საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. დაიკლო კორონავირუსით ინფიცირებულთა და ასევე გარდაცვლილთა რაოდენობამ. რამდენიმე კვირის წინ, ახალი შტამის პირობებში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 ათასამდე აღწევდა, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით, 300-500 ადამიანს შეადგენს.
21 მარტს ვირუსით ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 642 242-ს. 21 მარტის სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება ვირუსისგან გამოჯანმრთელთა რაოდენობას, 1 225 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 599 511-მდე გაიზარდა,
არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რამდენად შეიძლება პანდემია დასასრულისკენ მიდიოდეს და რა სურათი შეიძლება გვქონდეს, თუნდაც ზაფხულისთვის, ამაზე მედიკოსების ნაწილს პროგნოზის გაკეთება უჭირს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „დელტამიკრონი“.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როდესაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.
„პანდემია მაშინ მთავრდება, როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის. არის რეგრესი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუკი ერთი შემთხვევა მაინც ფიქსირდება, პანდემია დასრულებულად არ ითვლება, მთელ მსოფლიოზეა საუბარი. ეს არის ნარჩენი მოვლენები და არ არის გამორიცხული ვირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია. არის ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა მსოფლიოში, მაგრამ მასიური გავრცელება და ლეტალური შედეგები მას არ გააჩნია.
გვახსოვს, ვამბობდით ზაფხულში აუცილებლად დასრულდებაო და შემდეგ უარესი სურათი მივიღეთ. შესაბამისად, მე არასდროს ვაკეთებ ასეთ პროგნოზებს, რადგან ერთი შემთხვევაც კი, შესაძლოა აღმოჩნდეს ინფექციის წყარო მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ დღეს მკვეთრად არის გაუმჯობესებული ეპიდვითარება, თუმცა, მნიშვნელოვანია არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი. რაც შეეხება ახალ შტამს, როგორ გოგინავამ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მას არ აქვს უნარები, იყოს ისეთივე სახიფათო, როგორიც მისი წინამორბედი შტამები.
„დღეს არ არის ისეთი ახალი შტამი, რომელსაც არ ახასიათებს სწრაფი გავრცელება, როგორც „ომიკრონს.“ დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მკვეთრად გაუმჯობესდება ეპიდსიტუაცია. რისკები კიდევ უფრო შემცირდება, თუ მსოფლიო მოსახლეობის 80% იქნება აცრილი.
გაჩნდა „დელტამიკრონი“, რომელიც ჰიბრიდია ამ ვირუსის, იგი შეიცავს როგორც „დელტას“, ისე „ომიკრონის“ გენეტიკურ მასალას. ეს არის ორი სხვადასხვა შტამის შედეგად წარმოქმნილი ვირუსი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ საშიშად ჟღერს, თუ გადავხედავთ სტატისტიკას და სხვადასხვა კვლევებს, საბედნიეროდ, „დელტამიკრონი“ არ ვრცელდება ისე სწრაფად, როგორც „ომიკრონი“ და სულ რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული ამერიკასა და ევრპაში. ეს ვერ შეუქმნის ისეთ გლობალურ და სერიოზულ პრობლემას მსოფლიოს, როგორც ამას მისი წინამორბედები უქმნიდა - „დელტა“ და „ომიკრონი“.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მას არ აქვს ის უნარები, იყოს ისეთივე სახიფათო, როგორიც მისი წინამორბედი შტამები. ახალი შტამი ძირითადად ჩნდება იქ, სადაც მაღალია ცირკულაცია ორივე შტამის და ასეთი ცირკულაცია მაღალია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ახალი სახეობით ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონს“ აერთიანებს და შესაძლოა, მას „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს.
„საქართველოში „ომიკრონის“ ტალღა მიდის დაღმავალი გზით. ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობა ნამდვილად ყოველდღე მცირდება. ნუ მოგვატყუებს, რომ ორშაბათს 500-მდე ახალი შემთხვევა იყო. ეს ასე არ იქნება, სადღაც 1 000 შემთხვევა იქნება. კვირას გამოკვლევები იყო მცირე, მაგრამ მაინც მცირდება. მოსახლეობას აინტერესებს დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა თავისი უნარი განახლების და ახალი შტამების გავრცელების.
ახლაც, რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს სულ ცოტა 17 ავადმყოფში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, მათგან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. ოღონდ ეს პირობითი სახელია და რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც „ომიკრონი“, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება.
მას აქვს „ომიკრონის“ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს „დელტასგან“, ასე რომ, ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.