“თემატური გარიგება “რესპუბლიკელებსა” და “ნაციონალებს” შორის ღარიბაშვილის მოსაცილებლად, ნამდვილად არსებობს”

“თემატური გარიგება “რესპუბლიკელებსა” და “ნაციონალებს” შორის ღარიბაშვილის მოსაცილებლად, ნამდვილად არსებობს”

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ერთ-ერთი ის აქტიური ოპოზიციონერია, რომელიც ცდილობს, იყოს კომპეტენტური, თუკი საქმე ქვეყანაში ელიტარულ კორუფციას ეხება. სააკაშვილს მისი სახელის ხსენებაზე დღესაც პირკატა ეცემა ხოლმე, რადგან სწორედ ჯონდი იყო, ვინც სააკაშვილის ჯიბეში ხალხისგან მოპარული ფულები დაითვალა. სამწუხაროდ, ჯონდი ბაღათურიას არ გამოუვიდა ალიანსი ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჯონდის დანაბარები ივანიშვილთან გადაბრუნებულად მიიტანეს და ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი დაარწმუნეს, რომ ბაღათურიას მომავალში ქალაქის მერობა სურდა. ის, რომ ივანიშვილის გარშემო ძალიან ბევრი შავი კატა დარბის პოლიტიკოსის მანდატით, ყოველდღიურად განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. ჩვენთვის ცნობილია იმ პიროვნების ვინაობა, ვინც პრემიერი შეცდომაში შეიყვანა ბაღათურიასთან მიმართებაში. “ქრონიკა” მომავალში შეეცდება, შემოგთავაზოთ ექსკლუზივები, რომელიც ჯონდისთან მიმართებაში ბურუსით მოცულ პოლიტიკურ სქემას ფარდას ახდის. ისე კი, პრესის საშუალებით მოგიწოდებთ უმრავლესობის წევრებს, როგორც ჟურნალისტი, ნუ დაემსგავსებით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და უპასუხეთ ჟურნალისტების ზარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ჩვენგან დამოუკიდებლად, გადაუმოწმებელი ინფორმაციები გამოვაქვეყნოთ, რაც ზიანს მოუტანს თქვენს პიროვნულ იმიჯს.

წარსულში კოალიციამ ბარიერი აღმართა “ქართული დასის” წინააღმდეგ, მაგრამ რა ხდება ახლა? გაზეთ “ალიაში” აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ ის აქტიურ კონსულტაციებს გადის კახა კუკავასთან და ჯონდი ბაღათურიასთან და ისაუბრა მემარჯვენე ძალთა გაერთიანებაზე, თუმცა არც ერთი და არც მეორე პარტია, მემარჯვენე ძალა არ არის, ისინი უფრო მემარცხენე ძალისკენ იხრებიან. “ქრონიკამ” აქტიურ რეჟიმში იმუშავა და დაადგინა, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ აღიქვამს აკაკი ასათიანს და მის პარტიას სერიოზულ პარტნიორად და თავს არ მოიაზრებენ ერთიან ალიანსში ტრადიციონალისტთა ლიდერთან. აკაკი ასათიანს ემიჯნებიან და წლების მანძილზე გადაკარგულ ლიდერზე არ საუბრობენ. კუკავა და ბაღათურია კი რეალურად მუშაობენ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, თუმცა კატეგორიულად ასაიდუმლოებს ორივე მხარე, ვინ იქნება პარტნიორი. დღეს დაახლოებით ოთხი პარტიის ალიანსზეა საუბარი. კატეგორიულად ემიჯნებიან ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ჯონდი ბაღათურია ინტერვიუში ასაიდუმლოებს პარტიების ვინაობას, ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ეს პარტიებია “ქრისტიან-დემოკრატები” და მემარჯვენეები, ოთხი პარტია. “თავისუფალი საქართველო”, “ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატები” და “მემარჯვენეები”, სავარაუდოდ, ამ კვირაში ოფიციალურ ალიანსს გამოაცხადებენ. კულუარული ინფორმაციით, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არანაირად არ იქნება ნინო ბურჯანაძე. ამ ოთხი პარტიიდან ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში 1%-საც კი ვერ აიღებს. შესაბამისად, ისინი ემიჯნებიან მას. რაც შეეხება იმას, როგორ წარმოუდგენიათ მათ საპრეზიდენტო კანდიდატი, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ხსნის, რომ ის არ უნდა იყოს პარტიული და ახალი გაერთიანება, სავარაუდოდ, ეძებს დიმიტრი გელოვანს, ისევე, როგორც ეძებდა “დიმიტრი გელოვანს” კოალიცია “ქართული ოცნება”. რამდენად მოძებნა “გელოვანი” კოალიციამ, გიორგი მარგველაშვილის სახით, ამას დრო გვიჩვენებს. აგვისტომდე დიდი დროა, როდესაც ოფიციალურად უნდა გაიარონ რეგისტრაცია საპრეზიდენტო კანდიდატებმა. არასაპარლამენტო ძალთა გაერთიანების ინტერესი ლევან ვასაძისკენ იხრება, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს საპატრიარქო. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა დარბის ამ პიროვნების გარშემო, თუმცა ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანა ჯერ ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ლევან ვასაძესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა ის ყოფილიყო ოთხეულის საპრეზიდენტო კანდიდატი. შეგახსენებთ, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე წლებია, ვასაძესთან მეგობრობს. ბიზნესმენი გადაცემა “დროების” ავტორსა და წამყვანს გიორგი თარგამაძეს ხშირად აფინანსებდა, თუმცა თარგამაძესთან მეგობრობა გადაწონა ლევან ვასაძისა და მარგველაშვილის ნათელმირონობამ. როცა მას შესთავაზეს, რომ ოპოზიციის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, ლევან ვასაძეს უთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი არის მისი შვილის ნათლია და ამ არჩევნებში კონკურენტად ვერ დაუდგებოდა მას. სხვათა შორის, გეტყვით, რომ ლევან ვასაძეზე “ნაციონალური მოძრაობაც” ნადირობს, კონკრეტულად კი მასზე მიხეილ სააკაშვილს აქვს თვალი დადგმული. რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში ჩასული სააკაშვილი, როცა ის უმციროს ჯორჯ ბუშს სტუმრობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროექტზე ესაუბრა. “ნაციონალების” კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილის სურვილია, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ, ლევან ვასაძე ჩაუყენოს სათავეში ახალ პოლიტიკურ პარტიას. თუმცა ეს ალოგიკურია, რადგან ლევან ვასაძე კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, “ნაციონალურ მოძრაობას” და მეტიც, ის ღიად ითხოვს, რომ გასამართლდნენ “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ფიგურანტები. დღეს თუ არა ხვალ ლევან ვასაძე პოლიტიკურად აქტიური ფიგურა გახდება, ამას ყველა მოცემულობა ადასტურებს. გახშირდა ლევან ვასაძის განცხადებები, რომელიც საქართველოს დიდი ნაწილისთვის მისაღებია, ბოლოს კი ის LGBთ-ს დაუპირისპირდა და თქვა, რომ ეს ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელია. სახელისუფლებო ვერტიკალის რეიტინგის ვარდნას ყოველთვის მოჰყვება ოპოზიციაში ახალი გმირის დაბადება. იქნება თუ არა ეს ლევან ვასაძე, ამასაც მოვლენების დინამიკიდან შევიტყობთ.

გახდება თუ არა წყალგამყოფი ქართველი ხალხისთვის 17 მაისის LGBთ -ს აქცია? მათ სურდათ, რომ ეს დღე ჰომოფობიასთან საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაემართათ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. თუკი ხელისუფლებაში იარსებებენ ელისო ჩაფიძისნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ 17 მაისს ისინიც უმცირესობაში იყვნენ, მეორე მხრივ, თუკი იარსებებენ მოძალადე სასულიერო პირები, ვინც ბრბოს ძალადობისკენ მოუწოდებს და უმცირესობას გინებითა და ცემა-ტყეპით დაუპირისპირდება, ეს ნიშნავს, რომ ძალადობას აუცილებლად მოჰყვება ძალადობა, აგრესიას კი _ აგრესია და შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ ახალი მოცემულობა, როცა ქართული მოსახლეობა მოითხოვს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ტრადიციებზე იქნება დაფუძნებული, თანაბრად დასჯის მოძალადეებს და ასევე, ხელისუფლებას ექნება თანაბარი პოზიცია, რომელიც დაემყარება ქართულ ტრადიციულ ფესვებს.

“ქრონიკის” კითხვებს პასუხობს “ქართული დასის” ლიდერი _ ჯონდი ბაღათურია და შევეცდებით, გავარკვიოთ, ვისი ფულით ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, რომელიც იყო 17 მაისის ღონისძიების ორგანიზატორი, ვინ დგას მათ უკან და რა არის მათი საბოლოო მიზანი. _ ეკლესიის მოწოდებით მივედი აქციაზე, რათა სოლიდარობა გამომეცხადებინა იქ შეკრებილი ადამიანებისთვის, რადგან მეც ისე ვფიქრობ, როგორც იქ შეკრებილი საზოგადოება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხი დამხვდა, 50 ათასზე მეტი.
ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ფეხზე ვდგავართ და მზად ვართ ღირსების დასაცავად. არავის მივცემთ სულში ჩაფურთხების უფლებას.
რაც შეეხება LGBთ საზოგადოების მოტივაციასა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას, ამის საჭიროებას, უბრალოდ, ვერ ვხედავ.

საქართველოში არანაირი ფობია არ არის, LGBთ-ს წარმომადგენლები და მათი ლიდერები არ იდევნებიან, პირიქით, მათი ბევრი წარმომადგენელი არის მთავრობაში, პარლამენტში, ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე. აი, ხომ ხედავთ, მათ გვარებსაც არ ვამბობთ, მერე რომ ცილი არ დამწამონ მათი უფლებების დარღვევაში, ბიზნესში არიან ისინი ძალიან წარმატებულები, სიმართლე გითხრათ, LGBთ-ს წარმომადგენლები დაჩაგრულები და სიღარიბეში მყოფები არ შემხვედრიან.

მედია განსაკუთრებით აქტიურია და ვერ დამისახელებთ ფაქტს, ვინმეს LGBთ-ს წარმომადგენელი დაეჩაგრა. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ მათი აქციის ჩატარების მიზანს, რადგან მათ არავინ ჩაგრავს და ამის საჭიროება არ იყო. თუ ისინი აპირებდნენ გეიაღლუმის ჩატარებას, რომლის შთაბეჭდილებაც შეიქმნა თავიდან, ეს კიდევ უფრო სამარცხვინო საქციელია, რადგან, ჩემი აზრით, ამ ანომალიის პროპაგანდა დაუშვებელია, ასევე უსამართლო _ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მიმართ. ყველას აქვს უფლება, თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ეკლესიაც ამას ამბობს, რომ არავის აქვს უფლება სხვის პირად ცხოვრებაში უხეშად და ძალადობრივი გზით ჩარევის, მაგრამ სხვა საქმეა, შენი პირადი ანომალიური ცხოვრების გასაჯაროება და მისი პროპაგანდა.

_ საფრანგეთი ევროპაში მე-9, გლობალურად კი მე-14 ქვეყანა გახლდათ, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა. თუმცა, მსოფლიომ ნახა, რა რეაქცია მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციაზე _ დიდი აქციები და ხმაური. ფრანგმა ხალხმა ოლანდს პარიზის ცა დაამხო. თუკი ფრანგები გამოხატავენ აგრესიით საკუთარ დამოკიდებულებას, რატომ უკვირს საქართველოს უმცირესობას, რომ ქართველი ხალხი LGBთ-ს პროპაგანდას არ დაუშვებს... ისე, ხომ არ ფიქრობთ, რომ სასულიერო პირებმა ცოტა გადააჭარბეს?
_ საეკლესიო პირების მხრიდან, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია! გეთანხმებით, საფრანგეთში საკმაოდ აგრესიული აქცია ჩატარდა LGBთ-ს წინააღმდეგ, რატომღაც ფრანგებისთვის მსოფლიოში არავის უწოდებია ბნელი საზოგადოება ქართველებისგან განსხვავებით, LGBთ-ს საზოგადოება მათი პოლიტიკური გუნდის, “ნაციონალების” დაკვეთით, ცდილობს ჩირქი მოსცხოს ეკლესიას, ხელზე აქვთ დახვეული ორი ფრაგმენტი. ერთი, როცა მღვდელი მოდის და ხელში ტაბურეტი უკავია. წინა ღამით სასულიერო პირები და საზოგადოება იყო შეკრებილი, მათ ღამე გაათენეს და შესაბამისად, მათ სკამებიც ჰქონდათ მოტანილი, სადაც ისხდნენ. ასე რომ, მათ ეს ტაბურეტი იარაღად არ გამოუყენებიათ, სასულიერო პირები მხოლოდ და მხოლოდ აბობოქრებულ ხალხს აჩერებდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს აქცია იყო პროვოცირებული. მეტიც, ეს აქცია იყო “რესპუბლიკელების” და “ნაცმოძრაობის” მხრიდან ლობირებული ერთობლივად. პირდაპირ გეტყვით, წაქეზებული, რასაც პოლიტიკური ამოცანები ახლდა.
მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ “ნაცმოძრაობის” ფრთა, სადაც შედიან ბოკერია, მისი მეუღლე, აქ იგრძნობა ბენდუქიძის ნაკვალევიც, აქტიურად ჩანდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბენდუქიძის დაფინანსებით იკვებებიან, მათ შორის ხატია დეკანოიძე, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში განათლების მინისტრის პოსტი ეკავა.

_ ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ძმისცოლია, გასაკვირი არაა, რომ ნათესავ პრეზიდენტს ზურგს უმაგრებს.
_ არ ვიცოდი, სააკაშვილის ძმისცოლი თუ იყო ხატია დეკანოიძე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები აქციაზე აქტიურად ჩანდნენ. ბენდუქიძე, ჩერგოლეიშვილი, ბოკერია, ეს არის ერთი ჯგუფი, ისინი არიან თანამოაზრეები, ჩანდა, რომ ბენდუქიძის დაფინანსებით იყო სარეკლამოს ბანერები, ამას გარდა, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინტრიგა, რომლის მოქსოვასაც ერთდროულად ცდილობენ “რესპუბლიკელები” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “რესპუბლიკური პარტია” ერთობლივად მოქმედებენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” სამოქალაქო სექტორში პოზიციები აქვს,
მათ ქვეყნის გარეთაც აწყობილი ქსელი აქვთ, ერთობლივად ცდილობენ, თანამდებობა დაატოვებინონ ღარიბაშვილს და ივანიშვილს ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი გამოაცალონ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ინფორმაციის წყაროს ჩამოაცილებენ, თუკი მიზანს მიაღწევენ. მათ პოლიტიკურ მიზნებს პირადი მოტივაციებიც ახლავს. საქმე ისაა, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს აწყობს პრემიერის დასუსტება, კონკრეტულად კი მათ, ვინც თავის მომავალს ვერ ხედავს ივანიშვილთან ერთად.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოცილებით ისინი დაასუსტებენ პრემიერს, “რესპუბლიკელები” რომ თავის მომავალს ვერ ხედავენ ივანიშვილთან ერთად, ეს არის ცალსახა და ამას არც არავინ მალავს. კოალიციის წევრები არც მალავენ, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისინი ცალ-ცალკე გამოვიდნენ, ცალ-ცალკე არჩევნებზე გამოსვლა მინიმუმ კონკურენციას ნიშნავს, ეს კი იმის ტოლფასია, რომ შენი კონკურენტი უნდა დაასუსტო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც “რესპუბლიკელები” არიან დაინტერესებული და გარდა ამისა, “რესპუბლიკელებს” ირაკლი ღარიბაშვილთან ძველი დაპირისპირება აქვთ.

_ ძველ დაპირისპირებაში თქვენ გულისხმობთ იმ ფარულ ჩანაწერს, სადაც ღარიბაშვილი ხიდაშელს აგინებს?
_ დიახაც და ყველაფერს შეეცდება “რესპუბლიკური პარტია”, ძველი დაპირისპირების საფუძველზე, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილს ეს საყრდენი გამოაცალოს. ამით “ნაციონალების” ინტერესებიც გატარდება. მოკლედ,თემატური გარიგება “რესპუბლიკელებსა” და “ნაციონალებს” შორის ღარიბაშვილის მოსაცილებლად, ნამდვილად არსებობს.

_ როგორ ფიქრობთ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის _ გელა ხვედელიძის დაკავებამ ხომ არ შეასუსტა მინისტრის პოზიციები?
_ არა, ხვედელიძის შემთხვევა არის ცოტა სხვა, მე რასაც ვატყობ, ბიძინა ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ პოლიტიკურად გამოუცდელი. თუმცა გამოუცდელობის მიუხედავად, მას კარგად ესმის, რომ არ უნდა დათმოს ირაკლი ღარიბაშვილი. ვფიქრობ, ის ამას არ გააკეთებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ “ნაციონალები” და “რესპუბლიკელები” ღარიბაშვილის თემას არ შეეშვებიან, სანამ ღარიბაშვილი იქნება ამ პოსტზე, მანამდე მას არ მოეშვებიან. თუკი ივანიშვილს პოლიტიკური ალღო საამისოდ არ ეყო, დარწმუნებული ვარ, ის პრესას კითხულობს, საიდანაც მიიღებს რჩევებს და ინფორმაციებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილმა დაუშვა შეცდომა, როცა ამ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, LGBთ-ს მოწინააღმდეგეთა მხარეს იდგა საქართველოს მოსახლეობის 99% და ივანიშვილი აღმოჩნდა ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე ბანაკში, LGBთ საზოგადოებასთან, “რესპუბლიკურ პარტიასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. შესაბამისად, ეს ხალხმა ძალიან ცუდად აღიქვა, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მის მიმართ ნდობა დაკარგა, მეორე ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს, ივანიშვილის განცხადებას ახსნა მოუძებნოს. იმედი მაქვს, ეს არ იყო ივანიშვილის შეგნებული არჩევანი და მან, უბრალოდ, შეცდომა დაუშვა. თუმცა ბოლო დღეებია, ის აკეთებდა LGBთ საზოგადოების მხარდამჭერ და წამქეზებელ განცხადებებს. ამ საკითხის ასე გამწვავება და ამდენი ხალხის გამოსვლა გამოიწვია იმანაც, რომ ივანიშვილმა ზედმეტი მხარდაჭერა გამოუცხადა LGBთ საზოგადოებას. მან თქვა, _ ეს აქცია უნდა ჩატარდეს და ჩატარდება კიდეცო... ხომ ვნახეთ, რომ ვერ ჩატარდა. ქართველი საზოგადოებისთვის პრინციპულად დაუშვებელია მსგავსი ტიპის აქციები, რამაც გამოიწვია ასეთი აგრესია. იქ შეკრებილ საზოგადოებასა და სასულიერო პირებს ეს ნამდვილად არ უნდოდათ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, როცა ერის ხმას ყურად არ იღებენ, ადამიანები აგრესიულ ქმედებებზე გადადიან. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და საზოგადოებას ბნელ ბრბოს უწოდებ, ეს კიდევ უფრო დიდი შეცდომაა. ჩვენ ჩხუბი ქუჩებში კი არა, გვინახავს პარლამენტებში, მათ შორის ისეთი ქვეყნების, ჩვენზე ბევრად წინ რომ მიაჩნიათ თავისი თავი. იგივე იაპონიის თუ ევროპული სახელმწიფოს პარლამენტებში.

_ შევახსენოთ საზოგადოებას გახმაურებული ცემა-ტყეპა, გიგა ბოკერიამ სცემა დავით ბერძენიშვილი, პეტრე ცისკარიშვილმა კასტეტი ჩაარტყა და თვალი დაუზიანა დავით საგანელიძეს... გრიგალაშვილმა ბარამიძეს ლეღვის ფოთოლი უწოდა და ერთმანეთს გაექაჩნენ... ვინ არის შენი პიდარასტი, მე ვარ, ბიჭო, ცისფერი?!. ყვიროდა მაჭავარიანი, საფერფლე გაუქანა რჩეულიშვილს და თავი გაუტეხა. აკაკი ბობოხიძემ “წაუბოქსავა” პეტრე მამრაძეს... გამახსენდა ვასიკო მაღლაფერიძე, როცა ის პარლამენტში იყო, ვაჟა ლილუაშვილს “დაურაზბორკა” და კიბეებზე დააგორა. ის რამდენიმე დღე ტვინის შერყევით იწვა. ვასიკომ არ იცოდა, შემდგომში ლილუაშვილი კუდ-ის მაღალჩინოსანი რომ გახდებოდა და შესაძლოა, მაღლაფერიძეზე ფარული ვიდეოებიც აქვს... გიგა ბოკერია და მისი ცოლი ვის ძალადობაზე აპელირებენ, როცა თავად არიან მოძალადეები, რომ აღარაფერი ვთქვათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევასა და ხალხის კვლაზე...
_ გეთანხმებით, საყოველთაოდ ცნობილია პარლამენტში ცემა-ტყეპა, ბილწსიტყვაობა, გინება, მუქარა ბოკერიას მხრიდან. როცა ამას პარლამენტში აკეთებ, ეს უფრო მეტი დანაშაულია. რამდენიმე დღის წინ რესტორანში ქუჩური გარჩევები და ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჩართული იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, პრეზიდენტიც იჯდა იმ რესტორანში, ვანო მერაბიშვილი და სხვებიც... თუ როგორ იქცევა ჩვენი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ქუჩაში, სახლში თუ სხვაგან, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სწორედ ეს ხალხია, რომ მათზე გაცილებით პასუხისმგებლიან საზოგადოებას ბნელს უწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს, დამამცირებელი ლექსიკით მოიხსენიებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მაინცდამაინც სამართლიანი და ლეგიტიმური არ არის მათი მხრიდან სხვისი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი, ვიდრე მათ არ მოეკითხებათ პასუხი. დღემდე თავისუფლად დადის ქუჩაში მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, უგულავა, მთელი ის კრიმინალური ბანდა, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. მათი მხრიდან არ იყო მხოლოდ კორუფციული დანაშაული ჩადენილი, მათ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული. იტაცებდნენ ხალხს, ქუჩაში თავს ესხმოდნენ დეპუტატებს, ამის კლასიკური მაგალითია ვალერი გელაშვილი, რომელიც სიკვდილამდე სცემეს, ახევდნენ ბიზნესს, ჯერ მათი საქმეები გამოიძიონ და მერე სხვისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

_ ჩვენი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” დაფინანსდა ჰოლანდიიდან 20 ათასი დოლარით. თქვენ სხვა ინფორმაცია ხომ არ მოგეპოვებათ?
_ კარგია, დაფინანსების თემას რომ დავუბრუნდით, მკითხეთ, განა რა ფულია ასეთი, რომ ამის გამო ყველაფერზე მიდიან. ყველაზე დიდი რაოდენობის ფული გრანტების სახით, სწორედ ასეთ მიმართულებებში იდება. უმეტეს შემთხვევაში, LGBთ საზოგადოება ცდილობს, ხელოვნურად შექმნას პრობლემა, რომ თანხები მეტად გაიზარდოს. ახლაც ისარგებლებენ შემთხვევით და თავიანთ პატრონებს ფულს გადმოარიცხვინებენ. ჩვენ ამას რა უნდა დავუპირისპიროთ, ყველგან არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ფულის გამო სამშობლოს ყიდიან. ჩვენი აზრით,
პოლიტიკურ სფეროში ღრმა კრიზისმა განაპირობა ის, რომ ერთ მხარეს იდგა სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკოსების 99%-მა არჩია დუმილი. აქციაზე ვერ ვნახე ვერც ერთი პოლიტიკოსი, კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის გარდა. ქართული საზოგადოების 80%-ს ნუთუ არ უნდა ჰყავდეს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი, რომელიც მათ ინტერესს დაიცავს.

_ დაბოლოს, აკაკი ასათიანმა “ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებას კახა კუკავასთან და არ არის გამორიცხული, რამდენიმე სუბიექტის ალიანსი ოფიციალურად გამოცხადდეს, რომელსაც ეყოლება საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი. ვისთან მართავთ კონსულტაციებს და ვინ იქნება თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი?
_ სხვათა შორის, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვესაუბრე კახა კუკავას, ჩვენ არანაირ მემარჯვენე ძალთა გაერთიანებას არ ვგეგმავთ, მაგრამ
ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაგვემატოს ერთი ან ორი პარტია და საზოგადოებას შევთავაზოთ ქვეყნის განვითარების ალტერნატიული გზა, უფრო სამართლიანი, სოციალურად უფრო ორიენტირებული, უფრო ეროვნული და უფრო გასაგები, ვიდრე ამას ივანიშვილი და სააკაშვილი სთავაზობდნენ მოსახლეობას. ნამდვილად ვერ გაგიმხელთ, ვისთან მაქვს კონსულტაცია, ვიდრე არ მივალთ კონსენსუსამდე, თუმცა გეტყვით, რომ კაკო ასათიანთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია და არც ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მგონია, იყოს ნინო ბურჯანაძე.