"ქსოვა კი ვისწავლე მაგრამ..."
"ამით ავიცილებთ იმ ნაღმებს, რომლებიც მომავალში აფეთქდება"
"როდესაც სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი პროცედურების გარეშე იწყება, სახელმწიფო მთავრდება"
"პოლიტიკური თანამდებობის დაკავება არ არის არც სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა და არც სილამაზის კონკურსი, სადაც ინდივიდი საკუთარი უნარებით გამოდის. ეს არის პოლიტიკური კონტექსტი და ამას დამატებული ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს გიჭერს. დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატებიდან არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ არის იმ ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც გადალახავს ჩემს, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ენერგეტიკას", - ასე შეაფასა კონკურენტები "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთანაც საუბარი ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრების თემით დავიწყეთ:
- "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო და "ქართულმა ოცნებამ" მზაკვრულად ჩამოიცილაო...
- ეს არის პოლიტიკური ფანდი იმისთვის, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირება აღქმული იყოს როგორც პოლიტიკური დევნა. ამის მომსწრე ვიყავით ბიბლიოთეკასთან გამართული მოვლენების დროს, როდესაც ეგზალტირებული თანამდებობის პირები შეცვივდნენ ხალხის მასაში და მერე ამას პოლიტიკური დევნა დაერქვა. რასაც წინა ხელისუფლება კანონის ფარგლებში აკეთებდა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების შემთხვევაში, იმას ჩვენი ხელისუფლება ყველას - მოქალაქეების, საკუთარი თავისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ აკეთებს, მაგრამ ეს აღქმულია როგორც პოლიტიკური დევნა. ასეთი ქმედებით "ნაცმოძრაობა" ინარჩუნებს აქტუალურობას მედიაში და საერთაშორისო თანამეგობრობაში.
აქ ჩანს მათი მსოფლმხედველობაც: მას აქვს განცდა, რომ ხელშეუხებელი ელიტაა. მართლაც გულწრფელად ამბობენ, როგორ ბედავთ ჩვენზე იმ კანონების გატარებას, რომელიც ჩვენთვის კი არა, ხალხისთვის დავწერეთო. კანონის უზენაესობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეოდალის, გრაფის, მეფის თუ მისი ოჯახის მიმართ იგივე კანონი ტარდება, რაც გლეხის მიმართ. მანამდე კანონები სხვანაირად იწერებოდა. ხამურაბის კანონებში დიფერენცირებულია კანონის აღსრულება ჩვეულებრივი მოკვდავისა და მაღალი ფენის წარმომადგენლის მიმართ. ანგლოსაქსურ კულტურაში რევოლუცია ის იყო, რომ კლასების დიფერენციაცია მოისპო. მეფესაც კი, რომლის ერთადერთი მაკონტროლებელი ღმერთია, კანონი ზღუდავს... არსად არ წერია, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი დევნისგან.
- სააკაშვილმა მერაბიშვილის დაკავება ტიმოშენკოს დაკავებას შეადარა და აღნიშნა, ყოფილი პრემიერის დაპატიმრებამ დააზარალა ევროპასთან უკრაინის ურთიერთობა და ჩვენც ეს გველოდებაო.
- პრეზიდენტის განცხადება იმ ტიპის სპეკულაციაა, რომელსაც მუდმივად მიმართავს ეს ჯგუფი. კანონის უზენაესობა დასავლური კულტურის ფუნდამენტური ღირებულებაა და მისი პირუთვნელი განხორციელება უზრუნველყოფს ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში. როდესაც დაფუძნდება გამჭვირვალე, კანონზე მიბმული სამართალი, გაქრება ილუზია, რომ არსებობს დომინანტი კლასი, რომელსაც რაღაც ისეთი ეპატიება, რაც არ ეპატიება ჩვეულებრივ მოკვდავს.
- გაგაკრიტიკეს იმის გამო, რომ 17 მაისის მოვლენებზე მკაფიო პოზიცია არ ჩამოაყალიბეთ.
- 17 მაისს მთავრობის სხდომაზევე მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ აუცილებელია ყველამ ითამაშოს ადეკვატური როლი და ეს როლი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. ყველა სოციალურ ჯგუფს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს ეხება, როგორც ლგბტ-ს უფლებების დამცველ ჯგუფებს, ისე კონსერვატიული პოზიციის დამცველ ჯგუფსაც, რომელიც გამოხატავდა არა მარტო საკუთარ პოზიციას, არამედ მეორე ჯგუფის მიუღებლობასაც. ორივე ჯგუფის მიერ პოზიციის გამოხატვა იყო კანონიერი და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომებიც იყო სწორი, რომ ეს ორი დაპირისპირებული ჯგუფი დააშორიშორა, მათ მისვლას ერთმანეთთან შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლოდა. თუმც ჩვენ ვნახეთ პოლიციის კორდონის გარღვევა. ეს რა მიზნითაც უნდა მომხდარიყო (ძალადობის, დიალოგის თუ მოწინააღმდეგის დარწმუნების), იყო კანონდარღვევა. ვნახეთ აგრესიის გამოვლენაც. როგორც კი სახელმწიფო წესრიგი დაირღვა, ეს მოქალაქეები წესრიგის დამრღვევები გახდნენ.
- ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ აქციამ თავი მოგვჭრა ევროპაში...
- მაშინ, როდესაც ევროპაში კოცონებს ანთებდნენ, ჩვენთან ეს პროცესი არ მიმდინარეობდა. აქ ასევე არ ყოფილა ეთნიკური ნიშნით დევნა. ჩვენი მეფე მეჩეთშიც შედიოდა, როდესაც ევროპაში ინკვიზიცია იყო. ჩვენთან 26 საუკუნე ებრაელები ცხოვრობდნენ, როდესაც ევროპაში დარბევები იყო. ევროპელი ფეხბურთის ფანები ისეთ რამეს აკეთებენ, რომლის მსგავსი ჩვენთან არ მომხდარა. ძალადობა და აგრესია დადებითად არ არის აღქმული არც ევროპაში და არც საქართველოში და არ შეიძლება ასეთი შეფასებები მყისიერი ისტერიის რეჟიმში. არა მგონია, მომხდარმა ჩვენი ისტორიული ორიენტაცია შეცვალოს ქვეყნის შიგნით ან გარეთ. ეს პროცესი დამშვიდდება, ქართველები მეტს ვიტყვით ჩვენ შესახებ.
- სპორტის სასახლეში შეკრება გაიმართა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ბევრს გული სწყდება, რომ პროცესი ნელა მიმდინარეობს.
- როგორც კი წინა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური და არა სამართლებრივი სამართლიანობის აღდგენა, მივიდა 7 ნოემბრამდე, 26 მაისამდე, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები საგანგებო რეჟიმში იხდიდნენ სასჯელს... როგორც კი პროკურატურას, სასამართლოს, შს სამინისტროს ამუშავებ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკური ლოიალურობის რეჟიმში, ხდები მძევალი ამ სტრუქტურებისა და იმ პოლიტიკური პირებისა, ვინც ამ პროცესს ახორციელებენ. მერე ისინი ხდებიან კასტა, რომელსაც ყველაფერი უნდა აპატიო. თუ ადამიანი სამართლებრივი პროცედურების გარეშე დააჭერინე, ხდები არა სახელმწიფო, არამედ დაჯგუფება, რომელიც მერე საკუთარ წევრებს ვეღარ მიადგება. გასაგებია საზოგადოების იმედგაცრუება, მაგრამ არაფრისდიდებით არ შევწირავდი დროებით იმედგაცრუებას სახელმწიფოს იდეას. სამართლიანობის აღდგენა თუ გაჭიანურდება, პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება, მაგრამ ამით ავიცილებთ იმ ნაღმებს, რომელიც მომავალში აგვიფეთქდება. როდესაც სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი პროცედურების გარეშე იწყება, სახელმწიფო მთავრდება. "ნაცმოძრაობა" იყო არა მმართველი პარტია, არამედ სექტა. სამართლიანობა, რომელიც ხალხის ნებას ემთხვეოდა, მან არასამართლებრივად განახორციელა.
- "ნაციონალებმა" პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენი დასახელება იმით ახსნეს, რომ პრობლემებს არ შექმნით, რადგან პოლიტიკური ამბიციები არასოდეს გამოგიმჟღავნებიათ და არც პოლიტიკური გუნდი გყავთ.
- მე არასოდეს გამომიმჟღავნებია თანამდებობრივი ამბიცია, თორემ პოლიტიკური ამბიცია და ინტერესი სულ მქონდა ბოლო 12 წლის განმავლობაში...
ყველა იმ პირმა, ვინც პოლიტიკურ ოპონირებას მიპირებს, დაიწყო შეურაცხყოფით, მათი მეტ-ნაკლები ლინგვისტური შესაძლებლობებიდან და კულტურიდან გამომდინარე. შეურაცხყოფა არ არის სასიამოვნო, მაგრამ გამომდინარე იმ ვალდებულებისგან, რომელიც დამაკისრეს, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ვემზადები, რომ ეს კამპანია შეურაცხყოფის რეჟიმში წარიმართება. ყველაფერს მოველი და ყველაფრისთვის მზად ვარ.
- თქვენი ოპონენტები ამბობენ, არ ვიცით, რა საგარეო ხედვა აქვს გიორგი მარგველაშვილსო.
- ჩემი საგარეო ხედვა იმ ჩარჩოში ზის, რაც აქვს "ქართულ ოცნებას". ჩვენი ბუნებრივი ისტორიული ორიენტაცია ევროინტეგრაციაა. ნატო წარმოადგენს ჩვენს მიზანს უსაფრთხოების თვალსაზრისით. არის ღირებულებები, რომელშიც მთელი ქვეყანა ვართ გაერთიანებული - ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპაში ინტეგრაცია. წინა ხელისუფლება ტაქტიკურად უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა რუსეთთან ბრძოლას, ვიდრე ევროპისკენ სვლას. ჩვენი ტაქტიკაა ევროპასთან ინტეგრაცია, საამისო ენერგიას ვიღებთ არა რუსეთთან დაპირისპირებით, არამედ იმით, რომ ერი ვართ ამაში ერთიანი.
- თქვენზე ითქვა, როგორ შეიძლება მეგობრობდეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გიგა ბოკერიასა და ლევან ვასაძესთანო.
- ისიც დაიწერა, რომ გივი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილიც ჩემი მეგობრები ყოფილან, რაც მართალი არ არის. გიგასთან ერთად სტუდენტობა მაქვს გატარებული და მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა, ჩვენ შორის არ მომხდარა კონფლიქტი. მეგობრულ გარემოში 10 წელია არ გვინახავს ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია... მეგობრობა არ უნდა შეეწიროს სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც უცხოელები ისმენდნენ ამ ხელისუფლებაზე ჩემს კრიტიკულ გამოსვლებს და იმავდროულად, ხედავდნენ, როგორი ურთიერთობა მქონდა სხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებთან, უკვირდათ, ეს როგორო? ეს, ალბათ, მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც მეგობრობა და ერთმანეთის გვერდში დგომა გვაძლებინებს. ქართველებს ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან: მეგობრობა, ნათესაობა, ნათელმირონი... ლევანს (ვასაძეს) აქვს საინტერესო შეხედულება: იმდენი ძაფი აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან, რომ ამ კავშირების ინტენსივობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართო. ეს ქმნის ამ ბევრი პრობლემით დაშლილი სოციუმის მთლიანობას.
- დუშეთში თქვენი მეზობლები ჰყვებიან, სახლში საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერიო...
- სახლი გავლესე, იატაკი დავაგე, კიბე გავაკეთე, სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობა გავაკეთე, მაგრამ დამხმარეებიც მყავდა. ეს არ არის ჩემი ჰობი... მე ასე ვცხოვრობ...
- ლევან ვასაძის გააქტიურების გამო ითქვა, შესაძლოა დედაქალაქის მერად იყაროს კენჭი ან მესამე ძალის ლიდერად მოგვევლინოსო.
- მე და ლევანი 35 წელია ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, მეგობრები ვართ. ლევანის გააქტიურება არასოდეს მითარგმნია პოლიტიკურ კონტექსტში. ის არ არის თვალთმაქცი ადამიანი, რომ ერთი თქვას და მეორეს აპირებდეს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია გამორიცხული, ლევანის გააქტიურება არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე გუნდში განიხილება. ის აქტიური ადამიანია და თავის პოზიციას გამოხატავს.
- საზოგადოებას ძალიან აინტერესებს თქვენი ოჯახური მდგომარეობა.
- ოფიციალურად მეუღლე არა მყავს. მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, როცა ჩვენი შვილები მეგობრობდნენ. მაშოც და ანაც სულ ერთად არიან.
- ფეისბუკზე ფოტო გავრცელდა, სადაც წინდას ქსოვთ. ქსოვა თქვენი გატაცებაა?
- ეს იყო ჩემი წარუმატებელი მცდელობა, რომ სიგარეტისთვის თავი დამენებებინა. მითხრეს, რომ ერთ-ერთი მეთოდი ქსოვა იქნებოდა. ძალიან კომიკური იყო, როდესაც შეხვედრებზე გამანერვიულებდნენ და იმის მაგივრად, რომ სიგარეტი ამეღო, ქსოვას ვიწყებდი. რამდენიმე ასეთი შეხვედრა წარმატებულად წარიმართა. ისე დაიბნენ (ცოტა შეეშინდათ კიდეც), როცა დაძაბულ შეხვედრაზე უცებ ქსოვა დავიწყე, რომ მაშინვე ყველა საკითხი კარგად გადაწყდა. ქსოვა კი ვისწავლე, მაგრამ სიგარეტს თავი მაინც ვერ დავანებე. ერთი სიკეთე მაინც გამოვიდა აქედან - სიგარეტმა ქსოვა მასწავლა.