„დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა ვერ აღმოფხვრის ონკოლოგიურ პათოლოგიებს, თუ პაციენტის მიმართვიანობა არ იქნება დროული'’

„დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა ვერ აღმოფხვრის ონკოლოგიურ პათოლოგიებს, თუ პაციენტის მიმართვიანობა არ იქნება დროული'’

მსოფლიო პროგნოზის მიხედვით, ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს. როგორ უნდა შეხვდეს კაცობრიობა მომზადებული ამ დაავადებას? ცნობიერების ამაღლებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას რა როლი ენიჭება ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის, მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში? ამის შესახებ for.ge-ს კლინიკა „კონსილიუმ-მედულას“ სამედიცინო ონკოლოგი ნინო ხუფენია ესაუბრა.

ნინო ხუფენია: -მარტი მთელ მსოფლიოში მიჩნეულია მსხვილი ნაწლავის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ. შესაბამისად, აქტივობები იგეგმება მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით. ძირითადად ეს ყველაფერი მაინც მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისა და კიბოს სკრინინგისკენ. მსხვილი ნაწლავის კიბო ეს არის ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს მსხვილ და სწორ ნაწლავს. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება მისი მორფოლოგიური ფორმა-ადენოკარცინომა. მსხვილი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და მსოფლიოში საერთო პოპულაციაში ახალი შემთხვევების 10,7%-ით თითქმის მესამე ადგილს იკავებს ინციდენტობის თვალსაზრისით. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც.

საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ახალ შემთხვევებს შორის კოლორექტული კიბო ქალბატონებში მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი კიბოს შემდეგ, ხოლო მამაკაცებში მეოთხე ადგილზეა ფილტვის, წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. ასაკობრივ თავისებურებებს რაც შეეხება, ძირითადად მსხვილი ნაწლავის კიბოს უმეტესობა ვლინდება 50 წელზე უფროს ასაკის ადამიანებში, მამაკაცებში საშუალო ასაკია 68 წელი, ხოლო ქალებში 72 წელი.

რა განაპირობებს ონკოლოგიური პათოლოგიების მატებას, კონკრეტულად ნაწლავის კიბოს შემთხვევაში-არასწორი ცხოვრების წესი, გენეტიკური მიდრეკილება, ეკოლოგია, კვება...

- აქ შესაძლებელია, გამოიყოს რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. პირველ რისკფაქტორებზე ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია. ეს გახლავთ ცხოვრების არასწორი წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა, კონკრეტულად, ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ხილის და ბოსტნეულის დაბალი შემცველობის დიეტა, ბოჩკოვანი ცხიმიანი საკვების ჭარბი მოხმარება, დამუშავებული ხორცით მდიდარი დიეტა, ასევე, ჭარბი წონა, სიმსუქნე, როგორც სხვა ონკოლოგიური პათოლოგიების დროს, ნაწლავის კიბოს შემთხვევაშიც, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება. რაც შეეხება მეორე კატეგორიაში არსებულ რისკფაქტორებს, მათი შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებების გამოვლინება ადრე მხოლოდ ასაკოვან პაციენტებში იყო მაღალი. კონკრეტულად, ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ეს ასაკი არის 60 წელს ზემოთ და, შესაბამისად, უკვე ასაკი რისკფაქტორად ითვლება ამ კიბოს განვითარების შემთხვევაში. გარდა ამისა, აქ აღსანიშნავია კოლორექტული პოლიპები, კიბოს პირადი და ოჯახური ანამნეზი, მემკვიდრეობითი სინდრომის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავის კიბოს რისკფაქტორების დროს. ლინჩის სინდრომი, ოჯახური ადენომატოზური პოლიპი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც, ასევე, არამოდიფიცირებად რისკფაქტორებს მიეკუთვნება.

რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ პაციენტებმა ასეთ დროს ყურადღება, თუკი ეჭვი გაუჩნდათ ონკოლოგიურ პათოლოგიაზე, კონკრეტულად, ნაწლავის კიბოს დროს?

- პირველი, ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ეს არის დისკომფორტი, პერიოდული ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ნაწლავის არარეგულარული მოქმედება დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობით, ძალიან ხშირია ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, საერთო სისუსტე. ცოტა უფრო შორს წასულ შემთხვევებში, არის უკვე სისხლმდენი განავლის არსებობა, რაც ქრონიკულად სისხლის დაკარგვის ფონზე იწვევს მეორადად განვითარებულ ანემიას. მისი გამოვლინებაა კანის და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე, შემდგომ ეტაპზე უკვე წონაში კლება იწყება, რასაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რათა შემდეგ უკვე მიმართოს სპეციალიზებულ კლინიკას, თუ ექიმს. გარდა ამისა, ზოგადად, ონკოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ადრეული დიაგნოსტიკა. ადრეული დიაგნოსტიკა არის პროგნოზის განმსაზღვრელი. საქართველოში ნაწლავის კიბოს შემთხვევების 70%-ის დიაგნოსტირება ხდება მესამე-მეოთხე სტადიაზე და პირველი-მეორე სტადია მხოლოდ 30%-ში დიაგნოსტირდება, რაც გამოსავალზე ახდენს გავლენას. გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ ნაწლავის კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას ხუთწლიანი გამოჯანმრთელება 91%-ია, მაშინ, როცა მეორე-მესამე სტადიაზე 72%-ია, ხოლო მეოთხე სტადიაზე მხოლოდ 14%-ს შეადგენს. რაც შეეხება მკურნალობას, როგორც ყველა ონკოლოგიური დაავადების, ასევე, ნაწლავის კიბოს შემთხვევაშიც, კომპლექსური მიდგომა აუცილებელია. ეს მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, სისტემურ მკურნალობას, სადაც მოიაზრება ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, სხივური თერაპია, ქემოემბოლიზაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში მულტიდისციპლინარული მიდგომა, ანუ კონკრეტულად თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა, რასაც მულტიდისციპლინარული გუნდი ახორციელებს. აქ მონაწილეობას იღებს კლინიკური ონკოლოგი, ქირურგი, მორფოლოგი…

მსოფლიოში მოსახლეობის ნახევარი ვერ ღებულობს ჯანდაცვის სერვისებს, რაც მათთვის მიუწვდომელია. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა საქართველოში. ონკოლოგიური პათოლოგიების წინარე გამოკვლევის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი?

- სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი მიმდინარეობს 50-დან 70 წლამდე ასაკის პირებში. სკრინინგის მიზანია კიბოს წინა მდგომარეობის, პოლიპის ან ადრეული სტადიის სიმსივნის დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს და ზრდის გადარჩენის ალბათობას. კოლორექტული კიბოს შემთხვევაში, სკრინინგი 16%-ით ამცირებს დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. კოლორექტული კიბოს შემთხვევაში, სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, ის მოიცავს განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე, რომლითაც შესაძლებელია განავალში სისხლის აღმოჩენა მაშინ, როცა პაციენტი მას ვერ ხედავს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ანალიზი ორი წლის შემდეგ მეორდება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, ტარდება დამატებითი კვლევა- კოლონოსკოპია, რომელიც გულისხმობს ნაწლავის დათვალიერებას სპეციალური მილით. პათოლოგიის აღმოჩენისას უკვე შემდეგი კვლევა არის ბიოფსია. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი ათი კოლონოსკოპიური პროცედურიდან ერთ შემთხვევაში დიაგნოსტირდება ონკოლოგიური დაავადება, ხოლო დაახლოებით 4 შემთხვევაში-პოლიპი.

კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანებამ 2022 წლის მთავარ მოწოდებად გამოაცხადა სწორედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბოს მართვის ხარვეზების აღმოფხვრა, რათა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ონკოლოგიურ სერვისებთან, განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური თუ გეოგრაფიული სტატუსისა.

რა თქმა უნდა, საქართველოშიც კიბოს მართვის მხრივ ბევრი ხარვეზია, კონკრეტულად, მსხვილი ნაწლავის კიბოს მართვაში ერთ-ერთ სერიოზულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის არაეფექტური გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკრინინგი მთლიანად დაფინანსებადია, ამ პროგრამის ცნობადობა და სამიზნე მოსახლეობის დაფარვის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და მხოლოდ სამიზნე ჯგუფის 2-4%-ს შეადგენს, რის გამოც დაავადების გამოვლენაში მისი როლი უმნიშვნელოა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ზოგადად, ონკოლოგიური პათოლოგიების და, მით უმეტეს, იმ ონკოლოგიური პათოლოგიების შესახებ, რომელთა სკრინინგიც ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ხელმისაწვდომია.

აქ შევეხები ძუძუს სკრინინგს, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, რომელიც სრულად დაფინანსებადია, ამიტომ სამიზნე მოსახლეობას უნდა მიეწოდოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა მოხდეს მიმართვიანობის ამაღლება, რაც გავლენას მოახდენს მის ადრეულ გამოვლინებაზე, გამოსავალსა და პროგნოზზე. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ ონკოლოგიური დაავადებები მთელ მსოფლიოში მოიმატებს, ეს დაავადებები, ასევე, უკვე გაახალგაზრდავდა. სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიების დროს რისკფაქტორები სხვადასხვაა, მაგრამ უმეტესად მაინც ეს რისკფაქტორები დაკავშირებულია კვებასთან, მათ შორის, სწრაფ კვებასთან, რაც დღესდღეობით ძალიან მოდურია დაბალი ასაკიდან. ასევე, რისკფაქტორები დაკავშირებულია მავნე ჩვევებთან, ალკოჰოლთან, დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეორე ადგილზეა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ქალბატონებში, გარკვეულწილად, ეს უკავშირდება რადიაციას, კონკრეტულად, ჩერნობილის კატასტროფას. ონკოლოგიური პათოლოგიების გამოვლენამ რომ იმატა, ნაწილობრივ, ეს უკავშირდება დიაგნოსტიკის განვითარებას. ადრეულ ეტაპზე, როცა სკრინინგი არ არსებობდა, მისი ადრეული დიაგნოსტიკა არ ხდებოდა და სტატისტიკაც არ იყო შესაბამისი.

ეს ნიშნავს, რომ ონკოლოგიის მომატებულ შემთხვევებს შეამცირებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება?

- მეტ-ნაკლებად მზად ვხვდებით ამ დაავადებებს, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდებით შესაძლებელია დიაგნოსტიკა, დაავადების დროული აღმოჩენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას, თუ პაციენტის მიმართვიანობა არ იქნება დროული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თითოეული თვე ონკოლოგიური პათოლოგიების ცნობადობის ამაღლების თვედ მივიჩნიოთ. კონკრეტულად, თუ მარტი არის ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე, არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე - იანვარი, ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე - ოქტომბერი, ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე - ნოემბერი. ონკოლოგები აქტიურად ვმონაწილეობთ ამ ღონისძიებებში, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სამიზნე კატეგორიას, რათა მათ მიმართონ სკრინინგ ცენტრს. ხოლო, თუ სიმპტომების გამოვლენა ხდება, მიმართონ სპეციალიზებულ კლინიკას და სპეციალისტს.