ახალი ღვინის ფესტივალი თბილისის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდა.
ღვინოსთან დაკავშირებულ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს მთელი წლის მანძილზე უამრავი ადამიანი ელოდება.
11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ახალი ღვინის ფესტივალს დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო და ეს ციფრი შარშანდელ ფესტივალზე 5 ათასი ადამიანით მეტია. გაიზარდა მონაწილე კომპანიებისა და ოჯახური მარნების რიცხვიც.
ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული ღვინის ნიმუშების დაგემოვნება ტრადიციულად უფასო იყო. ღვინის მრავალფეროვნება ფესტივალის ზრდადი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პრაქტიკულად არ არსებობს ჩვენი ქვეყნის მეღვინეობით სახელგანთქმული რეგიონი, საიდანაც ღვინის თუნდაც ერთი ნიმუში მაინც არ იყო წარმოდგენილი. ღვინის მოყვარულები განსაკუთრებით ქართული ღვინის იშვიათი ნიმუშებით ინტერესდებოდნენ და ალბათ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე მეტი სტუმარი ლეჩხუმიდან, სოფელ ოყურეშიდან ჩამოტანილი უსახელოურის დახლთან შეინიშნებოდა.
დავით მანაგაძე, მეღვინე, სოფელი ოყურეში: "ჩამოტანილი გვაქვს სამნაირი ღვინო - უსახელოური ნახევრად ტკბილი, უსახელოური მშრალი და ცოლიკოური მშრალი. ღვინოები ოჯახური წესითაა დამზადებული და გაუფილტრავია. ფესტივალში პირველად ვმონაწილეობ და უკვე დიდი ემოციის ქვეშ ვარ. ასეთ ღონისძიებებში, ჩემი აზრით, ყველა ის ადამიანი უნდა მონაწილეობდეს, ვინც ღვინოს აყენებს. ჩემი მიზანი ლეჩხუმური ღვინის პოპულარიზაციაა. სამწუხაროდ, ჩვენი მხარე ცოტა მივიწყებულია და ძალიან მინდა, ლეჩხუმური ღვინის პოპულარიზაციაში მცირე წვლილი მეც შევიტანო".
ფესტივალზე დასწრების მსურველებს კუს ტბის ასასვლელიდან უფასო მიკროავტობუსები ემსახურებოდა. კუს ტბის გზაზე საცობების თავიდან ასაცილებლად თავიდანვე გატარდა პრევენციული ზომები და საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების დაყენების უფლება მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებს ჰქონდათ. ამან ზოგიერთი ავტომფლობელი გაანაწყენა. სამაგიეროდ კმაყოფილი დარჩნენ ფეხით მოსიარულე სტუმრები, რომლებმაც საცობები და ჭყლეტა აირიდეს თავიდან.
ვიტალი გიორგაძე, ფესტივალის სტუმარი: "როგორც ვიცი, ეს უკვე მეოთხე ფესტივალია. მე პირველად ვესწრები. ახლა მეგობრებსაც ვეუბნებოდი, რომ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები - აქამდე სად ვიყავი?! რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ეს ღონისიება ღვინის სპეციალისტებისთვის იყო განკუთვნილი და რიგითი სტუმრები აქაურობას ვერც თავს გაუგებდნენ და ვერც ბოლოს. მიხარია, რომ აქ ამოსულს ნამდვილი სახალხო ზეიმი დამხვდა.
მე და ჩემმა მეგობრებმა ღვინის დაახლოებით ათამდე ნიმუში უკვე გავსინჯეთ. განსაკუთრებით იმ ჯიშებმა დამაინტერესა, რომლებიც იშვიათად ითვლება. ძალიან საინტერესო იყო ხიხვი, ქისი და რამდენიმენაირი ოცხანური საფერე. ასევე მომეწონა ერთ-ერთი ოჯახური მარნის მიერ წარმოებული საფერავი. ამის მერე ვინმე თუ იტყვის, საქართველოში ღვინის დაყენება დაგვავიწყდაო, უკვე ვიცი, რა პასუხიც უნდა გავცე".
წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე მეღვინეების მიერ შეთავაზებული ღვინის ნიმუშების ერთი ნაწილი ფესტივალის სტუმრებისათვის განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენდა. მაგალითად, ჩვენ მიერ გამოკითხული სტუმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ცხოვრებაში პირველად სწორედ 11 მაისს ფესტივალზე გასინჯა გურული ვაზის იშვიათი ჯიშისგან - საკმიელასაგან დაყენებული ღვინო და მშრალი "ოჯალეში" მარტვილიდან.
ახალი ღვინის ფესტივალის ნამდვილი გმირი მეღვინე მერაბ მირცხულავა იყო, რომელსაც ოჯახურ მარნებს შორის ფესტივალების ისტორიაში რეკორდული რაოდენობა, ღვინის ერთბაშად ხუთი ნიმუში ჰქონდა წარმოდგენილი. სწორედ მის მიერ დაყენებული ერთ-ერთი ღვინო - თავკვერი ესხა იმ ქვევრში, რომელიც ქალაქ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და ფესტივალის დირექტორმა, იაგო ბიტარიშვილმა საზეიმოდ მოხადეს.
მერაბ მირცხულავა, მეღვინე: "წელს ღვინის კლუბის სპეციალური დეგუსტაციის ეტაპი ჩემმა ხუთმა ღვინომ გადალახა და ფესტივალზე მოხვდა. ესენია: კახეთიდან რქაწითელისა და მწვანე კახურის კუპაჟი (კლასიკურად დაყენებული), ქვევრში დავარგებული რქაწითელი (კახურ მწვანესთან კუპაჟით), საფერავი მუკუზნიდან, შავკაპიტო და თავკვერი ქართლიდან. ფესტივალში შარშანაც მივიღე მონაწილეობა და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ წელს ჩვენი ღვინით მეტი ადამიანია დაინტერესებული. გული, გონება და ჯანი არ დამიკლია ამ ღვინოებისთვის და ჩავდე ყველაფერი, რაც კი გამაჩნია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. წლევანდელ ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ როგორც ხედავთ, თურმე ყველაფერი შესაძლებელია!"
ფესტივალის ოთხწლიანმა გამოცდილებამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ღვინის კლუბის წევრებს, ნათლად დაანახა, რომ ასეთი ფესტივალის ჩატარება წლიდან წლამდე უფრო გართულდება. ჯერ ერთი, რომ ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იზრდება და თანაც, ადამიანები ამ ღონისძიებიდან ყოველ წელს განსაკუთრებულ სიახლეებს ელიან. ღვინის კლუბის წევრების გასახარად, ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ფესტივალით წელსაც კმაყოფილი დარჩა და ეს კმაყოფილება, ყველაფერთან ერთად, მათ მიერ ნათქვამ სადღეგრძელოებშიც ჩანდა.
ზაურ ცინცაძე, ფესტივალის სტუმარი: "ახლა "მონასტრის ნობათის" რქაწითელს ვსვამ და ამ შესანიშნავი ღვინით ის ხალხი მინდა დავლოცო, ვინც ეს ლამაზი დღე გვაჩუქა. თუ კაცს ღვინო უყვარს და აინტერესებს, ამაზე კარგი ადგილი საქართველოში, მე მგონი, არსად იქნება. წელსაც შვილებთან ერთად ვარ აქ ამოსული და კიდევ უფრო მეტი კარგი ღვინო ვნახე და გავსინჯე. ასეთი ღონისძიებები კვირაში ერთხელაც რომ იმართებოდეს, არ იქნებოდა ურიგო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს!"
წინა ფესტივალების გამოცდილების მქონე სტუმრების ერთ ნაწილს, საგზალი და ღვინო სახლიდან ჰქონდა წამოღებული და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ერთგვარი პიკნიკიც ჰქონდათ მოწყობილი. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებსაც მოპიკნიკეთა ხილვა არ მოეწონათ და ამაზე პრეტენზიებიც გამოითქვა. თუმცა, შეუძლებელია ფესტივალზე, სადაც საზეიმო განწყობა სუფევს, ადამიანებს აუკრძალო ბუნებაში მეგობრებთან ერთად ცოტა ღვინის დალევა მაშინ, როდესაც ღვინის ფესტივალის არსი, ყველაფერთან ერთად, სწორედ დასვენებასა და გართობასაც გულისხმობს. ფესტივალის სტუმრებს ასევე შეეძლოთ ორი სახეობის მწვადის შეძენაც, რომელიც იქვე იწვებოდა.
ახალი ღვინის ფესტივალმა უკვე თავისი ისტორია შექმნა. ისტორია, რომელიც ქართული მეღვინეობისათვის არცთუ ისე დიდი ხანია, დაიწყო. როგორც ღვინის სპეციალისტები ამბობენ, ქართული მეღვინეობის წინსვლას ხელს განსაკუთრებით ასეთი ტიპის ღონისძიებების სიმცირე უშლის. ფესტივალის ორგანიზატორმა, ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ ფესტივალის გახნისას აღნიშნა, რომ ასეთი ღირებულებების შექმნა დიდი ენთუზიაზმის გარეშე წარმოუდგენელია.
მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: "ჩვენი ფესტივალის ოთხწლიანმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ენთუზიაზმის გარეშე წარმოუდგენელია წინსვლა. დღეს უკვე აშკარაა, რომ ქართველი მეღვინეების ახალი თაობის იმ დიდმა ძალისხმევამ, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვანი ნაყოფი გამოიღო. ქართული ღვინის აღორძინების თუ ხელახალი დაბადების ეს პროცესი უკვე ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი, საოცრად აზარტული, სავსე სიყვარულითა და ცოდნით. ცოდნა, ცნობისწადილი, ენთუზიაზმი, რისკი, რწმენა, შთაგონება - ეს ის სიტყვებია, რომლებიც ყველაზე ზუსტად ასახავენ თანამედროვე ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების დამოკიდებულებას თავინთი საქმისადმი და ეს საქმე, ეს საქმიანობა - ვაზი, ვენახი, მეღვინეობა, ტრადიციული თუ თანამედროვე ქართული ღვინის წარმოება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენი წარსულის გასაცნობიერებლად და რაც მთავარია, ჩვენი მომავლის დასანახად, განსაჭვრეტად... პირდაპირ გეტყვით, რომ პირადად მე და ჩემს მეგობრებს ღვინის კლუბიდან, ღვინის გარეშე, ძლიერი მევენახის, შემოქმედი მეღვინის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია მომავლის საქართველო. ჩვენი ახალი ღვინის ფესტივალი სწორედ ასეთი შემოქმედი მეღვინეებისა და ცნობისმოყვარე სტუმრების თავშეყრისა და ერთიანობის ადგილია და ამ ოთხმა წელმა ძალიან ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა, ტენდენციები, რომლებიც აყალიბებენ ქართული ღვინის და, უფრო ფართოდ, ქართული კულტურის სახეს".
ახალი ღვინის ფესტივალი მთავრდებოდა და ფესტივალის სტუმრები იშლებოდნენ... მეტად ნიშანდობლივი იყო ერთ-ერთი გოგონას სიტყვები - მობილური ტელეფონით საუბრისას მან მეგობარს ასეთი რამ უთხრა: "ძაან ცუდია, რომ ვერ მოხვედი, მაგრამ არა უშავს. ეს ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და მაშინ კი მართლა უნდა ამოხვიდე. ძაან მაგარი დღე იყო!" რაღა უნდა დაამატო ამ სიტყვებს?
მომავალ, 2014 წლის ფესტივალამდე გემშვიდობებით!