ფარული ჩანაწერები შსს-ს სერვერზე მიერთებული ვიდეოთვალით, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დამზადდა!

ფარული ჩანაწერები შსს-ს სერვერზე მიერთებული ვიდეოთვალით, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დამზადდა!

მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად განიხილავენ საკითხს - როგორ უნდა მოიქცეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკმაოდ დიდი არქივი, აწ უკვე დაპატიმრებული წინამორბედისგან "მემკვიდრეობად" ერგო. ყველა თანხმდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ ფარული ჩანაწერები უნდა გაანადგუროს და ამის საწინააღმდეგო არც თავად შს მინისტრს აქვს. სამწუხაროდ, მხოლოდ ფარული ჩანაწერების განადგურება პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მთავარია, შს ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის ის ბრძანება გაუქმდეს, რომლითაც საქართველოში ტოტალური კონტროლი და შსს-ს ცენტრალურ სერვერთან "გლობალური წვდომა" დაკანონდა.

2010 წლის ზაფხულის მიწურულს, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროების მფლობელებს, შენობის გარეპერიმეტრზე სპეციალური ვიდეოთვალის დამონტაჟება მოსთხოვეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ სერვერთან "გლობალურ წვდომაში" უნდა ყოფილიყო. მანამდე, ასეთი ვიდეოთვალი აფთიაქებსა და კაზინოებშიც დაამონტაჟეს. ხვდებით, ალბათ, რომ ამ გადაწყვეტილების ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. მინისტრის ბრძანება ძალაში 2011 წლის 15 იანვრიდან შევიდა. "ვერსიაში" კი ამ თემაზე ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომით ვწერდით, იქამდე, ვიდრე მინისტრის ბრძანება ოფიციალურად შევიდოდა ძალაში.

ვანო მერაბიშვილის ბრძანება ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას ეხებოდა. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზატორები ვალდებულები იყვნენ, ისეთი ტექნიკური საშუალებები დაემონტაჟებინათ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე, ჩიპზე და ასე შემდეგ) გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. გარდა ამისა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640X480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი - 2048X1536 უნდა იყოს, ხოლო დღეღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს. სავალდებულოა, რომ ვიდეოთვალთვალის აპარატურას ISO სერტიფიკატი ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა კაზინოში იმ ადგილზე უნდა დაემონტაჟებინათ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო შეარჩევდა, ხოლო დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი ვალდებული იყო, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, გლობალურ ქსელთან მიეერთებინა. გარდა ამისა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, მფლობელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შესაბამისი აქტიც გაფორმდებოდა.

მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში სასტუმროს მფლობელების ვალდებულებები განსაზღვრული არ იყო, მაგრამ როგორც "ვერსიამ" მაშინ გაარკვია, ეს ბრძანება სასტუმროების მფლობელებსაც ეხებოდა. ფაქტია, რომ სპეციალური ექსპერტიზის გარეშე, სასამართლოში ვიდეო და აუდიოჩანაწერი ნივთმტკიცებად არ ითვლება. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვწერდით, რომ ამ ტიპის ჩანაწერებს შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ, რადგან სასტუმროში დამონტაჟებული ვიდეოთვალი სწორედ შსს-ს ცენტრალურ სერვერზე იყო მიერთებული.

გასაგებია, რომ აფთიაქებში ვიდეოთვალის დამონტაჟება აუცილებელი იყო, რადგან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების ფაქტები შემცირებულიყო, ამ ტიპის ვიდეოთვალი კაზინოებშიც აუცილებელია, რადგან ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ იქ ფულს ათეთრებენ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასტუმროში ვიდეოთვალის დამონტაჟება აშკარად "ნოუ-ჰაუ" იყო ქართულ სინამდვილეში. სამი წლის წინანდელ სტატიაში, "ვერსიამ" ორი მარტივი კითხვა დასვა, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია: რატომ არ არსებობს ამ ქვეყანაში კონფიდენციალური ინფორმაციის ცნება და რატომ არ შეიძლება, ნებისმიერი პირის პირადი ცხოვრება დაცული იყოს?

"მოდი, ცოტა ხნით თავი დავანებოთ უხამსი მაგალითების მოყვანას და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ - ადამიანი, რომელიც სასტუმროში მიდის, ბიზნესმენია. დავუშვათ, რომელიმე უცხოურ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის წარმომადგენელი იმ სასტუმროში დაბინავდა, სადაც ბიზნესმენი თავის სავარაუდო პარტნიორს უნდა შეხვდეს. რა გარანტია არსებობს, რომ შსს-ს "გლობალური"
თვალთვალის შედეგად, სასტუმროს მფლობელი ან ის, ვინც თვალთვალს აწარმოებს, ამ ინფორმაციას ბიზნესმენის კონკურენტს არ მიაწვდის და გარიგებას არ ჩაშლის? დავუშვათ, სხვა ბიზნესმენი სასტუმროში თავის პარტნიორს ხვდება, სადაც ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, ასეთ შემთხვევაში, მისი კომერციული საიდუმლო არ გამჟღავნდება? უხამს მაგალითებს თავი დავანებოთ-თქო, მაგრამ ამის გარეშეც არ გამოდის. შევეცდები, ერთი მაგალითი მაქსიმალურად დელიკატურად აღვწერო: დავუშვათ, რომელიმე პოლიტიკოსი აპირებს, სასტუმროში არც ისე დელიკატური "ვიკ ენდი", საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მოიწყოს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამონტაჟებული ვიდეოთვალი კი კარგს რომ არაფერს დააკვირდება, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ახლა ამ ყველაფერს ისიც დაუმატეთ, რომ წინ 2013 წლის არჩევნებია და ყველაფერი ცხადზე უცხადესია - წინასაარჩევნო კამპანიისთვის ნიადაგი მზადდება. მზადება დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ამ ბრძანებით, აშკარაა, რომ პოლიტიკური კომპრომატების ომი ახალ ფაზაში გადავა. კაციშვილმა არ იცის, ვის, როდის და რა ჩანაწერს აუფრიალებენ 2013 წელს", - ვწერდით "ვერსიაში".

სამი წლის წინანდელ სტატიაში, მაშინდელი ვითარების შეფასება "ვერსიამ" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ემზარ ჯგერენაიას სთხოვა, რომელმაც განგვიცხადა, რომ არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ დაამონტაჟებდა ამ ტიპის ვიდეოთვალს სასტუმროში, რომელიც "გლობალურ წვდომაში" იქნებოდა შსს-ს სერვერთან:

"ფაქტია, არავინ იცის, ზოგი სასტუმროს მფლობელი რას აკეთებს და რაშია შემჩნეული. შესაძლოა, ეჭვი აქვს ვინმეს, რომ ეს სასტუმრო კი არა, ბორდელია, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გასაგებია. მოდი, სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს, როგორც კი კამერებს დააყენებენ და ეს ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდება, ეს ბრძანება აზრს დაკარგავს, რადგან იმ სასტუმროში აღარავინ შევა. კომპრომატების მოძებნა რომ უნდოდეთ, აშკარად კი არ გააკეთებენ ამას, ისე იმოქმედებენ, კაციშვილი ვერ შეამჩნევს ვერაფერს. ვინმეს თვალთვალი რომ უნდოდეთ, ამისთვის სულაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული კამერების დაყენება და ხელშეკრულების გაფორმება. მაგალითად, კაზინოს შემთხვევაში, გარკვეული ეჭვი არსებობს, რომ იქ ფულს ათეთრებენ, მაგრამ კაზინოში უკვე არის კამერები. ამ ბრძანების შემდეგ, შესაძლოა, ისე დაფრთხეს ადამიანი, რომ კაზინოშიც არ შევიდეს.

რაც შეეხება იმ სასტუმროს, რომელზეც ინფორმაცია მოგაწოდეს და რომლის მფლობელსაც ვიდეოთვალის დამონტაჟება აიძულეს, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად, რომელი სასტუმროა და რატომ მოსთხოვეს კამერის დამონტაჟება, თუმცა ბათუმის "ინტურისტს" რომ არ მოსთხოვდნენ, ზუსტად ვიცი. ისე, ზოგი, ერთსაათიანი სასტუმრო რომ მართლაც საეჭვოდ მოქმედებს, ესეც ფაქტია".

გლობალური ვიდეოთვალთვალის ბუმი, სამი წლის დიდი მითქმა-მოთქმისა და, გარკვეულწილად, შიშის საფუძველიც კი გახდა. აფთიაქებს, კაზინოებსა და სასტუმროებს სულ მალე, სავალუტო ჯიხურები, ტოტალიზატორები და სლოტ-კლუბებიც მიუმატეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ შსს-ს სერვერზე მიერთებული ვიდეოთვალი უკვე კომერციულ ბანკებში დაამონტაჟეს. "ვერსია" ამ თემას კიდევ ერთხელ მაშინ მიუბრუნდა, როდესაც ვანო მერაბიშვილის ბრძანება ძალაში შევიდა. დავინტერესდით, კონკრეტულად რა საკანონმდებლო ცვლილება ან კანონი დაედო საფუძვლად ვანო მერაბიშვილის ბრძანებას, რომელიც 2011 წლის 15 იანვრიდან შევიდა ძალაში? რა ეწერა კანონის განმარტებით ბარათში? "ვერსიას" ამ თემაზე გია ხუროშვილი ესაუბრა, რომელიც მაშინ მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო:

"ეს არის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით, დღეს უკვე მოქმედი კანონის თანახმად, შიდა და გარეპერიმეტრზე უნდა მოქმედებდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ეს სისტემა გარკვეულ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს და ექსპლუატაციის წესების დაცვით უნდა დამონტაჟდეს. ეს დღეს უკვე მოქმედი რეგულაციაა რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის, ტოტალიზატორებში, კაზინოებსა და სლოტ-კლუბებში, სადაც დანაშაულთა ძალიან დიდი პროცენტი სწორედ ამ ვიდეომეთვალყურეობის სისტემების საშუალებით გაიხსნა. რაც მთავარია, ეს დებულება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის გახსნის მნიშვნელობა აქვს, არამედ ეს არის პრევენციული ხასიათის. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მონიტორინგი ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისგან თავს შეიკავებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, იგივე რეგულაციები გავრცელდება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. რაც შეეხება აფთიაქებს, ამ სისტემის დამონტაჟების აუცილებლობას ორი მიზეზი აქვს, პირველი - რისკი, რომელიც არსებობს ფულთან დაკავშირებით და მეორე - თქვენ იცით, რომ წამლები ძალიან ხშირად დამნაშავეთა სამყაროს სამიზნეა და ეს არ ეხება მხოლოდ ფსიქოტროპულ საშუალებებს, წარმატებით მოიხმარენ სხვადასხვა შემადგენლობის სამკურნალო საშუალებებსაც, რაც ნარკომანების თავდასხმის მიზეზია. აქედან გამომდინარე, აფთიაქებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება და, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შიდა და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟდეს".

მართალია, გია ხუროშვილი დაჟინებით გვიმტკიცებდა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოთვალი სასტუმროებში არავითარ შემთხვევაში არ დამონტაჟდება და ეს მხოლოდ ქალაქში გავრცელებული ჰიპერ-ჭორიაო, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი, საზოგადოების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა. გია ხუროშვილმა განგვიმარტა, რომ ვიდეოჩანაწერები, უშუალოდ, დაწესებულებებში შეინახებოდა და სხვა უწყებებს, ამ ჩანაწერებთან წვდომა არ ექნებოდათ, გარდა კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულის ფაქტის დაფიქსირებისას, სამართალდამცავ უწყებას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ჩანაწერი მტკიცებულების სახით გამოითხოვს.

წინა ხელისუფლების პირობებში, მთავრობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ისე შეაპარებდა საზოგადოებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების გაპროტესტებას უკვე პოსტ-ფაქტუმ აზრი არ ჰქონდა. შსს-ს ცენტრალურ სერვერთან "გლობალურ წვდომაში" მიერთებული ვიდეოთვალი კი ჯერ აფთიაქებსა და კაზინოებში, შემდეგ - სასტუმროებში დანერგეს და მინისტრის ბრძანება მხოლოდ ამის შემდეგ აგვიფრიალეს. რაც მთავარია, ბრძანებაში სასტუმროები საერთოდ არ იყო ნახსენები, მაგრამ ეს მაინც რიგითი, ტექნიკური უზუსტობაა და სხვა არაფერი.

ჩანს, ვანო მერაბიშვილის უწყებაში მართლაც გამოყვეს სპეციალური საშტატო ერთეული, რომელსაც სხვა საქმე არ ჰქონდა იმის გარდა, რომ 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ სასტუმროებს უნდა დაკვირვებოდა. დღეს უკვე გაირკვა და აშკარაა, რომ ამ ტიპის ფარული ჩანაწერები ერთმანეთზე არ გადაუბამთ, არც ფილმებად აუკინძავთ და არც რომელიმე ეროტიკულ საიტზე აუტვირთავთ - ფარული ჩანაწერები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენეს. არადა, რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის ან თუნდაც, რიგითი პოლიციელის ბრალეულობა კი არ იკვეთება, ყველაფერში "დამნაშავე" ის ვიდეოთვალია, რომელიც შსს-ს ცენტრალურ სერვერზეა მიერთებული და, შესაბამისად, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სასტუმროებში განვითარებულ მოვლენებს, პარალელურ რეჟიმში ადევნებენ თვალ-ყურს.