„ბიჭები უნდა დამშვიდდნენ!“, - თქვა ტრამპმა, მაგრამ „ბიჭები“ ვერ მშვიდდებიან

„ბიჭები უნდა დამშვიდდნენ!“, - თქვა ტრამპმა, მაგრამ „ბიჭები“ ვერ მშვიდდებიან

მხოლოდ სამი საათი გაგრძელდა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დიპლომატიური ინიციატორი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. პრეზიდენტის განცხადებიდან მალევე, კონფლიქტმა კვლავ იფეთქა: ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რასაც იერუსალიმმა სწრაფი სამხედრო პასუხით უპასუხა. ვაშინგტონში კი, 47-ე პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლაში ორივე მხარე დაადანაშაულა, თუმცა განსაკუთრებული უკმაყოფილება სწორედ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის მიმართ გამოხატა.

თეთრი სახლის მხრიდან ეს პოზიცია მკაფიო სიგნალია იმისა, რომ რეგიონში ზავის ჩაშლა მხოლოდ ირანის ბრალეულობად აღარ განიხილება. პარალელურად, თეირანი საკუთარ თავზე გამარჯვებულის გვირგვინს ირგებს, ხოლო მსოფლიო ლიდერები ისლამურ რესპუბლიკას კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

რა მომავალი ელის სამშვიდობო პროცესს და რამდენად შეძლებს ვაშინგტონი მხარეებს შორის დიპლომატიური არხების აღდგენას? - ეს კითხვები კვლავ უპასუხოდა რჩება, მაშინ როცა რეგიონში დაძაბულობა დღეის მდგომარეობით ჯერაც არ განმუხტულა.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი და ირანისტი ვასილ პაპავა for.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს ზავი დიდი ხნით ვერ გაგრძლედება, ვინაიდან ირანსა და ისრაელს შორის მრავალწლიანი ისტორიული მტრობა ასე მარტივად და მალე არ დასრულდება. პაპავა აშშ-ს შეცვლილ პოზიციასა და ტრამპის გადაწყვეტილების მიეზეზებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ახლა ირანის რეჟიმმა შესაძლოა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს. ხოლო რას იზამს ისრაელი, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან დიდწილად ეს ირანის ქცევაზეც იქნება დამოკიდებული.

რეგიონში კი ვითარება კვლავ მძიმეა. მას შემდეგ, რაც ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით შედგა, რამდენიმე საათში, ფაქტობრივად, გაუქმდა.

თვითონ ირანი ამ ქმედებას ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე პასუხად აფასებს. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ეს იყო იძულებითი რეაგირება „ცაჰალის“ მიერ დაპირებული ზავის უგულებელყოფაზე.

ისრაელმა ორი ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება მოახერხა - არც ერთ მათგანს დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევია. თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. „ცაჰალის“ საპასუხო ქმედებაც არ დაუგვიანებია და ირანში თავდასხმას რადიოლოკაციური სადგური ემსხვერპლა.

ამ ფონზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმაც, რომელმაც დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მცდელობისთვის.  პარალელურად, თეირანის ქუჩებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანი არავის დაუთმობს არც პოლიტიკურ და არც სამხედრო ინიციატივას.

ტრამპი კი ჟურნალისტებს ჰააგაში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე გაესაუბრა და თქვა, რომ ირანმა, სავარაუდოდ, ზავის დაწყების შემდეგ ერთი რაკეტა გაუშვა და ახლა ისრაელი პასუხობს. „ბიჭები უნდა დამშვიდდნენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ გუშინ „ბევრი რამ“ არ მოეწონა.

„არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ისრაელმა შეთანხმების დადებისთანავე გაუშვა [რაკეტები]“, - თქვა მან და დასძინა: „არ იყო საჭირო გაშვება“.

პრეზიდენტმა შემდეგ ვითარების შეფასებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა: „ძირითადად, ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ აღარც იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“.

რეგიონში ესკალაცია 13 ივნისს დაიწყო და მიუხედავად დროებითი ზავისა, ვითარება დღემდე სრულად არ არის დამშვიდებული. CNN-ის ცნობით, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ ქვეყანაში მოქმედი ყველა შეზღუდვა უკვე გააუქმა, თუმცა სიფრთხილე მაინც ნარჩუნდება, განსაკუთრებით ღაზას მიმდებარე დასახლებებში, სადაც 2 000 ადამიანზე მეტი შეკრება კვლავ აკრძალულია. ისრაელის აეროპორტებიც, მათ შორის ბენ გურიონის და ჰაიფას ტერმინალები, კვლავ სრულ ოპერირებაზე გადადიან. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, გაუქმდა ყველა შეზღუდვა როგორც მგზავრთა რაოდენობაზე, ისე რეისების მოძრაობის რეჟიმზე.

ამ ფონზე მსოფლიო ლიდერები კვლავ მოუწოდებენ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკების პროცესს და ბირთვულ პროგრამაზე საბოლოოდ თქვას უარი. თუმცა, დიპლომატიური არხების აღდგენისთვის საჭიროა ორივე მხარის პოლიტიკური ნება და სწორედ ეს რჩება დღევანდელი კონფლიქტის ყველაზე დიდ გამოწვევად.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი და ირანისტი ვასილ პაპავა for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან შეტევებზე სამხედრო პასუხი შეგნებულად არ გასცა, რათა თავიდან აერიდებინა ფართომასშტაბიან ომში ჩართვა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი, შეეცადა კონფლიქტის ესკალაცია არ დაეშვა და პირიქით, მადლობა გადაუხადა ირანის ხელისუფლებას იმისთვის, რომ დროულად გააფრთხილა ამერიკული ბაზების შესაძლო დაბომბვის შესახებ.

„ირანის ე.წ. „შურისძიება“ წინასწარი გაფრთხილებებით, ცხადად აჩვენებს, რომ არც თეირანს და არც ვაშინგტონს ფართო ომი არ სურდათ. ამერიკამ ოპერატიულად მოახდინა საკუთარი სამხედრო პერსონალის ევაკუაცია და სამხედრო პასუხის ნაცვლად, ტრამპმა ყურადღება ისევ ირან–ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე გაამახვილა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების შემდეგ, კონფლიქტის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ტრამპის მიზანი თავიდანვე იყო ამერიკის სამხედრო ჩართულობის თავიდან არიდება, რაც გონივრულ სტრატეგიად უნდა შეფასდეს, რადგან მსგავსი ომი სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევდა მთელ რეგიონში“, – ამბობს პაპავა.

ექსპერტის თქმით, ისრაელის მოწოდება ირანის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით რეალისტური არ იყო და ამას ამერიკელებიც კარგად აცნობიერებდნენ. სწორედ ამიტომ მიიღო ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

„შეუძლებელია ირანის რეჟიმის ისე მარტივად დამხობა. შიიტური სასულიერო ელიტა ამ ქვეყანას მყარად აკონტროლებს. ასობით ათასი მოლაა ირანში და მათი ფიზიკური განადგურება არც რეალისტური და არც ჰუმანურია. ისლამისტური რეჟიმის შეცვლა მხოლოდ შიდა მხარდაჭერით არის შესაძლებელი და არა გარედან ზეწოლით. ამიტომაც იყო თავიდანვე უტოპია ირანის მთავრობის დამხობა, მით უმეტეს - ირანელი ხალხის ხელით. ქუჩებში მასობრივი გამოსვლები არ გვინახავს და ეს ამერიკელებმაც მშვენივრად დაინახეს“, -აცხადებს ირანისტი.

პაპავას შეფასებით, ომის ეს დაჩქარებული დასრულება შესაძლოა ირანის ხელისუფლებისთვის გარკვეული ტაქტიკური მოგებაც აღმოჩნდეს. რეჟიმს მიეცა შანსი, წარმოაჩინოს თავი როგორც სახელმწიფომ, რომელმაც „დაიცვა ქვეყანა დასავლეთის აგრესიისგან“ და ამავე დროს, თავი აარიდა ღია სამხედრო მარცხს.

„ირანისთვის ომის ასეთი დასასრული ხელსაყრელიც კი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ შიდა აუდიტორიისთვის მოახერხა იმიჯის შენარჩუნება და დასავლეთის წარუმატებლობის წარმოჩენა. აქედან იწყება ახალი პროპაგანდისტული ეტაპი: „დასავლეთმა ვერ დაგვამარცხა, ქვეყანა გადავარჩინეთ“. ამიტომაც არ გამოჩნდა ქუჩებში ირანელი ხალხის მასობრივი პროტესტის ნიშნები. ჩემი აზრით, ვაშინგტონმაც კარგად იცოდა, რომ ეს სცენარი არ იმუშავებდა და კონფლიქტის გაღრმავებას მოერიდა“, -ამბობს პაპავა.

მისივე შეფასებით, ტაქტიკურად ირანმა შიდა პოზიციებიც გაიმყარა. ხალხი არ აჯანყდა, ხოლო ხელისუფლება იწყებს დაშვებული შეცდომების გასწორებას და აგენტურული ქსელის გაწმენდას.

„ირანის შიგნით ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდა. მომხდარის შემდეგ დაიწყება შიდა აგენტურის გამოვლენა რამდენად სერიოზული იყო ისრაელის სპეცსამსახურების შეღწევა და სად ჰქონდა ირანს ჩავარდნები. უკვე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ ქვეყანაში მოსადის აგენტებს. ამ მხრივაც რეჟიმი პოზიციებს იკრებს“, - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება ტრამპის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო შეთანხმებას, პაპავას აზრით, თუ ამ პროცესში მოხდება შეთანხმება ბირთვულ საკითხზე, ირანს შესაძლოა მოეხსნას ეკონომიკური სანქციებიც.

„თუ ირანი უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, სანქციების მოხსნის პერსპექტივაც რეალური გახდება. ეს ხელისუფლებას შიდა პრობლემების - ეკონომიკისა და სოციალური კრიზისების მოგვარების საშუალებას მისცემს. თუმცა, რამდენად მიღწევადი იქნება ბირთვულ შეთანხმებაზე დიპლომატიური კომპრომისი, მთლიანად ირანის ქმედებებზეა დამოკიდებული“, - ამბობს ვასილ პაპავა.

მარბიელი ვინც არ მშვიდდება, ბროწეულის ოყნა მას; სხვას დამატებით ჯარის პარიკმახერი :))
3 საათის უკან