ევროპას გადაუარა სირიელი, ერაყელი, ავღანელი ლტოლვილების ტალღამ და წლების განმავლობაში დასავლეთი ძლივს უმკლავდებოდა მოზღვავებულ მიგრანტებს, ე.წ. ახალ ევროპელებს. ამჯერად ევროპა და არა მარტო ევროპა, მზად არის, მიიღოს ახალ ლტოლვილთა ნაკადი უკრაინიდან. თუმცა საინტერესოა, ხომ არ წალეკავს მიგრაციული კრიზისი ევროპას, თუკი დროზე არ დამთავრდა უკრაინაში ომი?
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გათვლებით, უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი შესაძლოა, 4 მილიონზე მეტად გაიზარდოს, რაც ამჟამინდელ მათ ოდენობას ორჯერ აღემატება. ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე 2,5-დან 6,6 მილიონი ლტოლვილის მიღებას მოელის.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელ მიგრანტებს ძირითადად იღებს ხუთი ევროპული ქვეყანა: პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, მოლდოვა.
პოლონეთის ორი უდიდესი ქალაქის, ვარშავის და კრაკოვის მერები აცხადებენ, რომ უკრაინიდან შესულთა ტალღას ვერ უმკლავდებიან და გაეროსა და ევროკავშირს ჩარევისკენ მოუწოდებენ. არაზუსტი მონაცემებით, მილიონზე მეტმა ლტოლვილმა პოლონეთს შეაფარა თავი, 150 ათასმა ადამიანმა-უნგრეთს.
უკრაინელები რომ პოლონეთს მიაშურებდნენ, არც იყო გასაკვირი, რადგან უკრაინისთვის პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შრომით ბაზარს წარმოადგენდა. რაც შეეხება უნგრეთს, მართალია, ორბანის ხელისუფლება უკრაინის სამხედრო გაძლიერებას დიდად არ წყალობს, მაგრამ უკრაინელ ლტოლვილებს აქტიურად იღებს. ასევეა, დანარჩენი სამი ევროპული ქვეყანაც.
დაემატება თუ არა საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალს, ეს მხოლოდ ვარაუდის საფუძველია. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების დღეებში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უკრაინელების მიღების მზაობა გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავად გვყავს ქვეყნის შიგნით დევნილი მოსახლეობა.
უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი იმედოვნებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს საქართველო სათანადო დახმარებას გაუწევს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
დემოგრაფი ანზორ სახვაძე მიიჩნევს, რომ პოლონელები ლტოლვილებს ღებულობენ შერჩევით. სწორედ პოლონელები არ იყვნენ, რამდენიმე თვის წინ ავღანელი ლტოლვილები რომ გამოყარეს ბელორუსის საზღვართან? ეს მაშინ მოხდა, ამერიკამ ავღანეთიდან რომ გამოიყვანა ჯარი და ძალიან ბევრი ლტოლვილი ავღანეთიდან ევროპაში გადავიდა. ავღანელები ბელორუსში ჩავიდნენ და იქიდან უნდოდათ პოლონეთში გადასვლა, მაგრამ პოლონეთმა ჯარი ჩააყენა თავის საზღვარზე და არ შეუშვა ავღანელები. ალბათ, არ მოეწონათ, რომ ავღანელები სხვა კულტურის მქონენი იყვნენ, ახლა კი კარი გაუღეს უკრაინელებს.
„ეს ხომ ადამიანების სელექციაა და შორს არის ჰუმანურობისგან? რაც შეეხება უკრაინელ ლტოლვილებს, ევროპას არ წალეკავს ეს ტალღა, რადგან ევროპას დემოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, მუშახელის დეფიციტი აწუხებს, შესაბამისად, იმ ნაკადს, რომელიც უკრაინიდან წავა, ევროპელები სიამოვნებით მიიღებენ. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ევროპა მომაკვდავია. გამრავლება იქ ძალიან დაბალ დონეზეა. ევროპაში თუ ვინმე მრავლდება, ესენი არიან ისევ ყოფილი იმიგრანტები აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან. მათ ხარჯზე ცოტათი იცვლება დემოგრაფიული მაჩვენებელი. თორემ მთლიანობაში ევროპელები დაბალი შობადობის მაჩვენებლით გამოირჩევიან, ძალიან გვიანი ქორწინებები ახასიათებთ და ცოტა შვილს აჩენენ. შესაბამისად, უკრაინელ ლტოლვილთა მიღება და შესრუტვა ევროპას თავისუფლად შეუძლია“, -აღნიშნა ანზორ სახვაძემ for.ge-სთან საუბრისას.
დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ფიქრობს, რომ ევროპა იძულებულია, მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, მაშინ მიხმარებოდნენ უკრაინას უფრო მეტად და არ დატოვებდა ის ხალხი თავის სამშობლოს.
„ევროპელები ახლა საკუთარ საქციელზე პასუხს იმკიან. უკრაინელები ისედაც გადადიოდნენ პოლონეთში, იქ მუშაობდნენ. ძალიან სამწუხარო იყო, უკრაინელი ბავშვი რომ აჩვენეს, ხელზე ეწერა მისამართი და ტელეფონი და დედ-მამამ გაუშვა პოლონეთში, რადგან თვითონ ვერ გადავიდნენ საზღვარზე. ტიროდა ის ბავშვი. რომ არ ენახათ, ხომ შეიძლება, ბავშვი დაკარგულიყო? ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ადამიანში ყოველთვის იღვიძებს სიკეთე, შებრალება, რომ ლტოლვილია და უნდა მიიღონ. თანაც, სლავები არიან აღმოსავლეთ ევროპის ხალხი. სლავი სლავს უარს არ ეტყვის, შეიძლება სლავმა რელიგიურ ნიადაგზე უარი უთხრას სირიელებს და სხვა მუსლიმანებს“, - გვითხრა ავთანდილ სულაბერიძემ.
დემოგრაფის თქმით, ამ ადამიანებს ერთი კულტურა აქვთ, ერთი განათლება, ბინადრობის მიცემისას სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ბინადრობის მიცემა 2 მილიონ კაცზე როგორია?!