აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტმა, შესაძლოა, საქართველოსკენ გადმოინაცვლოს

აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტმა, შესაძლოა, საქართველოსკენ გადმოინაცვლოს

დიდი შანსია, რომ აზერბაიჯანული ნავთობის რუსეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება შეწყდეს. ჩვენი მეზობელი მთლიანად საქართველოზე გახდება დამოკიდებული.

რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, რუსეთმა საკუთარი ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა. შესაბამისი განკარგულება თავად მედვედევმა გასცა, რომლის სამართლებრივი შეფასება მის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (სოკარი) რუსი პარტნიორებისგან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება არ მიუღია.

მოსკოვსა და ბაქოს შორის ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება 1996 წელს გაფორმდა. შეთანხმება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით წელიწადში სულ მცირე 5 მლნ ტონა ნედლი ნავთობის ტრანზიტს ითვალისწინებდა. ტრანზიტის საფასური ერთ ტონა ნავთობზე 15,67 აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და აღნიშნული ნავთობსადენით მხოლოდ 1,6-2 მილიონ ტონა ნავთობს აწვდის.

გამოდის, რომ აზერბაიჯანს ნავთობის ტრანსპორტირებაში პრობლემები შეექმნება და საამისოდ მხოლოდ საქართველოს ტერიტორია რჩება. თუმცა, ამ ქვეყნის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტზე უარის თქმა ქვეყნის ეკონომიკას არ დააზარალებს. ბაქოში ირწმუნებიან, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის სრულად დახურვის შემთხვევაშიც კი აზერბაიჯანული ნავთობი ალტერნატიულ გზას მოძებნის.

 „აზერბაიჯანულ ნავთობზე მოთხოვნა სერიოზულად იზრდება. დიმიტრი მედვედევის მიერ, 5 მაისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსულ-აზერბაიჯანულ ურთიერთბები შეიძლება მხოლოდ გააუარესოს”, - აცხადებენ ჩვენი მეზობლები.

რუსულმა „ტრანსნეფტი” მზადაა, რომ 2014 წლიდან  აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით მხოლოდ კომერციულ ფასად გადაზიდოს. ამასთანავე, გადაზიდვის ხარჯებმა უნდა დაფაროს მილსადენის ტექნიკური ხარჯებიც. „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანმა რუსეთს ყოველწლიურად 5 მილიონი ტონა ნავთობი უნდა მიაწოდოს, თუმცა აზერბაიჯანი ამას არ აკეთებს.

გარდა ამისა, ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი დაღეტანშიც შედის, სადაც მისი ფუნქციობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო. ამიტომ, „ტრანსნეფტის“ წარმომადგენელთა აზრით, თუ რამე არ შეიცვალა, ეს ნავთობსადენი რენტაბელობას დაკარგავს.

სხვათა შორის, რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი შეეცვალა სატრანზიტო პირობები, რომელიც 1996 წელს დადგინდა, მაგრამ მხარეებმა „ოქროს შუალედს” ვერ მიაგნეს და ძველი შეთანხმება აქამდე ძალაში იყო.

რას მოიფიქრებს აზერბაიჯანი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რუსეთის მიმართულების გაუქმების შემდეგ, მას საქართველოს გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს.

„თუ მოლაპარაკება დადებითად არ გადაწყდა, ერთადერთი გზა აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთში ტრანზიტისთვის საქართველოზე გადის”, - ამბობს ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ნავთობის გადაზიდვის მაჩვენებელს გაზრდის. ბაქოსთვის თბილისის დამოკიდებულება უკვე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.