სენსაციური აღმოჩენა, რომლის პოპულარიზაციას ხელს დეპუტატი კობა ნაყოფია უშლის

სენსაციური აღმოჩენა, რომლის პოპულარიზაციას ხელს დეპუტატი კობა ნაყოფია უშლის

საქართველოს ტერიტორიაზე 2004 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სენსაციური მასალა აღმოჩნდა: საყდრისის ტერიტორიაზე მდებარე საბადოები მსოფლიოში დღემდე ცნობილი უძველესი კერაა ოქროს სამთო წესით მოპოვებისა. 2004-2011 წლებში საყდრისში ექსპედიციები მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ბოხუმის სამთო მუზეუმისა და ბოხუმის რურის ერთობლივი პროექტით. ექსპედიიციის უშუალო სპონსორები იყვნენ ფოლკსვაგენის ფონდი, გერმანიის სამეცნიერო ფონდი და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი. ეს საერთაშორისო ექსპედიცია ისეთივე სენსაციურია საქართველოს ისტორიაში, როგორც დმანისში უძველესი პრეისტორიული ხანის ადამიანთა ნეშტების აღმოჩენა.
საყდრისის ოქროს საბადოებზე, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის უძველეს ოქროსმომპოვებელ ძეგლზე, 18 მაისს მოხსნება წაიკითხა მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირინა ღამბაშიძემ.

საჯარო ლექცია მოეწყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ძეგლის მეგობარის”, მუზეუმების საერთაშორისო საბჭო – ICOM-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ლექციათა ციკლიდან “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები თანამედროვე საქართველოში.” ლექციების ციკლი ეძღვნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს და გაიმართება 17-დან 31 მაისის ჩათვლით ყოველ პარასკევს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, მცირე დარბაზში (გუდიაშვილის ქ. N7).

რაც შეეხება თავად ქალბატონი ირინას მოხსენებას და იმ სენსაციურ მასალას, რომელიც მან საზოგადოებას წარუდგინა, საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. პერიოდულად შუქდებოდა ექსპედიციები, გამოცემულია წიგნიც ამ არქეოლოგიური კვლევის შესახებ, მაგრამ ამგვარი საჯარო ლექციის ფორმატში ეს პირველად, ღიად ინფორმირდა, გაჟღერდა ძეგლის ისტორია, დღევანდელი ვითარება, გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და სამომავლო დეტალები. თავად საყდრისის ტერიტორიაზე პირველად მე-20 საუკუნეში, კერძოდ, 1984 წელს, ჩატარდა ექპედიცია და მიაკვლიეს იმ გვირაბს, სადაც შემდგომი 2004 წლის ექსპედიციით გამოვლინდა ოქროსმომპოვებლური საბადოს ნიშნები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისტორიული და მითოლოგიური წყაროებით საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან “ოქრომრავალ ქვეყანად” იწოდება. ამ ცნობებიდან ყველაზე პოპულარულია მითი არგონავტების შესახებ, სადაც, უშუალოდ, ოქროს მოპოვების წესსა და საწმისზეა ამ ლეგენდის მთელი ფაბულა აგებული. რეალურად კი, საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს ნაკეთობები დადასტურებულია უფრო გვიანი ხნის ე.წ. თრიალეთური, დიდი ყორღანული კულტურის პერიოდით (ოქროს ლომი, თრიალეთის ოქროს თასი და ა.შ), ამიტომ საყდრისის არქეოლოგიურმა გათხრებმა, ფაქტობრივად, ისტორიული რეალობა შეცვალეს. ქალბატონმა ირინამ დეტალურად მიმოიხილა ექსპედიციის შედეგები. მთავარი აქცენტი, რითაც მტკიცდება საყდრისის გვირაბების, როგორც უძველესი ოქროსმომპოვებლური საბადოს არსებობა, არის ის ათეულობით ურო, რომელიც აქ აღმოჩნდა.

იარაღების დეტალური კლასიფიკაციით ირკვევა, რომ არსებული უროები სწორედ ოქროს მომპოვებლობისთვის გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით ჩაუტარდა საყდრისი გვირაბებიდან აღებულ მასალას. კერძოდ, ლითონის სხვასხვა მინარევებთან ერთად ნახშირის შემცველობამ მეცნიერებს მისცათ საშუალება ზუსტი პერიოდიზაციისა. კერძოდ, ესაა მე-5 მე-4 ათასწლეულების მიჯნა – მტკვარ-არაქსული კულტურის პერიოდი პრეისტორიულ ხანაში. აღსანიშნავია, რომ თავად საყდრისში პრაქტიკული და ანალიტიკური ექსპედიციები მიმდინარეობს, როგორც მიწის ზედა ტერიტორიაზე, ასევე მიწისქვეშ. აქედან გამომდინარე, გასუფთავებულია მხოლოდ გვირაბთა ნაწილი, მაგრამ აქ აღმოჩენილი ფენები და ექსპერტიზის დასკვნები მეტყველებს ოქროსმომპოვებლურ უძველეს ტრადიციაზე. თავად მეცნიერებმა, იმისთვის, რომ გადაემოწმებინათ ყოველი დეტალი, სცადეს ისტორიის ანუ პრეისტორიული საყდრისის გაცოცხლება. ჩაატარეს ე.წ. ცეცხლის დანთების ექსპრიმენტი, რომლის საფუძველზეც, აღმოჩენილი მასალების ანალოგიით, დაამზადეს უროები, დაანთეს ცეცხლი და დაიწყეს ოქროს მოპოვების სამთო წესის განხორციელება. ექსპერიმენტში ქართულ-გერმანული მხარე ერთობლივი ძალისხმევით იღებდა მონაწილეობას. შედეგს მიაღწიეს – მოიპოვეს ოქრო უძველესი საბადოდან.არქეოლოგიური უშუალო აღმოჩენები განაგრძო სამეცნიერო ჯგუფმა მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ პერიოდის სოციუმზე შექმნოდათ წარმოდგენა. აღმოჩნდა მასალები, კერძოდ, სახელოსნოები, სადაც მეორეულად ხდებოდა საყდრისის გვირაბში მოპოვებული ოქროს გადამუშავება. ექსპედიციის მთავარი მიზანია ახლა, გაირკვეს, სად გაედინებოდა ეს ოქრო, რომელიც ასე მასშტაბურად მზადდებოდა საყდრისში.

ამ თემებზე დეტალური განხილვით ქალბატონმა ირინამ წინა პლანზე წამოწია ასევე ის პრობლემური საკითხი, რაც საყდრისის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას შეეხება (ძეგლის სტატუსი მას მიენიჭა 2006 წელს). კერძოდ, ეს ტერიტორია მწარმოებელ ,,მადნეულის” მფლობელობაშია. მისი პრეზიდენტი, დეპუტატი კობა ნაყოფია ხელს უშლის საყდრისის სამომავლო, საერთაშორისო აღიარების პერპექტივას, რადგან მისი საწარმოს მიერ აფეთქებებით მიიღება ოქრო, მოპოვების ამ ტექნიკით კი ტერიტორია გაუდაბურდება და განადგურდება. რეალურად კი, სამეცნიერო ჯგუფის მიერ აქ იგეგმება, გრანდიოზული პროექტი, მიწისქვეშა საერთაშორისო დონის მუზეუმის გაკეთება, აღმოჩენილი ფაქტობრივი მასალის პრეზენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. მსგავსი პროექტი ქართულ რეალობაში უმნიშვნელოვანესია, იმდენად, რამდენადაც მოხდება საერთაშორისო დონეზე ამ სენსაციური მასალის პოპულარიზაცია და პროპაგანდა. ბატონი ნაყოფია ჯეროვნად ვერ აფასებს სიტუაციას. პირადი სარგებლის საფუძველზე იგი ცილისწამებასა და ტყუილში ადანაშაულებს სამეცნიერო ექსპედიციას. ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ დავიცვათ ეს კულტურული ძეგლი, განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო მასშტაბით აღმოვაჩინოთ ათასწლოვანი საქართველო.