გიგი უგულავას უახლოეს დღეებში დააკავებენ?!

გიგი უგულავას უახლოეს დღეებში დააკავებენ?!

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შემდეგ, სავარაუდოდ, დაჩქარდება ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება. ვინ იქნება შემდეგი? - სწორედ ამ კითხვას სვამენ ამ დღეებში. შესაძლოა, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი სკანდალური დაკავების მოწმენი გავხდეთ. კერძოდ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამართალდამცველის თქმით, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ფაქტობრივად უკვე მზად არის მასალები, უახლოეს დღეებში ბრალს წაუყენებენ და დააკავებენ კიდეც თბილისის მერ გიგი უგულავას. ზემოხსენებულ სამართალდამცველს საქმეები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უგულავასთვის უკვე წაყენებულ ბრალდებებთან ერთად, იქნება ახალი ეპიზოდებიც. კერძოდ, მისი თქმით, ახალი საქმეები უკავშირდება ტენდერებს, გასართობ პარკებს და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიას. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გა­ირკვევა.

რაც შეეხება თბილისის მერისთვის უკვე წაყენებულ ბრალდებებს. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა პირველად მართლმსაჯულების წინაშე ამა წლის დასაწყისში წარდგა. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) ედებოდა ბრალი (194-ე და 182-ე მუხლები). თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის საქმე 25 თებერვალს განი­ხილა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე უგულავასთვის გირაოს სახით მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა. განაცხადა, რომ მას მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდა ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე აღნიშნავდა, რომ მითვისებული თანხა მთლიანობაში 20 მილიონ ლარს შეადგენდა, ამიტომ გირაოდ მილიონის მოთხოვნა სავსებით შესაბამისი იყო. პროკურატურა ასევე ითხოვდა, უგულავას საზღ­ვარგარეთ გასვლის უფლება შეჩერებოდა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო. თუმცა სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის მტკიცებით, ასევე გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიგი უგულავა იყო.

გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი ეხებოდა საბიუჯეტო თანხების გამოყენებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის დაფინანსებას. აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით, შპს "თბილსერვის ჯგუფში" სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი, ე.წ. პარტიული კოორდინატორი. ამ სამ­სახურში მათ არც ერთი დღე არ უმუშავიათ, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან, ხელფასის სახით, 4 მლნ 130.728 ლარი დაერიცხათ.