საქართველოს მთავარ პროკურორს ხშირად ახსენებენ და ალბათ, კვლავაც შეახსენებენ გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგებს. "გახმაურებული საქმეების გამოძიება მალე დასრულდება", - არაერთხელ უთქვამს არჩილ კბილაშვილს, რომელსაც "ანონსებით საუბარს" საყვედურობენ. საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია და სამართლის აღსრულებას ახალი ხელისუფლების ღირსების საქმედ მიიჩნევს. როგორც ჩანს, სამართალი მართლაც ურმით მოდის და რადგანაც მისი აღსრულება კანონიერ და ცივილიზებულ ფორმატში არ ხდება, დროდადრო უკონტროლო ძალადობის გამოვლინებაც ხდება. რატომ არ სრულდება საზოგადოების მთავარი დაკვეთა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ხომ არ შევიდა ჩიხში გახმაურებული საქმეების გამოძიება და რა პრობლემის წინაშე დგას პროკურატურა, ამ კითხვებზე პოზიციის დაფიქსირება ექსპერტებსა და იურისტებს ვთხოვეთ.
კახა კახიშვილი, პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:
- იყო დაპირება, რომ ყველა საქმე, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები იყო, უახლოეს მომავალში გაიხსნებოდა. ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა მთავარმა პროკურორმა, მაგრამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. გვითხრეს, რომ რობაქიძის საქმის დასრულება ექსპერტიზის გაჭიანურების გამო ვერ ხერხდება. დანარჩენი საქმეებისა არაფერი ვიცით. სპეციალისტებისთვის გასაგებია, რომ გაცილებით ადვილია ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ვიდრე წლების განმავლობაში შეგნებულად არასწორი მიმართულებით წაყვანილი სს საქმეებისა. სავარაუდოდ, პროკურატურაში ამ სირთულეებს წააწყდნენ და გამოძიებაც ამიტომ ჭიანურდება. ოღონდაც პროკურორის მხრიდან არ უნდა ყოფილიყო ანონსები, რომ ერთ ან ორ კვირაში, იანვრის ბოლოს და ა.შ. იქნებოდა საქმეები გახსნილი. მართალია, მრავალტომიანი საქმეები ისეთი კუთხით იყო წარმართული, რომ გამოძიება ჩიხში შესულიყო და ამის გამოსწორება ამიტომაც გართულდა, მაგრამ კარგი იქნება, თუ მთავარი პროკურატურა გააკეთებს ამის შესახებ განმარტებას, რათა საზოგადოებას ნაკლები ეჭვი ჰქონდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. არამცთუ ძველ, ახალ საქმეებზე არ ჩანს ლოგიკური შედეგი, რაც საზოგადოებას აღიზიანებს. 8 თვე გავიდა და ვერ გავიგეთ, როგორ აპირებს ეს მთავრობა იმ საქმეების გადახედვას.
გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი:
- გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება რამდენიმე მიზეზით ჭიანურდება: არ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, არ გამოიკვეთა ტენდენცია იქითკენ, რომ პროკურატურის და შსს-ს დანაშაულში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები დასჯილი თუ არა, დათხოვნილი მაინც ყოფილიყვნენ სამსახურებიდან. ბევრი მათგანი დააწინაურეს კიდეც. ბუნებრივია, მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა, საბოტაჟი აწარმოონ და ხელოვნურად შეაფერხონ გამოძიება. ძალიან ბევრს თვითონ აქვს ჩადენილი დანაშაული და გამორიცხული არ არის, კვალი მათამდეც მივიდეს. მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის პოზიციას ზედმეტ ანგარიშს უწევენ და ცდილობენ, მათი მოთხოვნები გაითვალისწინონ, არ მიეცეს პასუხისგებაში ის გუნდი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი სისტემა. მესამე მიზეზია გამომძიებლების დაბალი კვალიფიკაცია. რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებია იმედი, რომ ამ საქმეებს გამოიძიებენ.
გია მეფარიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი:
- საქმე ასე მარტივად არა არის. გამოძიების დაწყება ძნელი არაა, მაგრამ მისი განხორციელება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. გახმაურებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე საქმის კურსში ვარ. სასურველი იყო, სწრაფი შედეგები გვქონოდა, მაგრამ არ შეიძლება აქ განმსაზღვრელი სიჩქარე იყოს. გამოძიება მიდის და ვაცალოთ, ალბათ, აგვისტოს ბოლომდე დაიდება კონკრეტული შედეგები. რომ ვთქვა, არავინ მუშაობს და არ ზრუნავს ამაზე-მეთქი, დიდი ცოდვა იქნებოდა. გახმაურებული საქმეების გამოძიება განსაკუთრებით რთული და მძიმეა, მარტო რეაბილიტაციის მოთხოვნით პროკურატურაში 20 000-მდე საქმეა შემოსული. პროკურატურასა და შსს-ში ყველაზე დიდი პრობლემა გამოცდილი კადრებია. ჟვანიას საქმის გახ
სნაც ღირსების საქმეა და იმ 10 თვის ბავშვისაც, რომლის საქმესაც საოლქო პროკურატურა იძიებს. რატომ ჰგონიათ, რომ საქმე თუ გახმაურებულია, ან პოლიტიკოსს ეხება, მისი გახსნაა მხოლოდ ღირსების საქმე? ჩემთვის ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანია, ოღონდ არსებობს მძიმე და შედარებით მარტივად გამოსაძიებელი საქმეები. ზურაბ ჟვანიას საქმე მძიმე კატეგორიას განეკუთვნება.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:
- სამართლის აღსრულების პროცესისადმი უკმაყოფილება არა მხოლოდ საზოგადოებაში, ხელისუფლებაშიც ისმის. გახსოვთ, ალბათ, ამის მიმართ იუსტიციის მინისტრმაც გამოხატა კრიტიკული განწყობა. პრემიერმაც რამდენჯერმე მობოდიშების ტონით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ პროცესები ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. ჩემთვის, სრულიად გაუგებარია, რატომ გახდა ასეთი დაუძლეველი ეს პრობლემა. დღეს ლაპარაკია ძველ კადრებზე, მაგრამ შეიძლებოდა შექმნილიყო ერთი ჯგუფი მაინც, რომელზედაც გადავიდოდა ანალოგიური პრობლემების მთელი სიმძიმე. მაგალითად, ამერიკაში როცა მაფიას დასდევდნენ, შემდეგ ასეთი ჯგუფი ხდებოდა სამართლიანობის აღდგენის ღერძი. რატომ არ აირჩია ეს გზა სამართალდამცველმა სტრუქტურამ, გაუგებარია.
ლია მუხაშავრია, ადვოკატი:
- სამართალი და სამართლიანობა ურმით მოდის, რაც ძალიან ცუდია. რაც დრო გადის, გამოძიება მით უფრო რთულდება, ფაქტების აღდგენა და რეკონსტრუქცია ძნელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გახმაურებული საქმეების, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი და ასეთი განცხადებები არც უნდა გაკეთებულიყო წინასწარ. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში საქართველოში გამოძიებას კლავდნენ, გამომძიებლებს არ აძიებინებდნენ საქმეებს და, შესაბამისად, ამ პროფესიის კვალიფიციური კადრები ამ ქვეყანაში აღარ არსებობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ობიექტური მიზეზია იმისა, რატომ არ ხდება გამოძიება და რატომ ვერ ხდება სამართლიანობის აღდგენა დროულად.
ჩვენს კითხვებზე, კმაყოფილია თუ არა ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურის მუშაობით, რა ეტაპზეა გამოძიება და აქვთ თუ არა საქმის გახსნის იმედი, გარდაცვლილი პრემიერის ძმამ, პარლამენტარმა გოგლა ჟვანიამ შემდეგი გვიპასუხა:
- კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც გამოძიება დასრულდება. ჯერჯერობით ნორმალურად მიდის ყველაფერი. საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა, რისი გახმოვანების უფლებაც არ მაქვს. ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. დარწმუნებული ვარ, ზურას მკვლელობის საქმე წლის ბოლომდე გაიხსნება. დღეს ზოგიერთი ხელმოცარული პოლიტიკოსი საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს ეს საქმე ჩიხში შევიდა და მსგავსი განცხადებებით თავის რეანიმაციას ცდილობს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გამოძიების მხრიდან მიდის ინტენსიური მუშაობა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის პოზიცია გამყარდა იმ მიმართულებით, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია.