საქართველოში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო, რაც მედიკოსების ნაწილი შეფასებით, გარკველი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 11 პრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 281 პირი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, კორონავირუსით 6 პაციენტი დაიღუპა.
სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ პანდემიის დასასრულის დასაწყისი და არც ის არის გამორიცხული, ზაფხულისთვის პანდემია მართლაც რომ დასრულებული იყოს. თუმცა, მეორე ნაწილის თქმით, აღნიშნულმა არ უნდა გაგვათამამოს, რომ შედეგად, ვირუსის მორიგი „აფეთქება“ არ მივიღოთ. შესაბამისად, ეს ნაწილი საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მოქმედი რეგულაციების აღსრულებისკენ.
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი კოვიდსტატისტიკა უფრო მეტად დაიკლებს, ზაფხულისთვის მთავრობამ შესაძლოა, მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაც დაიწყოს, მათ შორის პირბადის ტარების აუცულებლობა დახურულ სივრცეში.
„თუ მსოფლიო სტატისტიკას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებს გადავხედავთ, ისინი ამას უკვე აღნიშნავენ. ბევრმა რამემ ითამაშა როლი, ეს იყო მკაცრი რეგულაციები, ტექნიკური ნაწილი, ვაქციანაცია, ბუსტერი, გადატანილი შემთხვევები და ა.შ. დედამიწამ ისწავლა პანდემიის მართვა. შემსუბუქების რეჟიმი დაიწყო, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და მგონია, რომ გაგრძელდება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კორონავირუსმა შეიძლება სეზონური გრიპის ადგილი დაიკავოს.
ეკონომიკური ბერკეტები მთლიანად მოიხსნა, ყველა დაირაზმა პანდემიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის. სამასპინძლეო ბიზნესს თავყრილობაში მონაწილე ადამიანების ლიმიტი მოეხსნა, რომლებიც პირბადეების გარეშე არიან. ამიტომ, ეს შემსუბუქება, ალბათ, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი, ამას სჭირდება ექიმებისა და მმართველობის ორგანიზაციული კუთხით შეხამება. რეგულაციების შემსუბუქება უფრო მეტად საზაფხულო სეზონისთვის დაიწყება“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება. შესაბამისად, საქართველოს მეტი სიფრთხილე მართებს, რომ ეპიდმდგომარეობა კიდევ ერთხელ არ გაუარესდეს.
„თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია, ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც ყოველდღიურად გვაქვს. ოპტიმიზმით გვავსებს, რომ კორონავირუსი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხეთ, თუმცა ამ ოპტიმიზმში უნდა ვიყოთ ფრთხილები. ჯერჯერობით საბოლოოდ ეს პანდემია არ დამარცხებულა და როგორც სხვადასხვა მკვლევარები აცხადებენ, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება, რომ საბოლოოდ მოხდეს პანდემიის დამარცხება.
თუ ბოლო დღეების სტატისტიკას შევხედავთ, ეპიდსიტუაცია უარესდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ეს ჩვენთვისაც საყურადღებო უნდა იყოს. თეორიულად თუ შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთანაც მოხდეს ეპიდსიტუაციის გაურესება, მას უნდა შევხვდეთ მზად. დიდი ალბათობით, არ გვექნება ჩვენ ასეთი დამანგრეველი ტალღები, როგორიც წინა ორი წლის განმავლობაში იყო, მაგრამ არის რისკები, რომ გარკვეულ პერიოდში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდეს.
ამ ეტაპზე, ალბათ, პირბადის ტარება შენობაში უნდა დარჩეს, ღია სივრცეში კი მისი ტარების აუცილებლობა არ არის. არსებული რეგულაციები უნდა გამარტივდეს, მაგრამ ის, რაც არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ვაქცინაციის პროცესი, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თეორიულად, ეპიდსიტუაციის გაურესებისთვის მოვემზადოთ“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსი თითქმის დამარცხებულია და ვირუსის მართვის თვალსაზრისით სისტემას არავითარი გამოწვევა არ ჰქონია.
„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, თითქმის დამარცხებულია. დღეს ეს სიტუაციაა. აქვე მინდ გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. „მწვანე ბარათები“ მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ შემოვიდა ცირკულირებაში, გავაუქმეთ, რადგან აზრს კარგავდა. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში, რომ პროცესი სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ, ამიტომ სიტუაცია დასტაბილურდა.
არავითარი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას მართვის თვალსაზრისით. დღეს 100 შემთხვევა იყო, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი გადალახულია. ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გავაუქმეთ, მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით და ეს სტრესი და წნეხი მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.