ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ ბაკაშვილის რეკომენდაციები ახალ ხელისუფლებას
ციტატა: "ეკონომიკური სუბიექტების დალაშქვრა სულ "ჰერი ბიჭებო"-ს ძახილით მიმდინარეობდა და რა მოჰყვა ამას? _ გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ, ნებისმიერ სტატისტიკურ მასალებს, მართლაც, ნოტარიუსთა საქმეებიდან და საბანკო არხებით ფულადი მასების მოძრაობას (რა თქმა უნდა, ჯიბეებს შორის მოძრაობას შესაბამისი მტკიცებები სჭირდება და ამისგან თავს შევიკავებ, თუმცა ოჯახის წევრების, ახლო ნათესავ-მეგობრების ჩაცმა-დახურვასა და სახლ-კარ-მანქანებისა და მათი უცებ "გაბიზნესმენების" მიხედვითაც რაღაც წარმოდგენა შეგექმნებათ), სადაც ამ "დალაშქვრებს" რატომღაც საწარმოებში წილების გადაფორმება მოსდევდა, საიდანღაც შემოდიოდა თანხები და ირიცხებოდა ბიუჯეტში, ან სპეციალური "განვითარების" ფონდებში (ამაზე ერთხელ ამოიღეს ხმა მედიაში და ეტყობა, ისეთი მოხვდათ "განვითარებული სამართალდამცავებისგან", რომ სიტყვა აღარავის დაუძრავთ), რომლებზეც, ღმერთმა უწყის, ვის მიუწვდებოდა კონტროლის ხელი".
ციტატა: "კეზერებო" და "ადეებო", არ გეშინოდათ, ერთ მშვენიერ დღეს, მიშას გონება რომ გახსნოდა და ეკონომიკური აზრები მაინც ამოქმედებოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? ან იმაზე მაინც თუ გიფიქრიათ, რაც პრაქტიკაში დაამკვიდრეთ, მხედველობაში მაქვს მოქმედი მინისტრებით დაწყებული ორივე კიდურით ხეიბარი ხალხის მასობრივი დაჭერა-აყვანით დამთავრებული, რა გელოდათ, როგორც კი კლიმატი შეიცვლებოდა? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ საქართველოში "ინვესტირება" უკვე გარდაცვლილი იყო?"
ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, ღიად თუ ირიბად, გარკვეული სახის ფინანსურ ამნისტიაზე ლაპარაკობენ და იქვე განმარტავენ, რომ ფინანსური ამნისტია მხოლოდ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად, ექსმინისტრებსა თუ ექსდეპუტატებს არ შეეხებათ. 9 წლის განმავლობაში, ანუ "ვარდოსანთა" დიქტატის დროს, მსხვილ, წვრილ თუ საშუალო მეწარმეებს ბიზნესსა და ქონებას მაღალჩინოსნები კი არა, მათთან დაახლოებული წვრილფეხობა ართმევდა. ამ წართმევას, როგორც წესი, გადაფორმებ-ჩუქების სახე ჰქონდა, რომელსაც "ნაციონალთა" მორჩილი ნოტარიუსები "აპრავებდნენ". იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსური ამნისტია სწორედ ამ წვრილფეხობას შეეხება, მაშინ გამოვა, რომ დაზარალებული მეწარმეები დაზარალებულებადვე დარჩებიან და, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება... უნდა მიიღოს თუ არა "ოცნებამ" ფინანსური ამნისტია? - ვიდრე ამ თემაზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს, "ქართული სიტყვა" გთავაზობთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ნიკოლოზ ბაკაშვილის წერილს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ, სამართლიანობის აღდგენის გზაზე შეიძლება, ერთგვარ სახელმძღვანელოდაც გამოიყენოს...
ინგრეოდა ქვეყანა, ინგრეოდა ეკონომიკა, ინგრეოდა სოციალური თვითმყოფადობის ყველა საფუძველი - დღევანდელობისა და მომავლის რწმენა, ხელიხელ ნაგოგმანევი, საუკუნეებგამოვლილი ქართველი კაცის მოუდრეკელი, ამაყი სული, ეროვნული, სამცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული ღირებულებები... ინგრეოდა და პირისაგან მიწისა აღიგვებოდა ყოველივე, რაც მათ ინტერესში არ შედიოდა და... ანგრევდნენ ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ.
ყველაფერზე საუბარს ჩვენი პატარა ერისათვის ზედმეტად მომრავლებული პოლიტიკოსებიც მოახერხებენ, მე კი, ყველაზე დიდ და აუტანელი უბედურების მომტან "აქლემზე" მოგახსენებთ, რომელმა "აქლემმაც“ თითქმის ყველასთან დაიჩოქა, ვისაც კი კენჭის კენჭზე დადება ჰქონდა განზრახული, ანუ საქმისა და ბიზნესის კეთება სურდა.
ალბათ, ახალს არაფერს ვამბობ - ქვეყანას, თავისი ყველა ინსტიტუტითა და სახელმწიფო სიმბოლიკით, ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა, პოლიცია, ჯარი, საგადასახადო ინსპექცია და, მით უმეტეს, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია კი არა, გადასახადის გადამხდელი, ანუ ის ინახავს, ვინც ქმნის და მონაწილეობას იღებს ერთობლივი ეროვნული პროდუქტის შექმნაში. ჩვენ, სამეწარმეო კორპუსის წარმომადგენლებს გვაქვს უნარი, შევქმნათ სამუშაო ადგილები, გამოვუშვათ პროდუქცია, გავწიოთ მომსახურება, შევასრულოთ სამუშაოები და, ჯამში საზოგადოებასა და საკუთარ თავსაც მოვუტანოთ მატერიალური, ეკონომიკური, სოციალური და სულიერი კმაყოფილება (მისი შერაცხადობის საკითხი, ვისაც უკეთესი მერმისისკენ, კომფორტისკენ, სრულყოფილებისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ ლტოლვა არ აქვს, დამემოწმებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება).
ჩვენთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რაც ბენჟამინ ფრანკლინმა 1781 წელს ბრძანა: "ამ ქვეყანაზე სიკვდილი და გადასახადებია გარდაუვალი..." მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ვერ ვიტყვით, სიკვდილი მათ, ვისაც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუბედურება უნდოდაო, მაგრამ იმის უფლება მაინც გვაქვს, ვთქვათ, გადასახადების გარდაუვალობა ჩვენც ვიცით და გადახდის საშუალება მოგვეცითო... ჯერ კიდევ ხელებში ვარდებჩაბღაუჭებულმა, შიზოიდურ ეიფორიაში მყოფმა (არ მგონია, "ნაცხ" პოლიტელიტის გარდა, ასეთი თუ კიდევ ვინმეა დარჩენილი) შეიძლება, იფიქროს და დუჟმორეულმა ნიშნისმოგებით ჩაიქირქილოს კიდეც, კაი, კაი, გეყოფა, გადასახადების გადახდის დრო არა, მეტი საქმე არ ჰქონდა კეზერაშვილსა და მით უმეტეს, უჩინმაჩინ ადილოვს (ზურა ადეიშვილს), თქვენთვის წითელი კოჭები ეგორებინაო. აი, ზუსტად ესაა უბედურება, რომ გადასახადის გადახდის ვადები და ოდენობები ვინმე კეზერაშვილსა თუ ადეიშვილზე იყო დამოკიდებული. ისე, "წითელი კოჭებისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ კეზერაშვილს თავის დროზე რამდენჯერმე " "უგორდა" თავისი ვეღარდამალული შავბნელი საქმეები, მაგრამ ძვრაც ვერავინ უყო იმიტომ, რომ სწყალობდა "ის" - ძლიერი ამა სოფლისა. ერთი უბედურება ისაა, რომ იმ ფაქიზ სფეროს, რასაც გადასახადის გადამხდელისა და გადასახადების ამკრეფს შორის არსებობს, უფრო სწორედ, უნდა ეარსება, ფიზიკური პირები არეგულირებდნენ. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ჩვენმა იმდროინდელმა "რჩეულმა" პარლამენტარებმა "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით", ვიღაცის "პახმელიაზე" დაგვიკანონეს გადასახადის გადამხდელების დარბევა-აწიოკება და ამ "გავარდისფერებულ" საქართველოში ყოფა-ცხოვრება აუტანელი გახდა. ძალიან შორს რომ არ წავიდე, უშუალოდ საქმეზე გადავალ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე და 210-ე მუხლებს გავიხსენებ. სხვათა შორის, სსკ-ის 204-ე მუხლში ნახსენები "საბუღალტრო წიგნი" ბუნებაში არ არსებობდა და არც არსებობს, ანუ მავანმა "საბუღალტრო წიგნი" შეიძლება, ყდაში ჩასმულ ნებისმიერ ფურცელს დაარქვას. ამავე დროს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ამოიღოს ყველა სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, ჩვენი, გაუბედურებული, ნოტარიუსებადქცეული მოსამართლეების მიერ გამოცემული ბრძანებები, რომლებიც ეხება სამეწარმეო სუბიექტების შემოწმებას და ნახავს, რომ ყველა ერთი და იგივე კაცის ნაფიქრალს ჰგავს და ყველას ერთი გამომძიებლის მიერ აქვს `მიყენებული" სსკ-ს 204-ე და 210-ე საოცარი მუხლები.
ხომ არ გგონიათ მოსამართლეს ოდესმე აზრად მოსვლია, ვინმესთვის ეკითხა, ან იმის მასალები მოეთხოვა, თუ: რომელი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნის წარმოების წესი დაირღვა, ან საიდან გახდა "კეზერასა და ადეს სასტავისთვის" ეს ფაქტი ცნობილი? (სსკ 204-ე მუხლი); რომელი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევაზე იყო ლაპარაკი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან ეს ზიანი ვის მიადგა და ვინაა დაზარალებული? (სსკ 204-ე მუხლი); სად არის ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტი, ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც "კეზერასა და ადეს ბიჭების" მიერ "დასანგრევად" გამზადებულ სამეურნეო სუბიექტს დაუმზადებია გასაღების მიზნით? (სსკ 210-ე მუხლი); სად არის გამსაღებელი, ანუ გამცემი და მიმღები, ან ვინ არიან ისინი, რომლებმაც ისეთი დოკუმენტი გაასაღეს, რომელიც ფასიანი ქაღალდი არაა? (სსკ 210-ე მუხლი); სად არის, ბოლოს და ბოლოს, ის "დოკუმენტი", რომელიც არ ითვლება ფასიან ქაღალდად? ვინმეს, მით უმეტეს, უბედურ "ნოტარიუსებს (მრცხვენია მოსამართლის დაძახება) უნახავს?
ყოველივე ამის მიუხედავად, ეკონომიკური სუბიექტების დალაშქვრა სულ "ჰერი ბიჭებო"-ს ძახილით მიმდინარეობდა და რა მოჰყვა ამას? - გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ ნებისმიერ სტატისტიკურ მასალებს, მართლაც, ნოტარიუსთა საქმეებიდან და საბანკო არხებით ფულადი მასების მოძრაობას (რა თქმა უნდა, ჯიბეებს შორის მოძრაობას შესაბამისი მტკიცებები სჭირდება და ამისგან თავს შევიკავებ, თუმცა ოჯახის წევრების, ახლო ნათესავ-მეგობრების ჩაცმა-დახურვასა და სახლ-კარ-მანქანებისა და მათი უცებ "გაბიზნესმენების" მიხედვითაც რაღაც წარმოდგენა შეგექმნებათ), სადაც ამ "დალაშქვრებს“ რატომღაც საწარმოებში წილების გადაფორმება მოსდევდა, საიდანღაც შემოდიოდა თანხები და ირიცხებოდა ბიუჯეტში, ან სპეციალური "განვითარების" ფონდებში (ამაზე ერთხელ ამოიღეს ხმა მედიაში და ეტყობა, ისეთი მოხვდათ "განვითარებული სამართალდამცავებისგან", რომ სიტყვა აღარავის დაუძრავს), რომლებზეც, ღმერთმა უწყის, ვის მიუწვდებოდა კონტროლის ხელი.
გადასახდელი თანხების მოცულობები ყველამ კარგად იცით და ამის დაკონკრეტებას არ დავიწყებ, თუმცა ასეთი დიდი მოცულობით "ბეგარადამდებებს" შევახსენებ, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თავის ვეზირთუხუცესს თავი მოჰკვეთა, როცა ურჩია, რომ დამონებული საქართველოს მოსახლეობისათვის 10-პროცენტიანი ბეგარა გაეორმაგებინა. აღა-მაჰმად-ხანმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსახლეობა გადასახადის გაორმაგებას ვერ გაუძლებდა და იმასაც დაკარგავდა, რასაც იღებდა.
"კეზერებო" და "ადეებო", არ გეშინოდათ, ერთ მშვენიერ დღეს, მიშას გონება რომ გახსნოდა და ეკონომიკური აზრები მაინც ამოქმედებოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? ან იმაზე მაინც თუ გიფიქრიათ, რაც პრაქტიკაში დაამკვიდრეთ, მხედველობაში მაქვს მოქმედი მინისტრებით დაწყებული ორივე კიდურით ხეიბარი ხალხის მასობრივი დაჭერა-აყვანით დამთავრებული, რა გელოდათ, როგორც კი კლიმატი შეიცვლებოდა?
იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ საქართველოში "ინვესტირება" უკვე გარდაცვლილი იყო? სტატისტიკური ოფიციალური მასალებისთვის მაინც გადაგევლოთ თვალი, თქვე დალოცვილებო, ან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კულმინაციადწოდებული ამერიკული ცხოვრების მე-20 საუკუნის 30-40-იანი წლების პერიოდი გადაგეკითხათ (თუნდაც დამარცვლით, ან წამკითხველი დაგექირავებინათ - ეგ არ გაგიჭირდებოდათ) და მაშინდელი პრეზიდენტის, რუზველტის მიერ გადადგმული სამი ნაბიჯი გაგეხსენებინათ (ახალი ველოსიპედის გამოგონებას ხომ არ გთხოვთ?!), ამის შემდეგ კი, ეკონომიკურ თეორიაში "რეიგანეკონომიკად" წოდებული ეკონომიკური მოძღვრებანიც შეგესმინათ და 80-იანი წლების აშშ-ის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის წანამძღვრებს გასცნობოდით ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, პროფესორ არტურ ლაფერის ავტორობით.
როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ზესახელმწიფოდ წოდებულმა აშშ-ის ხელმძღვანელობამ სამი ნაბიჯი გადადგა და სამივე მეწარმისკენ, ბიზნესისკენ, ანუ საქმის მკეთებლისკენ და არა - სახელმწიფო ჩინოვნიკების კეთილდღეობისაკენ. ეს სამი ნაბიჯი კი ასეთი იყო:
1. ჯამური საგადასახადო ტვირთი მინიმუმამდე შეამცირა;
2. მაკონტროლებელთა არმია საბოლოოდ და მთლიანად ჩამოაცილა მეწარმეს - თქვენთვის გასაგები ენით რომ ვთქვა, კაცი თუ ქალი, კენჭს კენჭზე რომ დებდა, თუ ხასიათზე არ იქნებოდა, მაკონტროლებელს გამარჯობაც არ უნდა ეთქვა;
3. ფართო გზა ინვესტირებას, ინვესტორს დამატებითი გარანტიები და ხელშეწყობა და არა - ისე, საქართველოში ერთ საკმაოდ მსხვილ ინვესტორს, რომელსაც ათასგზის შემოწმებული და რევიზიაჩატარებული საწარმოს ბალანსით, რამდენიმე მილიონის ზარალი რომ ჰქონდა აღიარებული და დამოწმებული ათასგზის მაკონტროლებლების მიერ, საინკასო დავალება რომ დაადეს და ანგარიში მოგების გადასახადის რამდენიმე ასეული ათასი ლარის მოთხოვნით დაუყადაღეს.
აი, საოცრება!!!
ეს უცხოელი ინვესტორი კი, გამწარებული დადიოდა და კითხულობდა, მოგება არ მაქვს, ამას თვითონაც მიდასტურებენ და მოგების გადასახადს რატომ მთხოვენ? მაშინ დაარქვან ზარალის გადასახადი და გავჩუმდები.
ეს არის, რომ გაიძახოდით, საქართველოში ინვესტირების დროაო?!
იქნებ, არც გაუგია მავანს, რომ აშშ-ში ცხოვრობს წარმოშობით რუსი ეკონომისტი, პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლეონტიევი, რომელსაც მშვენივრად აქვს ნათქვამი: "ბიუჯეტის გაღატაკების იმაზე საუკეთესო გზა არ არსებობს, ვინემ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთები?!"
ახლა, არ მითხრათ, განაკვეთები შევამცირეთ და ამას რაღას გვაბრალებთო?!
ამაზე კი, მარტივად გიპასუხებთ: საგადასახადო განაკვეთების შემცირება სრულებითაც არ ნიშნავს საგადასახადო ტვირთის ლიბერალიზაციას. ეს რომ მავანთა გასაგებად ვერ ვთქვი, მჯერა, მაგრამ ცოტა მეტი წაიკითხონ და მიხვდებიან!
იმას მაინც ხომ ხვდებიან, ჩვენ რომ ვერსად ვამტკიცებთ, აქლემები არ ვართ, არც კუზები გვაქვს და არც დორბლი გადმოგვდისო, მაგრამ უბედური "ნოტარიუსების" (მხედველობაში კვლავ ე.წ. მოსამართლეები მყავს) ხელში აქლემები კი არა, ზოოპარკში თვალმოუკრავი ცხოველებიც გავხდებოდით, რომ არა ღვთის ბოძებული დიდი მადლი, რომელიც საქართველოში 2012 წლის პირველ ოქტომბერს დატრიალდა.
გაიხარე, საქართველოვ!
რომც გვეხვეწნა, გააუქმეთ ეს სსკ-ს 204-ე და 210-ე მუხლებიო, ან უბედურ "ნოტარიუსებს" დაუბრუნეთ თავიანთი მანტიები, ან მოეშვით იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც მთელი ქვეყნიერება ზისო, ვითომ, დაგვიჯერებდნენ? ერთხელ მაინც უნდა ამოგვეღო ხმა, თუ რა ცეცხლშიც ვიწვებოდით დიდი, მცირე და საშუალო ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი, მაგრამ თავს ვერ ვამხელდით იმიტომ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს მეორე და მესამე "კრუგზე" ჩამოუარეს, ზოგს ჯერ ერთი ამყოფინეს და ვფიქრობდით, სურამის ციხეში ცოცხლად ჩაყოლილი ზურაბივით - "დედი, უკვე პირ..."-მდე - არ მოგვივიდესო!
ბოლოს, ერთ დარიგებასაც შევახსენებ მავანთ, დარწმუნებული ვარ, წაკითხული კი არა, გაგებულიც არ ექნებათ ჟ. კოლბერის ცნობილი გამონათქვამი: "გადასახადების აკრეფა - ეს არის ხელოვნება, ისე გაბდღვნა ბატი, რომ მიიღო ბუმბულის მაქსიმუმი მინიმალური წრიპინით".
და აი, ჩვენ, ქართული საზოგადოება და საქართველოს ბიზნესსივრცე, რომელსაც გამოვლილი აქვს ელიტური კორუფციის ჯერ არ გაგონილი და ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი მასშტაბების დამოკლეს მახვილი, თავს ფიქრს ვაძლევთ და სამართლიანობის აღდგენის იდეის იმდაგვარად გამარჯვება გვინდა, რომ არ დაზარალდეს ერი და ბერი, არ დაზარალდეს მავანთა მზაკვრული აზრებით გაპარტახებული და დაჯიჯგნილი ქვეყნის ხაზინა... იმ ვერაგი უჩინმაჩინის, ზურაბ ადეიშვილის მჩხიბაობითა და მზაკვრობით დანგრეული ეროვნული, სოციალური და ეკონომიკური სისტემის შემხედვარეს, ეროვნული მგოსნის ბავშვური, ალალი და წრფელი ნიჭიერებით ნათქვამი სიტყვები მახსენდება: "მაგრამ, თვითონ დიდი თაგვი ჩვენი მოურავიაო!.."
სწორედ მაგ მოურავმა ადეიშვილმა ჩააგდო იმ დღეში ქვეყანა, რომ ერთმანეთს წასაკიდებლად დაუტოვა დამრჩენ-დამხვდურთ ათასჯერ ჩამორთმეულ-გადაყიდულ-გასხვისებული ქონებები...
ამიტომ, მივესალმები რა სამართლის სფეროს გაჯანსაღების პერსპექტივებს ჩვენი ღვთიური ხელისუფლების წყალობით, მინდა, შევთავაზო საზოგადოებას "ნაცხი" ხელისუფლების მიერ ჩამორთმეულ-წართმეული ქონებისა და ფულის დაბრუნების ჩემეული სქემა.
თუკი "მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ" კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ რომელიმე პირისათვის ქონების, ან ფულის უკანონოდ ჩამორთმევა დადგინდება, აღნიშნულ პირთ სახელმწიფოს მიმართ უსამართლობის განცდა რომ არ გაუჩნდეთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია:
1. სახელმწიფომ დაზარალებულ პირთა მიმართ აღნიშნული ვალდებულება აღიაროს;
2. აღნიშნული ზარალის ოდენობის მიხედვით, დაზარალებული დააკმაყოფილოს იმ პირთა კუთვნილი აქტივების გადაცემით, ვისი ადეიშვილის წინაშე თავმომწონეობითაც მოხდა ეს განუკითხაობა;
3. თუ აღნიშნულ პირებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ქონება დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ან სახელმწიფოს არ სურს თავისი პოლიტიკის იმდაგვარად გატარება, რომ ადეიშვილის "სასტავს", საზოგადოების ზიზღის ფონზე, დამატებითი ეკონომიკური დარტყმა აღარ მიაყენოს, მაშინ სახელმწიფომ ეს ვალდებულება შემდეგი პირობებით აღიაროს:
დაზარალებულებს აღნიშნული გადახდილი თანხები ბიუჯეტში ჩაეთვლებათ, როგორც საგადასახადო აქტივი და მისი გამოყენება, პროპორციულად, შესაძლებელი იქნება 5-10 წლის განმავლობაში;
იურიდიულ პირს (დაზარალებულს) შეეძლება, აღნიშნული აქტივით მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვა;
ფიზიკურ პირს (დაზარალებულს) უნდა შეეძლოს, აღნიშნული საგადასახადო აქტივის გამოყენება როგორც მისი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ფუნქციონირების შემთხვევაში, ასევე, უნდა ჰქონდეს უფლება, აღნიშნული საგადასახადო აქტივი შეიტანოს მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში (სამეწარმეო სუბიექტში) და აღნიშნული კომპანიის სახელით წარმოებული სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები დაფაროს.
ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრების საკანონმდებლო დონეზე დახვეწა დღევანდელ ხელისუფალთ არ გაუჭირდებათ. ამ წინადადებების მიმზიდველობა ისაა, რომ:
1. სამართლიანობის აღდგენის იდეა ეკონომიკური საფუძვლებით გამყარებული ზემოაღნიშნული სქემით რეალურად განხორციელდება;
2. აღნიშნული ქმედება წარმოშობს დამატებით მასტიმულირებელ და მაპროვოცირებელ ბერკეტებს სამეწარმეო აქტივობის გაზრდისათვის, რასაც ყოველთვის ახლავს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხიბლი.