თეა თუთბერიძე: ეკლესიის ეშინიათ, ამიტომ საქმის ჩასაფარცხავად მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაიჭირეს

თეა თუთბერიძე: ეკლესიის ეშინიათ, ამიტომ საქმის ჩასაფარცხავად მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაიჭირეს

”ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში რომ არიან, ხოლო ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია კი- ძებნილები, ეს ჩვენი ბრალია”,- ამბობს ”თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე...

- თეა, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მერაბიშვილისა და ახალაიას ციხეში მოხვედრა თქვენი ბრალია?

- იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს იგივეს აკეთებს, რასაც 1 ოქტომბრამდე აკეთებდა... სასამართლოში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგაც იყვნენ პროკურატურის დაკვეთის შემსრულებლები და დღესაც არიან. ”ნაციონალური” მმართველობაც მშვენივრად ირგებდა არადამოუკიდებელ სასამართლოს და ეს ხელისუფლებაც. ის რეალობა, რაც პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში იყო, ახალმა ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა. აშკარაა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური დაკვეთის მსხვერპლია.

- ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ?

- ის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო წვერებიანი და ანაფორიანი მღვდლების ძალადობის აღკვეთა. შეგახსნებთ, რომ 17 მაისს ეკლესიას შეფარებული კრიმინალები დარბოდნენ, იგინებოდნენ და ხალხს ჩაქოლვისკენ მოუწოდებდნენ. ხელისუფლება ამ ადამიანების სათანადოდ დასჯას ვერ ახერხებს, რადგან ეკლესიის ეშინია. ამიტომ ადგა და საქმის ჩასაფარცხავად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიჭირა. საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებზე აქამდე გამოძიება მიმდინარეობდა არასერიოზულია.

- რატომ, მერაბიშვილი ხომ აქამდეც არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე?

- მერაბიშვილისთვის ბრალი 17 მაისამდე ერთი კვირით ადრე, ან ერთი თვის შემდეგ რომ წაეყენებინათ, მაშინ შეიძლებოდა დამაჯერებელი ყოფილიყო ”ქართული ოცნების” ნათქვამი იმის შესახებ, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და მართლაც სერიოზული კომპრომატები მოიპოვეს. ”ლგბტ” ადამინების დარბევიდან რამდენიმე დღეში, როდესაც საზოგადოება ანაფორაში გადაცმული კრიმინალების დასჯას მოითხოვს და შენ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს იჭერ, ე.ი. საქმის ჩაფარცხვა გინდა.

- გამოძიება მხოლოდ ”მოძალადეების” ქმედებებზე არ მიმდინარეობს, პრემიერის თქმით, არსებობს გარკვეული ეჭვები მეორე მხარის მიმართაც. ივანიშვილმა განაცხადა, რომ შსს მინისტრი ვარაუდობს, რომ იყვნენ ძალები, რომლებიც ამ ძალადობის პროვოცირებას ახდენდნენ და მაპროვოცირებელი ძალები ვიღაცისგან ფინანსდებოდნენ... როგორ გგონიათ, ვის მოიაზრებს შსს მინისტრი ამ ძალებში?

- ვინ ვის აფინანსებდა და ვინ ვის წინ ან უკან იდგა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ის არის, ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ, სათანადოდ არ არიან დასჯილები. ვისი წახალისებული და დაფინანსებულიც უნდა იყოს, ყველას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში გამოხატოს. ასეთ დროს ხელისუფლებამ კი არ უნდა გაარიდოს ეს ადამიანები გავეშებულ ბრბოს, არამედ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მისცეს. ის, რომ თურმე ”ლგბტ” ადამიანების უკან იდგა და მათ ვიღაც აფინანსებდა, ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ ცხადია, ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის, ხელისუფლება კი ამ ყველაფრის მისაჩქმალად მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს აპატიმრებს.

- თქვენ გამორიცხავთ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილი დათა ახალაის მიერ მოწოდებული კომპრომატების დახმარებით დააკავეს?

- რა თქმა უნდა, ეს ხომ სისულელეა, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ვერსიას?

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ვერსიის საფუძვლად დათა ახალაიას მიერ ”ფეისბუქით” გავრცელებული წერილიც მივიჩნიოთ?

- დათა ახალაიას ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, რომ ეს წერილი მან გაავრცელა. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, წერილი ნამდვილად მან გაავრცელა თუ არა.

- თავად დათა ახალაიამ არა, მაგრამ მისმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ხომ დაადასტურა?

- ადვოკატის საქმე და უფლება არ არის წერილის დადასტურება, უარყოფა, ან ამაზე კომენტარის გაკეთება. მას სხვა ფუნქციები აქვს... დათა ახალაიას სახელით საკმაოდ ბევრი რამ ვრცელდება, მაგრამ რასაც პირადად დათა არ დაადასტურებს, არაფერს დავიჯერებ.

- სხვათა შორის, გავრცელდა კულუარული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როლანდ ახალიამ ბაჩოს საქმესთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს დახმარებისთვის მიმართა, მერაბიშვილმა კი ის საკმაოდ უხეშად მოიშორა... თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- კულუარებში საკმაოდ ბევრ რამეს ავრცელებენ, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით...