”რაც მოხდა, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაციისკენ და ამავ დროულად შიგა დემორალიზაციის გამოსაწვევად. ამას მე პროვოკაციას ვეძახი, იმათ კი პროვოკატორებს, ვინც არაფრიდან გამოიგონეს ეს პრობლემა და მერე დიდი მონდომებით ერთ პატარა ჯგუფს დაერივნენ. მე ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები…” - ეს არის ფრაგმენტი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” საქართველოს ყოფილი საგარეო მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრებიდან, რომლითაც 17 მაისს თბილისში მომხდარი არეულობა შეაფასა. მას მერე, რაც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არ გამორიცხა, ეს ქალბატონი სალომეს პირველი ინტერვიუა, საიდანაც ექსკლუზიურად გაიგებთ, რატომ არ განიხილეს ”ქართულ ოცნებაში” მისი კანდიდატურა და რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილს მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე უარი?
- ქალბატონო სალომე, კოალიცია ”ქართული ოცნების” სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების განხილვისას, აქტიურად განიხილებოდა თქვენი კანდიდატურა, საინტერესოა, თუ ელოდით ბიძინა ივანიშვილისგან ასეთ შეთავაზებას და რას ფიქრობთ მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილზე?
- ჩემი კანდიდატურა, გულწრფელად რომ ვთქვათ, მგონი, არასოდეს განიხილებოდა "ოცნებაში", რადგან დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარია. მიმაჩნია, დრო მოვიდა, რომ ქვეყანა ”ჩვენებად” და ”თქვენებად” აღარ უნდა იყოფოდეს... შესაბამისად, ეს გაუცხოება ბევრ კითხვას ბადებს ჩემში... ეს მიუღებლობა, გაუცხოება ვიგრძენი პირველად მინისტრი რომ ვიყავი, მაშინ წამდაუწუმ მაგრძნობინებდნენ, რომ გუნდის წევრი არ ვიყავი. ეს იმიტომ, რომ მათთვის გუნდი ”პარტია” იყო და ჩემთვის კი სახელმწიფო! დღესაც, როგორც ჩანს ასეთივე ”გაუგებრობას” აქვს ადგილი. მე არასოდეს განვიხილავდი ”ოცნებას”, როგორც ”გუნდ-პარტიას”, მეგონა, რომ გარეთ იქნებოდა ადამიანი თუ შიგნით, შეიძლებოდა ერთნაირად გვემსახურა ქვეყნის აღდგენისთვის.
ამიტომაც, არც არასოდეს მიფიქრია, რომ ოცნების კანდიდატად დამასახელებდნენ, რადგანაც ოცნების წევრი არა ვარ… თუმცა, მიმაჩნია, რომ ვიწრო ”გუნდის” ექსკლუზიური კუთვნილება არ უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა.
- ორიოდე კვირის წინ საქართველოში ყოფნისას, თქვენ შეხვდით პრემიერს, რის მერეც მან თქვა, რომ შემოგთავაზათ გარკვეული პოსტი ახალ ხელისუფლებაში, თუმცა კონკრეტულად რომელი, მან ეს თქვენი თანხმობის გარეშე არ გაასაჯაროვა. კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე კოალიციის სახელით კენჭისყრა შემოგთავაზეს. შეეფერება ეს სიმართლეს?
- ამ არ-გასაჯაროებაში რეალურად ყველაფერი გასაჯაროვდა! ყველაფერი მართალია, მართალია, რომ შევხვდით ბევრჯერ, როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ჩემი სახელის სხვადასხვა კონტექსტში საჯაროდ ხსენების მიზეზი. ისიც მართალია, რომ კონკრეტული წინადადებები ან მოსაზრებები უფრო ჩემგან მოდიოდა, ვიდრე ”ოცნებიდან”... მე ”ქართულ ოცნებას” ჩემი თავი შევთავაზე საერთოდ ნებისმიერ ”ადგილას” კი არა, არამედ ნებისმიერი საქმისათვის, სადაც ჩემი პროფესიონალიზმი, პოლიტიკური ხედვა და გამოცდილება საჭირო იქნება...
- მესამე ძალის ჩამოყალიბებას რომ ჩადგომოდით სათავეში, ამაზე შეთავაზება პრემიერისგან მიიღეთ, რაზეც, როგორც ივანიშვილმა ბრძანა, თქვენ უარი თქვით. რატომ?
- ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულებაც სხვანაირია: არ მჯერა რომ პირველი, მეორე თუ მესამე ძალის შექმნა შეთავაზებას ემორჩილებოდეს... ძალა მხოლოდ და მხოლოდ ხალხის არჩევანიდან წარმოიშვება.. ამიტომ ასეთ შეთავაზებაზე ვერ დავთანხმდებოდი! ასე შექმნილი პოლიტიკური ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების” გუშინდელ პოზიციაში, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში, რაც ნამდვილად მიუღებელი იქნებოდა.
- თქვენ პირველივე დღეს საკმაოდ მკაცრად შეაფასეთ 17 მაისს თბილისში მომხდარი არეულობა, დღეს რას იტყვით ამაზე?
- ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, რომ მორალურად შევაფასო ეს მოვლენები. ამისათვის პატრიარქის სიტყვები უნდა გვყოფნიდეს. სამაგიეროდ, შემიძლია შევაფასო პოლიტიკურად. მჯერა და მწამს, რომ დღეს საქართველოს ამ სექსუალური უმცირესობებისგან რეალური საფრთხე არ ემუქრება, ეს თითოეული ოჯახის პასუხისმგებლობაა და არა ხელისუფლების. სამაგიეროდ, ვხედავ თუ რა საფრთხე ემუქრება ქვეყანას, რომლის კულტურა შემწყნარებლობაზეა დაფუძნებული, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაღვივებული აგრესია და სიძულვილი ვერ ჩავაქრეთ ჩვენში და ვერ გარდავქმენით ეს პოზიტიურ ენერგიად ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
- მოგეხსენებათ, დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას - სამართლიანობის აღდგენის ნაწილად აფასებს, ნაწილს კი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჰგონია…
- მე არაერთხელ მითქვამს, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს დანაშაულისთვის დასჯის მაგალითები, რათა სამომავლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფმა პირებმა იცოდნენ, რომ ისინი ყველა გადაცდომისა და დანაშაულისთვის დაისჯებიან. ჩვენს ქვეყანაში ეს დაუსჯელობის სინდრომი ოცი წელია მძვინვარებს და წარმოადგენს ამორალიზმისა და დემორალიზაციის ყველაზე დიდ საფრთხეს. ამიტომ მივესალმები არა მერაბიშვილის დაჭერას, არამედ საქმის გახსნას და მოუთმენლად ველოდები სასამართლოს. იმედი მაქვს, რომ ეს კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული, ანუ დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად, ან კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყების ნიშნად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მომავალი დაეფუძნება სასამართლოს სამართლიანობას და გამჭვირვალეობას. ჩვენ დღეს რევანშიზმი და სისხლის სმა არ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ გვწყურია სამართლიანი განაჩენის გამოტანა.