საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული.
მაგალითისთვის, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო ტაბლეტი „ატაკანდი“ დღეს 84%-ით ნაკლები ღირს და მისი ფასი 79 ლარის ნაცვლად, 12 ლარია. 41 ლარის ნაცვლად, 9 ლარი ღირს „დიოვანი“. მოსახლეობის 91%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს „კრესტორი“-ს აბებში, მედიკამენტის ფასი დღეს, სხვადასხვა აფთიაქებში 9 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს, მანამდე კი პრეპარატის ფასი 110 ლარს აჭარბებდა.
გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები. „ინსულინი ლანტუსი“-ს შეძენა 238 ლარის ნაცვლად, 43 ლარად არის შესაძლებელი. „არიმიდექსი“ 78 ლარის ნაცვლად - 29 ლარი ღირს, „ბეტასერკი“ 26 ლარის ნაცვლად, - 8 ლარი. „აკლასტა“ 867 ლარის ნაცვლად - 223 ლარი. „სიმბიკორტი“ 84 ლარის ნაცვლად - 15 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართულ ბაზარზე უკვე შემოსული, თურქული მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია. თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.
პრემიერის უპრეცენდენტო ინიციატივამ შედეგი უკვე მოიტანა. მოსახლეობა გაიფების ეფექტს თავად ამჩნევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში, ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, უკვე 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე არის განაცხადი შესული, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს.
„წინა კვირას ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში, ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები, იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნავს ილია ღუდუშაური.
გარდა ამისა, სულ მალე ამოქმედდება ახალი წესი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ცვლილებას დაუდებს სათავეს. აპრილიდან ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის უფლება ექნებათ და კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებენ. შესაბამისად, მომხმარებელი აფთიაქში თავად გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის წარმოების წამალი შეიძინოს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილიც ადასტურებს, რომ 200-მდე თურქული წარმოების მედიკამენტი ქვეყანაში მალე შემოვა:
„ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში სრულად შემოვიტანთ ყველა იმ მედიკამენტს, რისი მოლოდინიც გვქონდა. ასეთი, დაახლოებით 200 მედიკამენტია, რაც შემდეგნაირად შევარჩიეთ: გასული წლების განმავლობაში, თურქეთიდან წამლის შემოტანა მხოლოდ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის, ფორმა 100-ის საფუძველზე შეეძლო მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, რაც აქამდე შემოდიოდა, 200-მდე მედიკამენტია და უკვე გამარტივებული, პარალელური რეჟიმით შემოვა საქართველოში და უფრო ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. თურქეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, გვაქვს სამოქმედო გეგმა ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს გეგმა ვადებში მკაცრად გვაქვს გაწერილი.
პირველი მარტიდან ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია შემოვიღეთ, რაც ჩვენს ბაზაში აისახება და დავინახავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს. ანალიტიკის საფუძველზე, გვაქვს ის ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება ბაზრის კიდევ უფრო დარეგულირებაში, კარგად გაკონტროლებაში. მაგალითად, მიკერძოებულად მედიკამენტების გამოწერის, ან ჭარბი რაოდენობის გამოწერის შემთხვევაში დღეისათვის უკვე გვაქვს ბერკეტები, როგორ უნდა ვმართოთ.
შემდეგი ეტაპია მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა. აპრილიდან მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნება და არა მაგალითად, პირდაპირ რომელიმე ქვეყნის წარმოებული, რომელიმე ბრენდის ყიდვის აუცილებლობა, რასაც ექიმი აქამდე უწერდა. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ და საერთო ჯამში, კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს მივიღებთ, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თურქული მედიკამენტების სადაზღვეო პაკეტებში ჩასმა ჩვეულებრივ მოხდება:
„თურქული მედიკამენტები ყველა წესისა და ქართული კანონმდებლობის დაცვითაა რეგისტრირებული და შესაბამის ბაზებშია ასახული. არანაირი საფუძველი იმის, რომ ეს მედიკამენტები ვინმემ არ აანაზღაუროს, არ არსებობს. ამას გავაკონტროლებთ“, - დასძინა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი კიდევ უფრო იაფად არის შესაძლებელი.