჯახი და თუ გნებავთ, სამშობლოც".
სტატიის ავტორი ციტირებს ჟურნალისტ ჯერალდინ ფეგანის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება ავტორიტარიზმის მიმართულებით შორს მიექანება, ეკლესიის მჭიდრო ურთიერთობამ ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მისი მორალური ავტორიტეტი და წონა შეარყიოს, რაც ახლა ბელორუსიაში ხდება.
"თუმცა, განსხვავებით სერბეთისა და საქართველოსგან, სადაც ადგილობრივი ორთოდოქსული ეკლესიები რუსულ ეკლესიასთან კულტურულად არიან დაკავშირებული და მის კანონიკურ დაქვემდებარებაში არ იმყოფებიან, მოლდოვას ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება და კრემლის მიერ არის მართული.
თუმცა, საქართველოსა და სერბეთში ხელისუფლება ეწინააღმდეგება კონსერვატიული ეკლესიის ელემენტებს", - წერს რობერტ კოლსონი და 14 მაისს ბიძინა ივანიშვილის მიერ კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობებს აქვთ უფლებები და საზოგადოება "ეტაპობრივად მიეჩვევა ამას".
10 მაისს სერბეთში გამართული აქცია დაგმო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაჩიჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ისე იქცეოდნენ, "თითქოს ინკვიზიციის ხანაში ცხოვრობდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"აღმოსავლეთ ევროპაში სეკულარულ სახელმწიფოსა და კონსერვატიულ მართლმადიდებელ ელემენტებს შორის ბრძოლა, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითები გვიჩვენებენ, რომ მართლმადიდებლობისა და ევროპული ინტეგრაციის შეთავსება სავსებით შესაძლებელია", - წერს რობერტ კოლსონი.