კარგა ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების კონტრაბანდამ მოიმატა. ამისათვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემოსავლების სამსახურმა უკვე გაშიფრა და შესაბამისი შეზღუდვებიც დააწესა. ამიერიდან აზერბაიჯანიდან სატრასპორტო საშუალებები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საწვავის გადმოტანას შეძლებენ.
დღეისათვის, საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადებისაგან თავისუფლდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი ის პირი, რომლის ავტოტრანსპორტის სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
თუმცა, ზოგიერთი ავტომფლობელი ამას სხვაგვარად იყენებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხდება აღნიშნული გზით შემოტანილი საწვავის უკანონო რეალიზაცია, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ნავთობპროდუქტების შემომტანი გადამხდელების ბრუნვასა და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებზე.
დიზელის საწვავის შემოტანა, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, საბაჟო გამშვები პუნქტების, „წითელი ხიდის“ და „ლაგოდეხის“ გავლით ხორციელდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურები საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8-10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს და საწვავის შემომტანს ტრანსპორტირების ხარჯის გაწევა, ფაქტობრივად, არც უხდება.
საწვავის შემომტანები არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც პროდუქტი საკუთარი ავტომანქანების (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი) ავზებით შემოაქვთ. დღის განმავლობაში, ამ მეთოდით, წითელი ხიდიდან და ლაგოდეხიდან ქვეყანაში, საშუალოდ, 100-დან 150-ტონამდე დიზელის საწვავი შემოდის.
„შემოტანილი საწვავის რეალიზაცია ხორციელდება როგორც საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და ძირითადად სოფლის მეურნეობაში (მიწების დამუშავება, ხვნა-თესვა და ა.შ.) გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის რეალიზაცია, ხშირ შემთხვევაში, კიდევ ერთი კანონდარღვევით, ბენზინგასამართი სადგურების გვერდის ავლით ხორციელდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
შსს-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაფიქსირებული არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც კუთვნილი ავტომანქანების ავზებით შემოაქვთ საწვავი და მის რეალიზაციას სხვადასხვა პირებზე ახდენენ. კერძოდ, კახეთში დაფიქსირებულია 205 ფიზიკური პირი, ქვემო ქართლში - 200 ფიზიკური პირი, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში - 149 ფიზიკური პირი.
ამასთან, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგად, 4 ავტოგასამართ სადგურზე, ე.წ. TIR პარკებში, 22 ტონამდე აღურიცხავი საწვავი გამოვლინდა, რაც მოწმობს იმას, რომ აღნიშნულ საქმიანობას ტრანზიტით მოძრავი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ახორციელებენ.
ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შემომსვლელ ავტოსაგზაო საშუალებებს ავზში საწვავის რაოდენობას შეუმოწმებენ. უკვე მზად არის ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ძალაში 23 მაისიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრება დასაშვები ნორმა სხვადასხვა ტიპის ავტომანქანებისათვის თუ რა რაოდენობის ბენზინი უნდა ჰქონდეს ავზში საზღვრის გადმოკვეთისას.
შემოსავლების სამსახური ინფორმაციით, ფიზიკურ პირს უფლება ექნება დაუბეგრავად შემოიტანოს: სატრანსპორტო საშუალების სტრანდარტული ავზით საწვავი (ოდენობის შეუზღუდავად) კალენდარული თვის განმავლობაში 3-ჯერ, ხოლო ამაზე მეტჯერ შემოტანისას მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მხოლოდ 10 ლიტრი, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მხოლოდ - 20 ლიტრი.
„რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოხდება მათი საწვავის ავზების ნიშანდება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით გადაადგილება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.